შობის წინა ღამე ტყეში

შობის წინა ღამე ტყეში
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1902 წელი


დიდს, დაცემულს ტყიანს ჭალაში, კახეთში, რამდენიმე წნული ქოხი იდგა, ჩალით დახურული. დიდრონი, თოვლით გადალესილი მთები დაჰყურებდა თავზე ჭალას და ქოხებს. ღამეა ბნელი. ქარს ზუზუნით შემოჰქონდა წნულებში თოვლის ნამქერი. სინათლე ცეცხლისა მარტო ერთის ქოხიდან მოსჩანდა და ხმაურობა, კაცების საუბარიც იქიდან მოისმოდა. მხოლოდ ცეცხლზე დიდრონი ნახეჩები ეწყო რცხილისა და წიფლისა და ზედ ხის საკიდელზე ყორანივით შავად ჩალხანა ქვაბი მოსჩანდა. ორივე მხარეს სხვადასხვა წლოვანების კაცები მოსჩანდენ.

აქეთ თავში ჩიკაზე კარგა მოხნიანებული კაცი იჯდა, ჩიბუხს ჰსუტავდა და თან რაღაცას უამბობდა ამხანაგებს. ისინიც ზოგნი თავერთმანერთისკენ იყვნენ წამოწოლილნი მიწაზე და თავით საერთო მუთაქად კუნძი ედოთ; ზოგს ფეხები ჰქონდა ერთმანერთისაკენ გაწვდილი; სხვანი მხარ-თეძოზე შემოწოლილიყვნენ, მიეხურათ ფხროკი ტყავები, მოეკუმშათ მუხლები და შიშველი ფეხი ფეხზე დაედოთ. სველი ქალამან-წინდები და ბანდულები ცეცხლის თავზე დაეკიდათ, ისე კი, რომ ქვაბში არ ჩასულიყო მათი ნაჟური; აშრობდენ ცეცხლზე; როგორც შეშა ცეცხლზე ბოლსა ჰბადებდა, ისე ესენი ორთქლსა, და შაერთებით ადიოდენ მაღლა ჭერის ჭუჭრუტანებიდან, იქ ინთქებოდენ ჰაერის უფსკრულში.

შუა ბოძზე თოფები ეკიდა, ზოგი წვერაღმა და სხვა წვერდაღმა, ისე არევდარევით, როგორც თვით ფანჩატურის მდგმურნი.

– ვერაფერი შობა გვითენდება, ბიჭებო, – ამბობდა მოხუცებული, – ბევრი არაფერი. სად გაგონილა? დღეს ხუთი კაცი მასცდით და სიწითე ვერას გამაართვით. ჰაი, გიდი, რა დრო იყო უწინა… საცა უნდა, აი, ემ ქედებში, წადილზე მოვკლავდი ნადირს. ვინ იყო მჭამელი? ძაღლებსაც კი ნადირის ხორცს ვაჭმევდი, ღმერთო, თუ გცოდებ.

– მონავსულები ვართ, ხელი შაგვეკრა, ბიძავ, – სთქვა ერთმა ახალგაზდამ, ახლად ულვაშამწვანებულმა, – მართლაც ერთის მეტს არ დაგვიცლია დღეს თოფი.

– ეჰ, ახლა მოხიბლვას და მონავსვას დააბრალეთ თქვენა! – სთქვა შუახნის კაცმა და თან წამოჯდა, წელიდან ქამარში ჩატანებული ტყავი, სათამბაქოვე, თავის ჩიბუხიანად ამოიღო და ჩიბუხს დაუწყო მართვა: – რაღა ახლა გაჩნდა ნავსი, როცა ნადირი დაცოტავდა! რატო, როგორც ჩვენი ბიძა ბატარკაცი ამბობს, უწინ არ იყო ნავსი? კაცი ამბობს, წადინზე ვხოცდი ნადირსო, – ეგ სულ ტყუილებია, ტყუილები! – სთქვა მან და თან ჩიბუხში დაუწყო თითით ტენა ხელისგულზე გაფშვნეტილს თამბაქოს კლერტებს.

– ხალხი მოერია, ხალხი, ყველაფერს, – სთქვა მესამემ, – ტყეც გაღარიბდა, დედამიწაც.

– ვაი დედას მტრისას, ხვალ უნდა პირგაუხსნელები დავრჩეთ?! ისევ თუ გვიშველს რასმე, ღაღოლა გვიშველს. – ღაღოლას თეთრი ტყავის ქუდი ჩამოეფხატა და სთვლემდა. მხოლოდ მისი სახელი რომ ახსენეს, თვალები მაშინ გაახილა და თავიც მაღლა აიღო.

ყველამ დაცინვის თვალით გადახედეს ღაღოლას; ამას ყველა ბეჩავ კაცად ჰხედავდა და ბეჩავობის მეტს იმისგან არავინ რას ელოდა.

– ჰოდა, რაღას იცინით? თუ ხსნილს გაგვაგებინებს, ისევ ღაღოლა, თორემ ჩვენ ვერაფერს გავხდებით. აბა თქვენა ჰნახავთ, თუ ჩემი სიტყვა არ აცხადდეს: მე სიზმარიც ისეთი ვნახე, – სთქვა კვალად ზურაბამ.

– ნახე? რო სთქვა, განა ღმერთი გიწყენს?! – სთქვეს სხვებმა.

– იქნება, არ ვარგოდეს, სიზმრის ბიზღება არ ვარგაო, გამიგონია.

– ეგ ტყუილია, თუ რამ ჰნახე, ასრულდება კიდეც. თქმა რას დაუშლის?! – სთხოვეს ზურაბას დანარჩენებმა და თან დაცინვის თვალით გადაჰხედეს ღაღოლას.

საწყალი ღაღოლა მაინც დაჩაგრული ჰყავდათ მის ამხანაგებს, ერთი მოხუცი ბატარკაცის გარდა. ხან თოფს დაუმალავდენ, ან ტალს გამოუძრობდენ ჩახმახიდან, აწვალებდენ საცოდავს. საქონელში იმას ჰგზავნიდენ იმ პირობით, რომ ნანადირევის თავის სწორი წილი იმისთვისაც მიეცათ. დიაღაც საბუთი ჰქონდათ დაეცინათ ღაღოლასათვის, რადგან ყველას „ბერდანკა" თოფები ეჭირათ და იმას კი ქართული ჯაზეირი… ღაღოლას ამხანაგების ცელქობა არა სწყინდა მაინც და მაინც. იგი მათ დაცინვას გულდაარხეინებით იტანდა და დავალებულს საქმეებსაც ერთგულად ასრულებდა. სთხოვეს რა ზურაბას ამხანაგებმა ეთქვა მათთვის სიზმარი, ამანაც უარი ვერ უთხრა.

– აბა, რაც იქნება, იქნება. უნდა ვსთქვა, მეტი რა ღონეა; მე წუხელ სიზმარში ისა ვნახე, რომ ღაღოლას თავზედ კლდის კაცის რქები ამოჰსვლიყო, პირი ბუმბულიანი ჰქონდა და ხელში ბარკალი ეჭირა ცხვრისა.

– ბიჭოს! ბიჭოს! აბა ჰნახავთ, თუ ღაღოლამ არ გვასახელოს და რქაბუდიანი ირემი არ ჩამოგვიგოროს ხვალა! – სთქვეს იმათ და თან გულიანი სიცილი დააყოლეს… ღაღოლამ ახლა კი ენა ამოიდგა, დრო იპოვნა მოპირდაპირეთათვის სიტყვა მოეჭრა.

– თქვე კაი კაცებო, ჯერ თქვენ ვერაფერსა ჰკლავთ ბერდანკეებით შაიარაღებულები და მე რომ ჩემის დუგლუგის თოფით ვერაფერი მოვკლა, რა საკვირველია?!

– შენ დასაცილი არას გავნებს, ბიძაის კაცო, ნუ იწყენ! ნათქვამია: დასაცილს კაცი არ მოუკლავს და მუცლის ტკივილს კიო, – სთქვა ბატარკაცმა, – ესენი დაგცინიან, ღმერთიმც ნუ დაგცინებს!

ქარი ზუზუნებდა, წყრებოდა, თუმცა არ იცოდა, ვის უწყრებოდა: თავისთავს, თუ სხვას.

– ეჰ, – სთქვა აქამდის ხმაამოუღებელმა ბეკურმა, – ნეტავი თქვენ, ვისაც რა გინდათ, ის მოგცათ და მე კი ჩ–ს დამაგდო ამაღამ ჩვენს სალუდეში, ჩვენს ხატში…

– შაიწვადე ე ფეხები და ისე იუბენ, – წაიბუზღუნა ზურაბამ.

– ჩემი ფეხები თქვენ რას გიშლით? – მიუგო ბეკურმა.

– განა შენის მეტს აღარავისა სცივა!.. ჩვენც გვინდა ცეცხლი… რას წამაჰგდებულხარ, ადე და ისე იუბენ, თუ რასმე ამბობ.

– აჰა, აჰა, ოღომც შენ გათბი და ამ ფეხებს თუნდა სუ დავიჭრი, – მიუგო ბეკურამ, და თან წამოდგა. ძველი, გახეხილ-გახრეშილი ფარაჯა მოიხვია და მიეხუხა ცეცხლს ორივე ხელებაპყრობილი, თითქო ლოცულობდა.

– შენ უფრო კარგი მაიგონე… ჰაი, ჰაი, რო კარგი იყო, ჩვენც რო იქ ვიყვნეთ… – ყველას წარმოუდგა თვალწინ თავისი სახლი, ოჯახის წევრნი…

– კარგი, კაცო! ბევრგან ამეედინება ხვალ ხინკლის კოწოლაი, ბევრი შაჰმღერებს ხვალ: „დაგძინებია, ხინკალო, გამოგაღვიძებს ჯაბანი, წამოდგა გაჯავრებული, წამამიღირა ხანჯარი. ვერ შავიმპოვრე ხვეწნითა, თავს დამალეწა აბჯარი!" „ვაჰმე, ხინკალო, ხინკალო, მემრე მარწყვასთან ყოფნაო, ერთ წამს არმოსვენებაო, გათენებამდე ბრძოლაო!" აბა რა ჩემი ფეხები სიცოცხლეა, ხვალაც, როგორც ამაღამ, ხუთკურის ფუხლუხით უნდა ამოვიყოროთ მუცლები.

– ფიქრი არ არის, ფიქრი, ხვალ ღმერთი მოგვცემს სახინკლე ხორცს, თუ ღაღოლა ცოცხალი გვყავ, – სთქვეს კვალად სხვებმა. ხოლო ზურაბამ ქვაბი გადმოიღო ცეცხლიდგან.

– ამას ეყოფა, – სთქვა მან და ჩამოდგა ქვაბი იქვე ცეცხლაპირას, – აბა თქვენ ნიორი გაარჩიეთ, ნიორი.

თვითონ ქაფქირით დაუწყო ზღმარტლს ჭყლეტა. საჭამადი მალე მზად იყო. ღაღოლა ფილთაქვით ნიორსა ჰნაყავდა ფილში. ყველანი წამოსხდენ ცეცხლაპირას და მოვიდა ხონჩები მჭადით შემკული, ხის ჯამები და საერთო ხმა გაისმა: – ღმერთო, შენ გვიშველე, მოგვიმართე ხელი და გაუმარჯვე ამ ბიჭებს!

– გაგიმარჯოს, გაგიმარჯოს! – გაისმოდა ხმა აქეთ-იქიდან.

– ცოდვა კი არის, – სთქვა ზურაბამ, – ღაღოლავ, რო ეხლა შენ ხინკლიანს სუფრას არ უზიხარ და მუზარადით შავს ლუდს არა ჰსომ.

ღაღოლა ამ დროს მჭადით ამოტენილს ხის ჯამსა სტორავდა და ჰნიჩბავდა ხისავე კოვზით. ყველას სიცილი მოუვიდა პირზე. – ღაღოლა რა დაბალი ღობე ჰნახეთ: ხინკლიანს სუფრას და ლუდიანს თასს არავინაც არ დაიწუნებს, – სთქვა ბატარკაცმა.

– ა აახ, ცოდვა კია, ბიძავ, შენ ეხლა ჩვენს ღვთიშობელში არა ჰხევისბრობდე და ლუდიანს კოდებს არ დაჰბრუნავდე თავზე, – უთხრა მოხუც ბატარკაცს ზურაბამ, – ცოდვაა ხუთკურაის წვენსა ჰხვრეტდე, მაგრამ რა იქნება, დრონი მეფობენო, ნათქვამია.

მის სიტყვაზე საერთო სიცილი გაისმა.

– იი, იი, დაილოცე, დაილოცე ხუთკურის წვენო! როგორ უხდება ეს დალოცვილი ნიორი! – ამბობდა კვალად ზურაბა და იწვევდა საერთო სიცილს… დიდხანს არ გაგრძელდა საერთო კოვზებით და პირით მუშაობა და მალე ყველანი მიწვნენ-მოწვნენ. მიიხურეს ზედ, ვისაც რამ ტყლაპ-ტყლუპები ებადათ საბან-ლეიბად და ტკბილი ხვრინვა გაისმა. გარეთაც გორ-გორის პირებზე ისმოდა მგლების ღმუილი. ერთი მხოლოდ ბატარკაციღა იჯდა ცეცხლაპირას და წმინდა სანთელს ადნობდა ცეცხლზე. ჩუმად მან ღაღოლა გააღვიძა, ჩამოქნა სამი ცალი სანთელი და ქუდმოხდილმა ბუტბუტით, ჩუმის ლოცვით მიაკრა იქვე თაროდ გადებულს ფიცარზე. შემდეგ მიუბრუნდა ღაღოლას და უთხრა:

– შენ დილაზე ადრე უნდა ასდგე და, მანამ გათენდება, საირმეში მიხვიდე, თოფს ტალი დაუპირე… ღმერთმა ხელი მოგიმართოს. თითონაც მიწვა და დიდრონი, შებოლილი, შემჭვარტლული ცხვრის ტყავი მიიხურა ზედ.


დილით ჯერ ისევ ფეხჩაუცმელნი იყვნენ ყველანი, რომ კარებზე ხველა გაისმა, მაგარი ხველა, და ქოხის კარებში შემოიჭედა ძლივძლივობით კისერზე ირმის თავრქაგადადებული თავის ბანჯღვლიანის ქუდით ღაღოლა. ყველანი გაოცდენ, მუცელში ენა ჩაუვარდათ, ვერაფერი მოეხერხებინათ და, ბოლოს, თითქოს გონს მოვიდენ, ყველანი ერთად მიეხვივნენ და ულოცავდენ გამარჯვებას.

– ხვალ მტრის თავი მოგცეს! გაუმარჯოს შენს თოფსა! აი გიშველა ღმერთმა! მუდამამც ხელი მოგემართება, მუდამამც გაგემარჯვება! – ისმოდა დაუსრულებელი ხმა. თან შაექმნათ იმის გამოკითხვა, სად ან როგორ მოჰკლა ღაღოლამ ირემი, მარტოკას შეჰხვდა, თუ კიდევ ჰყავდა ამხანაგები. ღაღოლას თავი მაღლა აეღო, წელში გაშლილიყო, თვალებს ეხლა მამაცად, ამაყად ახილებდა.