ჩემს მინერვას

ჩემს მინერვას
ავტორი: დავით მაჩაბელი
1864; ჟურნალი ცისკარი #5


სიბრძნისა ღმერთო! მე შენი სახე
ყველგან თან მსდევდა გულისა მახე;
მეოცნებოდა ვით ალვისა ხე;
ელვად, მნათობად გულს დავისახე.

სატრფოო! ვარდი, ნამით დამტკბარი,
ვნახე შლილობდა, ამოდ მწყაზარი,
კრთოლვიდა, მქრქალსა ცაზედ ცისკარი,
ვსთქვი: არც ეს არის მინერვას დარი.

ვრბოდე უდაბნოდ, - ტევრთა ბურვილთა,
დევნილი ალით ჩემთა სურვილთა,
ვისმენდი გლოვას ბულბულთ ურვილთა
და წყაროთ კვნესას, ვსებად წყურვილთა.

წარმოვიდგენდი შენსა მზეობას:
მაღალს მაგალითს, ტურფას ზნეობას;
წმიდას სიყვარულს, მის სიტკბოებას,
ასპერეზობას, ტრფობით მხნეობას.

შენი ტრფიალი მქმენ უძლეველად;
კეკლუცთ დაჩაგრულთ პატივის მცველად,
სიბრძნის მსახურად, სიმართლის მთქმელად
და წმიდის მცნების თავ შემწირველად.

ვრბოდი საკვდავად ბრძოლისა ველად;
გულსა შენ მქონდი და ხრმალი ხელად;
შენი ციალი მზეებრ, დამწველად
წამს მომელვის ცრემლთ დასაღვრელად.

მე შენი სიბრძნე მიყვარს და მრწმენა,
ინებე ჩემზედ შუქიც მოფენა,
ახალ ახალთა ნათელთა ჩენა,
ლხინის და ჭირის გულ გრილად თმენა;

ტურფასა ვარდის საბაღნაროსა,
გულსა ეკალმან ვითღა მნაროსა;
ან რათ ვემსგავსო რხეულს საროსა,
ან ცრემლი რად ვრთო მჩქეფრსა წყაროსა.

მაგრამ აქაცა, მიდამოს არეს,
არ ვიცი, რისთვის ვღვრიდი ცრემლს მწარეს;
თვით ტოლებშიაც ლხინად მჯდომარეს
მზიდავდა მწველი ფიქრი თვის მხარეს...

ღმერთავ!. სად არად შენ მაქვნდი მარად;
დილად სადა არად მნათობთა დარად
ელვარებ ბარად, მთის გასაკმარად;
სურნელ სუმბულად, სატრფოდ საკმარად...

ბროლი ფიქალობ, კეკლუცად ქალობ,
ბულბულებრ გალობ, წინწილათ ძალობ,
ძვირფასად თვალობ, კრთოლავ, ციალობ,
სხივით მამთვრალობ, მწველობ მით ალობ...

შენს ჯაჭვს ნუ ამხსნი; გრძნობით ნუ დამხსნი;
თუ კვალად მტერს დამხსნი; მახვილს ნუ შამხსნი;
მჭევრთ-ქმანი წამსხნი; სიბრძნით ამიხსნი:
ჰაზრნი გამიხსნი, მით ბნელსა მამხსნი.