ჩემი ფიქრები
ჩემი ფიქრები ავტორი: გიორგი ქუჩიშვილი |
შემოღამდება და ვარსკვლავები
ცაზე კენტ-კენტად აენთებიან,
ჩაეძინება დამაშვრალ სოფელს,
ურმულის ხმებიც
შორს მისწყდებიან;
მხოლოდ ფიქრები,
ჩემი ფიქრები,
არ დაცხრებიან,
არ დადგებიან:
მესტუმრებიან შუაღამისას,
გამაღვიძებენ,
ამეშლებიან,
წამომაგდებენ სახეტიალოდ,
თან მხლებლებივით გამომყვებიან,
დამატარებენ ტანჯულთა უბნებს,
დამაღონებენ,
დაღონდებიან,
დამძიმდებიან
ხალხის ცრემლებით,
დაიღლებიან,
დაოსდებიან,
მომაცილებენ ჩემს ყრუ ოთახში
და ჩემთან ერთად ატირდებიან...