ჩარგალში

ჩარგალში
ავტორი: გიორგი ლეონიძე


თითქოს ხატის კარს მოვსულვარ
შენს სახლში ლექსის ტაიჭით,
მღელვარი გულის დუღილი
სად ამოხეთქავს, რა იცი...

ეს მთა შენა ხარ, ჩანჩქერიც;
ღვარად ქანჩახზე იბნევი,
აქ ხორხორობენ შენის ხმით
მოხუცებული იფნები.

აქ შენ მიგჭედეს სალ კლდეზე,
აქ გველი შენს წყლულს ნერწყვიდა,
ცრემლის სასყიდელს გიხდიდნენ
არაგვის წყალის ვერცხლითა.

მთის ღვიძლზე ნადებ შენს კერას
ვერსით შევუღე კარები,
ამირანის სახლს ვამსგავსე,
მემკვიდრე ― მიუკარები.

ლუდის ქვაბს ქაფი გადასდის,
თასს ატრიალებ პურადი,
ჭრელი ტყავები ვეფხვისა
ძირს ყრია, როგორც კურატის.

ლექსის ლაშარო, მედროშევ,
მხედარო, სიტყვის მთავარო,
ალბათ მეც შეგეხსენები.
შენს ნამუხლარზე დავალო!

ირემი წოვნად მოვსულვარ,
მკვებე მთის წვენით, პოეტო,
რომ ჩემი ფიქრის ნადუღი
ჩვენ მიწას ნამად მოედოს ―

ყვავილთა გამოსაზრდელად,
ფესვების შესაწოვარად...
ვეაჯე შენსა ნათელსა,
როგორც მშიერი მთხოვარა.

მწვერვალნი საარწივონი
არწივთა მოსარეწია;
ჩვენ კი, შენს უბეს გაზრდილნი,
ვწივით, ვით ჩიტი მზეწვია.

ვერ შევაყარეთ ლექსს ცეცხლი,
თითებზე გვრჩება მელანი,
სახელისათვის ვჩალიჩობთ,
დიდებისათვის ყველანი!

ვერც მე გავტყორცნე ეგ თასი
ლექსთ-მოედანზე წკრიალით;
ვერც შენი ჩანგის ნაცეცხლი
გულს ვიცხე ნაპერწკლიანი.

შენი ოცნება მაღალი,
აყრილი მთების ძღვენია...
დღეს შემოგხედეთ პირისპირ,
დღეიდან აღარ გვრცხვენია ―

იმ ჩვენი ძველი სირცხვილის,
შენი აჩრდილის წინაშე;
იმ შენს წინ დაფენილ ეკლის,
რომლის ლოგინზეც გძინავს შენ...

ჰხედავ ― ნიაღვრის ღელვათა,
გესმის? სიცოცხლის ხმებია!
გაჰხედე, ― მთებში ელვათა
შეჯვარებული ხმლებია!

ამ გრიალს როგორ შევმართო
ჩემი საწყალი გალობით,
მაგრამ არ მინდა მეჩვენო
წარბ-შერჭმით, სახე-მწყრალობით.

მე შენი მადლით ვიმღერებ
წინაპართ სანაკვერცხლიდან;
ქართლის მზემ შუქი დამწერა,
არ გავყიდულვარ ვერცხლითა;
პატარა ნაპერწკალი ვარ
სამშობლოს დიდი ცეცხლისა...

რესურსები ინტერნეტში

edit