ჩემი ტაძარი
ჩემი ტაძარი ავტორი: დუტუ მეგრელი |
ჩემი ტაძარი
ოცნებით შექმნილს, დიდებულსა, ჩემსა ტაძარსა,
ცის კამარაში, ღრუბლებს ზევით, მარტოკა მდგარს,
ვერა ტაძარი, ქვეყნიური ვერ შეედრება, _
აუწერელი არის მისი მშვენიერება!
იგი ტაძარი მხოლოდ ჩემი სალოცავია;
სხვისთვის, ყველასთვის მიუწვდომელ-უხილავია;
ოთხი ხატი მყავს იმ ტაძარში, მათ ვსწირავ მსხვერპლსა:
ჩემ გულწრფელ გრძნობას, მწვავე ფიქრებს და წმინდა ცრემლსა!
ერთია კლდეზე მიჯაჭვულის პრომეთეოსის,
საზარი ძერა გამუდმებით გულს რომ უკორტნის...
მეორე ჯვარზე მილურსმულის იესოსია,
ეკლის გვირგვინით ბრბოს რომ შუბლი შეუმოსია...
მესამე არის ჩემ სამშობლო საქართველოსი,
ერთ დროს ძლიერის, დღეს უძლურის და საბრალოსი,
უმწედ რომ გდია, დაჩაგრული, ღონე მიხდილი,
და შველის ნაცვლად ღუპავს თვითონ მისივე შვილი,
და მეოთხეა მშობლიურის პოეზიისა,
ერთის მხრივ სახით დიდებულის რუსთაველისა
და მეორეს მხრივ _ საყვარელის ბარათაშვილის,
ბედით რჩეულის და ბედითვე მწარედ დასჯილის!..
ოცნებით შექმნილ ჩემი ტაძრის მშვენიერება
ენით არ ითქმის და არც კალმით აიწერება!
ოთხი მტერი მყავს იმ ტაძარში, მათ ვსწირავ მსხვერპლსა:
ჩემ გულწრფელ გრძნობას, მწვავე ფიქრებს და წმინდა ცრემლსა!..