ჩემი ბრალი არ არის, ღმერთო
ჩემი ბრალი არ არის, ღმერთო ავტორი: შიო არაგვისპირელი |
1893 წელი |
დათუა შრომიშვილი დაჰყრდომოდა ბარის ტარს ვენახში და გასცქეროდა აღმოსავლეთით ახლად შემოსილს მთის წვერს, რომელსაც ოქროს-ფრად მოელვარე გვირგვინი დასდგომოდა, რის გამოც, იგი ისე გამოიცქირებოდა და მოელვარებდა, თითქოს ცეცხლი წაჰკიდებიაო. ელვარებდა იგი, გაჰქონდა ლაპლაპი; მისი ალი ცას სცემდა, მაგრამ ობლად მდგომნი მთის წვერზე ახლად გაშლილი ხეები უვნებლად და ნაზად გამოიცქირებოდნენ ცეცხლის შუაგულიდან; ეკიდებოდა იმათ ცეცხლი, მაგრამ კი არ იწოდნენ.
დათუა შრომიშვილი, დამთვრალი სიცოცხლის ნექტარით შეზავებული დილის ჰაერით, მთლად ჩანთქმული იყო ბუნების ამ დიდებული სურათის მზერით და მთელი ტანით თრთოდა. იმას არ ესმოდა იმის გარშემო ფრინველთა გატაცებული ჭიკჭიკი, რითაც ისინი უგალობდნენ ბუნების დიდებულ სურათს დილის ჰიმნს, და განსაკუთრებით, იქვე ახლად აკოკრებული ვარდის ბუჩქზე მჯდომ ბულბულის აღგზნებულ სტვენას, რომელიც სრულებით არ ამჩნევდა დათუას სიახლოვეს; დათუას არ ესმოდა აგრეთვე ვენახის გვერდით წყალში თევზების შლაპუნი, რომლებიც უეცრად ამოხტებოდნენ ჰაერში, რომ დაენახათ დიდებული სურათი, და ისევ უეცრად, წყალში ჩაშვების დროს, ბოლოთი გამოადენდნენ ხოლმე ტკაცანს. ის ვერ ხედავდა იქავე თვალწინ მდგომ ვაზის სიხარულის ცრემლს, და სხვა მცენარეების მოძრაობას ვიღა იტყვის, რომლებსაც მოებრუნათ შენამული გული აღმოსავლეთისაკენ და თაყვანსა სცემდნენ იმ სურათს, რომლის წინაშე სულდგმული თუ არა სულდგმული, პირუტყვი თუ მეტყველი, გენიოსი თუ არა გენიოსი, ნიჭიერი თუ უნიჭო, ველური თუ არა ველური, - ყველა ერთგვარად მონავდება და თავის პიროვნებას იმის დიდებულ სიმშვენიერეს უერთებს.
აგერ, დათუაზე კარგა მოშორებით ტყის პირს გამოსულა ხარ-ირემი, რომელსაც მრავალ-შტოიანი რქები გადუხრია უკან, და იმაზე არა ნაკლებ თავ-დავიწყებით უმზერს იმავე სურათს.
დათუა მოცული იყო სურათის დიდებულებით; მთელი იმისი არსება ჩანთქმული იყო იმითი და იმისი მოსაზრება, გონება სხვა რაიმე საგნისათვის დაჩლუნგებული და მოდუნებული იყო.
სურათს-კი თანდათან ელვარება და სინათლე აკლდებოდა. ცოტახანიც და ცამ, მთის წვერმა ჩვეულებრივი სახე მიიღო. მზემაც თავი იჩინა და ყველას ერთად თავისი სხივი სტყორცნა, რომლის მოხვედრაზედაც, თითქოს ელექტრონმა დაურბინა ტანშიო, აქნობამდის მოდუნებულ და გატაცებულ არსებებს ჩაედგათ ენერგია, მიეცათ ძალა და მოსაზრება და მოძრაობა იწყეს: ფრინველები ჟივილ-ხივილით გამოეთხოვნენ თავიანთ ღამის ბინას და ცაში განავარდნენ; მწერებმაც-კი ზუზუნი მორთეს და ხან ერთ მცენარეს ეწვეოდნენ და ხან მეორეს, რომელთაც მზის სხივის მოხვედრაზე ნაზი, მწვანე ფოთლები შეიბერტყეს და წელი აიმართეს.
დათუამაც მაშინვე თავისდა უნებურად ამოიკვნესა და უნებურადვე ბარს ფეხი ღონივრად დაჰკრა, რის გამოც, ბარის პირი მომბალ მიწაში ღრმად წავიდა და დიდი ბელტი ამოაგდო. პირველ ბელტს მეორე, მეორეს კიდევ მესამე მოჰყვა და ასე ბელტი ბელტს მიეწყო.
ირემი-კი განუსაზღვრელ აღტაცებაში მოვიდა და გაგიჟებით დახტოდა ველზე. ის უეცრივ გაქანდებოდა ხტუნაობით ტყის ერთი ნაპირიდან მეორემდის და უეცრივ ასევე მოტრიალდებოდა, უკან ხტუნაობითვე დაბრუნდებოდა; ხან უეცრივ შუა ველზე შედგებოდა, პირს ახლად ამწვანებულ ბალახს დაადებდა და ჩაჰბღავლებდა მიწას, თითქოს იქ, ქვესკნელს ჩასძახის თავის ტოლს, რომ იქიდან ამოვიდეს და ამასთან ერთად ისიამოვნოს, დასტკბეს სიცოცხლით და თავი დავიწყებას მისცეს. ჩაჰბღავლებდა ერთი-ორჯერ კიდევ და, რაკი იქიდან პასუხს არავინ აძლევდა, ისევ ასწევდა მაღლა თავს და რქებგადაშვებული იწყებდა ისევ ისე ხტუნაობას.
აგერ, ის შედგა უკანა ფეხებზე და რამდენსამე წამს ისე გაჩერდა; იმან აღგზნებულად დააჭყიტა თვალები და ის-ის იყო ტყისკენ გაშვებას აპირებდა, რომ ამ დროს თოფმა იგრიალა. ირემი შეტორტმანდა და გულის საკლავის ამობღავლით, წინ გადახტომის მაგივრად, გულაღმა გადავარდა.
ტყის პირიდან გამოვარდა ახალგაზრდა ყმაწვილი და გადაჩეხილ ირემთან მირბენისთანავე სიხარულით წამოიძახა:
- შიგ გულში არ მოხვედრია!..
ირემმა-კი ძალ-დატანებით ქუთუთოები განზე გასწია და ცრემლში მოცურავი თვალის კაკლები თავის მკვლელს მიაპყრო, რითაც თითქოს ამას ეუბნებაო: “გაუმაძღარო, რა დაგიშავე, რომ სიცოცხლეს მისპობ?!”
ამის პასუხად ყმაწვილმა ხანჯალი ყელში გაუგდო და მოუსწრაფა სიცოცხლე.
- ეხლა რომელი ქრისტიანი ადამიანი ესვრის რასმე თოფს! - წამოიძახა დათუამ იქით მიხედვის დროს, საიდანაც თოფის ხმა მოესმა, და, ყმაწვილი რომ იცნო, განაგრძო:
- მამა ნახე, დედა ნახე, შვილი ისე გამონახე!..
ბოლო სიტყვა სიმღერით გაათავა და რამდენჯერმე, ამ დროს, ბარს ფეხი დაჰკრა.
დათუას ამის შემდეგ თავი მაღლა აღარ აუღია და გამალებული ბარავდა. ბარვის დროს დათუა ჩამღეროდა და ჩაჰკვნესოდა მიწას, რითაც თავს იმხნევებდა და დაღალვას არ ტყობილობდა, თუმცა იმის სახიდან ოფლი ჩამოწკრიალებდა და ნაბარში ჩადიოდა.
მოატანა სადილობამ და დათუამაც უკანასკნელად ჩასძახა მიწას:
“შობიდან სიკვდილამდისა
შენ ჩამოგტირით, დედაო,
სიკვდილის შემდეგ შენავე
მიგვიკრამ ხოლმე მკერდსაო!..”
გათავებისას დათუამ ღონივრად დაჰკრა ბარს ფეხი და ასე მიწაში ჩარჭობილს გაანება თავი, თითონ-კი გამოხსნა ჭრელი ხელსახოციდან გამხმარი ქერის პური და ვაზის ძირში მიმჯდარმა ლოღნა დაიწყო. იმას ძალიან უჭირდებოდა ჩაყლაპვა, რადგანაც ქერის პური პირში ნამცეცებად იშლებოდა და, რომ ნამცეცებისათვის თავი ერთად მოეყარა, წყალს ხშირად მიმართავდა ხოლმე და ლიტრას მალი-მალ იყუდებდა.
ნახევარი ჯერ არ შეეჭამა, რომ თავს მისი ცოლი ნენე წამოადგა.
- ცარიელი რა მოგატლიკინებდა, რომ მოტლიკინებდი, შაჭამადს ვერას მაადუღებდი? - მიმართა დათუამ თავის ცოლს ხველებით, რადგანაც იმას ქერის პურის ნამცეცი სასულეში გადუვარდა.
- რისა უნდა მამედუღებინა, რომ მაგრე იცი? - უპასუხა ნენემ და იმის გვერდით ჩაჯდა.
- მარილის წყალს მაინც მაადუღებდი და წამოიღებდი, რომ ჩამელბო ქერის პური და აღარ დავერჩე.
- იჰ, რა დროს ეგეებია, თუ ღმერთი გწამს! მე რისთვის მოვედი და ეს შაჭამადს გაიძახის!
- მერე და რატომ არ იტყვი, რისთვის მოხვედი?
- რო აღარ დამაცალე!
- ჰო და, ეხლა თქვი! - უთხრა და მოსასმენად მოემზადა.
ჭამა შესწყვიტა და ლიტრას ხელი დააჭირა.
- იმად მოვედი, რომ იასაულმა და პრიჰტავის ჩაფარმა პოესტკა გადმომცეს.
- რა პოესტკა?
- სუდში იბარებენ დათუასაო.
- რიჰთვისა, ადამიანო?
- რა ვიცი, რიჰთვისა!.. აი, დაიჭი და გაიგე რიჰთვისაც.
მან ამ სიტყვებთან ერთად ჯიბიდან უწყება ამოიღო და დათუას გაუწოდა.
- არა, შე ოჯახქორო, მაგას რო მაწვდი, გადავაბულბულებ თუ?!
- მე კი გადავაბულბულებ?
- დიდება შენთვის, ღმერთო!.. - პირჯვარი გადაიწერა ამ სიტყვებზედ და შემდეგ ცოლს შეტევით უთხრა: - რატომ არა ჰკითხე, რიჰთვისა-თქო? სასუდე რა მჭირს, რა დავაშავე, ადამიანო?!
- მერე, არა ვკითხე, რომ აგრე ცუდ-უბრალოდ ჭყივილი იცი! რო არ მითხრეს, რა მექნა? ღვდელი კიდევ შინ არ იყო, რო წამეკითხებინა.
- ჩაფარმა რატომ არ გითხრა, იმას ხომ ეცოდინებოდა?
- ღმერთმა ნუ იცის იმისი თავი, რა ვიცი, რატომ არ მითხრა?! “იქ წავიდეს და გაიგებსო, რიჰთვისაც არის დაბარებულიო”. ასე მითხრა, მე რომ ვკითხე.
- დიდება შენთვის, ღმერთო, სასუდე რა დავაშავე?! ქურდობა არ გამიწევია, ვალი არავისი მმართებს და ვახში და სუდში რად უნდა მიმათრევდნენ!.. ერთი სამიოდ თუმანი-ღა მმართებს კომლობა-ამოწყვეტილისა და ხომ შემოდგომაზე ტკბილი უნდა მივცე, პირობა ასე გვაქვს და ის რად მიჩივლებდა!..
- ვისი-ღა გმართებს, კაცო?
- ვისი-ღა და აგერ აი, სახლობა-ამოსაწყვეტ ისაკასი!
- აი, ღმერთმა-კი ნუ ახეიროს იმისი თავი და ტანი!.. უთუოდ ის მქვსვინავი გიჩივლებდა! იმას ხომ ღმერთი არ დაასვენებს, თუ არავის არა უხიმანა-რა.
- რაზე უნდა მიჩივლოს იმ სახლ-კარ-დაქცეულმა?!
- ეშმაკმა იცის იმისი თავი და ტანი, რა ვიცი, რაზე უნდა გიჩივლოს! რამდენჯერ გითხარ, მაგ სახლ-კარ-ამოწყვეტილს ჩამოეცალე-მეთქი, რომ მაგრე უღვთოდ ყველას ტყავს აძრობს, მაგრამ შენ მაინც არ იშლი, მალი-მალ წახვალ და იმას მიადგები კარს.
- რას მიედ-მოედები და როშავ, როდის ერთხელ მივადექ კარს, ჰა?!
- რა ვიცი, თუ არ მიადექი, მაშ რაში აძლევ ჩვენ სარჩო-საბადებელს ყოველ წელს? გეთაყვათ, ყოველ წელს ბატონივით სამსე ტომრები და ტიკები-კი მიაქვს და!..
- იმაში მიაქვს, რომ გაკოტრებულივით ძველ თამასუქებს დაუწყო ძებნა და მალი-მალ კანცელარიაში ხან ერთს უჩივლებს და ხან მეორეს: ეს მამა-შენმა აიღო ვალადო, ეს კიდე ბიძა-შენმაო, არ ვიცი, მართლა აიღეს თუ არა. ამღები არ არის ცოცხალი და მოწმეები.
- თუ მაგრე არამზადობით არ შაიძინა, ხომ ღმერთი ვერ გააძღობს იმის თვალს!
- მაგრე რო არ ეარამზადნა, მაშ რითი გადაჰჭიმავდა ი ორატაჟიანს სახლებს, ეხლა რო შიგ ბატონივით ცხოვრობს? მაშ არა და თავის ალალად მოგებული ფულით გადაჰჭიმა, აი!
დათუა და მისი ცოლი ნენე გაებნენ ისაკას ლანძღვა-წყევლაში, რადგანაც ისინი თითქმის დარწმუნებულები იყვნენ, რომ ისაკას მეტი არავინ “უხიმანებდა” რასმე, თუმცა-კი უწყების შინაარსი არ იცოდნენ.
- ადამიანო, აბა, ერთი წააკითხა ვისმე, მართლა ი ამოსავარდნელი და ამოსაბუგელი მიჩივის თუ არა! - უთხრა დათუამ ბოლოს და წამოდგა.
- რაღა წავაკითხო ვისმე, ის იქნება და ის, აბა, სხვას ვის რად უნდა ჩვენი ცოდო! - დარწმუნებით უპასუხა ნენემ და წასასვლელად წამოდგა.
II
- ბიჭო, სანდრო! - გასძახა ისაკა ჭამიაშვილმა ახლად მოსულ ბიჭს, რომელმაც ბარი იქვე მიაყუდა.
- რას მიბრძანებ, ბატონო!
- სხვები სად-ღა არიან?
- ახლავე მოვლენ სხვებიცა.
- სანამ ისინი მოვიდოდნენ, შენ წადი გიგო და ლევანთან და უთხარ, ამაღამ ვახშმად ჩვენსა წამოვიდნენ. ესაც უთხარ, ირმის მწვადებიც გვექნება-თქო.
- ეხლავე, ბატონო! - უპასუხა სანდრომ და როცა გაბრუნდა, უკმაყოფილოდ თავისთვის რაღაც წაიბუტბუტა.
- პაპა! - უკანიდან მიაძახა ჭამიაშვილს ჩვიდმეტ-თვრამეტი წლის ქალმა, რომელიც ის იყო მაშინ გამოვიდა სახლიდან და იმასთან მივიდა:
- მამაშამ, რომელი ღვინისა ჩამოვასხმევინო ბოთლიკებშიო?
- დათუას ღვინისა-თქო, იმისმა ვენახმა კარგი ღვინო იცის, - უპასუხა ისაკამ, რის შემდეგაც ქალი შესრიალდა შინ, და თითონ-კი ღიმილით განაგრძო: - მალე დათუას მაგივრად, ჩემსას დავუძახებ იმის ვენახს, სულ მალე... რამდენი ხანია, - განაგრძო იმან ცოტახნის სიჩუმის შემდეგ, - ხან საიდან მოვუვლი და ხან საიდან იმის ვენახს და მაინც ვერა მოვუხიმანერა. ვერ იქნა და ვერ ჩავიგდე იმისი ვენახი ხელში, ვერა! რამდენიც სარმა გავუსვი, იმან მაინც აიცდინა. კიდევაც შევევაჭრე, მაგრამ არა ქნა: “ჩემი მამა-პაპის ოფლი შიგაა ჩაღვრილი და მე როგორ გავყიდო”. ჰმ, არ გაჰყიდი?! აბა, თუ არ გაჰყიდი და მაშ ეხლა მიყურე, როგორი მოგვერდი გიგდო! მგონი ისე დაგცე, რომ ცხვირ-პირი ჩაიმტვრიო. ამ ორი კვირის შემდეგ საქმეს გაარჩევენ და მერე მე ვიცი: ავიღებ ისპოლნიტელნი ლისტს და მაშ რას იზამ, თუ ვენახს არ ჩამაბარებ?! მაგრამ მოწმებმა რომ მიმტყუნონ?! ამ უკანასკნელ სიტყვებზე ისაკას სახეს, ცოტა არ იყოს, სიამოვნების ზეწარი გადაეცალა და შუბლი შეეჭმუხვნა.
ამ გვარმა მდგომარეობამ სულ ცოტა ხანს გასტანა. იმის სახეს დაფიქრების ჩრდილი გადაეცალა და გამხიარულებულმა წამოიძახა: “მოწმები როგორ მიმტყუნებენ?.. გიგო და ლევანი მშიერი აზნაურიშვილები არიან, ორ გროშად მამის სულს გაჰყიდიან და მე რომ ერთი-ორი თუმანი მივცე, ხომ სულ ფიცით დასკდებიან. მამასახლისს კიდევ მოვუხერხებ რასმე...” დაჭეშმარიტებით წარმოსთქვა: “მოვუხერხებ რასმე”, ცოტა ჩაფიქრების შემდეგ და თავის სახლ-მიდამოს გადათვალიერების შემდეგ აივანზე ბოლთის ცემა დაიწყო.
ყოველთვის, როდესაც-კი ისაკა ჭამიაშვილი თავის გარშემოს თვალს გადაავლებდა და აივანზე ბოლთის ცემას დაიწყებდა, უეჭველად თავისი წარსული მოაგონდებოდა და ამ წარსულის მოგონებით სიამოვნებდა.
“რა ვიქნებოდი ეხლა მე, რომ შინ დავრჩენილიყავ და გარეთ ფეხი არ გამედგა?” უსიტყვოდ დაეკითხა ისაკა თავის თავს კარგა ხნის ბოლთის ცემის შემდეგ, როდესაც ნიდაყვებით დაეყუდა აივნის მოაჯირს და დიდხანს, დიდხანს დასცქეროდა იქვე, იმის სახლის გვერდით, ჩამომჩანჩქარ წყალს, რომელიც თავის ჩხრიალით ატკბობდა მის სმენას და მოგონებისათვის ფანტაზიას უცხოველებდა.
მართლაც, რა იქნებოდა ისაკა, რომ თავისი მამა-პაპისთვის მიებაძნა და შინ დარჩენილიყო, როგორც დათუა და იმისი მოძმე გლეხები შინ დარჩნენ და თავიანთ მამა-პაპას ბაძვენ, რის გამოც, თუმცა ალალის შრომით ალალ ლუკმას სჭამენ, ნახევარზე მშივრები და ტიტვლები არიან! ხომ ისიც, როგორც იმისი თანამემამულე გლეხები, ყველას მონა უნდა ყოფილიყო, ყველას იმისთვის უნდა ებრძანებინა და თავში ჩაეკრა! ვინც-კი სოფელში სამი რუსული სიტყვით მოვიდოდა, ხომ ყველას წინ უნდა ქუდ-მოხდილი და გულ-ხელ დაკრეფილი დამდგარიყო და წარბებში შეეცქირა, რომ იმის ბერვა-პრანჭვის აზრს მიხვედრილიყო და აესრულებინა ყოველივე იმისი სურვილი!.. მაზრის უფროსი, ბოქაული, მათი თანაშემწეები და გადამწერლები, გადამწერლების გადამწერლები და მათი თანაშემწენი, ასისთავები, მათი ჩაფრები და მოჩაფრეები, - ერთი სიტყვით, მაზრის მოხელეების მთელი გუნდი, რომელიც მრავალზე მრავალ-შტოიანია, ხომ მარტო იმისთვის არსებობს და მოდის სოფელში, რომ გლეხს თვალები დაუბღვიროს, დასჭყივლოს და, თუ მოისურვა, სილა გასტკიცოს ან მათრახი გადაუჭიროს; თუ რამ გადასახდელი აქვს, წაართვას, გააგდოს ბეგარაზე, მიაყენოს გაჭირვება და ყელში წაუჭიროს და არა იმისთვის, რომ გლეხის საკეთილდღეოდ იზრუნოს... გლეხის ყველა ამ დამცირებას და დაჯუჯკვას კარგად ამჩნევდა ახლა ისაკა და ამისთვის, ყოველთვის, ასე თავის წარსულის მოგონებაში, როდესაც გაერთობოდა, ადიდებდა იმ დღეს, რა დღესაც იმისმა მამამ ის ერთ მედუქნეს, რომელსაც დუქანი საქართველოს სამხედრო გზატკეცილის პირას ჰქონდა, მისცა ბიჭად. ის დღე იყო ნიშანი ისაკას ახლანდელი მდგომარეობისა; იმ დღიდან ამოიშვა გლეხის ტანჯვიდან თავი და მიაღწია იქამდის, რომ ის დღეს სოფელში პირველ კაცად ითვლება: ყველა კრძალვით და მოწიწებით ექცევა; მაზრის მმართველები, უფროსები, - თორემ ნაბოლარებს ხომ თითონაც არ იკადრებს, - ჭყივილისა და კივილის მაგივრად პატივისცემით ხელს უწვდიან, იმის სახლში სტუმრად მიდიან, სადაც სოფლის ხარჯით უხვს მასპინძლობას უწევს, და ამით თავბრუ-დახვეულები ყველგან და ყველასთან, თუ-კი რაიმე მიზეზით იმაზე ბაასი ჩამოვარდებოდა, ამას გაიძახდნენ: “ისაკა პატიოსანი კაციაო”.
მართალია, პირველ ხანს დუქანში დიდი სიდუხჭირე გამოიარა, მაგრამ რა? განა ის ტანჯვა სახსენებელია იმასთან, რომ ეხლა ის თავისი მდგომარეობით კმაყოფილია?! ის დამცირება და მიწასთან გასწორება, რომელიც პირველ ხანს დუქანში წილად ხვდა, სასიქადულოდაც ჰქონდა იმას და ბევრჯერ სხვებისთვისაც უამბნია.
აი, ეხლაც, მოაჯირზე დაყრდნობილს რომ თვალ-წინ წარმოუდგა თორმეტი წლის ისაკა, რომლის პიროვნებასაც მედუქნე უწყალოდ ფეხქვეშ სრესს, ტალახით სთხუპნის, არ შეჰზარა-კია ამ სურათმა, პირიქით, მის გულში სიხარული დაჰბადა და იმის-და უნებურად წარმოათქმევინა: “იმისი დედ-მამა ვაცხონე, რომ ასე მექცეოდა; ასე რომ არ მომქცეოდა, მე ახლა ის არ ვიქნებოდი, რაცა ვარ!”
დიაღ, ისაკა ისეთი არ იქნებოდა, როგორიც ეხლა არის. ასე რომ არ მოჰქცეოდა, იქნება ცოტაოდენი სიკეთე კიდევ შერჩენიყო რამ ისაკას, მაგრამ მედუქნე სხვანაირად ვერ მოექცეოდა, რადგანაც იმასაც ისე ექცეოდნენ, როგორც ის ისაკას. ჩვენებური დუქნები-კი ერთგვარი სკოლაა, რომელშიაც მეფობს აღზრდის ერთგვარი მეთოდი. იმის საშუალებით ამზადებენ “ისაკებს, გეურქებს და არტემებს”, რომლებიც მზად არიან თავიანთი მოძმეთა სისხლი დალიონ. სამ წელიწადს ისაკა ისე გაიწვრთნა, რომ მედუქნის თვალის დახამხამების აზრსაც-კი იგებდა.
გზა-ტკეცილის პირას მოვაჭრე მედუქნეები, გარდა იმისა, რომ მგზავრთ ვაჭრობაში ტყავს აძრობენ, სხვანაირადაც მოქმედებენ იმათ გასაყვლეფად; არც ერთი გაძარცვა გზაზე ისე არ მოხდება, რომ მედუქნეებმა მონაწილეობა არ მიიღონ: ბევრჯერ წაურთმევიათ მგზავრისთვის ფული და ნივთეულობა, და ამაში მედუქნეები, პირველი ადგილი თუ იმათ არა სჭერიათ, დამხმარებელნი მაინც ყოფილან. ბევრჯერ შიგავე დუქანში გაუძარცვავთ დამთვრალი მგზავრი და, ვინ იცის რამდენჯერ სადგურების ახლო ნივთეულობით სავსე ყუთები აუცლიათ საფოსტო ეტლებით მოგზაურთათვის.
ყველა ეს საიდუმლო გაანდო მედუქნემ ისაკას, რომელმაც ამაში დიდი გამჭრიახობა და ფხა გამოიჩინა. ამის გამო ისაკა, ჯერ თუ ბიჭად იყო დუქანში, მერე ამხანაგად გაუხდა, და ასე თვე-თვეებს გასდევდა, წელიწადი წელიწადებს და ისაკას თანდათან ზურგი უმაგრდებოდა. ამ ხანობაში ისაკამ ცოლიც შეირთო.
როცა ისაკამ ზურგი კარგა მოიმაგრა, თავის ამხანაგს, რომელმაც აღზარდა და გაწვრთნა, ისეთი მოგვერდი უგდო, რომ ცარიელზე გაიყვანა.
ბევრის ხვეწნისა და მუდარის შემდეგ თავისი გამწვრთნელი ისევე მიიყვანა ამხანაგად იმ პირობით, რომ გზის პირას ევაჭრა და საქმე ეწარმოებინა, წელიწადში რამდენჯერმე მიეცა ისაკასთვის ანგარიში და მოგების ნახევარი ჩაებარებინა; საბრუნავი თანხა-კი უკვდავად ისაკასი უნდა დარჩენილიყო...
რაკი გზის პირას ვაჭრობის საქმე ასე მოაწყო, თითონ დაბრუნდა თავის სოფელში და იქ საკუთრივ დუქანი გააღო, რომელშიაც დახლიდრად თავისივე გაწვრთნილი ნათესავი დააყენა.
აქედან იწყება ისაკას ცხოვრების მეორე ხანა და ამასთან ორგვარი მოღვაწეობაც სოფელში, როგორც ვაჭრისა და, როგორც საზოგადოების წევრისა.
ვაჭრები თუ როგორ სძარცვენ სოფლებს, ამაზე ბევრი თქმულა და დაწერილა. ყველა ამას ჩვენ იმას-ღა თუ დავუმატებთ, რომ სოფელში მოვაჭრე ერთისა და იმავე ნივთის გაყიდვაში ერთსა და იმავე დროს ორნაირ სარგებელს იღებს. ამის გამოსარკვევად მაგალითს მოვიყვან:
ვსთქვათ, ვაჭარს რომელიმე ნივთი, რომელსაც გლეხი ყიდულობს, უღირს სამ შაურად, თითონ-კი, სულ რომ ნაკლები, ცხრა შაურს მაინც გამოართმევს. გლეხმა რომ ქისა გახსნას და ცხრა შაური გადაუთვალოს, მაშინ ვაჭარს სამშაურიან ნივთში ექვსი შაური წმინდა მოგება დარჩება, მაგრამ გლეხს ქისა ცარიელი აქვს და ამისთვის ის თავის ნაწარმოებს, მაგ: ხორბალს, ქერს, სიმინდს და სხვ. აძლევს ცხრა შაურში, იმ ფასად-კი არა, როგორც ბაზარში ფასობს, არამედ ნახევარ ფასად. ფუთი ხორბალი რომ თვრამეტ შაურად ღირდეს, ის ცხრა შაურად იღებს, მერე ჰყიდის ხშირად იქვე გლეხზე თვრამეტ შაურად და ამგვარად სამშაურიან ნივთში ექვსი შაურის მოგების მაგივრად თხუთმეტ შაურს იგებს.
ისაკა სოფელში სხვა მოვაჭრეებს თუ არ გადააჭარბებდა ამგვარ მოქმედებაში, უკან არ ჩამოურჩებოდა. ის, როგორც ვაჭარი, დღითი-დღე ტყავს აძრობდა გლეხებს და მდიდრდებოდა. მაგრამ ისაკას, ვაჭრობის გარდა, გლეხების გასატყავებლად კიდევ სხვა გზაცა ჰქონდა. სხვა ვაჭრები, რომლებიც შეხიზნულან სოფელში, ვაჭრობის გარდა, სოფლის საქმეებში ვერ გაერევიან, რადგანაც ისინი იმ საზოგადოების წევრებად არ ითვლებიან. ისაკას საქმე-კი სულ სხვანაირად იყო. ისაკა იმ საზოგადოებაში ვაჭრობდა, რომლის წევრადაც ითვლებოდა, და ამისთვის ნება ჰქონდა გარეულიყო სოფლის ყოველ საქმეში. ასეც მოიქცა ისაკა, თითქმის ყოველ სასოფლო საქმეში ძალითა თუ ნებით, ისაკა იყო თორმეტი კაცის რიცხვში, რომელთაც, სხვა მოვალეობათა შორის, სახელმწიფო ხარჯის გაწერაც ჰქონდათ მინდობილი. ისაკა იყო მაწარმოებელი სასოფლო დავთრებისა, ისაკა იყო მწერალიც, ისაკა აწარმოებდა სხვა ორ კაცთან ერთად სასოფლო მაღაზიასაც. ერთხნობით მამასახლისადაც იყო ამორჩეული. რასაკვირველია, ისაკასთანა კაცები ამ გარემოებით ისარგებლებდნენ და არც ისაკა აკლებდა. სადაც-კი ისაკამ გამოსარჩენი რამ შენიშნა, იქ დააგო თავისი ფაცერი და დღე-მუდამ განუწყვეტლივ წვრილსა და მსხვილ თევზს აბამდა.
ხარჯის გაწერის დროს ის ყოველთვის ერთ ორმოც თუმნამდის მაინც თავის სასარგებლოდ გააწერდა სოფელს. კერძო ჯარიმებს, რომელსაც სოფლის მოსამართლეები ახდევინებდნენ რაიმე საქმეში დამნაშევე გლეხებს, თავის სასარგებლოდ აკრეფინებდა იასაულებს და დავთრებში სწერდა, რომ ეს ამაზე დაიხარჯა და ეს ამაზეო. სასოფლო მაღაზია ხომ საკუთრებად გაიხადა.
ვინ ჩამოსთვლის კიდევ, რითი არ სარგებლობდა ის. ისაკასთანა კაცი ყოველთვის დაინახავს სოფელში უპატრონოდ დატოვებულს რამ სარჩოს, რომელსაც თავის სასარგებლოდ იღებს.
ისაკა ხედავდა, რომ ხმის გამცემი არავინ იყო და ამისთვის თავისუფლად ფარფაშობდა სოფელში.
მართლაც და, ვინ გაუძალიანდებოდა? გლეხები, რომელთაც შეამჩნიეს ისაკას მრუდობა? გლეხებმა ყოველთვის იციან, ვინ ჰყვლეფავს იმათ, მაგრამ ხმას ვერ იღებენ, და ძალა-უნებურად ხმის ამოუღებლად წინ უწვებიან ცხვრებივით, რომელთაც დუქარდით შიგ ძირში პარსავენ.
რამდენს სულ ტყუილად გადაახდევინა - ვითომ-და იმისი მამისა ან ბიძის ვალი.
როდესაც მამასახლისად იყო, დასწერდა თამასუქს და დაბეჭდავდა, მოწმეებად იმისთანებს ჩასწერდა, რომლებიც უკვე გარდაცვლილები იყვნენ, ან კიდევ თავის ერთგულ გიგოს და ლევანს, რომლებსაც ცოტაოდენ წილს უდებდა, და სასოფლო კანცელარიაში უჩივლებდა თავის ტყუილ მოვალეს, სადაც, რასაკვირველია, საბუთების წინააღმდეგ ვერ წავიდოდნენ და გადასწყვეტდნენ, რომ მოვალემ ნაღდად ჩააბაროს ისაკას და ამით მშობლების ცოდო კისრიდან მოიშოროსო.
გლეხები ხმას ვერა სცემდნენ და სხვა მოწინააღმდეგე-კი არავინ იყო.
დუქნის საშუალებით და სოფლის საქმეების წარმოებით ისაკა ისე გაიჭიკნა, რომ ახლო-მახლო სოფლებში სიმდიდრით აღარავინა სჯობდა. ერთის აოხრებული აზნაურიშვილის მამული შეირჩინა თითქმის სულ მუქთად და ხვნა-თესვას მიჰყო ხელი, “გადაჰჭიმა” ორ-სართულიანი სახლი, რომლის ოთახები ევროპულად მოაწყო, და შიგ დაესახლა თავისი ცოლ-შვილით. ევროპულად მორთო თავისი ორი ქალი და ორი ვაჟი-კი სასწავლებელში მისცა, საიდანაც უფროსი უკვე სწავლა დაუმთავრებლად დაუბრუნდა შინ და აგერ ჯერ-ჯერობით ნადირობას მიჰყო ხელი, თუმცა ხანდისხან სოფლის საქმეების წარმოებაშიაც ეშველებოდა ხოლმე მამას, რომელიც შემდეგში, რასაკვირველია, ამ საქმეების წარმოებას იმას გადასცემს, რადგანაც იმისთანებში დიდს უნარსა და ფხას იჩენს.
თუმცა ისაკას ეხლა აღარა უჭირდა-რა, მაგრამ მაინც წართმევის სურვილი უფრო უცხოველდებოდა და გაუმაძღრობა ემატებოდა.
წართმევის სურვილი თითქმის სენად გადაექცა ისაკას და, ხანდისხან ეს ჟინი ისე მოუვლიდა, რომ მზად იყო ყოველივე საშუალება ეხმარა, ყოველისავე სისაძაგლისათვის ხელი ჩაევლო, ოღონდ-კი წაერთმია ვისთვისმე რამ.
აი, ეხლა იმას თავისი წარსული მოგონებით გატაცებულს და სიამოვნებით მოცულს უეცრად წამოჰკრა ამ ჟინმა და მთელი ტანით შეარყია. მაშინვე მოტრიალდა და აივანზე აჩქარებით გაიარ-გამოიარა.
უკვე დაბნელებულიყო. აქა-იქ ღრუბლებს შუადგან ვარსკვლავები მოწყენით გამოსცქეროდნენ სოფელს, სადაც მიწყვეტილიყო ადამიანის ხმა და მარტო ხანდისხან ძაღლების გაგრძელებული ყეფა-ღა მოისმოდა, და თავიანთ მკრთალი შუქით მიძინებულს სოფელს უფრო ძილს ჰგვრიდნენ.
- ბაბე! - წამოიძახა ისაკამ გაჯავრებული ხმით და კარებს შეხედა, საიდანაც ამ დროს იმისი გასივებული ცოლი გამოვიდა.
- ადამიანო, ბალკონზე რას აკეთებ და შინ არ შამოხვალ?! - საყვედურის კილოთი უთხრა ბაბემ და მიუახლოვდა.
- ბიჭი არ დაბრუნებულა? სად არის აქნობამდის ის ოხერ-ტიალი?!
- რამდენი ხანია, რაც დაბრუნდა!
- მერე, რა თქვა, მოვლენო?
- რას არ...
- აუ-აუ-აუ!.. - ამ დროს წამოვარდა კიბეზე მწოლიარე ბროლია და თავ-პირის მტვრევით დაიწყო ბოხი ხმით ყეფა და გზისკენ გადახტა, სადაც ორი კაცი გამოჩნდა.
- გადი, გადი!.. - დასძახეს იმათ და ჯოხებით ძაღლის გერება დაიწყეს.
- აი, შე ვერანავ, შენა!.. გამოდი, გამოდი!.. - ყვიროდნენ ცოლი და ქმარი და იმათკენ მიეშურებოდნენ.
ბროლია-კი არ ეხსნებოდა იმათ და ზედ ვარდებოდა.
- რა კაპასი რამა გყავთ, კინაღამ არ შეგვჭამა!.. - წამოიძახა გიგომ, როდესაც ისაკამ ქვის სროლით ძაღლი წინ გაიგდო, და ბაბეს ხელის ჩამოსართმევად თავისი გაუწოდა.
- ხანდისხან იცის ხოლმე მაგრე გაგიჟება, თორემ ისე ჭკვიანია.
- რაღა ჩემზე გაგიჟდა! - ჩამოართვა სიტყვა ლევანმა და იმანაც ხელი გაუწოდა ბაბეს.
- იმიტომა, ჩემო ლევან, რომ ძალიან ძვირად მოდიხარ ჩვენსა!
- აზნაურის სტუმრობაო, ნუ გგონია ხუმრობაო, ხომ მოგეხსენებათ ქართული ანდაზა? ხშირად რომ ვიაროთ, მაშინ...
- მაგისი ნუ გეფიქრებათ, გიგო, თქვენ დასახვედრად კიდევ მოგვეპოვება რამ, - თავმომწონედ გააწყვეტინა სიტყვა გიგოს ბაბემა.
- მოიწვიე, რაღა მანდ ებაასები? - უთხრა ბაბეს ამ დროს მოსულმა ისაკამ და გიგოს ხელი ჩაავლო.
მასპინძელ-სტუმრები ერთად შევიდნენ მშვენივრად მოწყობილ სასტუმროში, სადაც ორი თავშიშველა ქალი დაუხვდათ. ესენი მიესალმნენ სტუმრებს, რომლებმაც მოწიწებით ჩამოართვეს ხელი, და დედის გვერდით დასხდნენ.
- რატომ არ დაათხოვებ ე შენ ქალებს, რაღას ელი? - მიმართა გიგომ ისაკას, როდესაც ქალებს ხელი ჩამოართვა და იმის გვერდით დაჯდა.
- იმას ველი, რომ კარგ კაცებს ვეძებ; უბრალოს ხომ ვერ მივცემ.
- უბრალოს მიეციო, ვინ გეუბნება, განა კარგები ცოტანი არიან?
- ჩემი ქალები სამსახურის კაცებს უნდა მივათხოვო. თუ არ სამსახურის კაცს, არც თითონ ნდომობენ სხვას მისთხოვდნენ ვისმე, - ჩაერია ლაპარაკში ბაბე და თავის ქალებს შეხედა, რომლებმაც დედის სიტყვაზე თავები ძირს ჩაჰკიდეს და გაწითლებულებმა რაღაც წაიბუტბუტეს.
- სამსახურის კაცები რას დაგიჟინიათ, აიღეთ და მამულიშვილს მიათხოვეთ, რომ...
- ის არა სჯობია, მამულიშვილიც იყოს და სამსახურისაც! - ჩამოართვა ბაბემ გიგოს სიტყვა: - დაიცათ, ჯერ ქალაქში გადავსახლდეთ, მაშინ ნახავთ, როგორ სულ დაწკეპილ აფიცრებს მივათხოვებ. ენაცვალოს დედა ჩემს სონას, შარშან რომ ჯარმა აქეთ გაიარა, აფიცრებზე დარჩა თვალი და ერთი ამოიოხრა, რომ...
- კარგი, ერთი!.. - წაჰბუზღუნეს თავ-ჩაღუნულმა ქალებმა დედას და საჩქაროდ მეორე ოთახში გაცვივდნენ.
- ეი, ეი, რას გარბიხართ? შეგრცხვათ, რომ თქვენი სურვილი დედამ გაგიმჟღავნათ?! - სიცილით მიაძახა ლევანმა ქალებს.
- ძალიან მორცხვები არიან, ენაცვალოთ დედა! - სიამოვნებით წამოიძახა ბაბემ.
- ოჰ, მონადირეს გაუმარჯოს! - ლევანმა და გიგომ ერთად მიაძახეს ილას, რომელმაც ამ დროს შემოაღო კარები და ღიმილით სტუმრებისაკენ წავიდა.
- სად იყავი, შვილო, აქნობამდის? - მზრუნველობით ჰკითხა დედამ ილას.
- დუქანში. ეხლა დაკეტა მიტრომ და წამოვედი მეც.
- დუქანში კი არა, ნათლიდედასთან იქნებოდი! - სიცილით უთხრა ლევანმა და ილა გვერდით მოისო.
- ეე, ლევან, შენ ჩემი მტერი ხარ, - სიცილითვე უპასუხა ილამ, - ეგენი არ იყოს, თორემ, ხომ იცი, მეც გაგიქვეყნებ!
- მაგას რაღა დამალვა უნდა, დღე თუ ნადირობ, ღამე-კი არ გინდა ნადირობა?.. - გაეხუმრა ეხლა გიგო.
- ღამე რად მინდა ნადირობა, როცა ნადირი დაბმული მყავს!
- ვერ უყურებ ამას! - სიცილით წამოიძახა გიგომ: - მე მეგონა, ჯერ ისევ ნადირობს-მეთქი და შენ-კი თურმე კიდეც დაგიბამს?! მაშ, შენი საქმე კარგად იქნება!
- კარგად, კარგად, ღმერთმანი, წინ აღარა გვეღობება-რა!.. ერთი ეს არის, რომ ნათლიმამაც შინ არის ხოლმე და ამისთვის ვერას ვარიგებ...
- ეე, არ ვარგებულხარ, შვილო: მაშინ მიდი ხოლმე, როცა ნათლიმამა შინ არ იყოს! - უთხრა ისაკამ და მერე ცოლს მიუბრუნდა, რომელიც სიყვარულის ღიმილით თავის ილას შესცქეროდა. - აბა, ბაბე, ვახშმის თავ-დარიგს შეუდექი!
- სუფრა გაშლილია, წამობრძანდით!
ამ სიტყვებზე ყველანი მეორე ოთახში გავიდნენ, სადაც გაშლილი სუფრა დახვდათ.
ვახშმად ყველაფერი ჰქონდათ: წვნიანიც, შემწვარიც, ხმელიც და ნედლიც. ღვინო ხომ უხვად იყო.
სტუმრები გამალებული სჭამდნენ; რაც მოჰქონდათ, შეუჭმელს და დაულეველს არას უშვებდნენ. არც ლაპარაკს აკლებდნენ: ლაპარაკობდნენ ამ მთისას, იმ მთისას; ძველისა და ახლისას. ისაკამ და გიგომ თავიანთ ჯეელობის ამბებიც მოიგონეს და ორნივე იმ დასკვნამდის მივიდნენ, რომ “წახდა დროებაო... მაშინდელი ჯეელები სჯობდნენ ეხლანდელებსაო”.
ქალები-კი, ბაბეს გარდა, გაჩუმებულები ისხდნენ და მოწიწებით კიკნიდნენ საჭმელს, როცა მწვადები შემოუტანეს, თითო ნაჭერი შეჭამეს და სტუმრებს დასაძინებლად გამოემშვიდობნენ. ბაბემაც ცოტა ხანს შემდეგ თავის ქალებს მიბაძა და ისიც მოშორდა იმათ. სუფრას შერჩნენ მარტო ისაკა, გიგო, ლევანი და ილა, რომლებმაც ღვინის სმით შუაღამეს გადააცილეს.
ბოლოს ისაკამ ხერხიანად ჩამოაგდო დათუაზე ლაპარაკი და გიგოსა და ლევანს აგრძნობინა, რომ იმათი მოწმობის იმედი არა აქვს.
- რაო? - იფეთქა წყრომით ისაკას ეჭვზე გიგომ და გულზე ხელი დაიკრა, - გიგო მოკვდეს, თუ ჩემ სიტყვას ვუმტყუნო, გინდაც ამისთვის თავს მჭრიდნენ!.. შენ, როგორც გეტყობა, ჯერ კარგად ვერ მიცნობ!..
- არა, ჩემო გიგო, თავი მომიკვდეს, თუ მე ან შენზე, ან ლევანზე ეჭვი შემომეტანოს, - ოსტატურადვე მოუქონა თავი გამწყრალ გიგოს ისაკამ, როდესაც დარწმუნდა, რომ გიგო და ლევანი არ მიმტყუნებენო და მამასახლისზე დაიწყო: - მე, აი, მამასახლისზე ვამბობდი. ცუდად მოვიქეცით, რომ იმის სახელით შევამოწმეთ.
გიგოსა და ლევანისთვის ეს საკმარისი იყო, რომ ამათი თავმოყვარეობა დაკმაყოფილებულიყო და ამ საქმეში ისეთი მონაწილეობა მიეღოთ, თითქოს ეს იმათ ღვიძლ შვილს შეეხებაო.
- ეგ-კი საფიქრებელია! - მზრუნველობით წამოიძახა ორმავე და ღრმად ჩაფიქრდნენ.
- მინდოდა, - დაიწყო ისაკამ ისევ იმ კილოთი, - ეხლა ისიც მომეწვია, მაგრამ გვერდით რომ მოგვესო, ვაი თუ უფრო გატყლარჭულიყო.
- კარგი გიქნია, რომ არ მოგიწვევია, თორემ, ხომ იცი, გლეხიკაცის ამბავი: რაც თავს გაუყადრებ და პატივსა სცემ, უფრო თავს წამოგაჯდება. ეს მე კარგად ვიცი! - უპასუხა გიგომ ისაკას ამ უკანასკნელის სიტყვებით უფრო თავ-მოპოხილმა.
- მამი, შენ მამასახლისისა ნუ გეშინიან! - ჩაურთო სიტყვა ილამ, როცა მამას მართლა-და შიში შეატყო: - როგორ შეუძლიან სთქვას რამე და არ გიმოწმოს, ხომ ციმბირს იქით გააცილებენ! ჯერ შაამოწმა და ეხლა უარს იტყვის?! შენ ციმბირით შეაშინე და მაშინ ნახავ, როგორ ფიცით ყბები ამოიგდებინოს, რომ შენი დათუას მართებს.
- მართალია, ეგ თავში სულ არ მომსვლია ფიქრად? - სიხარულით წამოიძახა ისაკამ, მაგრამ უეცრად შუბლი ისევ მოეჭმუხნა და სიხარული მოსცილდა.
- ეგ-კი, - დაიწყო შუბლ-მოჭმუხვნილმა ისაკამ, - მაგრამ იმან რო არ იცოდა, საქმე რაში იყო, როცა ბეჭედი დავასმეინეთ, და არც ეხლა იცის. იმას ხომ შეუძლიან თქვას, რომ მე სულ არ ვიცოდი, რას მამოწმებინებდნენო, რადგანაც კითხვა არ ვიციო.
- მით უკეთესი! რო სცოდნოდა, ხომ არც შეამოწმებდა! ეხლა გააგებინე და რას იზამს, თუ არ დაგემოწმება?!. როგორ შეუძლიან გააცხადოს, რომ შევამოწმე და არ ვიცოდი, რას ვამოწმებდიო! იქნება იმას ხემწიფეზე ამოწმებინებენ რასმე, უნდა შეამოწმოს ისე გაუგებრად?! აბა, ეგა თქვას და მაშინ ნახავს, საით უკრავენ თავს!.. - ილამ დარწმუნებით წარმოსთქვა ეს მოსაზრებანი, გაბრწყინებულის სახით შეხედა მამასა, რომელიც მაშინვე სიხარულით წამოვარდა და შვილს გადაეხვია:
- ღმერთმანი, შვილო, შენ ჩემზე მოსაზრებული ხარ!.. - შესძახა იმან და გატაცებით ჩაკოცნა.
III
მაზრის სამსჯავროში დიდიხანია, რაც ხალხი შეიყარა და ადგილები დაიჭრა. მომეტებული ნაწილი გლეხობა იყო. ყველას თავპირი ჩამოჰკიდებოდა და ნაღვლიანად შესცქეროდა მომრიგებელ მოსამართლეს მაუდის წითელ სუფრა-გადაფარებულ ტაბლას, რომელზედაც საწერ-კალამი და რამდენიმე წიგნი იდო.
დათუა შრომიშვილიც იმათ შორის იჯდა და ხშირ-ხშირად გადახედავდა ხოლმე ისაკასა და იმის მოწმეებს, რომლებიც ხმა-დაბლა რაღაცაზედ ბაასობდნენ.
“ვაიმე!” თავისთვის წამოიძახებდა ხოლმე ბრაზ-მორეული დათუა ყოველ შეხედვაზე და თავისთვისვე განაგრძობდა: “რა უნდა მაგ კომლობა-ამოსაწყვეტს ჩემგან, რომ ტყუილ-უბრალოდ აქ ამომათრია! ვითომ რას წაიღებს, რომ მიჩივლა?!“
“ვითომ რას წაიღებს, რომ მიჩივლა”-ო, იძახოდა დათუა იმისთვის, რომ ის დარწმუნებული იყო თავის სიმართლეში და ვერ წარმოედგინა, თუ ტყუილად გადაახდევინებდა ვინმე რასმე სამართლის ძალით.
როცა მღვდელმა უწყება წაუკითხა და გამოუცხადა, რომ ისაკა სამოც თუმანს გიჩივის და ამისთვის გიბარებენო, ის გაოცდა და კარგა ხნობამდის გონს ვერ მოვიდა.
“მერე რას წაიღებს, რომ მიჩივის?! განა და ალალობაა, რომ არ მემართოს და ისე წამართვას! სამართალი აღარ არის ქვეყანაზე?” დამშვიდებით წარმოსთქვა პირველი გაკვირვების შემდეგ იმან მღვდელთან და შინ წამოვიდა.
მას შემდეგ დათუას ამაზე აღარც-კი უფიქრია და დანიშნული დღისთვის არხეინად წამოვიდა მაზრის სამსჯავროში, სადაც აი ეხლა სხვებთან ერთად ელოდა, თუ მომრიგებელი მოსამართლე როდის გამოვიდოდა და დაიწყებდა იმის საქმის გარჩევას, რომ ის გამართლებული შინ გაესტუმრებინა.
აგერ, ტაბლას იქით პირდაპირ კარი გაიღო და მომრიგებელი მოსამართლეც გამოვიდა, რომლის დანახვაზე ყველანი ფეხზე წამოდგნენ. ის ისე დაჯდა და ძეწკვი ისე ჩამოიკიდა, რომ ხალხისთვის არც-კი შეუხედნია. დაჯდომის უმალ ქაღალდებს ჩხრეკა დაუწყო, რომლებიც თითონ შემოიტანა და ზოგი-კი მდივანმა მიაწოდა.
- დასხედით!.. - დაუძახა ხალხს კარებში მდგომმა მოსამსახურემ.
ხალხი დასხდა. ამ დროს შემოვიდა იღლიაში პორტფელ-ამოჩრილი ახალგაზრდა კაცი და მოღიმარის სახით მოსამართლისკენ წავიდა, რომელმაც ღიმილითვე ხელი გამოუწოდა და ჩურჩული დაუწყო.
- ეგაა, რომ აქებენ?! - გაკვირვებით ჩაეკითხა ერთი გლეხი მეორეს და გიორგი “ადვოკატს” დააკვირდა.
- სუდიასთან როგორ დაახლოვებული ყოფილა, აგერ როგორ უცინიან ერთმანეთს!.. - განაგრძო ისევ იმ გლეხმა, როდესაც დასხდნენ.
- მაშა, კაცო!.. ეგა და სუდია ესე არიან, აი!.. - უპასუხა პირველმა და საჩვენებელი თითები ერთმანეთს მიატოლა.
- ნეტავი მაგას!.. - წამოიძახა მეორემ და გაჩუმდა.
მოსამართლის დანახვამ დათუა, ცოტა არ იყოს, შეაშინა და იმისმა მოქუშულმა სახემ იჭვნეულებით გააფიქრებინა: “ვაი თუ გამამტყუნოსო”. მაგრამ იმან ამ დროს სარკმლის ახლო ჯვარსა და სახარებას თვალი შეასწრო და იმედი ისევ მოეცა: “როგორ გამამტყუნებს, როცა მართალი ვარ!” გაიფიქრა იმან და მოსამართლის მოძრაობას თვალყურის დევნა დაუწყო.
მოსამართლემ გაათავა გიორგი “ადვოკატთან” ბაასი და პირდაპირ საქმეების გარჩევას შეუდგა.
ამოიკითხა ჯერ ერთი, ახლა მეორე, მესამე და ასე რიგრიგად არჩევდა საქმეებს და ყოველ განაჩენის წაკითხვაზე ხალხს ფეხზე წამოაყენებდა ხოლმე.
მიდგა ჯერი დათუაზედაც.
ამოიკითხა მოსამართლემ ისაკა ჭამიაშვილი და დათუა შრომიშვილი, რომლებიც მაშინვე წარსდგნენ.
- შენ, - უთხრა მოსამართლემ, - ისაკა ჭამიაშვილის სამოცი თუმანი გმართებია და რატომ არ აძლევ?..
- რისა მმართებია, შენი ჭირიმე, ჩემ დღეში მაგისგან ვალი არ ამიღია! ერთი სამიოდ თუმანი მმართებს, ისიც მამიჩემის აღებული, და შამოდგომაზე გავუსწორდები.
- სამიოდ თუმანს კი არა, სამოც თუმანს გიჩივის და აი, თამასუქიც აქ არის. ტყუილად ხომ არ დაუწერდნენ და შეუმოწმებდნენ!
- მაგისგან განა ძნელი მოსალოდნელია, რომ ტყუილად დასწეროს.
- ბევრს ნუ ლაპარაკობ, აგერ მოწმეებიცა ჰყავს.
- რაც არა მმართებს, როგორ არ ვილაპარაკო!
- ჩუმად, კარგი! - შეუტია მოსამართლემ და მოწმები გამოიძახა. ისაკა-კი გაჩუმებული იდგა ამ დროს და, როცა დათუა უარს ჰყოფდა, გაკვირვების ნიშნად იღიმებოდა.
- დავაფიცო? - დაეკითხა მოსამართლე დათუას, როდესაც გიგო, ლევანი და მამასახლისი, რომელსაც მკვდრის ფერი დაედო, გამოვიდნენ.
- დააფიცე და მაშინ როგორღა იტყვიან ტყუილს! - უპასუხა დათუამ და მერე მამასახლისს მიუბრუნდა: - როდის ვისესხე, რომ შაგიმოწმებია, ჰა?!
ამ უეცარმა კითხვამ მამასახლისი სულ დააბნია და ჭირის ოფლი დაასხა, რის გამოც ის კინაღამ გადაიქცა.
- რა ვიცი, როგორ აიღე! - წაილუღლუღა თავისდა უნებურად და ისაკას ისეთი თვალებით შეხედა, თითქოს ამისი თქმა უნდაო: “შენი ოჯახი დააქციოს ღმერთმა, რომ ამ ცეცხლში ჩამაგდეო!”
- თუ არ იცი, შე ოჯახქორო, და... ამ ბეჭედს რაღას უცემდი?! - უფრო ხმა-მაღლა წამოიძახა დათუამ და თვალებში ჩააკვირდა მამასახლისს.
- თქვენი კანცელარია ნუ გგონია აქ, ნუ ჰყვირი! - შეუტია მოსამართლემ და შემდეგ დანარჩენებს მიმართა:
- წადით, დასხედით და მღვდელი ეხლავ მოვა.
ისინი ყველანი გამობრუნდნენ თავთავიანთ ადგილებისკენ. მოსამართლემ-კი სხვის საქმეების გარჩევა დაიწყო.
დათუას მღვდლის ხსენებაზე გამართლების იმედი ისევ მოეცა, რომელიც მოსამართლემ სულ შეურყია და მოაშორა. მამასახლისი-კი უფრო შეაშინა და დააფიქრა. როცა ის მოსამართლემ გაიძახა, ეგონა, იქნება დაუფიცებლივ გადავრჩეო, რადგანაც იქ მღვდელს თვალი ვერსად მოჰკრა, მაგრამ იმედი გაუცრუვდა. ის უნდა დააფიცონ.
“ჯანი და სული წაუვიდეთ, გამგზავნონ ციმბირს!” დიდის ხნის ფიქრის შემდეგ წამოიძახა უსიტყვოდ მამასახლისმა; მაგრამ ამავე დროს თვალწინ ცხადად წარმოუდგა თავისი კარმიდამო, ცოლშვილი და ტანში გააჟრჟოლა. “ღმერთო, რა ცეცხლში ჩამაგდე!” საყვედურის კილოთი წაიჩურჩულა თავისთვის და ხელები წინ გაიშვირა, თითქოს უნდოდა ხელში აეყვანა ვინმე და გულში ჩაეკრა, რომ გამომშვიდებოდა. ყმაწვილის მაგივრად, რომელიც იმას მოელანდა, ხელები წინ მჯდომ კაცს წაავლო და ეს უკანასკნელი მოხედვის შემდეგ დაეკითხა: “რა გინდა”-ო. ამ კითხვაზე ის გონს მოვიდა, ხელები გაუშვა და უთხრა: “არაფერი, მომიხვდა ხელი”-ო.
“ვერა, ვერ დავთმობ!” გადაწყვეტით წამოიძახა იმან, როცა იმის წინ მჯდომმა კაცმა ისევ იქით მიიხედა, და გაოფლიანებული შუბლი მოიწმინდა.
ამ დროს მღვდელიც შემოვიდა და ის სხვა მოწმეებთან ერთად დასაფიცებლად გავიდა.
დაფიცების შემდეგ მოსამართლე ისევ დათუას საქმეს დაუბრუნდა და მოწმეებს სათითაოდ ჩვენება ჩამოართვა.
სამმავე მოწმემ ერთნაირად აჩვენა, რომ დათუას ისაკასი ნამდვილად ჰმართებს სამოცი თუმანი.
- ისე თქვენი ოჯახი აშენდეს, როგორც მართალს ამბობთ! - გულჩაწყვეტით, თითქმის ტირილით, წამოიძახა დათუამ და მუხლები ჩაეკეცა.
რაკი მოწმეებს ჩვენება ჩამოართვა და ხელი მოაწერინა, ცოტა ხნის წერის შემდეგ მოსამართლემ დადგენილება წაიკითხა, რომლის ძალითაც დათუა შრომიშვილმა უნდა გადიხადოს სამოცი თუმანი ისაკა ჭამიაშვილის სასარგებლოდ და აგრეთვე სამსჯავროში საქმის საწარმოებელი ფული რვა მანეთი.
- ღმერთი აღარ გწამთ, ტყუილად რად უნდა გადავიხადო?! - წამოიღრიალა დათუამ, განაჩენი რომ მოისმინა, და ჯავრისაგან ცრემლები გადმოჰყარა.
- როგორ თუ ტყუილად! - შეუტია მოსამართლემ და განაჩენი იქით გადასდო.
- ღმერთი, რჯული, არა მმართებს... დაიჯერეთ, ქრისტიანები არა ხართ?..
- კარგი, წადი... თუ გინდა, აქედან ასლი გაიტანე და სხვაგან გადიტანე საჩივარი.
- სხვაგან სადღა გადავიტანო? თუ-კი აქ არ მაძლევთ სამართალს, იქ-კი მამცემენ?!
- გაიყვანეთ ეგ დათვი... - წამოიყვირა მოსამართლემ და თავპირ-ანთებული ზეზე წამოვარდა.
IV
ნენემა და იმისმა რვა წლის ვაჟმა გაბრომ დიდი ხანია, რაც დაიძინეს. დაიძინეს აგრეთვე სხვებმაც სოფლებში, ან-კი აქნობამდის დაუძინებელი ვინ დადგებოდა სოფელში, სადაც მუშაობით მოქანცულები შებინდებისასვე წვებიან და გარიჟრაჟებამდის ფეხს არც-კი გაიქნევენ. დათუას თვალებს-კი ძილი არ ეკარებოდა. ის, აგერ, რამდენი ხანია დერეფანში თავის ცოლშვილის გვერდით შამფურივით ტრიალებს და ბოღმა აწვება გულზე, ამას ვერ მოუნელებია, რომ დღეს ვენახი ისე უსინდისოდ ჩამოართვეს და ისაკას გადასცეს.
მთვარე-კი შემოსციმციმებდა დათუას და თითქოს ამას ეუბნებოდა: “საწყალო, შრომიშვილო, როგორც ვხედავ, შენ ბედი არ გაგიღიმებს!.. რამდენი საუკუნეა, რაც შენ მონადა ხარ და შენი სარჩო-საბადებელი სხვას მიაქვს... წინად თუ ლუარსაბები, რევაზები და არჩილები გაცლიდნენ ხელიდან შენ საცხოვრებელს, ეხლა ისაკები გიხდებიან ბატონად და... ეჰ, საწყალო, როდემდის უნდა ითმინო?!” თითქო მთვარემ ვეღარ გაუძლო დათუას მზერას, ღრუბელს მიეფარა და დერეფანში ჩამოაბნელა.
“ღმერთო, დაილოცოს შენი სამართალი!..” წამოიძახა დათუამ მთვარის მოფარებაზე და წამოჯდა. იმან გადახედა ნენეს და გაბროს, რომლებიც დამშვიდებით ფშვინავდნენ, და ტირილი ყელში მოებჯინა: “რითღა უნდა გაცხოვროთ?!. ან მტერს, ან მოკეთეს, ან ღმერთს რითღა უნდა გავცე პასუხი?!.” აკანკალებულის ხმით ჩასძახა ნენეს და იმისკენ უფრო გადიხარა.
- დათო, დათო, გენაცვალე, ეგრე როგორ წაგართვეს ვენახი, რომ ხმა არ გაეცი?! - მიკნავებულის, მაგრამ სიყვარულით სავსე ხმით წამოიძახა ამ დროს ნენემ.
ამ ხმამ დათუას სწრაფად დაურბინა ტანში და მთლად შეარყია.
- ნენე!.. - ჩასძახა მან ცოლს, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. ნენეს ღრმად ეძინა. - სძინავს, სძინავს!.. - თავის ქნევით და მწარის ღიმილით წამოიძახა და დიდხნობამდის თვალი აღარ მოუშორებია ნენესთვის, როგორ მძიმედ სუნთქავდა და ტუჩებს მალი-მალ ანძრევდა, თითქოს რაღასაც ლაპარაკობსო.
“კაცი ვარ მეცა!” დაიძახა იმან კარგა ხნის მზერის შემდეგ და ისევ მიწვა: “მამულს გართმევენ, სულს გიხუთავენ და შენ-კი ცხვარივით თავი ჩაგიღუნავს და ხმას არ იღებ!.. ვაიმე, შე ოხერო, ჩემო თავო!..” წამოიყრანტალა იმან და თავში მაგრად შემოირტყა ხელი: “სხვა უჩემო სისხლს დაღვრიდა, კარებში ჩაკვდებოდა, არავინ შაეშო, და მე-კი თითონ შევიყვანე და ჩავაბარე... თფუი!..” სიბრაზით გადააფურთხა დათუამ და თვალები დახუჭა...
- მე მაინც გამიშვი, კაცო, თუ შენ არას ეუბნები!.. - იმავე კილოთი აჩქარებით წამოიძახა ნენემ და ხელები გააფათურა.
- დედაკაცის ლეჩაქი უნდა მეხუროს თავზე, კაცის ქუდი კი არა!.. - წამოიღრიალა ნენეს ხმაზე და ფეხზე წამოიჭრა.
- ეეეხ!.. - ღრმად ამოიოხრა ნენემ და გულ-აღმა გადმოტრიალდა.
ამ დროს მთვარემაც გამოიხედა ღრუბლებიდან და ნენეს მიაყენა შუქი.
იმის გამხდარ ფერ-მკრთალს, ნაზ სახეს ამ შუქზე სინაზე უფრო გაუორკეცდა, და ამან დათუა დაიმონავა. იმას ჯერ არ ენახა თავისი ცოლი იმისთანა მშვენიერი და ამ შვენიერების დანახვაზე იმან თავისდა უნებურად ჩაიჩოქა.
- ნენე, ნენე!.. - ჩასჩურჩულა იმან ნენეს მოწიწებით, - გენანება განა, რომ ამისთანა ლაჩარ კაცს მისთხოვდი? განა, მე შენი ღირსი არა ვარ?!. არა, ნენე, მაგრე ლაჩარი არა ვარ, ნუ ნანობ...
- ჰა-რა-ლეეე, სუფ-რისა თავსა მჯდომარეე... - მოისმა ამ დროს სიმღერის ხმა.
დათუა საჩქაროდ წამოხტა ამ ხმაზე და სმენად გარდიქცა. იმას ეგონა, რომ სმენამ მოატყუა, მაგრამ სიმღერა არა სწყდებოდა.
- ისაა... ისა... ის ქეიფობს!.. უხარიან, რომ ვენახი წამართო!.. - დაბნეულად გაიძახდა ის და ხელებს აფათურებდა.
სუფრული სიმღერა-კი უფრო და უფრო მკაფიოდ მოისმოდა.
- ჩემი ბრალი არ არის, ღმერთო!.. - ჩაჩოქვით და ხელების მაღლა აპყრობით წამოიძახა დათუამ და ცრემლ-მორეულმა მერე თავისი მთრთოლვარე ტუჩები მოწიწებით ნენეს ჩათბუნებულ ტუჩებს შეუერთა, რომლებიც დათუას ტუჩების შეხებაზე ოდნავ შეთრთოლდნენ.
V
ისაკა ჭამიაშვილის ბალკონზე სანთლებით გაჩაღებულ ტაბლას გარს შემოსხდომოდნენ სტუმრები: სამსჯავროსა და პოლიციის ბოქაულები მოაჯირებისკენ ისხდნენ, ტაბლის თავსა და ბოლოს - გიგო და ლევანი, ისაკა და იმისი შვილი ილა - ბოქაულების პირდაპირ, კედლისკენ.
ყველანი მომხიარულებულები იყვნენ, სტუმრებიცა და მასპინძლებიც. ნამეტნავად ისაკა კელაპტარივით დნებოდა ამ საღამოს. დღეს ამას შეუსრულდა ამოდენა ხნის სურვილი და მაშ, არ მოელხინა!!
ისაკამ, როცა ის კარგად შეზარხოშიანდა, სუფრულიც-კი შემოსძახა, რომელსაც გიგომა და ლევანმა მეორე და ბანი უთხრეს, და ბოლომდისაც შეუცდომლად გავიდა, თუმცა კარგა ხანია ეს სიმღერა იმას აღარ უთქვამს, რადგანაც, იმის ფიქრით, გლეხებს უნდა ემღერათ და არა იმისთანებს, როგორიც ისაკა იყო.
- ბრავო, ბრავო!.. - ბოქაულებმა შეჰღრიალეს და ტაში დაჰკრეს, როცა ისაკამ სუფრული დაათავა.
- ვერ უყურებთ ისაკასა, როგორ კარგად მღერის! - წამოიძახეს გიგომა და ლევანმა და სიცილი დაიწყეს.
- ექსტრა, ექსტრა!.. ისაკას სადღეგრძელოდ!.. - დასჭყივლა პოლიციის ბოქაულმა და ჭიქა აივსო.
სხვებმაც შეავსეს და ჭიქების ჭახა-ჭუხი ასტეხეს.
- ისაკა!.. - სახლის კარგა მოშორებიდან დაუძახა ვიღამაც ისაკას ამ დროს. ჭიქების ჭახა-ჭუხი შესწყვიტეს და იქით მიიხედეს, საიდანაც ხმა მოესმათ, მაგრამ სანთლიანის თვალით ვერა გაარჩიეს-რა. ისაკა-კი სავსე ჭიქით წამოდგა და დაიძახა:
- ვინ არის?!
- აბა, ცოტა ხანს ეგრე გაჩერდი!..
- ვინა ხარ...
თოფის გრიალმა ისაკას სიტყვა გააწყვეტინა.
სანთლები ჩაქრა. მოისმა ჭურჭლის ლაწა-ლუწი, მაგიდების ბრახა-ბრუხი და რაღაც მძიმის და რბილის ზართანი.
- უი, უი!.. - კივილით გამოცვივდნენ სახლიდან ბაბე და იმისი ქალები.
- ვინ?!. რა?!. როგორ?!. სადა?.. სანთელი! - ყველა იქ მყოფი უეცარის შემთხვევით გულ-გახეთქილი გაიძახოდა დაბნეულად და გონს ვერ მოსულიყო, თუ თავს რა დაატყდათ.
უმცროსმა ქალმა გამოარბენინა სანთელი, რომლის შუქზედაც იქ მყოფთ შემდეგი სურათი წარმოუდგათ:
მაგიდებს შუა, ჭურჭლის ნამტვრევებთან ერთად, გულ-გაგმირული ისაკა ღვინოსა და სისხლში სცურავდა.