ჩემი ქვეყნის ოქროყანავ, დიდი გარჯით მოწეულო

ჩემი ქვეყნის ოქროყანავ, დიდი გარჯით მოწეულო
ავტორი: ლადო ასათიანი
1936


ჩემი ქვეყნის ოქროყანავ, დიდი გარჯით მოწეულო,
სიწითლისგან დაბრაწულო, კანდამსკდარო ბროწეულო,
ნაცრისფერი ღრუბლის ძნებო, ფიჭვის ტევრში გარეულო,
მეგობრებო, მეზობლებო, შინაურო, გარეულო,

ცხენისწყალის ხეობაო, დაღარულო, დასერილო,
ხვავიანო პურის ყანავ, გლეხის ხელით დაწერილო,
ხვამლის მთაზე გადასულო თეთრო ნისლო აფრიანო,
შენი თეთრი ბაირაღი სანამ უნდა აფრიალო?!

ერთო ქალო, თეთრო ქალო, ქალო ბაგეთაფლიანო,
თავთავებით ოქროსფერად მოსირმულო მთავ ფრიალო,
მთებო, მთებო, რუხო მთებო, ნისლების თავსაფრიანნო,
ზვარო, ზვარო ჯიშიანო, ოჯალეშის ჯიშის ზვარო,

ზვარო მტევნებგიშრიანო, გლეხი კაცის სანუკვარო,
ფიჭვის ტყეო, ფიჭვის ტყეო, ნისლები რომ იტვირთეო,
ნისლის ნამში განბანილო მთაო გულმკერდგადაშლილო,
მთის გულ-მკერდში დამალულო ოქრო, ვერცხლო, ქვანახშირო,

საქართველოს სიხარულო - ცხენისწყალო და ენგურო,
და მამულის სიყვარულო, ხალხის გულში დანერგულო;
მშობლიურო მინდორ-ველო, სიცოცხლეო საამურო,
მწვერვალებზე ანამღერო მწყემსი ბიჭის სალამურო,

მოსავალო, ჭირნახულო, დილის ცვარით დანამულო
და ბულბულო ხმაწკრიალავ, ბუჩქნარებში განაბულო,
თვითმფრინავო ცაში ლაღო, მთებთან ახლო მოფრენილო,
ქვევით ქვეყნის ედემ-ბაღო, ია-ვარდით მოფენილო,

კვახის ლერწო გაბარდულო, ჩაქარვულო ტაროებო,
მიწის მკერდზე გაფანტულო ღელეებო, წყაროებო,
შემოდგომავ შემოქმედო, შემოდგომავ მადიანო,
მტერმა გნახოს, შემოგხედოს, გული დაუდარდიანო!

ცხენისწყალის სანაპიროვ და ღამეო მთვარიანო,
ამდენი ხნის დანაპირო - გოგონავ შავთვალიანო,
აქოჩრილო რთხმელის ტყეო, ბარდებო და იელებო,
მეგობრებო, მეზობლებო, ახოვანო ჯეელებო,

ბედნიერი ხალხის გარჯავ, გმირობის და ძმობის ყანავ,
იძლიეროს მისმა მაჯამ, ვინც დაგთესა, მოგიყვანა!
ჭირნახულით დატვირთულო ბეღლებო და ნალიებო,
გამრჯელისთვის გატენილო, უქნარასთვის ცარიელო,

ხეო, ვაშლით გაფერილო, ტალავერის ჩეროებო,
სამხრეთისკენ გაფრენილო ყელმოღერა წეროებო,
მეგობრებო, მეზობლებო, შინაურო, გარეულო,
ნაცრისფერო ღრუბლის ძნებო, ფიჭვის ტევრში გარეულო,

ვარდებო და ყვავილებო, ბარდებო და იელებო,
ახოვანო ვაჟკაცებო, უშიშარო ჯეელებო,
კოლხელებო, ქართლელებო, კახელებო, მთიელებო, —
თქვენთვის მინდა ავამღერო ლექსი ჩემი ახლებური,

თქვენთვისა მაქვს გულის კარი სასიმღეროდ გაღებული,
მინდა ლექსით გესაუბროთ, დაგირხიოთ ხმა სალხენო
და ქართველი მგოსნის ჩანგი ამ სიმღერით ვასახელო!

რესურსები ინტერნეტში

edit