ჩვენი ქვეყნის რაინდი

ჩვენი ქვეყნის რაინდი
ავტორი: ეგნატე ნინოშვილი
1893


ჩვენი ქვეყნის რაინდი
I
რკინიგზის სადგურს №-ზედ საღამოს ჟამს აუარებელი ხალხი უცდიდა მატარებელს. თუმცაღა მარტი ილეოდა, მაგრამ საღამოს მაინც კიდევ სიცივე მოატანა, რადგანაც ხანგრძლივი წვიმის შემდეგ მხოლოდ წინაღამით დამდგარიყო დარი. მატარებლის მომლოდინე ხალხმა იგრძნო სიცივე თუ არა, დაანება პლატფორმაზე სეირნობას თავი და სადგურის დარბაზში შევიდა. მცირეოდენი ხნის განმავლობაში ისე გაიჭედა ხალხით სადგურის დიდი დარბაზი, რომ ერთი კუთხიდან მეორემდე ძლივს მიატანდით. ქალების ჭვრეტას დაჩვეული ყმაწვილი კაცები კი არ ერიდებოდენ ამ დაბრკოლებას და დაყიალობდენ ყველა კუთხეში. მეტადრე ვიღაც ორი ზარხოში ყმაწვილი მოუსვენრად დაეხეტებოდა აქეთ-იქით და მოურიდებლად სჭვრეტდა მანდილოსნებს, რომლებიც კი თვალში მოეწონებოდათ. ერთი ამ ყმაწვილთაგანი შესანიშნავი რამ იყო თავისი ვაჟკაცური თვალტანადობით: მაღალი ტანი, სქელი, განიერი ბეჭები, მსხვილ-მსხვილი მკლავები, ცოტად ფერნაკლული, სავსე, ლამაზი პირისახე, მელანივით შავი, პატარა წვერი, სწორეთ გითხრათ, ძველებურ რაინდს წარმოადგენდა. ეს ყმაწვილი, რა თქმა უნდა, ქალებსაც არ დარჩათ შეუნიშნავი: ბევრგან იკითხეს ჩუმჩუმად, ვინ არისო. ერთს ლაზათიანის გულ-მკერდის ყმაწვილ ქალს თვალებზე წყალი მოსდენოდა ახოვანი ჭაბუკის ჭვრეტით. ერთმა კნეინამ ჰკითხა ნაცნობ მედუქნეს:
- ვინ არის ეს ყმაწვილი კაცი?
- ეს, კნეინა, ზემოური აზნაური გახლავთ, ტარიელ მკლავაძე.
ცოტა ქეიფის მოყვარე კაცია და ხშირად ჩამოდის აქ, სტანციაზე დროს გასატარებლად, - უპასუხა მედუქნემ.
- მადლობა ღმერთს, რომ ჩვენს მამულს კიდევ ებადებიან ამისთანა მოყვანილი ვაჟკაცები! - თქვა კნეინამ და გაატანა თვალი ყმაწვილ კაცს, რომელიც ამ დროს ვიღაც ქალს ჩასჩერებოდა თვალებში.
- ძლიერ დიდი ვაჟკაცი გახლავთ. ოღონდ ეს არის, როგორც მოგახსენეთ, ქეიფის მოყვარეა და, სოფლის ამბავი ხომ მოგეხსენებათ, სოფელს ეჯავრება.
- მერე რა ვუყოთ, რომ ქეიფის მოყვარეა? შნოც აქვს ქეიფის, ასეთი სრული ქმნილება! - კნეინამ დაუწყო მზერა ყმაწვილ კაცს, მაგრამ ისე გონივრულად, რომ ვერც კი შეამჩნევდით - უმზერსო.
ხალხს თანდათან ემატებოდა. ახალმოსულები კითხულობდენ: “პოეზდმა ხომ არ გაგვასწროო” და, როცა გაიგებდენ, ჯერ კიდევ ადრეა მატარებლის მოსვლამდეო, გულდამშვიდებული, ვინ ნაცნობს ნახავდა და დაუწყებდა ბაასს, ვინ ხალხს სჭვრეტდა და ვინ კიდევ სხვას რასმეს აყოლებდა გულს მატარებლის მოსვლამდე.
მოვიდა ორი ცხენოსანი, - ერთი ქალი და ერთი კაცი. ამათაც იკითხეს მატარებლის მოსვლა. შემდეგ გაისტუმრეს ცხენები, შეიტანეს სადგურში თავიანთი მსუბუქი ჩემოდანი და პატარა აბგა, დადგეს კედელთან და მატარებლის მოლოდინში მიეყუდენ კედელს, რადგანაც თავისუფალი სკამი აღარ მოიპოვებოდა. კაცი, ასე ოცდახუთი თუ ოცდარვა წლის იქნებოდა. ხმელ-ხმელი, ჩია ტანის. ბეჭებში ცოტა მოხრილი, გამხდარი, ავადმყოფი პირისახისა, გახუნებული პალტოთი და შლიაპით, რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანს ამოდენა ხალხში, ნაცნობის გარდა, არავინ შენიშნავდა და არც არავინ იკითხავდა მის ვინაობას, რომ ამ კაცის თანამგზავრ ქალს არ მიეპყრო ყურადღება. ეს იყო თვრამეტი თუ ცხრამეტი წლის ყმაწვილი ქალი, ლამაზად მოყვანილი, საშუალოზე ცოტა მომაღლო ტანისა, ცოტათი ფერნაკლული, სწორი პირისახე, დიდრონი შავი თვალები, მსხვილად დაწნული, წელამდე, წაბლისფერი თმა ჰქონდა, რაღაც ისეთი, როგორც იტყვიან, სანდომით იყო შემკობილი, რომ თვალის მოშორება გაგიძნელდებოდათ. ძლიერ შვენოდა გაბედული მეტყველება და თავისუფალი მიხრა-მოხრა. ტანზე ღარიბულად ეცვა, - გახუნებული ტალმა და ჩალისფერი თივთიკის ყაბალახი შეადგენდა მის ტანსაცმელს.
მკლავაძემ და მისმა ამხანაგებმა, დაინახეს თუ არა ლამაზი ყმაწვილი ქალი, დაიწყეს მის ახლო სიარული და ისეთნაირად უჭვრეტდენ, თითქოს ეს ქალი კი არა, გასაყიდი საქონელია და ხელიდან არ უნდათ გაუშვანო. რადგანაც დარბაზში, ხალხის სიმრავლის გამო თბილოდა, ქალმა გაიხადა ტალმა და ახლა ჩითის კაბაში ნაკვთად მოყვანილი ტანი ლამაზად იხატებოდა. ტარიელმა ვეღარ მოაშორა თვალი ამ ქალის სავსე გულ-მკერდს. ქალი და მისი ამხანაგი კაცი რაღაც საუბარში იყვნენ და ამიტომ ვერ ამჩნევდენ ტარიელს და მისი ამხანაგის უსირცხვილო ჭვრეტას.
- ერთი ამის გულ-მკერდში ჩაკონება მთელ სოფლად ღირს! შენ რას იტყვი, ტარიელ? - ჰკითხა ამხანაგმა.
ტარიელს სახეზე მოუთმენლობა გამოეხატა.
- ერთი გავიცნოთ მაინც, ვინ არის, - უთხრა პასუხად ამხანაგს და ბოლოს ღიმილით დაატანა: - ეს ვინღა არის, რომ ახლავს, მცველი? უშოვნია რაღა კავალერი! მთელ ჯარს მოშლის სწორედ!
ტარიელის ამხანაგმა ჯერ ერთი რიგიანად გადიხარხარა და მერე თქვა:
- ნათესავი იქნება და ძალაუნებურად აედევნებოდა, - დავიცავ, არავინ გაუარშიყდესო.
- მერე ამის შეეშინდებათ და ვერავინ გაუბედავს გაარშიყებას? მოგიკვდეს ტარიელ, რომ ამისთანა კაცუნების მთელი რაზმი დამიხვდეს შეიარაღებული, მე გზა გავიმრუდო! პერანგისამარა რომ ვიყო და ეს ზარბაზნით დამხვდეს, ვერას დამაკლებს. ამისთანა კაცუნასთვის ხელს კი არ ვიხმარ, არა, ერთ წკიპურტს ვკრავ და გათავდა, მწერივით წაუვა სული. მე რომ ის ქალი ვიყო, თუნდა ძმა იყოს, თუნდა მამა, იმას ჩემ გვერდით არ გავატარებდი.
- არა, სასაცილო ის იქნება, თუ ნათესავიც არ არის და მხოლოდ იმიტომ დასდევს, იქნება შემიყვაროსო.
ამ ხუმრობაზე ტარიელს და მის ამხანაგს წასკდათ სიცილი.
- ვითომ და რა გგონია შენ? ამისთანა ჩანჩურ ივანიჩები ხშირად ჩადიან ასეთ სასაცილო საქმეს! - მიუგო ტარიელმა ამხანაგს, როცა სიცილს მორჩენ.
- ერთი იმ ტყეში მოგცა ეს ქალი. ერთხელ რომ შენ... ის არ იყო ამაზე ნაკლები.
- ის სულ ახალგაზრდა იყო, კინაღამ ჩამაკვდა ხელში. ეს კი სულ სხვაა, მოწიფული - ქალია. - უპასუხა მადიანად ტარიელმა.
- ძალიან გადაურჩი იმ საქმეს! არავის არ ეგონა, თუ ისე კარგად გათავდებოდა.
- რომ არ დამხმარებოდენ, ცუდად წავიდოდა, მაგრამ ახლა რა დროსია ამაზე ლაპარაკი! ის, რაც იყო, წავიდა, გათავდა. უნდა გითხრა, ძლიერ ამიღელვა სისხლი ამ ქალმა, ვიღაც არის! ერთი ეს მომცა ერთი ღამით და...
- ჰაი, შე ცოდვილო, შენ! რამდენ ამისთანებს გაუვლია შენ ხელში და მაინც არ გაძღა შენი გული! - ღიმილით უთხრა ტარიელს ამხანაგმა და სიყვარულობით წაჰკრა მუჯლუგუნი.
- რის ცოდვილო! საქონელისთვის თუკი საღ კუროს არჩევენ, ადამიანს უფრო არ უნდა ამორჩევა? იმისთანების გამრავლებას, - ტარიელმა გაიშვირა ხელი იმ კაცისაკენ, რომელიც ლამაზ ქალს ახლდა, - ის არა სჯობია, ჩემისთანები გამრავლდენ?
- მერე რა საღი შვილი დაგებადებათ, შენ და ის რომ ერთად... - უთხრა ამხანაგმა ტარიელს და აჩვენა ქალზე.
ტარიელმა კმაყოფილებით გაიცინა და თქვა:
- ჯერ დედაზე ვიფიქროთ, მერე შვილებზე და შვილიშვილებზე, რომ ვერ გავიგეთ, ვინ არის ეს ქალი, საიდან მოდის, ან სად მიდის; მგონი, ისე გაგვიფრინდეს ხელიდან, რომ მისი ვინაობაც ვერ შევიტყოთ.
- მოდი, ერთი გავეცნობი, - უთხრა ტარიელს ამხანაგმა.
- აბა, ჰა, დათიკო, შენ ხომ ამისთანობა ძლიერ გეხერხება. - სიცილით უპასუხა ტარიელმა.
- ასეა, ერთისთვის ხერხი მიუცია ღმერთს, მეორესთვის - ღონიერი მკლავი. შენთვის - მკლავი, ჩემთვის - ხერხი.
- კარგი, ახლა ტრაბახობას თავი დაანებე. თუ შეგიძლია, წადი და გაეცანი. - კვლავ სიცილით უთხრა ტარიელმა.
- დიახაც გავიცნობ, შენ კი აქ მომიცადე, ეს შენი კამეჩისოდენა ბეჭები არ დაანახვო, თვარა იმ საწყალ კაცს, ქალს რომ ახლავს, შიშით სული წაუვა.
ამ სიტყვებით ამხანაგი მოშორდა ტარიელს, მივიდა ლამაზ ქალთან, მიესალმა და მოურიდებლად ჰკითხა:
- საიდან მობრძანდებით?
- სოფლიდან. - უპასუხა ქალმა.
- რომელი სოფლიდან? ვინ ბრძანდებით?
- რაში გესაჭიროება ამაების გაგება? თუ საქმე გაქვთ ჩვენთან, გვიბრძანეთ!
- არა, ისე.
- ისე? ისე საჭირო არ არის! - ცოტა არ იყოს, გესლიანად უპასუხა ქალმა.
- რატომ, ერთმანეთის გაცნობა რას დაგვიშავებს?
- თუ ამაზე მეტი საქმე არ გაქვთ, გთხოვთ, მიბრძანდეთ! უთხრა ქალმა, რომელსაც ისეთი მრისხანება გამოეხატა სახეზე ამ დროს, რომ მოსაუბრე ყმაწვილი კაცი იძულებული შეიქნა, მოშორებოდა.
- რა არის, დესპინე, რატომ მოეპყარი იმ კაცს ასე სასტიკად? ჩვენი გაცნობა უნდოდა, სხვა ხომ არა დაუშავებია რა? - ტკბილად შენიშნა ქალს მისმა თანამგზავრმა კაცმა.
- იმისთვის, რომ ურიგო საქციელი შევამჩნიე. ვიფიქრე, თან მესაუბრება და თან თვალებით კიდევ თითქოს რაღაცას მანიშნებსო, - თქვა ქალმა.
- ყოველ შემთხვევაში ტკბილი სიტყვა-პასუხი სჯობია.
- იმასთან რომ ტკბილად დამეწყო საუბარი, მერე თავიდან ვეღარ მოვიშორებდით, დაჯდებოდა და დამიწყებდა მაიმუნობას. იმისთანა კაცის პირველიდანვე მოშორება სჯობია.
- ემაიმუნებია, მერე რა გენაღვლებოდა.
- მეჯავრება, როცა ადამიანი მაიმუნობს!
ამით გაათავეს ამათ ამ საგანზე ლაპარაკი...
- რა ქენი? ვერ იხერხა, მგონია, შენმა ხერხმა? - ჰკითხა ტარიელმა სიცილით ამხანაგს.
- მიუკარებელი ვინმე ყოფილა! ისე მოხარა წარბები, რომ ჩხუბს მიპირებს-მეთქი, ვიფიქრე. ორი სიტყვის თქმაც არ დამაცალა, ისე შემომიტია, მიბრძანდიო და მომიშორა, - უპასუხა გულნატკენად დათიკომ.
- მაშ ასე, აღარც ხერხო და აღარც ღონევ! ღმერთს არც ერთი მოუცია შენთვის და არც მეორე, - სიცილით შენიშნა ამხანაგს ტარიელმა და შემდეგ დაატანა:
- მაშ გაგვიფრინდა ხელიდან? ცოტა აკლია პოეზდიც ჩამოივლის და, მშვიდობით.
- შე დალოცვილო, ვინც კი მოგეწონება, ყველამ შენ ხელში გაიაროს, ის გინდა? აქ რკინიგზაა, მთელი მილეთის ხალხი მიდი-მოდის, იმათში რამდენი ლამაზი ქალი გამოერევა, ყველას შენ ვინ მოგცემს გასათელად! - შენიშნა ხუმრობის კილოთი ტარიელს დათიკომ.
- ერიჰა, მოჰყევი შენებურად რახუნს! ვინ ამბობს ყველაო! მარა თუკი ძვირფასი ლალი იაფ ფასად იშოვება და მაინც კი ვერ ახერხებ ხელში ჩაგდებას, გული დაგწყდება, მიხვდი? ამისთანა ლამაზი ქალი მოდის სოფლიდან, მცველათ ახლავს ერთი კოღო, რომელსაც, ერთი მძლავრათ ამოისუნთქო, ჰაერში გააფრენ; აი, ასეთ შემთხვევაში რომ ვერას გახთები, საწყენად დაგრჩება, თორემ იმ ქალს რომ ერთი დარდიმანდი, შეიარაღებული ყმაწვილი კაცი იახლოს, მაშინ გულიც ასე არ შემექნებოდა მაზე, - თქვა ტარიელმა და განაგრძო ამხანაგითურთ ლამაზი ქალის სიახლოვეს სეირნობა. ის ისე უმზერდა ამ ქალს, როგორც მგელი ბატკანს. ქალმა შეამჩნია ეს მუყაითი მზერა და მოარიდა პირი. ქალის თანამგზავრი კაცი კი ამ დროს ვიღაც ნაცნობს ელაპარაკებოდა და ამიტომ არც კი დაუნახავს მის წინ მოსეირნე ყმაწვილი კაცები, რომლებიც ისე ოხუნჯობდენ მასზე.
ამ დროს მივიდა ლამაზ ქალთან და მის თანამგზავრ კაცთან მათი ნაცნობი მედუქნე და მიესალმა. ამ მედუქნეს ტარიელი და დათიკოც კარგად იცნობდენ. როცა მედუქნე ნაცნობ მგზავრს მოშორდა, ტარიელმა წაატანა მას მკლავზე ხელი:
- ვინ არის ის ქალი, ახლა რომ ელაპარაკებოდი?
- უჩიტლის ცოლი გახლავთ, - უპასუხა მედუქნემ.
- ის კაცი ვიღაა, რომ ახლავს?
- ქმარია მისი, სოფლის უჩიტელი.
- ქმარი! ის მათხოვარი არის იმ ქალის ქმარი! რას ამბობ, რას? - გაკვირვებული ეკითხებოდა ტარიელ მედუქნეს.
- სწორეთ ის გახლავთ. - უპასუხა კიდევ მედუქნემ.
- ეს რა მესმის! ბრმა ხომ არ იყო ეს ოჯახდაქცეული, რომ იმას წაყვა ცოლად! კარგი, თითონ, ვთქვათ, მოტყუვდა, მარა ქალის ჭირისუფალი რაღამ დააბრმავა?!.
- ვინ იცის! იქნება სულაც მშობლების ბრალია, ძალად მიათხოვეს. ცოტა არის ჩვენში ასეთი შემთხვევა? - თქვა დათიკომ.
- მერე რა მოეწონათ მისი, რომ ძალად მიათხოვეს ამისთანა ქალი?
- ფული შეაცთენდა.
- ძალიან არ ეტყობა ფულიანობა! - გაიცინა და ისე თქვა ტარიელმა.
- ახლა არ ეტყობა, მაგრამ მაშინ, იქნება, კიდეც ჰქონდა და კიდეც ეტყობოდა. ვინ იცის, იქნება, სულაც იმიტომ გაღარიბდა, რომ, რაც კი ებადა, სულ ქალის მშობლებს მისცა ქრთამად, - უპასუხა ტარიელს ამხანაგმა.
- არა, მოგახსენებენ ქალი თავისი სურვილით წაჰყვა, რადგანაც უყვარდაო, - უთხრა მედუქნემ.
- აა, მივხვდი ახლა, როგორც იქნებოდა საქმე: ქალს ჯერ ვინმე შეაცთენდა, - ამისთანა ლამაზი ქალები წმინდად თავის დღეში ვერ შეინახავენ თავს, - თითონ შემცთენელს აღარ შეურთავს, - ვინ იცის, ეგება ცოლიანი იყო, - ამიტომ გამოაშკარავებამდე, ესე იგი, სანამ უგვირგვინოდ შვილი დაებადებოდა, მოუსწრია და ამ საწყალი კაცისთვის ჩაუჩეჩებია თავი ხელში. რა ენაღვლება ქალს, სახელათ ამისი იქნება და სახრავათ სხვისი. - თქვა დათიკომ.
- შეიძლება, მარა ვინც დაახლოებით იცნობს, ისინი კი, როგორც მოგახსენეთ, ისე ამბობენ, სიყვარულით შეირთეს ერთმანეთიო. შვილიო, რომ ბრძანეთ, შვილი კი არ ჰყავს, ეს მე თითონ ვიცი - თქვა მედუქნემ.
- უეჭველია, რამე ეშმაკობა იქნება, თორემ ისე ეს ანგელოზი ამ მათხოვარს ცოლად არ წაყვებოდა. - თქვა ტარიელმა და შემდეგ მიუბრუნდა მედუქნეს:
- საიდან მოდიან?
მედუქნემ დაუსახელა სოფელი.
- სად მიდიან? - განაგრძო კითხვა ტარიელმა.
- მოგახსენებენ, უჩიტელს დედა ყავს თავის სოფელში და იმასთან დადის ყოველ დღესასწაულზეო. ახლა, რადგან აღდგომის დღესასწაულები იწყება, ეს არის, გამგზავრებულა თავის სოფლისკენ.
- შორებელია?
- შორებელი გახლავთ.
- ვინმე გლეხთაგანი უნდა იყოს, კეთილშობილობის არა სცხია რა.
- დიახ, მოგახსენებენ, გლეხკაცის შვილია, გვარათ მცირიშვილი.
- რათ გინდა, რომ შეუდექი კითხვას გამომძიებელივით? ახლავე ჩამოივლის პოეზდი და გათავდა, გაგექცევა ხელიდან. - სიცილით უთხრა ტარიელს ამხანაგმა.
ტარიელმა შეხედა ქალს და გაიქნია თავი:
- ეს იმის ცოლი იყოს!
მედუქნე წავიდა თავისთვის. ტარიელმა და მისმა ამხანაგებმა კი განაგრძეს ქალის სიახლოვეს სეირნობა და ჭვრეტა. მეტადრე ტარიელ ისეთი თვალით უყურებდა ქალს, თითქო უნდა ეცეს და გაიტაცოსო.
მოაწია მატარებლის მოსვლის დრომაც. მგზავრებმა, ვისაც რამე კი გააჩნდა, ბარგი მოიმზადეს, რომ, როცა მატარებელი მოვიდოდა, დაუყოვნებლივ შესულიყვენ ვაგონში. იცოდენ, რომ ვინც ბოლოს შედის, ის ხშირად უსკამოდ რჩება.
ლამაზმა ქალმა და მისმა თანამგზავრმა კაცმაც შეხედეს სადგურის საათს და მოიმარჯვეს თავიანთი ნივთები, რომ მატარებლის მოსვლისთანავე დაუყოვნებლივ წამოევლოთ ხელი. რამდენიმე წამი კიდევ და მატარებელიც უნდა მოსდგომოდა სადგურს.
- На линии завал! Поезд опаздывает! - გამოაცხადა სადგურის უფროსმა.
- რამდენ ხანს დაიგვიანებს? - ჰკითხეს მგზავრებმა.
- ვინ იცის, ერთი დღე მაინც მოუნდება გზის გაწმენდას. - უპასუხა უფროსმა.
ამ ამბავმა ამგზავრებულ ხალხზე ძლიერ უსიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინა. გაისმოდა აქა-იქ საყვედური:
- ამ დასაქცევზე სულ ზვავი და ჯანაბაა. რა ენაღვლებათ ინჟირლებს, ფულებს ჩაიჯიბავენ და მერე იმას კი არ კითხულობენ, გზაი როგორია!
ხალხი გაიფანტა: ზოგი დუქანში მიდიოდა ღამის გასათევად, ზოგი კიდევ ნაცნობს მიყვებოდა. ვინც ახლო სოფლიდან იყვენ, ისინი შინ დაბრუნდენ.
II
უადგილო არ იქნება, მკითხველო, უფრო დაახლოებით გაგაცნოთ ტარიელ მკლავაძე და მისი ცხოვრება.
- ბედნიერი ხარ, ბედნიერი! რა ანგელოზივით ვაჟი დაგებადა! - მიულოცა აზნაურ ერეკლე მკლავაძეს ბებიაქალმა სუსანამ, როცა ტარიელ დაიბადა. გახარებულმა მამამ უბრძანა ბიჭებს, - აბა თოფებიო; თვითონ კი გამოიტანა თავისი დიდი, მოვერცხლილი დამბაჩა და ისეთი შედლუხი გამართა, გეგონებოდათ, სოფელს მტერი დასხმია და ერთი გაცხარებული ბრძოლა აქვთო. შემდეგ, როცა თვითონ მამამ დახედა ახალდაბადებულ ვაჟს, სიხარულით წამოიძახა: „გენაცვალე, ღმერთო, ტარიელი დამბადებია! დაილოცოს ჩვენი გვარი! გამოსულა ჩვენ გვარში ლომკაცები და ეს არის, კიდევ გამოვიდა!“ ერეკლე არა სტყუოდა: მართლაც, აზნაური მკლავაძეების გვარში ხშირად გამოერეოდა არაჩვეულებრივი ხელღონიერი ჭაბუკები. ამბობენ, ძველ დროში დიდი სამსახური გაუწევია მამულისათვის მკლავაძეების ჭაბუკებს, მედგრად ებრძოდენ მამულზე მოსულ მტრებსაო. რა მოგახსენოთ, იქნება მართალიც იყოს, რომ მკლავაძეების წინაპრებს მტერთან ბრძოლაში დიდი ვაჟკაცობა გამოეჩინოთ, მაგრამ უფრო ნამდვილად კი ის ახსოვს ხალხს, რომ მკლავაძეების რაინდები სუსტებს და ხელქვეითებს ანადგურებდენ და აწიოკებდენ. უკანასკნელ, როცა საქართველოში სოფლების და ოჯახების ერთმანეთზე თავდასხმის და მიხტომ-მოხტომის ხანა შესწყდა და ეს ქვეყანა, ასე თუ ისე, ერთგვარ ცხოვრების კალაპოტში ჩადგა, მკლავაძეების ძალმომრეობასაც, რასაკვირველია, შეეკვეცა ფრთა. ახლა მკლავაძეთა რაინდებს ძლიერ შევიწროებული დაურჩათ სამოქმედო ასპარეზი, ზოგმა მათგანმა აიღო დროთა ალღო და სხვა, უფრო პრაქტიკულ საქმეზე გასცვალა რაინდობა, მაგალითად, ვაჭრობაზე, მამულის გაშენებაზე. ბევრს ქალაქებშიაც ნახავდით ლაქიებად ან “პოვრებად”. ერთი-ორი უმაღლეს სასწავლებელშიაც მოხვდა და შემდეგ ჩინოვნიკებად გამოვიდენ. მაგრამ მაინც კიდევ დარჩენ ისეთები, რომლების თვალში ძველებურ რაინდობას, ესე იგი ძალმომრეობას, ჯერ კიდევ შერჩენოდა გვირგვინი, რომლებისთვის ჯერ კიდევ იდეალი იყო ძველებური რაინდობა. ერთი ამ უკანასკნელთაგანი იყო ერეკლე მკლავაძეც. მართალია, თვითონ ერეკლე ვერ დაიკვეხდა მკლავღონიერობას. ის ამ მხრით საშუალო ზომაზე დაბლაც იდგა, მაგრამ მაინც კი აღტაცებაში მოდიოდა, როცა მისი გვარის რაინდი სხვა გვარის კაცს მიბეგვავდა. მართალია, ხანდახან თვითონ ერეკლესაც მოხვდებოდა ასეთი რაინდებისაგან: ხან საზიარო მამულისაგან იფრენდა ერეკლეს რომელიმე რაინდი გვარისკაცი, ხან სხვაგვარ შევიწროებას მიაყენებდა. ასეთი შემთხვევების დროს, სიბრაზით აღივსებოდა ერეკლეს გული, დანით დაეკლა რაინდი გვარისკაცი, გული არ მოუშლიდა. მაგრამ ეს იყო ერეკლეს მხრით დროებითი მტრობა პიროვნებისადმი. თვითონ ძალმომრეობას კი არ უჩიოდა, წინააღმდეგ, ერეკლე ნანობდა, - რატომ მე არა ვარ ხელღონიერი, რომ შიშის ზარი დავცე ყველასაო. ამას შემდეგ გასაკვირველიც არ არის, რომ ერეკლეს სიხარულს საზღვარი აღარ ჰქონდა, როცა ნახა ახალდაბადებული თავისი ვაჟი, რომელიც, ჩვილის პირობაზე, ზორბად იწვა აკვანში და როცა ტირილს დაიწყებდა, მძლავრ ხმაზე ეტყობოდა, დიდი ღონის პატრონი უნდა გამოვიდესო.
როცა მონათლეს ერეკლეს ჩვილი ვაჟი, მღვდელმა ტიმოთე უწოდა სახელად, მაგრამ მშობლებმა საჩქაროდ გამოუცვალეს ეს სახელი: “ტიმოთე, ნეტა, რა ვაჟკაცის სახელია! ბერად ხომ არ ვზდით, რომ ტიმოთე დავარქვათ სახელადო” და ტიმოთეს მაგივრად თავიანთ ვაჟს ტარიელ უწოდეს.
ჯერ კიდევ ექვსი წლის ბავშვი იყო ტარიელ, რომ მშობლებმა ხანჯლის ტარება დააწყებინეს. სამაგალითოდ შვენოდა ჩერქეზული ტანისამოსით გამოწყობილ ტარიელს ეს იარაღი. ბავშვის პირობაზე ბეჭებგანიერი, მეტად საღი, თვალტანადი ტარიელ, ხანჯლით წელზე, იმ თავითვე ძველებურ რაინდს მოგაგონებდათ. ნათესავები და ნაცნობები იმ თავითვე დიდი პატივისცემით ეპყრობოდენ მას. თვალტანადობას გარდა, საყურადღებო იყო ტარიელის გულადობა: შუაღამისას რომ ყრუ ტყეში მარტოდმარტო დაეტოვებიათ, წარბს არ შეიდრეკდა შიშით. ერთხელ მეზობლის ძაღლები დაეხვიენ ტარიელს. ეს ძაღლები ბევრ ვაჟკაცსაც აშინებდენ. პატარა ტარიელი კი ისე დაერია ძაღლებს ჯოხით და მოიგერია, რომ მეზობელს დიდხანს ჰქონდა ეს ამბავი სალაპარაკოთ. ყველა ამაებთან ბავშვობისას კიდევ ერთი კარგი თვისება ჰქონდა ტარიელს: არ იყო ჭირვეული და ბოროტი. იშვიათად წაეჩხუბებოდა თავის ტოლ-ამხანაგებს, თუმცაღა კი გრძნობდა უპირატესობას მათზე თავისი ფიზიკური ღონით. თუ მაინცადამაინც გააჯავრებდა ვინმე, მაშინ კი დათვივით დატორავდა, თუნდა გამჯავრებელი ორი-სამი წლით უფროსი ყოფილიყო მასზე. “მართლა რომ ტარიელი ხარ, ტარიელი”, - ეტყოდენ მაშინ აღტაცებაში მოსული მისი მშობლები და ჩაკოცნიდენ ტარიელს. მართალია, ბევრ ღირსებასთან ერთი დიდი ნაკლოვანება გამოაჩნდა ტარიელს: სრულიად სუსტი იყო სწავლაში, ასე რომ მისი მშობლები იძულებული შეიქნენ გამოეყვანათ სკოლიდან, სადაც რამდენიმე წლის წინეთ დიდი იმედით მიაბარეს. იმდენ ხანს სკოლაში ყოფნით ქართული კითხვაც კი ვერ შეისწავლა ტარიელმა, მაგრამ ამის გამო სრულიადაც არ მოუკლიათ მისთვის პატივისცემა მშობლებს და ნათესავებს. “ჩემი ვაჟი, ტარიელ, ვაჟკაცი იქნება და ვაჟკაცისთვის სწავლა არაფერი დიდი ბედენააო!” - ამბობდა ერეკლე. ეს აზრი მეტადრე მას შემდეგ უფრო გაუმტკიცდათ ტარიელის მშობლებს, რაც ერთი პატივცემული ქართველი თავადის სასახლეში ტარიელის შესახებ გამოთქვეს შემდეგი აზრი: “ეს რაინდათ დაუბადია ბუნებას, ცოდვაც იქნება, რომ სწავლის გულისთვის ამან თავისი საღი აგებულობა დაასუსტოს, სწავლა საზოგადოთ ასუსტებს ადამიანის სხეულსო”.
თუმცაღა ყოველ ფეხის ნაბიჯზე ქება-დიდებას ასხამდენ ტარიელს, მაგრამ ბავშვობისას არავითარი ცუდი გავლენა არ ჰქონდა ტარიელის ხასიათზე ამ გარემოებას. მხოლოდ, როცა წამოიზარდა ტარიელ, მაშინ ყურადღება მიაქცია ამ ქება-დიდებას. “ალბათ, არის ჩემში მეტად ძვირფასი რამე, რომ ყველა მაქებს და პატივს მცემსო”. - იფიქრა მან და თანდათან გამედიდურდა, თანდათან დაეკარგა მის თვალში ფასი სხვების პირადობას, რომლებიც არ იყვენ ბუნებისაგან დაჯილდოებულნი მისთანა თვალტანადობით და მკლავღონიერობით, ერთი სიტყვით, იმ ღირსებით, რომლისათვისაც მას ყველა პატივს სცემდა და ქებას ასხამდა, ასე გასინჯეთ, ერთი პატივცემული პატრიოტიც კი, რომელსაც უმაღლეს სასწავლებელში ჰქონდა სწავლა დამთავრებული და ძლიერ ჭკუიან კაცად ითვლებოდა, როცა ნახავდა ტარიელს, ყოველთვის იტყოდა: “ჩვენს ქვეყანას, რომელსაც ასეთი შვილები ებადება, მრწამს, რომ დიდი სახელოვანი მომავალი ექნებაო”. ნაცნობი თავადების სასახლეებში ხომ რა, აღმერთებდენ ტარიელს. “უშენოდ შნო არა გვაქვს, უშენოდ ჩვენი ლხინი უფერულიაო”. - ეუბნებოდენ მას ნაცნობი თავადები და მეტადრე თავადის ქალები, თუმცაღა კი, ჩვენთვის რომ ვთქვათ, ტარიელ მაინცადამაინც ვერაფერი მომლხენი იყო. - არც სიმღერა იცოდა ხეირიანი და არც ცეკვა, მაგრამ სამაგიეროდ მისი თვალტანადობა ავსებდა ამ ნაკლს. ის რომ ყელს მოიღერებდა სიმღერაში და ბანის მთქმელებს ჩაერეოდა (სხვა მებანეებს თუ მიაყოლებდა თავის ბოხ ხმას, თორემ მარტოს არც ბანის თქმა შეეძლო, რადგანაც არ იცოდა, სად აემაღლებია ხმა და სად დაეშვა), იფიქრებდით, - სწორედ, მარტო ის ამბობს სიმღერასო. ახსოვდა ტარიელს, რომ ერთმა ლამაზმა კნეინამ უთხრა მათ შორის მომხდარ შემთხვევის გამო: “Это всегда так: прекраснейшая принадлежит храбрейшему” და, რადგან ტარიელმა რუსული არ იცოდა, კნეინამ მერე ქართულად გადმოუთარგმნა: “უმშვენიერესი ამ ქვეყნად უმამაცესს ეკუთვნისო”. ამგვარად ტარიელ ნელ-ნელა შეეჩვია იმ აზრს, რომ მას, როგორც საუკეთესო ქმნილებას, საუკეთესო ადამიანს, სრული უფლება აქვს დასტკბეს ამქვეყნად, იგემოს ეს ქვეყანა, თუნდა ამ დატკობას სხვების სიცოცხლე და ბედნიერებაც შეეწიროს მსხვერპლადო. ლტოლვილება დატკბობისა ტარიელისთვის გამოირკვა ორ საგანში: ქალებში და ღვინოში. ეს ორი საგანი შეიქნა ტარიელისთვის სიცოცხლის მიზნად. ჰქონდა ტარიელს მესამე ლტოლვილებაც. ეს მესამე ლტოლვილება იმაში მდგომარეობდა, რომ ეძებდა შემთხვევას, გმირული რამ საქმე ჩაედინა. ის ეტრფიალებოდა რუსთაველის “ვეფხისტყაოსნის” იმ ადგილებს, სადაც მოთხრობილია: “ტარიელმა კაცს თავი მათრახით გადუფხრიწა, კაცი კაცსა შემოსტყორცნა”... “თავი სვეტსა შევუტაკე”... და სხვა ამგვარი. ამგვარი გმირული ამბების ტრფიალს ბავშვობიდანვე შეეჩვია ტარიელი, რადგანაც მშობლები მუდამ ამისთანა ამბებით უჭედავდენ ყურებს. ტარიელი ეძებდა შემთხვევას, რომ თვითონაც ჩაედინა “ვეფხისტყაოსანში” აწერილა რაინდისებური გმირობა. ერთხელ მოქეიფე ყმაწვილებში ტარიელიც ერია და ჩხუბი მოუვიდათ. ტარიელმა აიღო და ერთი მომცრო კაცი შემოსტყორცნა მოწინააღმდეგეს. მომცრო კაცს, მიწაზე დაცემის დროს, კისერი ეღრძო და ტარიელს საჩივარი დაუწყო. ამ საჩივარმა იქამდე მიაღწია, ნაცნობი დიდკაცობა რომ არ მიშველებოდა, ტარიელს კარგა დიდი ხნის ვადით სატუსაღოში ჩაამწყვდევდენ. მეორეხელ ერთმა ყმაწვილმა კაცმა ტარიელს გული მოაყვანია. ცხენზე მჯდარმა ტარიელმა თავისი მსხვილი მათრახი დაჰკრა ყმაწვილს და თავი მართლაც რომ გადაუფხრიწა. მაგრამ აქაც იგივე საჩივარი და ვაივაგლახი აუტყდა, როგორიც კაცის შემოტყორცნის გამო. მართალია, ეს საჩივრები ვერ აშინებდა ტარიელს, რადგანაც, ნაცნობი დიდკაცობის შემწეობით, ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა სამსჯავროდან, მაგრამ აჯავრებდა კი ძლიერ: - რაინდი კაცი და საჩივრები! რა მოწყობილია!
ძლიერ აწუხებდა ტარიელის თავგასულობა მის სამშობლო სოფელს, მეტადრე გლეხკაცობას. თითქო მისი ჰარამხანის კუთვნილება იყოსო, ისე უყურებდა ტარიელ გლეხკაცების ქალებს “რა არის, რა აჯავრებთ? - სიცილით ამბობდა ის იმ ქმრებზე, რომლებიც ტარიელისაგან შეურაცხყოფილად სთვლიდენ თავის თავს, - უკეთესიც არის მათთვის, ჩემი წყალობით კარგი შვილები გამოუვათო”. მეტადრე ცუდი ის იყო, რომ ტარიელმა ძალის ხმარება იცოდა იმ მანდილოსანზე, რომელიც ნებით არ დანებდებოდა. ერთხელ ერთი გლეხის ცოლი ძალად გაიტაცა გზიდან იმ დროს, როცა ამ უკანასკნელს ყანაში მყოფ ქმართან სადილი მიჰქონდა. მეორეჯერ ახლად ჯვარდაწერილ გლეხის ცოლს ძალით შეუმტვრია კარები იმ დროს, როცა იმ ქალის ქმარი სხვაგან იყო. ერთი მეზობელი გლეხკაცის ლამაზი ქალი მოიტაცა და მთელი ერთი კვირის განმავლობაში ჰყავდა სადღაც. მართალია, ამ უკანასკნელ მოქმედებას კინაღამ თავი არ გადაატანა ტარიელმა, არავის ეგონა, თუ ის ამ საქმეს კატორღაში გაუგზავნელად გადურჩებოდა, მაგრამ, როგორც იყო, დიდი ხარჯით და მეცადინეობით დაიხსნეს ამ საქმისაგან ტარიელის მამამ და ნაცნობ-ნათესავებმა, - ტარიელი გაამართლა ოლქის სამსჯავრომ. არ გასულა ამ საქმის გარჩევის შემდეგ ერთი თვე, რომ ტარიელი დაუხვდა გზაში ერთი გლეხის ცოლს და ძალად გააუპატიურა.
უნდა ვთქვა, რომ ბუნებითად ტარიელი არ იყო სისხლის მოყვარე კაცი, ძლიერ ეჯავრებოდა ადამიანის დაჭრა და ძლიერ იშვიათად ხმარობდა ადამიანზე იარაღს, მაგრამ, სამაგიეროდ, როცა ხელით მიბეგვავდა ვისმე, მაშინ კი რაღაც ერთგვარ კმაყოფილებას იგრძნობდა. ისე შეაჩვია ხელი სხვის მიბეგვას, რომ როცა დაუგვიანდებოდა, წყურვილად მოედებოდა გულზე, როგორც ლომი კლანჭებს, ისე ჭიმავდა თავის დიდრონ მკლავებს. დიახ, როგორც ვთქვით, ტარიელი არ იყო სისხლის მოყვარე კაცი, იარაღსაც იშვიათად ხმარობდა ადამიანზე, მაგრამ, სამაგიეროდ, მაინცდამაინც არც ის მიბეგვა იყო უვნებელი, რომელიც ტარიელს ისე უყვარდა; ასე რომ ტარიელისაგან მიბეგვილი ერთი გლეხი მესამე დღესვე გარდაიცვალა. მართალია, ეს შემთხვევა ტარიელის მშობლებმა შინაურულად ჩააფუჩეჩეს, ისე, როგორც აფუჩეჩებდენ ტარიელისაგან ჩადენილს სხვადასხვა დანაშაულს, მაგრამ ტარიელისაგან მოკლული გლეხკაცის ცოლ-შვილი კი უპატრონოდ დაცვივდა.
ერთხელ კი მოთმინებიდან გამოსულმა სოფლის გლეხკაცობამ შეუდგინა ტარიელს განაჩენი და წარადგინა, სადაც ჯერ იყო. ამ განაჩენით ვითომდა სოფლის გლეხობას სურდა ტარიელის თავიდან მოშორება. მაგრამ ეს განაჩენი გლეხებს უკანვე დაუბრუნეს შემდეგი წარწერით: “სოფლის ყრილობას, რომელიც შესდგება მხოლოდ გლეხკაცობისაგან, არა აქვს უფლება თავის განაჩენით აზნაური გადაასახლოს სოფლიდანო”.
ერთხელ კიდევ ერთმა გლეხმა, რომელიც მძიმედ შეურაცხყოფილად სთვლიდა თავის თავს ტარიელისაგან, თოფი ესროლა ტარიელს, მაგრამ ტყვია ასცდა მიზანს. გლეხი კი ამ დანაშაულისთვის სისხლის სამართალში მისცეს და ოლქის სამსჯავრომ ციმბირის მადნებში (კატორღაში) გაგზავნა.
ცოტა არ იყოს, მშობლებსაც მოაძულა თავი ტარიელის ცუდმა საქციელმა. მაგრამ რა უნდა ექნათ, შვილს ხომ ვერ მოიძულებდენ? მერე კიდე ისეთ შვილს, რომლის მარტო ერთი თვალტანადობა, მათი ფიქრით, მთელ ქვეყნად ღირდა, რომელსაც ერთობ მათი ნაცნობი დიდკაცობა აღმერთებდა.
ტარიელი ხშირად დადიოდა საქეიფოდ ქალაქებშიაც, სადაც გაცნობილი ჰყავდა მთელი გუნდი ყმაწვილებისა. მაგრამ უფრო მისი ასპარეზი სოფელი იყო, სოფელი, სადაც მას უზრუნველად ინახავდა მშობლების მდიდარი ოჯახი და მის თავგასულობას წინ ვერავინ ეღობებოდა.
III
- სხვა გზა აღარ გვაქვს, ამეღამ დუქანში უნდა გავათიოთ ღამე. - უთხრა მასწავლებელმა მცირიშვილმა თავის მეუღლეს, როცა გაიგო, მატარებელი დილამდე არ მოვაო.
- როგორ შევცთით, რომ ცხენები მაშინათვე გავაბრუნეთ უკან! ახლა რომ ცხენები აქ გვყოლოდა, დავბრუნდებოდით შინ. დუქანში რა გაგვაძლებიებს! - თქვა დაღონებით ქალმა.
- თუნდა ცხენები აქ გვყოლოდა კიდეც, შინისაკენ გაბრუნებას მაინც ვეღარ მოვასწრებდით. ხედავ, დაღამდა კიდეც. არა უშავს რა, დუქანში ერთ ოთახს ჩვენთვის დავიჭერ საკუთრად.
სპირიდონმა (სპირიდონი ერქვა მასწავლებელს) და მისმა მეუღლემ დაიკავეს ხელში: პირველმა ჩემოდანი, მეორემ - აბგა და გასწიეს ნაცნობ მედუქნესთან.
დუქნისკენ მიმავალ მასწავლებელს და მის მეუღლეს ყურადღებით გაატანეს თვალი ტარიელმა და მისმა ამხანაგმა, რომელნიც აქამომდე შორიახლო უთვალთვალებდენ ამათ და ყურს უგდებდენ მათ ლაპარაკს.
- კარგა მოეწყო საქმე! - აღტაცებით უთხრა ტარიელმა ამხანაგს.
- ეტყობა, ღმერთი ხელს გვიწყობს. - უპასუხა ამხანაგმა.
ამ ლაპარაკის შემდეგ ტარიელი და მისი ამხანაგი წავიდენ იმ დუქნისკენ, სადაც იყვენ ჩამომხდარი.
ჯერ კიდევ კარგად არ დაღამებულიყო, რომ ტარიელმა, მისმა ამხანაგმა და ვიღაც კიდევ სამმა ყმაწვილმა კაცმა გაისეირნეს იმ დუქნის წინ, სადაც მცირიშვილი და მისი მეუღლე იყვენ მისული ღამის გასათევად, ამ დროს მასწავლებელი მცირიშვილი და მისი მეუღლე აივანზე ისხდენ. მცირიშვილს მოეწონა ტარიელის თვალტანადობა და ჰკითხა მედუქნეს:
- ვინ არის ეს ყმაწვილი, ძველებური რაინდი რომ მომაგონა?
- მკლავაძე გახლავთ, აზნაური. - უპასუხა მედუქნემ.
- სწორედ შეეფერება ეს გვარი, მკლავაძე. - თქვა მასწავლებელმა და შემდეგ უთხრა თავის მეუღლეს:
- აი, დესპინე, მხოლოდ ჩვენს მამულს, საქართველოს, შეუძლია ასეთ შვილის შობა. სხვაგან კი ვეღარ შეხვდება კაცი ამ დროში ასეთ რაინდს. აბა, კარგად შეხედე, “ვეფსისტყაოსნის” გმირს ტარიელს არ მოგაგონებს? ზოგიერთებს რომ ჰკითხო, ტარიელ ზღაპრული პირია, ნამდვილ ცხოვრებაში ტარიელისთანები არ მოიპოებაო, გეტყვიან. თუკი ჩვენს დროში, როცა ფიზიკურ განვითარებას ყურადღებას აღარ აქცევენ, გამოერევა ასეთები, როგორიც ეს მკლავაძე არის, ძველ დროში, როცა ფიზიკურ განვითარებას პირველი ადგილი ეჭირა, როცა მუდამ მხედრულ მდგომარეობაში იყო ადამიანი და ბურთი და მოედანი იმას რჩებოდა, ვინც უფრო ხელღონიერი იყო, განა არ გამოერეოდა “ვეფხისტყაოსანში” დახატული გმირებისთანა, მაგალითად, როგორიც ტარიელ და ავთანდილი არიან, გმირები?
- ეს ყველა კარგი, მაგრამ ახლა. ეს ვიკითხოთ, ძველ დროში კიდევ ჰო, ეგება, ჰქონდა კიდეც ასეთ რაინდებს მნიშვნელობა, მარა ახლა რა მნიშვნელობა აქვთ ამისთანა რაინდებს კაცობრიობის წარმატებაში, ანუ, როგორც ეძახიან, პროგრესში? - ჰკითხა პოლემიკური კილოთი დესპინემ ქმარს.
- რას ამბობ, დესპინე!.. ნუთუ თავი არ უნდა მოსწონდეს იმ ქვეყანას, რომელსაც შეუძლია აღზარდოს ასეთი შვილები? საქართველოს შემონატრიან იმიტომ, რომ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ბუნებას შეუძლია შვას და აღზარდოს ასეთი საღი შვილები, როგორიც, მაგალითად, აი ეს მკლავაძეა.
- მე მაყვედრი ხანდახან, ახირებული აზრი გაგიტაცებსო, მარა შენც არა ხარ სულ თავისუფალი ამ ნაკლულევანებისაგან. იფიქრე, მუდამ იმას ვიძახით, რომ ის ადამიანია პატივსაცემი, რომელსაც ხალხის ცხოვრება თავისი ღვაწლით გაუუმჯობესებიაო. ახლა კი აღტაცებაში მოდიხარ და ქვეყნის თვალად თვლი ისეთ ადამიანს, რომლის შესახებ არაფერი იცი, თუ რა სულია. ქვეყნის თვალად თვლი იმიტომ, რომ ბევრი ხორცი აქვს ტანზე, - ტკბილად შენიშნა დესპინემ ქმარს.
- ვეთანმები შენს კრიტიკას, მხოლოდ იმ შენიშვნით, რომ ადამიანის ფიზიკური განვითარება დიდი თავდებია იმის გონებრივი განვითარებისთვის. ჰოტენტოტი ძლიერ ცოტა ნიჭს იჩენს გონებრივ განვითარებაში. სხვა პირობებს გარდა, ერთი უმთავრესი მიზეზი ამისა ის არის, რომ ჰოტენტოტს თავის ქალა, ტვინი, საზოგადოთ ორგანიზმი, განუვითარებელი აქვს.
- ჰოტენტოტის რა მოგახსენო და ჩვენში კი ხშირია იმის მაგალითი, რომ გარეგნობით საღი შეხედულების ბავშვი უნიჭო გამომდგარიყოს და არა საღი შეხედულებისა კი - ნიჭიერი.
- მართალია, არის კი ასეთი შემთხვევები, მარა ეს კანონად არ შეიძლება აღვიაროთ.
როცა მასწავლებელი და მისი მეუღლე ამგვარ მსჯელობაში იყვენ, ტარიელმა და მისმა ამხანაგებმა რამდენიმეჯერ გაისეირნ-გამოისეირნეს მათ წინ.
დაღამდა. თან სიცივემ უფრო მოატანა. სპირიდონ და მისი მეუღლე შევიდენ იმ ოთახში, რომელიც მედუქნეს დაეთმო საკუთრად მათთვის. სპირიდონ ცდილობდა, რომ დუქანში ღამის გათევას არ შეუწუხებია დესპინე. ამიტომ მოიგონა ერთი საშუალება, რომელიც, იცოდა, ძლიერ გაართობდა დესპინეს.
- მართლა, დესპინე, გახსოვს, იმ დღეს რომ დაგპირდი, - იმ მოღვაწეების ცხოვრებას გიამბობ, რომლებმაც ისე მამაცურად შესწირეს სიცოცხლე უსამართლობასთან ბრძოლას ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებისათვის-მეთქი? - უთხრა მან თავის მეუღლეს.
დესპინე მიხვდა, რომელ მოღვაწეებზედაც ელაპარაკებოდა ქმარი და სთხოვა, დაწვრილებით მიამბე, არა გამოტოვო რაო.
სპირიდონმა მოუყვა და მოუთხრო დაპირებული ამბავი. ლაპარაკის დროს სპირიდონს ეტყობოდა გატაცება. საზოგადოდ, ის გრძნობაჭარბი კაცი იყო, ამიტომ თავის დღეში არ შეეძლო გულგრილად ეამბნა ან მოესმინა ვინმესგან მწვავე კითხვების შესახებ ლაპარაკი. ქმრის გატაცებას ლაპარაკის დროს გავლენა ჰქონდა დესპინეზედაც. ხშირად თავდავიწყებამდე გაიტაცებდა ზოგიერთი ამბავი, რომელშიც კეთილი საქმისთვის თავგანწირვა იყო გამოხატული. ერთხელ ერთი ამბით გატაცებული დესპინე მოეხვია ქმარს ყელზე და აღტაცებით თვალზე ცრემლმოდენილი ეხვეწებოდა: - სპირიდონ, წავიდეთ ჩვენც, ჩვენც ისე შევწიროთ თავი ხალხის წარმატებისათვის ბრძოლას!
- ეს რომ არ მოგგონებოდა, არ ვიცი როგორ გავძლებდი ამეღამ ამ დუქანში! ახლა კი თითქოს სხვა ქვეყანას გამაფრინა შენმა მოთხრობამ, სულ გადამავიწყა აქაური გარემოება. - უთხრა ქმარს დესპინემ.
- მაშ რაღად იძახი, ჩვენც ქვეყნის სამსახურს შევწიროთ თავი, უსამართლობასთან ბრძოლაში დავლიოთ სიცოცხლეო, თუკი დუქანში ღამის გათევასაც ვერ შეიძლებ? მერე კიდევ აქ, სადაც საკუთარი ოთახი გვაქვს ორს. იმ ხალხს, რომლის წამებული ცხოვრება შენ ისე გიტაცებს, ვერ აშინებს ვერც შიმშილი, ვერც სიცივე, ვერც საპყრობილე, ვერც დაკარგვა, ვერც მარტოობა და ვერც სახრჩობელა.
- როცა კაცი აღიჭურვება და ბრძოლის ველზე გავა, მაშინ სულ სხვაა, მაშინ იცის, რომ ბრძოლის ველზეა, და არც ერიდება ბრძოლას. მარა, როცა იარაღჩამოხსნილი თავის ოჯახში კერასთან ზის, მაშინ მცირე რამ საშიშროებაც კი შეაშფოთებს და შეაკრთობს მის გულს. - უპასუხა დესპინემ.
- ისეთი მოღვაწეობისათვის, რომელსაც ჩვენ საჭიროდ ვთვლით, ყველგან ბრძოლის ველია. - თქვა სპირიდონმა და განაგრძო თავისი მოთხრობა.
სანამ სპირიდონი თავის მოთხრობას დაასრულებდეს, მე გიამბობ, მკითხველო, თუ როგორ მოხდა სპირიდონსა და დესპინეს შორის ცოლქმრობა.
IV
როცა სპირიდონ მცირიშვილმა საოსტატო სემინარიაში სწავლა დაასრულა, ის გააწესეს ერთ შორეულ მივარდნილ სოფელში სოფლის სკოლის მასწავლებლად. სპირიდონ მივიდა დანიშნულ სოფელში და ნახა, რომ ერთ მხარეს კარგი მოზრდილი, სუფთა ნაშენი ხის სახლი დგას სოფლის სამმართველოსთვის, მეორე მხარეს კი უხეიროდ ნაშენი, პატარა, ძველი სახლი, რომლის იატაკი თითქმის დამპალა. ფანჯრებში მინების უმეტესი ნაწილი დამტვრეულია და რაც დარჩენილა, ისეა გატალახიანებული, რომ ძლივს გაარჩევ, მინაა თუ ფიცარი. ჭერი ბევრგან გაშავებულა, რაიცა ამტკიცებს, რომ სახლში წვიმის წყალი ჩამოდის. ეს იყო სკოლა. ამ სკოლაში შემდეგი სამკაული ელაგა: ოციოდე მირყეულ-მორყეული სკამი შეგირდებისათვის, ერთი პატარა, ძველი მაგიდა და ფეხებმორყეული სკამი მასწავლებლისათვის და შეუღებავი ხის დაფა. ამას გარდა, არც სასწავლო ნივთები და არც ოთახი მასწავლებლისათვის სკოლას არ მოეპოვებოდა. ხალხი გულგრილად უყურებდა სკოლის საქმეს. ბევრი მათში ამასაც იძახოდა - სულაც არ არის ჩვენთვის საჭირო სკოლაო. მასწავლებელს მძარცვავად რაცხდენ. ეს იყო მიზეზი, რომ ერთ წელზე მეტს იშვიათად დარჩებოდა მასწავლებელი აქ და ხშირად სკოლა უმასწავლებლოდ რჩებოდა.
- რა ვქნა, სად უნდა გავათიო ღამე? - დაეკითხა სპირიდონი მამასახლისს, როცა ნახა, რომ მასწავლებლისთვის ოთახი არსად იყო.
მამასახლისმა ჩვეულებრივად შეიფხანა თავი, მერე მიუბრუნდა გლეხებს, რომლებიც შეკრებილიყვნენ სოფლის სამმართველოს წინ და უთხრა:
- ხალხო, ვინმე თქვენგანმა მიეცით ბინა ე უჩიტელს. მუქთათ კი არა, ქირას მოქცემს.
- არ გვაქვს იმისთანა ბინა, რომ უცხო კაცი მივიღოთ, - უპასუხეს გლეხებმა, რომელთაგან ბევრმა უსიამოვნოდ გადახედა ახალმოსულ მასწავლებელს, თითქო გულში ამბობსო - მოსულხარ, რომ ფულები აგვაცინცლო, მეტს, ნუ გეშინია, არაფელს შეგვძენო.
- ისევ როგორმე კლასში უნდა მოეწყოთ და ამასობაში, ეგება, გიშოვოთ ბინა სადმე. - უთხრა მამასახლისმა სპირიდონს.
მეტი რაღა გზა იყო, სპირიდონი დაბინავდა სკოლაში. ღამით ეძინა ოღროჩოღრო იატაკზე, დღისით კი მიალაგებდა თავის ლოგინსა და ნივთებს ერთ კუთხეში, რომ მოსწავლე ბავშვებს არ გაეთელათ ფეხით. ასე გაატარა სპირიდონმა ორი თვე - სექტემბერი და ოქტომბერი. მაგრამ ნოემბერში ღამღამობით ისეთი სიცივეები დაიწყო, რომ ფარღალალა კედლებიან სკოლაში შეუძლებელი იყო გაძლება. სპირიდონი იძულებული შეიქნა, როგორმე სადმე სხვაგან აეჩინა ბინა. სპირიდონმა მიმართა ოთახისათვის ერთ ახალ გაცნობილ მღვდელს, რომელიც იქვე სკოლის სიახლოვეს ცხოვრობდა და კარგი ხუთოთახიანი ხის სახლი ედგა. მღვდელმა უარი არ უთხრა სპირიდონს ოთახის ქირაობაზე, რადგან თავისი პატარა ვაჟი სასულიერო სასწავლებელში მისაღებად უნდა მოემზადებია და სპირიდონი ამ შემთხვევაში გამოადგებოდა. სპირიდონი გადავიდა მღვდლის სახლში. მას მიუჩინეს ერთი პატარა ოთახი. როგორც უცხოს, მღვდლის ოჯახში, გარდა თვითონ მღვდლისა, მას ყველა ერიდებოდა. ხანდახან მღვდელი თუ შევიდოდა მასთან სალაპარაკოდ და მღვდლის ათი წლის ვაჟი გაკვეთილებისთვის, თორემ სხვა არავინ ეკარებოდა, მღვდლის უფროს ქალს, დესპინეს, რომელიც ამ დროს ცამეტი წლის იყო, კიდეც ეჯავრებოდა სპირიდონის ავადმყოფური, გამხდარი, მდუმარე სახის დანახვა.
სპირიდონის აღზრდას რომ თვალი გადავავლოთ, მკითხველო, აღარ გაგიკვირდება, თუ რად ედო მოხუცის ბეჭედი მის სახეაგებულებას ყმაწვილობის დროს, რისთვისაც ეჯავრებოდა ის პირველ გაცნობისას ლამაზს და ჩიტივით ცქრიალა დესპინეს. სპირიდონ იყო გლეხკაცის შვილი. ჯანის სისუსტე ბავშვობიდანვე ემჩნეოდა. ვინ იცის, ჯანსაღი და ძალუმი რომ ყოფილიყო სპირიდონი, მამას ეგება, არც კი გაემეტებინა სკოლაში აღსაზრდელად - “იმის სკოლა ყანააო”, ეთქვა, როგორც ამბობს საზოგადოდ გლეხკაცობა. მაგრამ მამა ხედავდა, რომ ჯანსუსტი სპირიდონი თავისი მუშაობით მაინცდამაინც ვერ შეუმსუბუქებდა შრომის უღელს. ამასთან, სხვა გლეხებთან შედარებით, სპირიდონის მამა შეძლებული კაცი იყო და ამიტომ მისცა შვილი სოფლის სკოლაში, იმ განზრახვით რომ, როცა ცოტაოდენ წერა-კითხვას და ანგარიშს ისწავლის, სადმე დუქანში დავაყენებ მოჯამაგირედო. მაგრამ რაკი ერთხელ თავი შეყო სპირიდონმა სოფლის სკოლაში, დასრულებამდე აღარ მოშორებია მას და შემდეგ, დაასრულა თუ არა სოფლის სკოლაში სწავლა, აუტყდა მამას, - ქალაქის სკოლაში წამიყვანეო. სოფლის მასწავლებელიც ხომ საშველს არ აძლევდა სპირიდონის მამას - ნიჭიერი ბავშვია შენი შვილი, ნუ დაიდებ მის ცოდვას, წაიყვანე ქალაქის სკოლაშიო. აქეთ ზოგიერთმა მოკეთემაც ურჩია - ნუღარ მიატეხ ჩხირს, რადგან კაი ნიჭი აქ, ბარემ ქალაქის სკოლაშიაც დაასრულებიე სწავლა, მერე სადმე მწერლად შევა, შენც გამოგადგება და თავსაცაო.
ამრიგად შეაცდინეს სპირიდონის მამა (ის მაინც ასე ამბობდა, შემაცდინესო) და წააყვანიეს შვილი ქალაქის სასწავლებელში. ამას შემდეგ, როგორც იყო, მამა აძლევდა სპირიდონს სწავლის და წიგნების ფულს. ხარჯი - ფქვილი, ყველი და ლობიო - თავისი ზურგით მიჰქონდა სპირიდონს შინიდან ყოველ კვირადღეობით ოცი ვერსის მანძილზე. ის იდგა ქალაქის განაპირას, მიწით შელესილ ქოხში, რომელიც ქირით მიცემული ჰქონდა მისთვის, თვეში ოთხ აბაზად, ერთ ახალ დასახლებულ რუსის მუჟიკს. ყოველ საღამოობით მოიტანდა სპირიდონი მახლობელი ტყიდან თითო ტვირთ ფიჩხს. როცა დაღამდებოდა, სანთლის მაგივრად დაანთებდა ცეცხლს და მის სინათლეზე სწავლობდა გაკვეთილებს. საჭმელს თავისი ხელით იკეთებდა. ტანისამოსი მუდამ აკლდა. ორი ზამთარი პარუსინის ბლუზის და შარვლის ამარა გაატარა. ასეთი ცხოვრებით დაასრულა სპირიდონმა სასწავლებელი. საოსტატო სემინარიაში, რომელშიაც შესვლის ნება სპირიდონმა თითქმის ძალად გამოგლიჯა მამას ხელიდან, მისი ცხოვრება გაუმჯობესდა, რადგანაც სახელმწიფო ხარჯზე მიიღეს. მაგრამ საიმისო პირობები აქაც არ იყო, რომ სპირიდონის დასუსტებული ჯანი გაეუმჯობესებია. მერე კიდევ სწავლაშიაც სპირიდონი გლეხურ მუყაითობას იჩენდა, მუდამ კითხულობდა წიგნებს, შეუსვენებლად მეცადინეობდა თავისი განვითარებისთვის და ესეც, ცოტა არ იყოს, ასუსტებდა მას ფიზიკურად. როცა საოსტატო სემინარია დაამთავრა, სპირიდონი ოცი წლის იყო, მაგრამ რომ შეხედავდი, გეგონებოდა, - ოცდაათის თუ ოცდახუთმეტი წლისა არისო.
შრომაზე სპირიდონი მეტად მხნე იყო: თავდადებით მეცადინეობდა სკოლაში, როცა მორჩებოდა და შეგირდებს გაუშვებდა, მივიდოდა მღვდლისას, დაუძახებდა მღვდლის პატარა ვაჟს, აუხსნიდა გაკვეთილს, მერე სჭამდა სადილს და შემდეგ შუაღამემდე კითხულობდა წიგნებს. ერთ დღეს სპირიდონ ჩვეულებრივად თავის ოთახში იჯდა და წიგნი ეჭირა ხელში. სახლის წინ, აივანზე დესპინეს და მის პატარა ძმას, რომელსაც სპირიდონი ასწავლიდა, გამოეტანათ უშინსკის “როდნოე სლოვო” და პირველი სწავლობდა უკანასკნელის ხელმძღვანელობით რუსულ კითხვას. მაგრამ, რადგანაც დესპინეს ძმას ახალდაწყებული ჰქონდა რუსული წერა-კითხვის სწავლა, ხშირად ცდებოდა რუსული სიტყვების ამოკითხვაში. სპირიდონმა გაიგონა ეს, გამოვიდა გარეთ და ასწავლა თავის შეგირდს, თუ როგორ უნდა წაეკითხა. დესპინეს არ ესიამოვნა სპირიდონის დანახვა - ვინ ეხვეწებოდა, ნეტაი, რომ მოვიდა და გვასწავლის, - გაწყრა თავის გულში და დააპირა წასვლა, მაგრამ ზრდილობიანი ქალი იყო და ვეღარ ჩაიდინა ასეთი საქციელი. ის დარჩა და დაუგდო ყური სპირიდონს. ბოლოს როცა სპირიდონი საქმეს მორჩა და თავის ოთახისკენ გაბრუნდა, დესპინემ გააყოლა უკან დამცინავი თვალები და დაცინვის ღიმილი გამოიხატა მის ლამაზ ტუჩებზე: “თუმცაღა სასაცილოა, მაგრამ სწავლება კი კაი სცოდნიაო”. - თქვა ბოლოს მან გულში. ის რუსული სიტყვებიც კარგად დაამახსოვრდა დესპინეს, რომლებიც სპირიდონმა დაასწავლა მას და მის ძმას. შემდეგ დღეებში ორ-სამჯერ კიდევ განმეორდა ეს შემთხვევა. ერთ დღეს დესპინეს ძმა დედამ სადღაც წაიყვანა. მიუხედავად ამისა, დესპინემ დანიშნულ დროს ჩვეულებრივად გამოიტანა “როდნოე სლოვო” და ეხლა მარტო დაიწყო კითხვა. დესპინე კითხულობდა წყნარი, ნაზი ხმით. რადგანაც სპირიდონის ოთახი ამ დროს ღია იყო, სპირიდონს გარკვევით ესმოდა დესპინეს კითხვა და ის შეცდომებიც, რაც ყმაწვილ ქალს მოსდიოდა კითხვაში. სპირიდონს ბავშვობიდანვე თანდაყოლილი ჰქონდა ერთი ჩვეულება: როცა ხედავდა ადამიანი რაშიმე სცდებაო, არ შეეძლო მოეთმინა და არ შეენიშნა ეს შეცდომა. ახლაც, გაიგონა თუ არა, რომ დესპინე რუსულ სიტყვებს დამახინჯებულად კითხულობს, აღარ მოუთმინა გულმა, გამოვიდა გარეთ, მივიდა ყმაწვილ ქალთან და უთხრა: “ეგრე კი არა, აი ასე უნდა წაიკითხოო” დესპინე არ მოელოდა ამას. “ჩემ ძმას გაუსწორა შეცთომები, თვარა ჩემთან რა ხელი აქვსო!” - ფიქრობდა ის. სცოდნოდა, რომ სპირიდონი მასაც დაუწყებდა შეცდომების გასწორებას, მაშინ ძმის დაბრუნებამდე სულაც არ აიღებდა წიგნს ხელში, მაგრამ, ეხლა რაკი ეგრე მოვიდა საქმე, რაღა უნდა ექნა, ყური დაუგდო სპირიდონს. ამასთან თავმოყვარეობაც ეუბნებოდა ყმაწვილ ქალს, - არ შერცხვე, უნიჭობა არ გამოიჩინო ამ უცხო კაცთანო. ის მუყაითად უსმენდა სპირიდონს და როცა რომელსამე სიტყვას მაშინვე ისე ვერ წაიკითხავდა, როგორც სპირიდონი ასწავლიდა, სირცხვილით წითლდებოდა. კარგა ნახევარ საათზე მეტი მოუნდა სპირიდონი დესპინეს სწავლებას. დესპინე ეხლა ძლიერ კმაყოფილი დარჩა სპირიდონის სწავლებით, რადგანაც სპირიდონმა ბევრი რუსული სიტყვის სწორი წაკითხვა ასწავლა და თან ქართულადაც დაასწავლა იმ სიტყვების მნიშვნელობა. “ეს რა ყოფილა, რა კაი სწავლება ცოდნიაო!” - კმაყოფილებით ეუბნებოდა თავის თავს და თან თხზავდა ფრაზებს იმ რუსული სიტყვებიდან, რომლებიც სპირიდონმა დაასწავლა. ძლიერაც უხაროდა, რომ საკმაო ბევრი ფრაზა შეთხზა რუსულად. “ყოველ დღე რომ ამდონი მასწავლოს, რა ადრე დავისწავლი რუსულ წერა-კითხვას და ლაპარაკს!” - გაურბინა მას ფიქრებში. - “მაგრამ მე ვერ ვეტყვი, მასწავლე-მეთქი და ისე რისთვის უნდა მასწავლოს!” - თქვა ნაღვლიანად, მაგრამ საჩქაროდ იმედიანად დაატანა: “დედას ვათხოვნიებ და ის იმისთანა კაი კაცია, რომ ვარს არ იტყვის”. საღამოს, როცა დესპინეს დედა დაბრუნდა შინ, დესპინე მივიდა მასთან და გაბედულად უთხრა:
- დედა, მეც მინდა რუსული წიგნის სტავლა, სთხოვე უჩიტელს რომ მასტავლოს.
- რა ქალის საქმეა რუსული! - პირველად გაუმტყუნა თავის ქალს დედამ. მაგრამ მოაგონდა, რომ ახლანდელ დროში ქალებს სკოლაშიაც კი ზრდიან ზოგიერთი შეძლებული მშობლებიო და უთხრა თავის ქალს:
- თუკი გასწავლის, კარგი, ისწავლე!
- მე ვერ ვეტყვი, ან შენ სთხოვე და ან მამამ, უჩიტელი იმისთანაი კეთილი კაცია, ისე უყვარს სხვისი სწავლება, რომ უარს არ იტყვის, ოღონდ თქვენ კი უთხარით.
- ერიჰა, მგონია, შენ კიდეც შეგყვარებია! - გაეხუმრა დედა თავის ქალს.
უმანკო გულის პატრონ დესპინეს დედის ხუმრობაზე შერცხვა, გაწითლდა და გულმოსულად უპასუხა დედას:
- აბა, შემყვარებია!.. კეთილი კაცია-მეთქი, ვთქვი, მერე რაი? კეთილია!
- არა, შენ გენაცვალოს დედა, ჩემო ლამაზო! გეხუმრე, - უთხრა დედამ დესპინეს, მიიკრა გულზე და დაუწყო კოცნა.
იმ საღამოს დესპინეს მამა შევიდა სპირიდონთან და უთხრა:
- ჩემ ქალსაც უნდა რუსულის სწავლა, ნუ დაიზარებთ, თქვენი ჭირიმე, ასწავლეთ.
- დიდი კმაყოფილებით, - უპასუხა სპირიდონმა, რომელიც მართლა და კმაყოფილებას გრძნობდა, როცა სხვას ასწავლიდა.
იმ დღიდან მოწყებული, დღეში საათნახევარი შესწირა სპირიდონმა დესპინეს სწავლებას. გავიდა ოთხი წელი. ამ დროის განმავლობაში სპირიდონ მუყაითად შრომობდა, როგორც სკოლაში, შეგირდებთან, ისე თვითონ სკოლის გაუმჯობესებისათვისაც. ხალხს, რომელიც პირველად ისე ალმაცრივ, იჭვიანი თვალით უყურებდა მას, ეხლა ძლიერ შეუყვარდა სპირიდონი, რადგანაც დაინახა, რომ სპირიდონი არ სჯერდებოდა მხოლოდ ფორმალურად ბავშვების სწავლებას, ის ხალხის მასწავლებელიც იყო, ხალხს ესარჩლებოდა, იღვწოდა მათი წარმატებისთვის. არ ერიდებოდა ისეთ მოღვაწეობასაც კი, რომელიც პირადად მისთვის ძლიერ საშიში იყო. მისმა მოღვაწეობამ ისე წაახალისა ხალხი, რომ თავისი სურვილით ააშენეს სკოლისთვის საკმაოდ კარგი შენობა. სპირიდონი ეხლა იმის მეცადინებაში იყო, რომ როგორმე ბიბლიოთეკა დაეარსებია სკოლისათვის. საჭირო წიგნები და ფული შეაგროვა, მაგრამ, არ იქნა, მთავრობამ ნება არ დართო ჯერჯერობით.
დესპინე ამ ოთხი წლის განმავლობაში მუყაითი შეგირდი იყო სპირიდონის. მართალია, მეოთხე წელს სპირიდონი მღვდლის სახლიდან ახალ აგებულ სკოლის ოთახში გადავიდა, მაგრამ სადილისთვის ისევ მღვდლისას დადიოდა და დესპინეც ისევ ისე განაგრძობდა სწავლას მისი ხელმძღვანელობით. ყმაწვილი ქალი იმდენათ განვითარდა ამ ოთხ წელს, რომ ბევრ საგანში არც კი ჩამოურჩებოდა თავის მასწავლებელს. სპირიდონის წიგნები (სპირიდონს, ღარიბი კაცის პირობაზე, კაი შინაური ბიბლიოთეკა ჰქონდა) თითქმის სულ წაიკითხა. მშობლები უწყრებოდენ: “ვის გუუგონია ქალისაგან ამდონი წიგნის კითხვა! თვალებს გაგიფუჭებს. მერე კიდევ ახლა მოწიფელი ქალი ხარ. მართალია, მასწავლებელი ამდონი ხანია ჩვენს ოჯახშია, პატიოსანი კაციც არის, მარა, რაც უნდა იყოს, მაინც უცხო კაცი ქვია. აწი საჭიროა მისგან თავი შორს დეიჭირო, თვარა ქვეყანა სხვაფერ იტყვისო”. მაგრამ ოთხი წლის განმავლობაში სპირიდონის ქადაგებამ და წიგნების კითხვამ საკმაო მტკიცე ნიადაგზე დააყენა დესპინეს ხასიათი “რა გინდათ, მე მწამს, რომ სწავლა საჭიროა ადამიანისთვის და ვსწავლობ; მე მწამს, რომ სპირიდონი სინდისიერი მასწავლებელია და სათაკილოთაც არ მიმაჩნია, რომ მე მისი ხელმძღვანელობით ვსწავლობდე”. - ეუბნებოდა დესპინე მშობლებს პასუხად. როგორც ზევით მოვიხსენიეთ, თავდაპირველად დესპინე დასცინოდა სპირიდონს; შემდეგ, როცა სპირიდონმა სწავლება დაუწყო, დესპინემ შესცვალა სპირიდონზე თავისი აზრი: სპირიდონი მეტად კაი მასწავლებელი ყოფილა, ვცთებოდი, რომ დავცინოდიო”. - ეუბნებოდა დესპინე თავის თავს. შემდეგ, როცა კარგად დაუკვირდა სპირიდონის ხასიათს, მსჯელობას და მოქმედებას, დესპინემ აღიარა თავის ფიქრებში: “სპირიდონი არა თუ კარგი მასწავლებელია, ის ნამდვილი კაცია, რომლისთანა ჩემ ნაცნობებში არც კი ურევიაო”. რაც უფრო ახლო გაიცნო დესპინემ სპირიდონი, მით უფრო და უფრო სთხოვა ყმაწვილ ქალს გულმა სპირიდონის სიახლოვეს ყოფნა, მეორე და მესამე წელს დესპინემ ცხადად იგრძნო, რომ მას აღარ შეუძლია უსპირიდონოთ გაძლება. საშინელი მოწყენილობა მოიცავდა მის გულს, როცა სპირიდონი დროებით სხვაგან წავიდოდა. მეოთხე წელს, როცა სპირიდონ ახალაგებულ სკოლის ოთახში დაბინავდა, დესპინემ მთელი ღამე ჩუმი ტირილით გაატარა, მაგრამ მეორე დღეს სპირიდონ სადილად ისევ მღვდლისას მივიდა და დესპინემაც გული გაიმაგრა, - სპირიდონ ისევ ივლის ჩვენსაო. ოღონდ მის სიახლოვეს კი ყოფილიყო და დესპინეს გული ჯერჯერობით მეტს არას თხოულობდა.
ერთი მოულოდნელი შემთხვევის გამო, მეოთხე წლის დამლევს სპირიდონი იძულებული შეიქნა დაეტოვებია ის სკოლა, რომელსაც მან იმდენი ღვაწლი დასდო, და გადასულიყო სხვა სოფელში მასწავლებლად. ძლიერ ატკინა გული სპირიდონს ამ გარემოებამ, რადგანაც კიდევ ბევრი რამ განზრახვა რჩებოდა სისრულეში მოუყვანელად. ვინ იცის, ახალი მასწავლებელი განაგრძობდა თუ არა მისგან დაწყებულ საქმეს, ეცდებოდა თუ არა, სპირიდონის მეცადინეობით ფეხზე დაყენებული სკოლის საქმე რიგიანად წაეყვანა? გული სწყდებოდა სპირიდონს, მაგრამ რა ექნა? გარემოება ისეთი იყო, რომ დაუმორჩილებლობა ამ შემთხვევაში ცუდ შედეგს გამოიწვევდა. სადილისთვის რომ მივიდა, სპირიდონმა გააგებია მღვდლის ოჯახს, რომ ხვალ მიდის. ნასადილევს მოინდომა დესპინეს უკანასკნელ გაკვეთილს ავუხსნიო, მაგრამ დესპინე სხვაგან წასულიყო. ცოტა არ იყოს, სპირიდონს ეწყინა ეს: “რატომ ახლა, გამომშვიდობების დროს, უკანასკნელი გაკვეთილი მიატოვა და სხვაგან წავიდა! ნუთუ არ არის ჩემგან კმაყოფილი და ამით უნდა დამიმტკიცოს თავისი უმადურობა? ოთხი წლის განმავლობაში სრულიად უსასყიდლოდ ვასწავლიდი და ახლა, გამოთხოვების დროს, უბრალო, სიტყვიერი მადლობაც კი არ უნდა მითხრას?! აკი, აქომამდე ამას მეუბნებოდა, რომ ჩემი მეცადინეობით შეიქნა ის ადამიანი, ჩემი მეცადინეობით აეხილა გონების თვალი? განა მადლობა რა საჭიროა? მარა ასეთი უმადურობაც კი ვერ ამიხსნია, რას უნდა მიეწეროს?” - ამბობდა სპირიდონი ფიქრებში, დაღონებული. დაბრუნდა მღვდლის სახლიდან და მიადგა თავის ოთახს, რომლის დაკეტვა სხვაგან წასვლის დროს ჩვეულებად არ ჰქონდა. შეაღო კარი და დაინახა, რომ მის ლოგინზე ზის დესპინე.
- გაგიკვირდა, რომ შენ იქ დაგტოვე და მე შენს ოთახში წამოველ? - ჰკითხა დესპინემ დაღონებული ხმით.
- არ გამკვირვებია, მაგრამ არ ვიცი კი, რას მოასწავებს. - უპასუხა სპირიდონმა.
- არა, ჯერ ეს მითხარი, მიდიხარ სამუდამოთ?
- რა ვუყოთ, ეგრე მოეწყო გარემოება და მივდივარ.
- მეტი არაფერი?
- მეტი რა? მეც მწყინს, შეჩვეულ ადგილს, კარგ ნაცნობებს რომ ვტოვებ, მარა საქმე ასე თხოულობს და უნდა დავემორჩილო.
- მე მტოვებ? ხომ გითხარი უშენოთ გაძლება აწი აღარ შემიძლია-მეთქი! აგრე კარგათ გაიგე ჩემი სიტყვა?! - დესპინეს თვალზე მოადგა ცრემლები, მაგრამ ძალად შეიმაგრა თავი ტირილისაგან.
სპირიდონმა გრძნობიერად, მაგრამ თან გაკვირვებულმა შეხედა დესპინეს. დიდი ხანია სპირიდონის გულმა იგრძნო დესპინეს სიყვარული. ბევრი ღამეები გაათენებია მას უძილოდ ამ სიყვარულმა. მაგრამ გამხელა ამ გრძნობისა ერთხელაც კი არ განუზრახავს, ერთი იმიტომ, რომ არ იცოდა, თუ დესპინესაც უყვარდა ის. მართალია, ახსოვდა, რომ დესპინემ უთხრა - უშენოდ გაძლება აწი აღარ შემიძლიაო; ამასთან ამჩნევდა, რომ დესპინე რაღაც თანაგრძნობით ექცეოდა, მაგრამ ყოველივე ეს სპირიდონს უბრალო მეგობრობა ეგონა. “მაგრამ კიდეც რომ ვუყვარდე, - ფიქრობდა სპირიდონი, - საშინელი თავმოყვარეობა იქნება ჩემი მხრით, რომ მე, ავადმყოფმა კაცმა, თან ღატაკმა, შევირთო ასეთი სრული ქმნილება ცოლად და გავუნაწილო ის ტანჯვა და ნაკლულევანება, რომელიც მე მომელის ცხოვრებაში. დესპინე უნაკლულო ქმნილებაა, შეხვდება ვინმე მისებრ საღ ყმაწვილ კაცს, შეიყვარებს და ბედნიერი შეიქმნება. რისთვის უნდა მოვუსპო ეს ბედნიერება!” მაგრამ ეხლა კი, როცა თვითონ დესპინე ეკითხებოდა: “მტოვებ? აკი გითხარი, აწი უშენოთ გაძლება აღარ შემიძლია-მეთქი!” - სპირიდონმა აღარ იცოდა რა ეთქვა ან რა ექნა.
- რა არის, რომ გაჩუმდი, რატომ არ მაძლევ პასუხს? - დაეკითხა დესპინე.
- დესპინე, გაგიტყდები და გეტყვი, რომ, - დაიწყო მძიმედ და დაფიქრებულად სპირიდონმა, - დიდი ხანია ჩემმა გულმა იგრძნო შენი სიყვარული, იგრძნო ისე მძლავრად, რომ მთელ ღამეებს უძილოთ მატარებიებდა და მატარებიებს. მარა გადავწყვიტე, ეგ სიყვარული ჩემსავე გულში ჩავიკლა. გადავწყვიტე იმიტომ, რომ არ მეგონა, თუ შენც გიყვარდი. მარა, თუნდა ეგეც მცოდნოდა, მე მაინც ამ გადაწყვეტილებას დავადგებოდი. რადგანაც არ მინდა ჩემი ცხოვრების ვარამი შენ გაგინაწილო, არ მინდა გაგხადო იმ ტანჯვის მონაწილედ, რომელიც მე შემხვდება ცხოვრებაში. მე შენ მიყვარხარ და ამიტომ მსურს, რომ შენ ბედნიერი იყო და არა უბედური.
- მე უშენოთ სიცოცხლე არ შემიძლია, და აწი, როგორც გინდა, ისე გადაწყვიტე. - მოუჭრა სიტყვა დესპინემ.
- არც ის გაშინებს, რომ მე ავათმყოფი ვარ, არც ის, რომ მუდამ სიღატაკეში იქნები? არ მოსტყუვდე, არ შეგაცდინოს პირველმა გრძნობამ.
- ეგენი, რაც შენ ჩამოთვალე, ანგარიშებია, რომლებსაც სიყვარულთან არავითარი მნიშვნელობა და ძალა არ აქვს.
- მარა არც სიყვარულს უნდა დაემონოს ადამიანი განუსჯელად. სიყვარული გრძნობა არის და გრძნობის ხელმძღვანელი ყოველ შემთხვევაში გონება უნდა იყოს.
- სიყვარულს, ანუ, როგორც შენ ეძახი, გრძნობას, უარი უნდა ჰყოს ადამიანმა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იმ გრძნობის დაკმაყოფილებას ზნეობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენა მოყვება. სხვა შემთხვევაში წვრილმანი ანგარიშები სიყვარულთან მოსახსენებელი არ არის.
- დანაშაული არ იქნება, რომ იმ არსებას, რომელიც ისე ძლიერ მიყვარს, ჩემი ტანჯვა-ვარამი გავუნაწილო, სიღატაკეში მშიერ-მწყურვალს გავატარებიო სიცოცხლე?
- თუკი მაინც შენთან ცხოვრება ურჩევნია, ყოველივე ამის მიუხედავათ? თუკი შენთან სიკვდილი ურჩევნია სხვასთან სიცოცხლეს?
- კარგა დაუფიქრდი, დესპინე!
- მეჩვიდმეტე წელში გადავედი, მგონია, შემიძლია გავარკვიო, რა მინდა და რა არა.
- მაშ, გადაწყვიტე?
- დიდი ხანია გადაწყვეტილი მაქვს.
- კიდევ გაგაფრთხილებ, კარგა დაუფიქრდი.
- დავუფიქრდი და კიდეც გითხარი, რასაც მეუბნება ჩემი გული და გონება, აწი შენ იცი, გინდა დამიჯერე და გინდა არა, ამას კიდევ გაგიმეორებ, - უშენოთ სიცოცხლე არ შემიძლია. აწი, გინდა მაცოცხლე და გინდა მომიძულე და მომკალი!
სპირიდონი კარგა ხანს ჩაფიქრებული იყო. მერე აიღო თავი, სიყვარულით მიაპყრო დესპინეს თავისი მშვიდი თვალები და უთხრა:
- დესპინე, ვერ წარმოიდგენ, რა ბედნიერი ვარ! ჩემი სიცოცხლე განახლდა, ნეტარების შუქით შეიმოსა. დღეიდან დაწყებული, ახალი ცხოვრება იწყება ჩემთვის, მარა მეშინია, რომ ჩემმა სიყვარულმა არ დაგტანჯოს, მეშინია, რომ ვერ შესძლო იმ გზაზე სვლა, რომელიც მე ცხოვრებაში ამომირჩევია. ჩვენი ცხოვრების გზა მეტად ეკლიანი და ძნელი სავალი იქნება.
- შენთან ჯოჯოხეთიც ვერ შემაშინებს. ოღონდ შენთან ვიყო და ყოველსავე ავიტან, ყოველსავეს! - აღტაცებით უთხრა დესპინემ, რომელსაც სიყვარულით ცრემლები მოედინა თვალებზე.
- მშობლებმა რომ არ მოგვცენ ნება? - ჰკითხა სპირიდონმა.
- იმათ კარგით იციან ჩემი ხასიათი, ვერ მეტყვიან ვარს. მარა თუნდაც კიდევ არ გახდენ თანახმა, სულ ერთია, მე მაინც წამოვალ შენთან. შენ ხომ არ გეშინია იმათი ვარის?
სპირიდონს გაეცინა ამ კითხვაზე.
- არა, ეს რა სულელური კითხვა იყო! განა არ ვიცი, რომ შენ ამისთანების არ გეშინია. მაშ გათავდა! აწი ერთად ვიცხოვრებთ, ჩვენთვის, საკუთრად! - დესპინე მოეხვია სპირიდონს და ტკბილმა კოცნამ დაუტკბო ორთავეს ტუჩები.
არ გასულა მას შემდეგ დიდი ხანი, რომ სოფელ X-ში სალაპარაკო საგნად გახდა ახალმოსული მასწავლებელი და მისი მეუღლე. “კაი ამხანაგები რომ გინახავს, ისთე ეხმარებიან ერთმანეთს საქმეში. ორივე ისე ზრუნავს სკოლისთვის, რავარც კაი დედ-მამა შვილის აღზრდაზეო”. - ამბობდა ხალხი. ეს მასწავლებელი გახლდათ, მკითხველო, სპირიდონ მცირიშვილი, რომელმაც დაიწერა ჯვარი დესპინეზე და ეხლა დესპინე და ის ცხოვრობდენ სოფელ X-ში, სადაც სპირიდონი გაამწესა მასწავლებლად სახალხო სკოლების დირექტორმა. ცოლი და ქმარი მოთავსდენ ერთ პატარა ოთახში, რომელიც სკოლაზე იყო მიდგმული. რაც შეგირდების სწავლებაზე დრო მორჩებოდათ, წიგნების კითხვაში ატარებდენ. ამათ შეგნებული ქონდათ ის ჭეშმარიტება, რომ ადამიანს, რომელსაც სურს ხალხის წარმატებისთვის ცოტად თუ ბევრად იმოღვაწოს, კიდეც უნდა ესმოდეს, რაში მდგომარეობს ეს წარმატება, რომ მოღვაწე თანამედროვე სწავლა-მეცნიერებით უნდა ინათებდეს გზას. იცოდენ, რომ დიდი ნაკლი ჰქონდათ ამ მხრით და უნდოდათ, რაც შეიძლებოდა, შეემცირებიათ ეს ნაკლი. ამიტომაც მეცადინეობდენ ისე მუყაითად, თითქოს კარგი შეგირდი გაკვეთილის სწავლას შესდგომიაო. სპირიდონის ენერგიას ერთიორად მოემატა დესპინეს შერთვის შემდეგ. ჯანზედაც კი გაუმჯობესება დაეტყო.
სპირიდონს ჰყავდა თავის სამშობლო სოფელში დედა, რომელიც ქმრის სიკვდილის შემდეგ მარტოდმარტო დარჩა ოჯახში, თავისი მცირე ჯამაგირიდან სპირიდონი ერთ ნაწილს უგზავნიდა მას და ყოველ დღესასწაულზე მიდიოდა მასთან.
V
ეხლა გიამბობთ, მკითხველო, თუ როგორ გაატარეს ღამე დესპინემ და სპირიდონმა დუქანში, სადაც დარჩენ ისინი მატარებლის დაგვიანების გამო.
როცა სპირიდონმა თავისი ამბის მოთხრობა დაასრულა, შუაღმე იყო.
- დავწვეთ ახლა, თორემ ხვალ დილას დაღლილებმა რომ დროზე ვერ გავიღვიძოთ და მატარებელს ვერ მოვასწროთ, ცუდად იქნება ჩვენი საქმე, - მაშინ ხვალ საღამომდე კიდევ უნდა დავრჩეთ აქ, - უთხრა სპირიდონმა თავის მეუღლეს.
რადგანაც დუქნის ლოგინი მეტად ჭუჭყიანი იყო, დესპინემ ამოიღო ჩემოდნიდან ზეწარი, საზაფხულო საბანი, დააგო ოღრო-ჩოღრო ტახტზე და ცოლ-ქმარი დაწვენ დასაძინებლად. საკმაოდ ციოდა. დესპინეს და სპირიდონს ლოგინში კიდევ კარგა ხანს ეღვიძათ. ამის მიზეზი, ერთი, სიცივე იყო და მეორეც ისა, რომ დესპინე გაეტაცებია სოფიას (გმირი ქალი იმ ამბისა, რომელიც ქმარმა გააცნო). “ქალი ვარო, იმას ეთქმოდა!.. ქალი იმისთანა უნდა!”.. - იმეორებდა ის თავის გულში. სპირიდონს კი ესწრაფოდა საყვარელი დედის ნახვა და ჯავრი მოსდიოდა, - მატარებელმა რაღა მაინცადამაინც დღეს მოიტეხა ფეხიო. არ გაუვლია დიდ ხანს ამას შემდეგ, რომ ცოლ-ქმარს ღრმად ჩასძინებოდათ.
ტარიელი და მისი ამხანაგები კიდევ კარგა ხანს ქეიფობდენ.
უკანასკნელ ერთმა მათგანმა დახედა საათს და თქვა:
- აბა, ყმაწვილებო, თუ რამეს აპირებთ, დროც არის. მარა ფრთხილად, ფრთხილად!
ამ სიტყვებზე წამოდგა სამი ყმაწვილი და გამოვიდა გარეთ. ტარიელმა მოინდომა წაყოლა, მაგრამ ყმაწვილები მოუბრუნდენ და უთხრეს:
- თუ შენ წამოდი, საციმბიროთ გახთება ჩვენი საქმე, შენ შენებურად მკლავის ღონით მოინდომებ საქმის გატანას. აქ კი ამოდენა ხალხია ამეღამ, დაგვეხვევიან და დაგვიჭერენ!
დიდხანს იწევდა ტარიელ წასასვლელად, მაგრამ ბოლოს, როგორც იყო, ამხანაგების რჩევამ დააბრუნა უკან. დანარჩენი სამი კაცი კი აჩრდილივით გაცურდა ღამის წყვდიადში და კატასავით ჩუმი ნაბიჯით მიიპარა იმ დუქნის წინ, რომელშიაც ეძინათ სპირიდონს და მის მეუღლეს. ცოტა ხანს სამივე სულგაკმენდით იდგენ აქ და რაღაცას უყურებდენ. ამათ რიცხვში ერია დათიკოც, ტარიელის საუკეთესო მეგობარი. - ცოტა მომითმინეთ, - უთხრა ჩუმად დათიკომ ამხანაგებს. ამოიღო გრძელი, წვეტიანი დანა და დაუწყო კარს გაღება. ამასთან ცდილობდა, რაც შეიძლება, უხმაუროდ მოეხდინა ეს საქმე. ორი მისი ამხანაგი კი ამ დროს კიბესთან იდგენ და ყურადღებით უცქეროდენ მესამეს, რომელიც ლანდივით ჩანდა კარებთან. ჭუჭრუტანებიანმა კარებმა დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწია, იმის შიგნითა რაზა ადვილად გადააგდო დანის წვერმა. ამას შემდეგ დათიკომ დანა შეინახა და ისე მოხერხებულად გააღო კარი, რომ ერთი ჭრიალიც კი არ გასმულა, თუმცა სხვა დროს, როცა გააღებდენ, მუდამ ჭრიალებდა. კარის გაღების შემდეგ, ის ჩამოვიდა აივნიდან, მივიდა ოთახის გვერდში, მიადო კედელს ყური და დაუწყო ყურება. სახლში ბაიბური არ ისმოდა. უკანასკნელ ამხანაგებმა მოიყარეს თავი და გამართეს ფუჩუნით თათბირი.
- სამივე შევიდეთ შიგ. მე ქმარს ყელზე ხანჯალს დავაბჯენ და ხმას გავაკმენდინებ, თქვენ კი ქალი გაიტაცეთ, - თქვა ერთმა.
- შენც ახლა ერთი ტარიელი გამიჩთი! - შენიშნა დათიკომ და შემდეგ განაგრძო: - კაცო, ძალით კი არა, ქურდულად უნდა მოვახერხოთ ეს საქმე. სამივე რომ იმ უჯრის ოდენა ოთახში შევიდეთ, ერთმანეთს ხელს შევუშლით, მეტს ვერას გავაკეთებთ. ისევ ჯობია, თქვენ გარეთ, კარებთან, გაჩერდეთ, მე შევალ შიგ და კარებთან ისე მოგირბენიებთ ქალს, რომ კრინტის დაძვრა ვერ მოასწროს, მერე თქვენც მომეშველეთ. მართლა, კი არ დაგავიწყდეთ, პირში პლატოკი უნდა ჩაუდოთ, თვარა როცა გონს მოვა, კივილს გააბამს და ქვეყანას დაგვახოვს. მერე, როცა სამშვიდობოს გავალთ!.. ასე უნდა საქმე. არ გაგიგონიათ ჩვენებური ანდაზა: კატა ისე უნდა დაიჭირო, რომ ბრჭყალი არ გაგკრასო! აგრე, აგრე, ერთი ავუსრულოთ წადილი იმ ჩვენს გიჟს. ხომ გახსოვთ, ჩვენი გულისთვის რამდენჯერ მიუცია თავი ცეცხლში.
ორივე ამხანაგმა მოუწონეს დათიკოს ეს რჩევა. ისინი ჩუმად ავიდენ აივანზე. ორი მათგანი კარებთან გაჩერდა, დათიკო კი, თითქო ბამბა აკრავს მთელ სხეულზეო, უხმაუროდ შევიდა ოთახში.
იმ დროს, როცა ეს ამხანაგები კარებს ადგენ და თათბირში იყვენ, დესპინე ღრმა ძილში იყო და ხედავდა შემდეგ სიზმარს: ვითამც ის წევს საშინელ, ბნელი სოროს პირზე; სოროდან ნელ-ნელა ამოყო თავი ვეებერთელა დათვმა და უნდა ჩაითრიოს. დესპინეს უნდა გაიქცეს, მაგრამ ფეხები ვერ გაანძრია, უნდა დაიყვიროს, მაგრამ კრინტიც ვერ დასძრა. დათვმა კი, ვითომც, ეს-ეს არის, მიაწვდინა კიდეც საშინლად დაღრენილი ხახა. დესპინეს შიშით სული ეხუთებოდა. აი, სწორედ ამ დროს შევიდა ოთახში დათიკო, ჯერ კარგად დააყურა, - სძინავთ თუ არაო. როცა დარწმუნდა, რომ ცოლსაც და ქმარსაც ღრმად სძინავთო, ნელ-ნელა დააცეცა მწოლარეთ ხელი, რომ გაეგო - ქალი რომელ მხარეს წევსო, მიაგნო დესპინეს, მოსდო ცალი ხელი მხრებზე, ცალი - წელზე, და დაუპირა ლოგინიდან აყვანა ისე, თითქოს ბავშვი აჰყავსო. მაგრამ ამ დროს დესპინემ ისეთი იკივლა, რომ აქეთ სპირიდონ და მეორე ოთახში მედუქნე და მისი ბიჭები შეშინებული წამოცვივდნენ ზეზე, “რა დაგემართა!” - მისცა ხმა სპირიდონმა და გაექანა იქითკენ, რომელ მხარესაც დესპინე იწვა. მაგრამ ამ დროს იმან ლანდივით დაინახა კაცი, რომელსაც მიჰყავდა დესპინე და გაშმაგებული ეცა მას. სპირიდონს ამ კაცის ხანჯალი მოხვდა ხელში; მან მოაგლიჯა ეს ხანჯალი ქამრიდან, დაანარცხა იატაკზე, ისე რომ ფიქრადაც არ მოსვლია ესარგებლა ამ იარაღით, სწვდა ისევ უცხო კაცს, რომელმაც ამ დროს გააგდო ქალი ხელიდან და თავის მხრით წაავლო სპირიდონს ყელში ხელი, მაგრამ უფრო იმ აზრით, თავი გაეთავისუფლებია მისგან და გაქცეულიყო.
დათიკოს მოეშველენ ორი ამხანაგი, რომლებიც გარეთ უცდიდენ. ცუდად იქნებოდა სპირიდონის საქმე, რომ შემდეგ ორ გარემოებას არ დაეხსნა ის სიკვდილიდან: ერთი, რომ ოთახში საშინლად ბნელოდა, ამხანაგები ერთმანეთს ვეღარ არჩევდენ და ამიტომ ამოღებული ხანჯლები ვერ მოეყვანათ მოქმედებაში იმის შიშით - ვაი თუ შეგვცდეს და ერთმანეთი დავჭრათო; მეორე - არ გასულა ერთი წამი, რომ მედუქნე და მისი ბიჭები შემოვარდენ შუა კარიდან სპირიდონთან ანთებული სანთლით. მოჰკრეს თუ არა სინათლეს თვალი, უცხო კაცები დაუსხლტენ სპირიდონს ხელიდან, გავარდენ გარეთ და გაქრენ აჩრდილებივით. როცა სანთელმა ოთახში გააშუქა, დაინახეს რომ იატაკზე გდია გულწასული დესპინე. სპირიდონ ელვასებრ მივარდა და დაუწყო წყლის პკურება. მედუქნეც მიეშველა და, დესპინეს როგორც იყო, გაახელიეს თვალი. სპირიდონმა აგრეთვე იპოვა იატაკზე ის ხანჯალიც, რომელიც მან იმ ვიღაც კაცს შეაგლიჯა ქამრიდან. მედუქნემ იცნო, ვისიც იყო ეს ხანჯალი, მაგრამ სპირიდონს კი არ გაუმხილა, რადგანაც ხანჯლის პატრონისა ეშინოდა - დამიხელებს სადმე და ამკუწავსო.
- ეს ჩემთვის საჭირო არ არის. - უთხრა სპირიდონმა მედუქნეს და გადასცა ხანჯალი.
მედუქნემ მადლი გადაუხადა და ჩამოართო ხანჯალი იმ განზრახვით, რომ, როცა სპირიდონი წავიდოდა, გადაეცა პატრონისთვის.
დესპინემ თუმცაღა თვალი გაახილა და რამდენიმე სიტყვაც თქვა, მაგრამ სრულ გონს მაინც ვერ მოვიდა ჯერ, მას ვერ გამოერკვია, რა მოხდა მის თავს, მას ასე ახსოვდა ეს შემთხვევა, რომ ის ვითომც დათვმა დაითრია სოროში. ეხლა კი ხედავს, რომ სანთელით განათებულ ოთახში წევს და სასთუმალს ქმარი უზის, აქ არც სოროა და არც დათვი.
- რა იყო, რა მოხთა? - ჰკითხა კარგა ხნის სიჩუმის შემდეგ დასუსტებული ხმით დესპინემ ქმარს.
- არაფელი, ვიღაც მთვრალები შემოცვინდენ დუქანში, იმათმა ხმაურობამ შენ უცბად გაგაღვიძა და დაგაშინა კიდეც, მეტი არაფელი. - უპასუხა ქმარმა, რომელიც თვითონაც საშინლად აღელვებული და გაკვირვებული იყო, რომ ასე მოულოდნელად თავს დაესხენ. მას ეჭვიც ვერ აეღო, თუ ვინ უნდა ყოფილიყვენ ეს გმირები. “უთუოთ, ის ვიღაც ტარიელია, ის იქნებოდა! დღეს სულ მგელსავით მიმზერდა”. - გაიფიქრა დესპინემ, როცა გონს მოვიდა და შიშის ჟრუანტელმა დაურბინა ტანში.
- მართლა, მაშინ დამავიწყდა, აი, ამით გაამაგრეთ კარები. - შემოუტანა მედუქნემ სპირიდონს რკინის ურდულები.
სპირიდონმა გაამაგრა კარები, დაწვა, მაგრამ ძილი კი არ ეკარებოდა არც მას და არც დესპინეს. პატარა ლამპა სუსტად ანათებდა მათს ოთახს.
ტარიელ მეტად აღელდა, როცა მისი ამხანაგები ხელცარიელი დაბრუნდენ და მასთან ერთი მათგანი უხანჯლოდ.
- ერთმა ბაღლინჯომ სამ ვაჟკაცს ხანჯალი წაგართვათ და პირში ჩალა გამოვლებული გამოგაგდოთ! სადღა უნდა გაახილოთ ამის შემდეგ თვალი! - არცხვენდა ის ამხანაგებს.
- ვაჟო, ის ხანჯალი როგორმე ამეღამ ამოვიგოთ, თვარა საციმბიროთ გაგვიხთის საქმეს. ამისთანა მათხოვარი კაცი, ხომ იცით, საჩივარზეა ჭიპდაჭრილი. ხვალ იმ ხანჯალს პოლიციაში წარადგენს და მაშინ... - თქვა ერთმა ამხანაგმა.
- ფიქრი ნუ გაქვთ, ხანჯალსაც ამოვიგებთ და ჩვენს სურვილსაც შევისრულებთ, ოღონდ მე მომყევით. წავიდეთ იმ დუქანში, მოვატანიოთ ღვინო, დავპატიჟოთ იმ ქალის ქმარი და მედუქნე, გამოვათროთ კარგა - იმათ რა ბევრი უნდათ! სამ-სამი ჭიქა ღვინო თავდაღმა დასცემს! შემდეგ ხანჯალიც ხელთ გვექნება და ის ტარიელის ნესტან-დარეჯანიც ჩვენი იქნება დილამდე. რატომ აქომომდე არ მოგვაგონდა ეს! - თქვა მეორე ამხანაგმა.
ყველას მოეწონა ეს აზრი.
- კაცო, ის ახლა შეშინებულია, ასე ადვილით დაგვენდობა? - შენიშნა ვიღაცამ.
- დამენდობა რომელია! მის ოთახში შევიტან ღვინოს, ბიჭია და ნუ დალევს! - თქვა ტარიელმა.
ტარიელმა და მისმა ამფსონებმა თავიანთი არღნით გასწიეს იმ დუქნისკენ, სადაც სპირიდონ და მისი მეუღლე იყვენ ჩამომხდარი. როცა დუქანს დაუახლოვდენ, ტარიელს აღარ მოუთმინა გულმა, მივარდა იმ ოთახის კარს, სადაც სპირიდონ და მისი მეუღლე ეგულებოდა, და დაუწყო რახუნი. ამხანაგები ეცენ ტარიელს, - გვადროვე, ჯერ თითონ დუქანში შევიდეთ და შემდეგ მივიპატიჟოთ, ან თითონ ჩვენ მივეპატიჟოთ, - მაგრამ ტარიელს ისე ჰქონდა ღვინისაგან სისხლი აღელვებული, რომ ეგენი აღარ ეყურებოდა.
- ვინ ხარ? - დაუძახა სპირიდონმა.
- სტუმრები გეწვიათ და კარები გააღეთ. - შემოესმა პასუხად.
- ვინ სტუმრები?
- ტარიელ მკლავაძე და მისი ამხანაგები.
- უკაცრაოთ, მარა ერთი, რომ ვერ გიცნობთ და მეორეც, დროც არა მაქვს ახლა სტუმრების მიღებისთვის, - ტკბილად უპასუხა სპირიდონმა.
- შეურაცხყოფას ნუ გვაყენებთ. გწვევივართ, უნდა მიგვიღოთ! - შემოესმა სპირიდონს და შემდეგ კიდევ რამდენიმე კაცის ხმამ არეულ-დარეულად განაგრძო:
- რას ქვია, დრო არა მაქვსო!.. ეს შეურაცხყოფაა ჩვენთვის!.. უნდა მიგვიღოთ!.. ქართველი კაცის ჩვეულება ასეა, გეწვევა, უნდა მიიღო, არმიღება გალახვაა.
- შუაღამისას, ლოგინში მწოლარემ რომ უცნობი სტუმრები ვერ მიგიღოთ, ეს სრულიათაც შეურაცხყოფა არ უნდა იყოს არავისთვის. - უპასუხა სპირიდონმა.
- გააღე კარები, თვარა ძალით შემოვამტვრევთ! - შემოესმა მუქარის ხმა.
- მოდი, ჩავიცვამ ტანზე და გავაღებ კარებს, რას დაგვიშავებენ ვითომ? - დაეკითხა სპირიდონი დესპინეს.
- არა, არა! არ გაუღო კარი! - ეცა ხელში დესპინე ქმარს. - არ გაუღო, თვარა დევიღუპებით! ესენი კაი საქმისთვის არ არიან აქ მოსული! არ გაუღო. - ეუბნებოდა დესპინე და თან ფერდაკარგული საშინლად კანკალებდა.
სპირიდონმა შეამჩნია დესპინეს გაფითრებულ სახეზე და კანკალზე - ძლიერ შეშინებიაო, და თვითონაც დაფიქრდა, მართლადა რაღაც ავი მიზანი უნდა ჰქონდეთ, თვარა რისთვის უნდა მოსულიყვენ უცხო კაცთან სტუმრადაო.
- როგორც მოგახსენეთ, ამეღამ არ შემიძლია თქვენი მიღება, რადგანაც ვერ ვიცნობთ ერთმანეთს. თუ მაინცადამაინც სურვილი გაქვთ ჩვენთან სტუმრობის და გაცნობის, ხვალ მობრძანდით, დიდი კმაყოფილებით მიგიღებთ და, რაც ღონე გვექნება, პატივსა გცემთ. - უთხრა სპირიდონმა დაუპატიჟებელ სტუმრებს.
- გაგვიღე კარები, თვარა ძალათ შემოვამტვრევთ! - დაემუქრენ გარედან ხელმეორედ.
- მერე სინდისიერი იქნება ეს? ასეთ საქციელს, სინდისზე ხელაღებული კაცის გარდა, არავინ იკადრებს.
- როგორ, მაშ მე უსინდისო ვარ?! მე მეძახი უსინდისოს?! მოგიკვტეს ტარიელ, თუ თავი არ გაცნობა! - აქ ტარიელმა ისე მაგრად ჰკრა კარებს წიხლი, რომ მთელი ოთახი შეინძრა.
კარებზე წიხლის ცემა თანდათან განმეორდა. სპირიდონმა დაინახა, რომ აქ ხუმრობა აღარ არისო, სასწრაფოდ ტანს ჩაიცვა, დაიკავა ხელში თავის პატარა რევოლვერი და მოელოდა - აი, აგერ, აი, აგერ შემოანგრევენ კარებს და, ვინ იცის, ეს გამხეცებული ხალხი რას არ ჩაიდენსო. თუმცაღა ჯერ კარებისთვის ვერა დაეკლოთ რა, რადგანაც საკმაოდ მაგარი იყო და თან რკინის ურდულით გამაგრებული, მაგრამ იჭვი არ იყო, რომ ლომივით ღონიერი ტარიელი ადრე დაამტვრევდა მას. დესპინემაც ჩაიცვა ტანს და იჯდა ლოგინზე, მაგრამ ამ გარემოებას ისე შეეშინებია, რომ ცოტა უკლდა გულის წასვლას. სპირიდონმა სცადა კიდევ ტარიელთან ლაპარაკი, - იქნება შევაგონო რამეო. მაგრამ მისი ლაპარაკი აღარავის ესმოდა. ის იყო სწორედ, კარებიც საკმაოდ მოირყა და რამდენიმე წიხლის შემდეგ, უეჭველად, ჩამოცვიოდა ძირს, რომ ხმაურობაზე შეგროვდა ხალხი - მედუქნეები და სხვები, ეცენ ხელში ტარიელს, როგორც მოსაშვალე, და დაუწყეს რჩევა: “არ გეკადრება, ნუ ჩაიდენ ასეთ საქმესო”. “არა! უსინდისოო, დამიძახა! მე იმას უნდა ვაჩვენო, ვინცა ვარ! გამიშვით, გამიშვით”! - ყვიროდა ხაფი ხმით მკლავაძე, რომელიც რამდენიმეჯერ დაუსხლტა ხელიდან და ისე მძლავრად დაეძგერა კარებს, რომ ერთი-ორი კიდევ და დალეწავდა კიდეც. მაგრამ ხალხი ხელახლა იჭერდა ტარიელს და ეხვეწებოდა დამშვიდდიო. მეტადრე ერთი მკლავღონიერი მუშა ბიჭი მამაცად ეჭიდებოდა და არ უშვებდა ტარიელს კარებთან. ამასობაში ტარიელის ამხანაგთაგანიც ზოგიერთი მოვიდა გონს და ამშვიდებდენ ამხანაგს - რას შვრები, რას! სულ ყველას სისხლის სამართალში მიგვცემენო. კარგა დიდი ხანი გავიდა ამ ცოდვილობაში.
უკანასკნელ, როგორც იყო, ტარიელ წაიყვანეს დუქანში. დიდხანს ისმოდა მისი ყვირილი: “გამიშვით, ერთი დავლეწო იქაურობაო”. აგინებდა სპირიდონს დედას და ცოლს ისეთი უშვერი სიტყვებით, რომ მაყურებელნი ყურებში თითებს იცობდენ. უკანასკნელ, როგორც იყო, მიდუმდა ტარიელის ხმა.
დესპინემ და სპირიდონმა ამ შემთხვევის შემდეგ მთელი ღამე უძილოდ გაატარეს. დესპინე ისევ ისე გაფითრებული იყო და ცახცახებდა.
სპირიდონმა სცადა მისი გამხნევება, მაგრამ ამაოდ. ეხლა ორივემ ცხადად იცოდენ, ვინც იყვენ ის გმირები, რომლებიც მძინარე დესპინეს მოტაცებას აპირებდენ.
VI
გათენდა. მოღრუბლული დილა იყო და უსიამოვნო ქარი ქროდა. დესპინე ცოტათი მოაცოცხლა დღის სინათლის დანახვამ.
- ღმერთო, ერთი დროიანად მოვიდეს ის ოხერი მატარებელი და გავშორდეთ აქაურობას! - თქვა დესპინემ.
- ცოტა მოვითმინოთ და მოვა კიდეც. რამ შეგაშინა ასე? არ გინახავს მთვრალი ხალხი? სიმთვრალით მოუვიდათ, სხვა კი არაფერი იყო. - უთხრა სპირიდონმა.
- სიმთვრალით მოუვიდათ თუ სიფხიზლით, ჩვენ ორის სიცოცხლე წუხელ ბეწვზე ეკიდა და სხვაი შენ იცი. - უპასუხა დესპინემ.
- ამისთანა მშიშარა გული თუ გაქვს, როგორ გინდა უსამართლობას შეებრძოლო? აი, რომ გიტაცებს გმირი ქალების მაგალითი და აპირებ გახვიდე ბრძოლის ველზე, იქ ხომ გულწრფელ მებრძოლს უფრო დიდი საშიშროებაც შეხვდება. - ტკბილად შენიშნა ცოლს სპირიდონმა.
- ის საშიშროება, შენ რომ ამბობ, სულ სხვაა და ეს - სულ სხვა. როცა საზოგადო საქმისთვის თავს სწირავს ადამიანი, იცის, რომ მისი ღვაწლი ამაოდ არ ჩაივლის, ასე თუ ისე კეთილ ნაყოფს გამოიღებს. ასეთ თავგანწირვაში რაღაც ერთგვარი კმაყოფილებაც არის, მერე კიდევ წინდაწინვე იცი, რომ თავი უკვე შეწირული გაქვს, აქ შიშიც აღარ ეკარება შენს გულს. მაგრამ, როცა ადამიანი ხედავს, რომ მისი სიცოცხლე სრულიად უმნიშვნელოდ, ფათერაკად უნდა გაქრეს, მაშინ კი ძლიერ დაენანება თავი. წარმოიდგინე, წუხელ რომ იმდენი ხალხი არ შეხვედროდა, ის გამხეცებული ადამიანები შემოცვინდებოდენ და გათავდა, დავიღუპებოდით! დავიღუპებოდით, ვიცი ბეჯითად, დავიღუპებოდით! - დესპინეს ამ უკანასკნელ სიტყვებზე საშინლად გააჟრჟოლა.
- რა ვუყოთ, ჩვენი ხალხის ცხოვრება ამისთანა შემთხვევებით არის სავსე, მაგრამ, თუ ადამიანი მართლა გმირი და გულადია, გაუძლებს, არ დაეცემა სულით.
- ყოველივეს საზღვარი აქვს. იჭვი არ არის, ადამიანის სულიერ ძალასაც და გმირობასაც ექნება თავისი საზღვარი.
- მართალია, მაგრამ ადამიანი უნდა ცდილობდეს, რაც შეიძლება, შორს გასწიოს ეს საზღვარი, - უთხრა სპირიდონმა და შემდეგ დაატანა: - მაგრამ ახლა ფილოსოფოსობას თავი დავანებოთ. ერთი გავიგო, მატარებელს კიდევ რამდენი დააგვიანდება. შენ კი მანამდე ჩვენი ნივთები ჩაალაგე ჩემოდანში.
სპირიდონმა მოიხურა შალი და, ის იყო, აპირებდა გასვლას, რომ ამ დროს შემოვიდა მასთან მისი ნაცნობი მედუქნე და უთხრა:
- ბატონო, ნუ გაბრძანდებით, თქვენი ჭირიმე, ტარიელ ძლიერ გაჯავრებული ყოფილა თქვენზე - წუხელ მაგინაო. ისეთი კაცია, რომ სხვაფერ თუ არ მოვახერხეთ საქმე, არ ივარგებს.
დესპინეს საშინლად გაუფითრდა სახე ამ სიტყვების გაგონებაზე.
- მაშ, რა უნდა ვქნა? კარდაკეტილ სახლში ხომ არ დავჯდები? ადრე თუ გვიან, ხომ უნდა გავიდე სადგურზე? - წარბებმოჭმუხვნით თქვა სპირიდონმა.
- პოლიციას შეატყობინეთ. - ურჩია მედუქნემ.
- მერე პოლიცია ყოველ ფეხის ნაბიჯზე დარაჯათ ხომ ვერ დამიდგება?
- მაშ? როგორ გნებავთ? - დაეკითხა მედუქნე.
- წერილს მივწერ მკლავაძეს, - ცოტა ფიქრის შემდეგ თქვა სპირიდონმა. - რა ვუყო, ბოდიშს მოვიხდი დანაშაულში, თუმცაღა კი არ ჩამიდენია მის წინაშე არავითარი დანაშაული. იმათ კი ჩაიდინეს ჩემს წინაშე დანაშაული, მაგრამ მიპატიებია, და, თუ ამითაც არ დამეხსნება, ვიცოდე მაინც წინდაწინვე.
დესპინემ კი არ იცოდა, რა ერჩია ამ შემთხვევაში ქმრისთვის. პოლიცია რომ ვერაფერ მფარველობას გაუწევდა, ეს მასაც კარგად ესმოდა.
- სწორეთ წერილის მიწერა და ბოდიშის მოხდა სჯობია იმისთანა მხეცთან. - დაეთანხმა უკანასკნელ დესპინე ქმარს.
სპირიდონმა დასწერა შემდეგი წერილი:
“თქვენო კეთილშობილებავ, ტარიელ ერეკლეს ძევ! (სპირიდონმა მედუქნისაგან გაიგო ტარიელის მამის სახელი). დიდ ბოდიშს ვიხთი, რომ წუხელ ვერ მიგიღეთ. მიზეზი ის იყო, რომ ჩვენ ერთმანეთთან გაცნობილი არა ვართ. ამასთან კიდევ თქვენ და თქვენი მეგობრები, უკაცრავად არ ვიყო ამის თქმისათვის, და ღვინისაგან შექეიფიანებული ბრძანდებოდით. აბა, როგორ უნდა მიგვეღეთ ამისთანა პირობებში, ისეთ უდროო დროს! (შუაღამისას, ლოგინში მწოლარეს). ასეთ დანაშაულს (თუკი ეს დანაშაულია), იმედია, გვაპატიებთ. რაც შეეხება მას, რომ გიბრძანებიათ - გვლანძღაო, სინდისს გეფიცებით, არ მახსოვს, რომ სალანძღავათ, ერთი სიტყვა რა არის, წამომცდენოდეს თქვენს და ან თქვენი ამხანაგების პიროვნებაზე. უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვეულებათ არა მაქვს ადამიანების ლანძღვა-გინება. ვინიცობაა გამიწყრა ღმერთი და გაღვიძების დროს უნებლიეთ წამომცთა რამ ავი (კიდევ დავიფიცავ, რომ მე არაფერი მეგულება ისეთი), იმ შემთხვევაში მორჩილათ ბოდიშს ვიხთი თქვენს წინაშე და გთხოვთ, მაპატიოთ დანაშაული. იმედი მაქვს, რომ ამ ბოდიშის შემდეგ, როგორც კარგი ვაჟკაცი, აღარ მოიწადინებთ შურისძიებას. თუ მაინცადამაინც არ დაგაკმაკოფილოთ ამ ჩემმა ბოდიშმა, იმ შემთხვევაში, გთხოვთ, წინდაწინვე გვაცნობოთ ეს, რომ ჩვენც მოვემზადოთ დასახვედრათ. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ, როგორც კარგი ვაჟკაცი, მოულოდნელად არ დაგვესხმით თავს. როცა მეცოდინება, რა ვუყოთ, რაც მოსავალია, მოვიდეს. მართალია, მე თქვენთან ვაჟკაცობაში, ესე იგი მკლავღონიერობაში თავი არ მომაქვს, მაგრამ თანასწორ იარაღით ბრძოლას არ გავექცევი (რომ გავიქცე, სანამდის უნდა ვიმალო?).
ს. მცირიშვილი”.
- ხედავთ, ვაჟკაცობას დასდგომია, დუელში მიწვევს! - სიცილით თქვა ტარიელმა, როცა სპირიდონის წერილი წაიკითხა. მერე მიუბრუნდა მედუქნეს და უთხრა:
- უთხარი, რომ შენისთანებს მე დუელში არ მივყობი-თქვა.
- მაშ აღარ ინებებთ?
- რას ვინებებ, იმასთან დუელში წასვლას? წადი, ნუ ჩერჩეტობ ერთი, შენს დუქანს მიხედე! - ამაყად უპასუხა ტარიელმა, მოატანია ბიჭს წყალი და დაიწყო პირის ბანა.
- მე, ჩემდა თავად, დიდი მადლობა მომიხსენებია. - გადაუხადა მედუქნემ მძიმედ მადლი და დაბრუნდა სპირიდონთან.
- არ ვიცი, ღმერთმანი, მეც ძალიან გამიკვირდა, შენ რომ მითხარი, გემუქრებაო. კაცისთვის არაფერი დამიშავებია, რისთვის უნდა მემუქრებოდეს. - თქვა სპირიდონმა, როცა მედუქნემ დაარწმუნა, ტარიელს ცუდი აღარ უძევს გულში თქვენს შესახებო.
- დილას, მართალია ამბობდა, მაგრამ ასე კი მოგახსენა - რამ გადაგრიათ, რამ აგახირათ, რის ჩხუბი, რის დუელიო. დილას, ალბათ, კიდევ ღვინო უღიტინებდა თავში. - უკანასკნელად დაარწმუნა კიდევ მედუქნემ სპირიდონ ტარიელის სიტყვებში და გაბრუნდა თავის დუქანში.
- იცი, სპირიდონ, როგორღაც მე იმ მგელკაცის მაინც კიდევ მეშინია. - უთხრა დესპინემ ქმარს, როცა უკანასკნელმა დააპირა სადგურზე წასვლა.
- უადგილო შიში იგივე ავათმყოფობაა. უნდა ეშინოდეთ იმათ, ვისაც რამე დაუშავებიათ. ჩვენ ხომ ასეთი არა მიგვიძღვის რა? მაშ, არც შიში გვმართებს. - უპასუხა სპირდონმა ცოლს.
- წუხელისაც არ მიგვიძღოდა დანაშაული იმ ხალხთან, მაგრამ მაინც კი ორჯელ თავს დაგვესხენ და მიწასთან გასწორებას გვიპირობდენ.
- შენი მოსაზრების ძალით ადამიანი მუდამ შიშში უნდა იყოს, ვინ იცის, არ მოველოდები, მაგრამ იქნება მოხთეს ჩემ თავზე ესა და ეს უბედურობაო. ამნაირი უმიზეზო შიშით წინდაწინვე, უბედურობის შემთხვევამდე, კაცი სასჯელში იქნება მიცემული, - შიში იგივე ტანჯვა და სასჯელია.
- შიში სხვაა და სიფრთხილე კიდევ სხვა. მე სიფრთხილეზე ვლაპარაკობ.
- მუდამი სიფრთხილე იგივე შიშია. - უთხრა სპირიდონმა და გავიდა გარეთ.
მინამ სადგურს მიუწევდა, სპირიდონს უნდა გაეარა რამდენიმე დუქნის წინ, რომლებიც დათხუპნული კედლებით გამწკრივებული იყო სადგურზე კარგა მოშორებით. ერთ მხარეს, დუქნებს წინ გავლებული ქონდა ვიწრო გზა. სადგურის მხრით გზას მიჰყვებოდა კვალი, რომელიც მუდამ სავსე იყო ნეხვით, ტალახით და მღვრიე წყლით. სპირიდონ სიცივისაგან ცოტათი მოკუნტულიყო და ისე მიდიოდა. როცა რამდენსამე დუქანს გასცილდა, მან დაინახა, რომ ტარიელ გამოსულა გარეთ და, ზურგით დუქნის ბოძზე მიყრდნობილი, ნელ-ნელა ივარცხნის წვერს. გაღეღილი ახალუხის და პერანგისგან ტარიელის ზორბა მკერდი ისე მოჩანდა იმ დროს, თითქოს მარმარილოს კედელიაო.
- ყმაწვილო, თქვენთან სიტყვა მაქვს, მომითმინეთ მანდ, თუ შეიძლება. - დაუძახა ტარიელმა სპირიდონს, როცა ეს უკანასკნელი დაუპირდაპირდა მას.
“ალბათ, ბოდიში უნდა მოიხადოსო”, - იფიქრა სპირიდონმა და მოუცადა ტარიელს, რომელიც ნელ-ნელა მიივარცხნიდა წვერს და უახლოვდებოდა მას.
- რას გვემართლებოდით, ყმაწვილო, წუხელ რომ გაგვლანძღეთ? - ჰკითხა ტარიელმა სპირიდონს, როცა მიეწია და ჯებირივით გაუჩერდა წინ.
იმ პასუხის შემდეგ, რომელიც მედუქნემ ტარიელისაგან მიუტანა, სპირიდონისთვის სრულიად მოულოდნელი იყო ტარიელის სიტყვები.
- ხომ მოგახსენეთ წერილით ამის პასუხი? მაშ ხელახლავ რაღა საჭირო იყო ამის განმეორება? რადგან გსურთ, გავიმეორებ: გეფიცებით, არ მახსოვდეს, რომ გამელანძღოთ! თუ რამ უნებლიეთ წამომცთა (გავიმეორებ, არ მახსოვს კი), ბოდიშს ვიხდი თქვენს წინაშე და გთხოვთ გვაპატიოთ. - უპასუხა სპირიდონმა.
- არ გახსოვს? კარებდაკეტილ სახლში ძალიან გულადად და მაგრად იძახოდით: თქვენ უსინდისოო! ახლა აღარ გახსოვს? - დინჯად ჰკითხა ტარიელმა, რომელსაც, სიმთვრალის გამო თუ როგორღაც, ჩარჩენოდა ხსოვნაში, თითქო სპირიდონს დაეძახოს მისთვის, შენ უსინდისოო და ეხლა ფიქრობდა, “ეშინია და იმიტომ უარობს სპირიდონიო”.
- არ მახსოვს, მარა ბოდიშს კი მაინც ვიხდი. ახლა რაღა გნებავთ?!
- რა მნებავს? - გესლიანი ღიმილით ჰკითხა ტარიელმა, რომელსაც ამ დროს თვალები სხვანაირად აუთამაშდა. - არ გახსოვს? - გაიმეორა კიდევ და ისე სწრაფად ჰკრა ფერდში ფეხი სპირიდონს, რომ უკანასკნელს არც კი დაუნახავს, მხოლოდ იგრძნო, რომ რაღაც მძლავრი მოხვდა ფერდზე და ყირამალა ჩაეცა კვალში.
- აი, ეს მნებავს! - მიატანა ტარიელმა, რომელიც ჯერ კიდევ არ იძროდა ადგილიდან, რადგანაც სურდა - როცა სპირიდონ კვალიდან ამოვა, ერთს კიდევ მივვარდები, ვკრავ წიხლს და ჩავსცემ კვალში, რომ მისმა ლამაზმა ცოლმა ბარემ კარგად დაინახოს მისი ვაჟკაცობაო. წინდაწინვე დაწყობილი ჰქონდა ტარიელს, რომ ხელი არ ეხმარა სპირიდონის გალახვაზე:
- არა, ცალი ფეხის მეტს, არც ხელს ვიხმარ და არც იარაღს, ისე გავლახავ, ეს უფრო სასაცილო იქნება და უფრო მოეწონება მის ლამაზ ცოლსო.
სპირიდონ ადგა და ამოვიდა კვალიდან. თუმცაღა ამ მოულოდნელმა თავდასხმამ ის ძლიერ დააბნია, მაგრამ როცა ტარიელი იქვე დაინახა, მაინც მიხვდა - ალბათ, კიდევ უნდა დამეტაკოსო, ამიტომ სწრაფად მოივლო ხელი რევოლვერზე, რომელსაც ის მოგზაურობის დროს წაღის ყელში იდებდა, მაგრამ სამგზავრო წაღის ყელი მეტად მაღალი იყო და რევოლვერი ძალიან დაბლა ჩაწეულიყო შიგ, ალბათ, მაშინ, როცა კვალში ჩაეჯახა, - ასე რომ სპირიდონისათვის ადვილი არ იყო მისი ამოღება. როცა სპირიდონმა ჩექმის ყელში ხელი ჩაიყო, ტარიელი მიხვდა, რევოლვერს იღებსო, მაგრამ მისი დაუდრეკელი გული არ შეუშინდა იმ იარაღს: “რევოლვერს ეძებს მამაძაღლი!” - შეჰყვირა მან და, თითქოს ვეფხიაო, ისე გადახტა სპირიდონისაკენ, ასე რომ სპირიდონმა ვერც კი მოასწრო ჩექმიდან ხელის ამოღება: ტარიელ დაახტა მას წელზე და დაანარცხა მიწაზე. თვალის დახამხამებამდე ისევ მივარდა, მოჰკიდა მხრებში ხელი და გაისროლა ბურთივით. მან შესცვალა თავისი გადაწყვეტილება - გალახვის დროს ხელს არ ვიხმარო. ის ეხლა გაცხარებული მოქმედებდა თავისი ღონიერი ხელებით. ტარიელის ამფსონები გამოცვივდნენ დუქნიდან და უყურებდენ სეირს, მხოლოდ, როცა ტარიელ მეტად გახურდა, ერთმა ყმაწვილმა დაიძახა: “მოკლავს ეს გიჟი ამ საწყალ კაცსო” - და მიაშურა ტარიელს, რომ დაეკავებია. ამ ყმაწვილს მიჰყვენ ორი-სამი კიდევ სხვა, მედუქნე, მედუქნის ბიჭი, ეცენ ტარიელს და აღარ უშვებდენ ხელიდან. ამათ სწორედ ისეთ დროს მიუსწრეს, როცა ის იყო, გაცხარებულმა ტარიელმა სტაცა მიწაზე დაცემულ სპირიდონს ცალ ფეხში და მეორე ფეხი თავის ფეხით მიწაზე დაუჭირა და უპირებდა გახლეჩას. იმისი რა მოგახსენოთ, შესაძლებელია თუ არა ადამიანის ამგვარად შუაზე გახლეჩა, მაგრამ ტარიელს კი მოუვიდა ეს აზრი და ისიც ცხადია, რომ არ მოესწროთ, ორივე ფეხებს კი მაინც დაუმტვრევდა. მეტადრე ტარიელ იმან გააცეცხლა, რომ სპირიდონი ერთხელაც არ შეეხვეწა: - “ნუ მომკლავ, ბატონოო”; წინააღმდეგ, რევოლვერით დახვედრაც კი დაუპირა.
ცოცხალ-მკვდარი სპირიდონი, მოსაშვალეების წყალობით, როგორც იყო, გათავისუფლდა ტარიელის ხელიდან. ის ერთიანად ტალახში იყო ამოსვრილი, ტანისამოსიც სულ შემოგლეჯილი ჰქონდა ტანზე. ეხლა თუმცაღა ამოიღო წაღის ყელიდან რევოლვერი. მაგრამ რაღას უშველიდა! ტარიელი დაჭერილი ჰყავდათ მოსაშვალეებს. შურისძიება, კიდეც რომ სდომოდა სპირიდონს, შესაძლებელი არ იყო, რადგანაც ტარიელთან აღარავინ მიუშვებდა. ისე, შორიდან რომ ესროლა რევოლვერი, ტარიელამდი მაინც ვერ მიატანდა ტყვია, ვინმე ალალმართალ ადამიანს მოხვდებოდა. სპირიდონმა ხელახლავ ჩაიდო წაღის ყელში რევოლვერი და წავიდა თავისთვის.
იმ დროს, როცა ტარიელმა დაუძახა სპირიდონს: “თქვენთან სიტყვა მაქვსო”, დესპინე ოთახის კარებთან იდგა და ამიტომ ყოველივე იმთავითვე დაინახა, რაც მოხდა სპირიდონსა და ტარიელს შორის. მას შიშის ჟრუანტელმა დაურბინა ტანში. როცა ტარიელ მის ქმართან მივიდა და ლაპარაკი დაუწყო, ინსტინქტით მიხვდა, რომ კარგს არას მოასწავებდა ეს ლაპარაკი. ვერ მოასწრო იმის მოაზრება, თუ რა უნდა ექნა, როგორ მიშველიებდა ქმარს, რომ ტარიელმა კიდეც ჩააჯახა სპირიდონი კვალში. ამ სცენის დანახვაზე კინაღამ გული არ წაუვიდა დესპინეს. ის დარეტიანებული გამოვარდა გარეთ და გაიქცა სპირიდონისაკენ. თუ რით მიშველებოდა ქმარს, რით შეებრძოლებოდა გამძვინვარებულ ტარიელს, იმისი მოფიქრების დრო სადღა იყო. მას მხოლოდ ელვასაებრ გაურბინა ფიქრში, რომ თავი შეაკლას თავისი ქმრის მოჩხუბარს. ის იყო დესპინემ მიუწია კიდეც იმ ადგილს, სადაც მის ქმარს თავს დაესხა ტარიელ, რომ ერთმა ყმაწვილმა კაცმა, ტარიელის ამფსონთაგანმა, სტაცა მას ხელი შემდეგი სიტყვებით: “სად მირბით? რა თქვენისთანა ანგელოზის საქმეა ჩხუბი!” დესპინემ დაიწყო ბრძოლა თავის განთავისუფლებისათვის, მაგრამ ამაოდ: ყმაწვილი კაცი ბევრად ღონიერი იყო ნაზ ქალზე. “აკი გეუბნებით, თქვენისთანა ანგელოზს არ შეფერის ჩხუბი-მეთქი”, - ეუბნებოდა ის დესპინეს და თან მაგრა უჭერდა მკლავებს, ვითომ და როგორც მოსაშვალე, მაგრამ ნამდვილად კი მოსაშვალის მოვალეობაზე უფრო ლამაზი დესპინეს ხელში დაჭერის სურვილი ამოქმედებდა ყმაწვილ კაცს. სხვაფრივ რომ ვერას გახდა, დესპინემ ჩაავლო მას მკლავში კბილები და ისე მძლავრად მოუჭირა, რომ ყმაწვილი კაცი იძულებული იყო, ქალი ხელიდან გაეშვა. მაგრამ დესპინეს განთავისუფლებამდე მოსაშვალეებმა, ის იყო, კიდეც მოაშორეს ტარიელი სპირიდონს. რაღა უნდა ექნა! ცოცხლად მოკლული ამ შემთხვევით, ის გაჰყვა თავის ქმარს უკან ისე, თითქოს მკვდარი მეორე მკვდარს ასდევნებიაო.
ხალხი დიდხანს ჟიჟინებდა ამ შემთხვევის გამო. ვინ სპირიდონს დებდა ბრალს: “წუხელ თურმე სულ რუსულა აგინა ტარიელს და აბა ტარიელ როგორ შეარჩენდა გინებასო” ვინ იმას ამბობდა - “ტარიელ იმან გააცეცხლა, რომ თურმე დუელში გამოიწვია სპირიდონმაო”. ზოგი კიდევ უფრო შორს წასულიყო ჭორებში: “თურმე იმ უჩიტლის ცოლს შეპირებული ჰყოლია ტარიელ, რომ დაღამდეს, მოდიო. ტარიელ, რასაკვირველია, მოსულა. ეს გაუგია ქალის ქმარს და სულ იმაზე მომხდარა ეს ანბავიო”. ვინ მოსთვლის, კიდევ რაები არ მოჭორეს. ბევრს კიდევ ის მოსწონდა, რომ ტარიელმა, როცა გალახა სპირიდონი, დაუძახა: “ქართული დუელი ეს არის. მე ასე ვიცი დუელიო”. მხოლოდ ორ-სამგან ჭმუხნავენ წარბებს ტარიელის საქციელზე და ამბობდენ: - ეს ვაჟკაცობა კი არა, მხეცობა არისო.
ამასობაში მოაწია მატარებელმაც. სპირიდონ ცხადათ ხედავდა, რომ მოეცადა და დაკმაყოფილება მოეთხოვა ტარიელისაგან უმართლოდ შეურაცხყოფის მიყენებისთვის, უფრო სასაცილოდ გაიხდიდა თავს, მეტს კი ვერას გახდებოდა. ის და მისი მეუღლე შევიდენ ვაგონში, რომ, რაც შეიძლება, ადრე მოშორებოდენ მათთვის უსიამოვნო ადგილს. როცა მატარებელი დაიძრა, ტარიელმა მიაძახა სპირიდონს: “ყმაწვილო, ყმაწვილო! დუელი დაგავიწყდა!” სპირიდონმა გარკვევით გაიგონა ეს სიტყვები, რომლებშიაც მწარე დაცინვა იყო გამოხატული, მაგრამ მხოლოდ ერთი ზანტათ გადმოხედა ტარიელს, - ხმა არ გაუცია.
წავიდა თუ არა მატარებელი, ტარიელი და მისი ამფსონები შევიდენ დუქანში და შეუდგენ ქეიფს. ტარიელ ისე მხიარულად სვამდა და ქეიფობდა, თითქო იმ დღეს ჭიანჭველაზედაც კი არ დაედგას ფეხიო. მართალია, წინაღამეს ვერ აისრულა ტარიელმა თავისი წადილი, რომელიც იმაში მდგომარეობდა, რომ დესპინე გაეტაცებია დილამდე, მაგრამ წადილის აუსრულებლობის გამო ნატკენი გული სპირიდონის გალახვით მოიფხანა და მით გაათავა იმაზე დარდი.
VII
იმ სადგურიდან მოწყებული, სადაც ისეთი თავზარდამცემი უსიამოვნება შეხვდათ, სპირიდონმა და მისმა მეუღლემ ისე გაიარეს მატარებლით რამდენიმე სადგური, რომ კრინტი არ დაუძრავთ. ეგდენ ვაგონში სკამებზე მდუმარედ, ნაღვლიან ფიქრებში გართულნი. უკანასკნელ, როცა მატარებელი მიადგა ერთ დიდ სადგურს, სადაც დიდხანს ჩერდებოდა და პასაჟირებს შეეძლოთ აუჩქარებლივ ეჭამათ საჭმელი სადგურის ბუფეტში, სპირიდონმა აიღო თავი და უთხრა თავის მეუღლეს:
- არ მოგშივდა? ვჭამოთ რამე. აქ კაი ბუფეტია.
- არ მინდა. - უპასუხა დაღონებულად დესპინემ.
- თუ საჭმელი არ გინდა, ჩაი დავლიოთ ან ყავა, თორემ, ხომ იცი, კარგა მოზრდილი გზა გვაქვს ჩვენ სახლამდე გასავლელი.
- რა ვქნა, რომ არ მინდა! შენ? შენ გშია?
- მაინცადამაინც არც მე მშია, მაგრამ, შენ რომ წამოსულიყავი, მაშინ კი ცოტა რამეს მეც ვჭამდი, - უპასუხა სპირიდონმა, რომელსაც სრულიადაც არ ჰქონდა საჭმლის მადა, მაგრამ უნდოდა, როგორმე დესპინე გამოეყვანა ნაღვლიანი მწარე ფიქრებისაგან და მისთვის მოიგონა ბუფეტში საჭმლის ჭამა.
- მხეცმა ადამიანმა ჩხუბი აგვიტეხა, უსიამოვნება მოგვაყენა, მაგრამ, როგორც იყო, გადავრჩით. ახლა განა იმის ჯავრით თავი უნდა დავიჩაგროთ, გული უნდა გავიტეხოთ?
- თუკი არ გაგვიტეხს გულს ამგვარი შემთხვევა, ძალად რატომ უნდა გავიტეხოთ? მაგრამ, თუ გაგვიტეხა, რას იზამ, შენსავე გულს ხომ ვერსად გაექცევი? - ნაღვლიანად, მაგრამ ტკბილად უპასუხა დესპინემ ქმარს.
სპირიდონი გაჩუმდა. “როგორ შეგიძლია, სხვა გაამხიარულო, როცა თვითონ შენ ვარამი გიტრიალებს გულში? როგორ შეგიძლია სხვა დაითანხმო იმ თეორიაზე, რომლის წინააღმდეგ შენივე გრძნობა გებრძვის”. - ეუბნებოდა ის თავის თავს.
როცა შინ მივიდენ - თუმცაღა სპირიდონს და დესპინეს არ გაუმხელიათ, რაც შეემთხვათ, მაგრამ სპირიდონის დედამ იმათ სახეზე ცხადად წაიკითხა, რაღაც დიდი მძიმე ამბავი გადახედიათ თავსაო.
- შვილო, კტრის სახე გაქვთ ორივეს. ავი ხომ არაფელი მომხდარა ჩვენ თავზე? - ჰკითხა დედამ სპირიდონს.
- არაფელი, დედა, გზაში დავიღალეთ და იმიტომ. - უპასუხა სპირიდონმა.
“იქნება ცოლ-ქმარ შორის არის რაიმე უკმაყოფილებაო”, - იფიქრა სპირიდონის დედამ და მიაპყრო ყურადღება - იქნება რამ შევნიშნოო. მაგრამ ჩქარა დარწმუნდა, რომ მის შვილს და რძალს ისევ უყვართ ერთმანეთი, როგორც უყვარდათ, თითქმის ახლა კიდევ მეტი სიყვარული ჩანდა ერთმანეთისადმი მათ საქციელში და ლაპარაკში, სპირიდონის დედისათვის სამუდამო საიდუმლოთ დარჩა, თუ რა ნაღველი აწვათ ამ დროს მის შვილს და რძალს.
იმ საღამოს სპირიდონს ძლიერ მძლავრად გააცივა. შემდეგ სიცხე მისცა და მთელი ღამის განმავლობაში შფოთავდა. არც სპირიდონის დედას და არც დესპინეს იმ ღამეს არ დაუძინიათ. საწყალი დედა შიშით გულგახეთქილი დასტრიალებდა შვილს თავზე და ჩიფჩიფებდა რაღაც ლოცვას. დესპინე კი, წინაღამით უძინარი, მოქანცული იჯდა სასთუმალთან და ქმარს ხშირ-ხშირად ჰკითხავდა: “რა ქენი, სპირდონ? აბა, შემომხედე შენს დესპინეს!” - მაგრამ სპირიდონს ახლა ეგენი აღარ ეყურებოდა: სიცხისაგან ალმურმოდებული ბოდავდა თავისთვის მას, რაც წინაღამით და იმ ღამეს გადახედოდა და კიდევ ათას სხვას. განთიადისას დესპინემ სთხოვა ერთ მეზობელს და მოაყვანია ფერშალი. ფერშალმა რაღაც სიცხის წამლები მისცა სპირიდონს. ვინ იცის, ამ წამლებმა უშველეს, თუ თავისთავად მოიკეთა, შუადღის შემდეგ სპირიდონმა გამოახილა თვალები, მიაქცია ყურადღება, რომ დესპინე ორი ღამის უძინარი იყო და ურჩია, მოისვენეო.
- შენც, დედა, - უთხრა სპირიდონმა დედას, - გაწყენს ღამის თევა, რაზე დაიხოცეთ თავი ღამის თევით! - სპირიდონის მოკეთებამ ისე გაამხიარულა მისი დედა და ცოლი, რომ გეგონებოდათ, თავის დღეში ამათ უსიმოვნება არა შეხვედრიათ რაო.
დაღამდა. რადგანაც სპირიდონს მოკეთებულობა ეტყობოდა, სპირიდონის დედა და დესპინე ადრე დაწვენ დასაძინებლად და ადრეც ჩაეძინათ.
სპირიდონმა ლამპა გააქრო და ცოტა მიიძინა. როცა გამოიღვიძა, იგრძნო, რომ ერთიანად ოფლით იყო დასველებული. ის ახლა იწვა თვალებგაშტერებული და ყურები საშინლად უწიოდა. სახლში სიბნელე და მყუდროება დამყარებულიყო. “ახლა რომ ავადმყოფობამ დამაგდოს, რაღაი მაშინ!..” - სუსტად და გაურკვევლად გაურბინა სპირიდონს ფიქრებში. “რა შესაბრალ მდგომარეობაში...” გამოირკვა კიდევ ავადმყოფ სპირიდონის დასუსტებულ ფიქრებში და რაღაც კიდევ უნდა მოჰყოლოდა ამ აზრს, რომ იქ, სადაც დესპინეს ეძინა, გაისმა საშინელი ცივი ხმით კივილი. სპირიდონს დაავიწყდა ავადმყოფობა და ფიქრიც. ის წამოვარდა ზეზე და მიაშურა დესპინეს ლოგინს. მას შერჩა პირში მხოლოდ ეს სიტყვები: “რა დაგემართა?.. რა დაგვმართა?..” გამოვარდა მეორე ოთახიდან სპირიდონის დედაც, რომელმაც მოუკიდა სპიჩკას და შემდეგ აანთო სანთელი. დესპინე ფერწასული იჯდა ლოგინზე და მთელი სხეულით ცახცახებდა.
- რა იყო, რა დაგემართა? - ერთხმად ჰკითხეს დედამთილმა და ქმარმა.
- უზარმაზარი შავი დათვი მეცა და გადამითრია ბნელ სოროში! - ძლივს წარმოთქვა ხმის კანკალით დესპინემ.
- რა ვუყოთ მერე, სიზმარია. სიზმრის, აბა, როგორ უნდა შეგეშინოს ასე? - ტკბილად უთხრა სპირიდონმა, მოუჯდა გვერდით და მიიწვინა გულზე.
ალიონს ცოტა უკლდა, რომ ძლივს დამშვიდდა დესპინე. სპირიდონ და მისი დედა ხელახლავ დაწვენ. ლამპა კი დესპინემ არ გააქრობია.
მეორე დღეს სპირიდონის ავადმყოფობამ ხელახლავ იბრუნა პირი. მიზეზი ის იყო, რომ წინ ღამით, დესპინეს კივილზე სპირიდონი გაოფლიანებული პერანგისამარა ადგა და ამის გამო გაცივდა. ეს გაციება სპირიდონს ბოლოს სნეულებად გადაექცა და მთელი ორი თვე დააწვინა ლოგინში. ორი თვის შემდეგ, როგორც იყო, მოიკეთა, მაგრამ ხედავდა კი, რომ მისი ჯანზე მოსვლა საეჭვოდ იყო.
მაგრამ თავის დასნეულებაზე ისე არ სწუხდა სპირიდონ, როგორც თავისი მეუღლის საშინელ მდგომარეობაზე: დესპინეს ყოველ ღამით ესიზმრებოდა უზარმაზარი შავი დათვი, რომელიც მიათრევდა მას ბნელ სოროში. საბრალო ქალი ამ სიზმრის შიშით ლამპას ვეცარ აქრობდა, შუაღამემდე თვალგაშტერებული იწვა, შემდეგ მოჰპარავდა ძილი თვალებს, ამოუშვებდა ნელ სუნთქვას, როგორც შეფერის ტკბილად მძინარეს, მაგრამ არ გაივლიდა ერთი საათი, რომ იკივლებდა და წამოვარდებოდა ლოგინიდან ფერდაკარგული, შაშით აცახცახებული. ბოლოს და ბოლოს ციებაც დაუწყო დესპინეს ღამღამობით. დაწოლის დროს იგრძნობდა ციებას, შემდეგ მისცემდა სიცხეს, როცა სიცხე დაუნელდებოდა და დაეძინებოდა, ნახავდა თავის დათვს. უკანასკნელ ისე შეიპყრო დესპინე სულით ავადმყოფობამ, რომ დღით სიფხიზლის დროსაც კი ხან ღორი, ხან ძაღლი ან სხვა ცხოველიც კი დათვად ეჩვენებოდა. “ვაი!” - დაიკივლებდა და მივარდებოდა სპირიდონთან. ამ ავადმყოფობამ დესპინე საშინლად ჩამოაჭკნო, ასე რომ ძლივს იცნობდით. უკანასკნელ ხველაც დაუწყო დესპინეს.
სპირიდონს მოჰყავდა დესპინესთან ხან ერთი ექიმი, ხან მეორე, მაგრამ ყველა ამას ამბობდა: “შეშინებულია და მისგან ასტეხია სულით ავადმყოფობა. ძნელად, რომ მორჩესო”. სპირიდონი არ შეუშინდა ვალებს და საზაფხულოდ აბასთუმანს წაიყვანა დესპინე. მაგრამ უკეთესობა არა დაეტყო რა, გარდა იმისა, რომ ახლა სიზმარში დათვის ნახვაზე აღარ კიოდა, არამედ ისე შეშინებული გამოიღვიძებდა და დიდხანს უცახცახებდა სხეული. სამაგიეროდ ფხიზლობის დროს გაუხშირდა მოჩვენება; ხშირად თავისი ან მისი ქმრის ტანისამოსი რომ დებულიყო ოთახში, ისიც კი დათვად მოეჩვენებოდა. სპირიდონს ერთ წამზედაც ვეღარ იშორებდა თვალიდან, რის გამო სპირიდონი იძულებული შეიქნა მიეტოვებია მასწავლებლობა. თითონაც ერთობ ჯანმოშლილი სპირიდონ ახლა უჯდა თავის მეუღლეს გვერდით, ანუგეშებდა, ამხნევებდა, უამბობდა სხვადასხვა ამბებს, დესპინეც ცდილობდა გართობილიყო, გადაეყარა გულიდან შავი ნაღველი, მაგრამ ამაოდ. რაც დრო გადიოდა, მით უფრო ემატებოდა მას სულის მღელვარება, მით უფრო ჭკნებოდა და თაფლის სანთელივით დნებოდა მისი სილამაზე და სხეული.
ასე გაატარა დესპინემ ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. გაზაფხულზე ხველა გაუძლიერდა, ჩირქიანი სისხლის ღებინებაც დაუწყო პირიდან. მარტის უკანასკნელ რიცხვს ჩაწვა ლოგინში და მას შემდეგ აღარც ამდგარა, ისე დალია სული მაისის ერთ დღეს.
დესპინეს სიკვდილის შემდეგ სწრაფად ირღვეოდა იმისი მეუღლის უსიხარულო სიცოცხლეც. კვირაში თითქმის ხუთი დღე ავადმყოფობის გამო ლოგინზე ეგდო სპირიდონ. მისი ჯანის პატრონი, რა თქმა უნდა, მასწავლებლობას ვეღარ მიუბრუნდებოდა, თორემ, ვინ იცის, იქნება იმაზე მაინც გადაეყოლებია ჯავრიანი გული, მით უმეტეს, რომ ეს ხელობა (მასწავლებლობა) ძლიერ უყვარდა. ახლა ხშირად ებადებოდა სპირიდონს ამგვარი კითხვები: “რაღასთვის ვარ ცოცხალი? ჩემთვის სიცოცხლე დიდი ხანია მოწამლულია. სხვისთვის აღარაფერი გამოსადეგი ვარ, არავითარი საქმის გაკეთება, ავადმყოფობის გამო, აღარ შემიძლია! მაშ რაღას ვუცთი ამ ქვეყნად?!” რამდენჯერ მოინდომა თავის მოკვლა, მაგრამ “არა, ბარემ შევსვა, სულ შევსვა ის მწარე ნაღველი, რომელიც ხვედრათ მხვდა! ბარემ სოფელმა მომწამლოს თავისი საწამლავით!” - იტყოდა თავის გულში სპირიდონი და გულზე მიდებულ რევოლვერს ძირს ჩამოიღებდა.
მართლაც რომ სისტემატიურად სწამლავდა სოფელი სპირიდონის სიცოცხლეს: ერთი რომ ხალხიც აბრალებდა სპირიდონს, - დესპინე მისმა სიჯაბანემ მოკლა უდროოდო. რა მისი ღირსი იყო, რომ გააბრიყვა ანგელოზივით ქალი, შეაყვარებია თავი და შეირთო! არ იცოდა, რომ მის პატრონობას ვერ შეიძლებდა! ეკითხოს მისი ცოდვაო. აბრალებდენ, რომ რიგიანად თავის დაჭერა არ იცოდა, არავის ერიდებოდა. ტარიელს ყბედობა დაუწყო, დუელში გამოითხოვა, გაალახვია თავი და მისმა ყბედობამ საწყალი დესპინე იმსხვერპლაო. “რა ბრძანებაა, ბატონო! შეგნებულს და რიგიან კაცს თავის დღეში არ მოუვა, ის რაც მას ტარიელმა დამართა, რიგიანი კაცი ყოველთვის მოახერხებს, იმისთანებისაგან თავი შორს დაიჭიროსო”. ამბავი იმ შეურაცხყოფისა, რომელიც ტარიელმა მიაყენა სპირიდონს, ასე გადააკეთეს: “თურმე ტარიელ და მისი ძმაბიჭები დასეირნობდენ თავისთვის დუქნების წინ და თან მღეროდენ. სპირიდონმა დაუძახა: “რა ამბავია, რომ არ დამაძინეთო” და დაუწყო საშინლათ ლანძღვა. ერთხანს მოუთმინა ტარიელმა, მაგრამ აღარ დადუმდა სპირიდონ ლანძღვისაგან, ტარიელი მივიდა პასუხის გასაცემად, სპირიდონმა ჩაიკეტა კარები და ისე დაუწყო მუქარა. როცა ტარიელი წაიყვანეს მოსაშვალეებმა, სპირიდონმა მიაძახა თურმე: “ამეღამ კარგი, იყოს და ხვალ გაყურებიებ შენ სეირსო”. გათენდა თუ არა, გაუგზავნა თურმე ტარიელს წერილი - დუელში გამომყევიო. ტარიელმა უარი თქვა: “რა მედუელება! თუ ჩხუბი უნდა, გამოვიდეს და ვეჩხუბებიო”, სპირიდომა რომ შეიტყო, ტარიელი დუელში არ გამოდისო, იფიქრა ვერ ყოფილა ვაჟკაციო და კიდევ რაღაც უბედური სიტყვები გააგონა. აქ კი ტარიელმა ვეღარ მოთმინა და მოეპყრო სპირიდონს ისე, რავარც ეკადრებოდაო”.
ეს მოგონილი ამბები მიდიოდა სპირიდონის ყურამდე და შხამს ასხამდა მის დაბნელებულ გულში.
დესპინეს მშობლებიც ხომ წყევა-კრულვით იხსენიებდენ სპირიდონს: “თავისი უსჯულო ქადაგებით გადაგვირია შვილი, მოგვტაცა და მოგვიკლაო”.
გავიდა რამდენიმე წელი. სპირიდონ სულ მთლად დაჯაბნა სევდამ და ავადმყოფობამ: საცოდავი, წელში მოხრილი, თვალებჩაცვინული, ძვალ-ტყავად ქცეული, ის სამ თვეში ერთხელ ძლივს აუდგებოდა ავადმყოფობას, ერთ-ორ კვირას, როგორც იყო, დადიოდა ფეხზე და შემდეგ ისევ ჩააწვენდა საბრალოს ავადმყოფობა ლოგინში. მარჯვენა მხარი, რომლითაც ის ტარიელმა მიწაზე დასცა, ბოლოს სულ გაუფუჭდა, ასე რომ ახლა მარჯვენა ხელის ხმარება აღარ შეეძლო. ეგდო მამისაგან დატოვებულ სახლში მარტოდმარტო და მოელოდებოდა - აი, აი, მოვა სიკვდილი და მომისპობს ამ უსიხარულო სიცოცხლესო. სპირიდონის დედამ ვეღარ აიტანა ოჯახის ვარამი, შვილის გაუბედურება ღა რძლის შემდეგ ისიც გარდაიცვალა. ხანდახან, როცა უსაზღვროდ მოაძულებდა მარტო გდება თავს, თუ სიარული შეეძლო, სპირიდონ ერთი-ორი კვირის ვადით წავიდოდა რომელსამე ძველ ნაცნობთან, სადმე ქალაქში ან სოფელში, ვითომდა მგზავრობას ცოტა მაინც გადავაყოლებ ჯავრიან გულსაო. მაგრამ ეს მხოლოდ თავის მოტყუება იყო. მის გულს ახლა ვეღარაფერი გაართობდა.
VIII
ერთ დღეს სპირიდონ თბლისში მიდიოდა. როცა მატარებელი იმ სადგურთან გაჩერდა, სადაც სპირიდონს ტარიელმა შეურაცხყოფა მიაყენა, სპირიდონმა პირი მოიბრუნა და ისე დაჯდა ვაგონში, რომ ვეღარ შეეხედა იქაურობისთვის, რადგანაც იმ მიდამოს დანახვა მწარე ნაღველს აუშლიდა. მაგრამ მას თვალი მოჰკრა ერთმა ნაცნობმა და საშველი აღარ მისცა - გამოდი, ბუფეტში ლიმონადი დავლიოთო. სხვაფრივ რომ ვერ მოიშორა სპირიდონმა ეს ახირებული ნაცნობი, იფიქრა: რა ვუყო, გავალ, ლიმონადს დავლევ და ხელახლავ ჩქარა შემოვალ ვაგონშიო. მაგრამ ნაცნობი გაუმასპინძლდა თუ არა სპირიდონს ლიმონადით, გამოსდო მკლავში ხელი და დაიწყო სეირნობა. სპირიდონ თითქმის უნებლიედ დადიოდა მასთან. თუმცა მაისის საღამო იყო, მაგრამ ცოტაოდნავ მაინც გრილოდა. სპირიდონის ფილტვებმა იგრძნეს ეს სიგრილე და აუტყდა საშინელი ხველა.
- არ გიკვირს, ეს სიკვდილი რომ ამდენი ხანია მარჩობს და აქამომდე ვერ მორჩა ამ საქმეს? - უთხრა სპირიდონმა ნაცნობს.
ნაცნობმა, როგორც საზოგადოდ ჩვეულებად აქვს ბევრს, დაანუგეშა სპირიდონი: “არაფელია, გაივლის, მორჩებიო”, თუმცაღა კი დარწმუნებული იყო, როგორც მიცვალებული ვერ ადგება სამარიდან, არც სპირიდონი მორჩებაო.
ამასობაში სპირიდონმა და მისმა ნაცნობმა მიაწიეს პლატფორმის თავს და დაბრუნდენ უკან. ამ დროს პლატფორმის მეორე თავიდან წამოვიდა ამათკენ ერთი ლამაზად იარაღში ჩამჯდარი, ახოვანი ვაჟკაცი, რომელსაც ერთ მხარეს ვიღაც ლამაზი ყმაწვილი ქალი მოჰყვებოდა და მეორე მხარეს - ვიღაც ყმაწვილი კაცი.
- ვინ არის ის? - ჰკითხა სპირიდონმა თავის ნაცნობს.
- ვერ იცან? ტარიელ მკლავაძეა! - უპასუხა ნაცნობმა.
ამ სახელის გაგონებაზე სპირიდონს საშინელმა ჟრუანტელმა დაუარა ტანში, რაღაც ისეთი ალმური დაუტრიალდა გულში, თითქოს ცოფდებაო. დესპინეს სიკვდილის შემდეგ მართლა ბევრჯერ მოსვლია სპირიდონს ცეცხლი გულზე და უთქვამს: “წავალ, მოვნახავ და მოვსთხოვ პასუხს ჩემს დამღუპველსო”. მაგრამ ბოლოს მაინც იმორჩილებდა სპირიდონის გონება შურის საძიებლად აზვირთებულ გრძნობას. მაგრამ ახლა მას თვალწინ ედგა ის ადამიანი, რომელსაც ის აბრალებდა - მე და ჩემ მეუღლეს უდროოდ მოგვისპო სიცოცხლეო. ახლა გრძნობა აღარ ემორჩილებოდა გონებას; სპირიდონმა ახლა უნებლიედ გახედა იმ ადგილს, სადაც მას იმ რამდენისამე წლის წინათ ისე მხეცურად დაეტაკა ტარიელ. დაინახა ის ბოძიც რომელზედაც ტარიელ იყო იმ დროს მიყრდნობილი და ივარცხნიდა წვერს; აი, ის კვალიც, სადაც ტარიელმა ისე ჩააჯახა. ისე წარმოუდგა თვალწინ მაშინდელი შემთხვევა, თითქოს რამდენისამე წლის წინათ კი არა, აი, ახლა, ამ წამში შეემთხვაო. მოაგონდა ისიც, თუ როგორ აღტაცებით ისმენდა დესპინე იმ ამბავს, რომელიც მან უამბო იმ ღამეს, იმ მათთვის უბედურ ღამეს, როცა ისინი დუქანში ღამის გასათევად დარჩენ. ამას მოჰყვა სხვა მოგონებანიც. ელვასაებრ გაურბინა სპირიდონს ხსოვნაში ყოველივემ, რაც კი მის ცხოვრებაში ღირსშესანიშნავი მომხდარიყო, - თავისი ბავშვობა, ის დრო, როცა ქალაქის სკოლაში იყო და ფიჩხის სინათლეზე სწავლობდა გაკვეთილებს, საოსტატო სემინარია, სადაც ის ისე მუყაითად მეცადინეობდა, რომ რაც შეიძლება კარგად აღჭურვილი გამოსულიყო სამოსწავლო ასპარეზზე და, სოფლის მასწავლებლის პირობაზე, ღირსეული სამსახური გაეწია ქვეყნისათვის; მერე სოფლის მასწავლებლობა, იქაური ცხოვრება, იატაკზე რომ წვებოდა დასაძინებლად. დესპინეს გაცნობა, პირველად რომ გაკვეთილი წააკითხა, მისი სიყვარული, იმედებით სავსე ცხოვრება დესპინეს შერთვის შემდეგ; აი, აი, თითქოს ახლაც თვალწინ უდგას დესპინეს დიდრონი, სიყვარულით სავსე თვალები, თითქოს აი, ახლაც ესმის დესპინეს ლაპარაკი.
“ჩვენი ძალ-ღონე ქვეყნის სამსახურს შევწიროთ, ეს არის ადამიანისთვის ნეტარებაო. ახლა? ახლა ყველაფერი გათავებულია, ყველა მოგვისპო ამ ადამიანმა!.. თითონ კი ცხოვრობს განცხრომით! საზოგადოებაც შეტრფის და ტაშს უკრავს!” - აქ კი გული ყელზე მოადგა სპირიდონს და თითქოს უნებლიეთ მოუჭირა ხელი რევოლვერს, რომელსაც უკანასკნელ დროს ჯიბით ატარებდა. ეს რევოლვერი სპირიდონმა იმ დროს იყიდა, როცა საოსტატო სემინარიაში სწავლა დაასრულა და სოფელში უნდა წასულიყო. იყიდა სრულიად შემთხვევით, ან, უკეთ რომ ვთქვათ, ამხანაგების მიბაძვით. ეს იყო პატარა, ჯიბის რევოლვერი, სმიტის სისტემისა. თავდაპირველად სპირიდონ იშვიათად ატარებდა ამ რევოლვერს თან, მაგრამ ერთმა გარემოებამ შეაყვარა ის და შემდეგ ის აღარ მოუშორებია. აი, რა შემთხვევა იყო ისა: “ზაფხულის ერთ დღეს სპირიდონ შინიდან ერთი ამხანაგისას მიდიოდა. წასვლის დროს რევოლვერიც ჩაიდო ჯიბეში, რადგანაც მისი ამხანაგი და ის ხშირად ერთობოდენ ნიშანში რევოლვერის სროლით. როცა ერთი ნაწილი გზა გაიარა, სპირიდონს შემოესმა ყვირილი: “ცოფიანი, ცოფიანიო!” სპირიდონმა გაიხედა და დაინახა, რომ გზაზე მორბის ერთი დიდი ქოფაკი ძაღლი. ძაღლი ჯერ შორს იყო, სპირიდონს შეეძლო იქვე გზის პირში ხეს ამოფარებოდა და თავისუფლად ესროლა ცოფიანი ძაღლისთვის რევოლვერი. მაგრამ სპირიდონის წინ რამდენიმე ნაბიჯზე, გზის პირას თამაშობდენ ბავშვები, რომლებშიაც ერია ერთი წლინახევრის თუ ორი წლის ბავშვი. როცა ბავშვებმა გაიგონეს ყვირილი და დაინახეს, ძაღლი მორბისო, მიატოვეს პაწია ამხანაგი და გაიქცენ დასამალავათ. პაწია ბაღანამ, ჯერ ამხანაგების გაქცევის გამო და მერე ძაღლის დანახვით შეშინებულმა, იწივლა და დააპირა გაქცევა, მაგრამ გაქცევის მაგივრად გადაებორძიკა იქვე რაღაცას და წაიქცა მიწაზე. სპირიდონმა რომ ეს დაინახა, გაიქცა ბავშვისკენ რაც ძალი და ღონე ჰქონდა. ის იყო, ერთი წამით მიასწრო სპირიდონმა და მოვარდა მეორე მხრიდან პირდაღებული ქოფაკი. სპირიდონმა ესროლა რევოლვერი ძაღლსა და მოარტყა მკერდში. ძაღლი ერთი წაიქცა, მაგრამ ისევ სწრაფად წამოვარდა და გაექანა სპირიდონისკენ. სპირიდონმა მიაგება მეორე ტყვია, მიაყოლა მესამეც და მოუღო ბოლო. აი, იმ დღიდან დაწყებული, შეუყვარდა სპირიდონს თავისი რევოლვერი და აღარ იშორებდა: მართალია, ტარიელმა რომ ჩხუბი უქნა, მაშინ არ გამოადგა სპირიდონს თავისი რევოლვერი, ამიტომ იმ დროებით ერთ-ორ თვეს მიატოვა რევოლვერის ტარება, მაგრამ შემდეგ ხელახლავ მოუბრუნდა გული - ეგდოს ჯიბეში მაინცო.
სპირიდონ და მისი ნაცნობი დაუპირდაპირდენ ტარიელს. ტარიელი კიდევ უფრო გამშვენიერებულიყო, თითქოს მზე ამოდის ზედაო, ისე ანათებდა მისი პირისახე. მისი ზორბა ბეჭები და მკერდი ლაზათიანად მოჩანდა მიხაკისფერ, ჩერქეზულ თივთიკის ჩოხაში.
- ...იმ ოჯახს მე პატივს ვცემ და არც მინდოდა, დაგარწმუნებთ, იმ ოჯახში იმ საქმის ჩადენა, - განაგრძობდა ტარიელი რაღაც ამბავს, - მაგრამ მოთმინებიდან გამოვედი და მერე კი ვკარი ფეხი, მგონია სამ საჟენზე კი გავისროლე!...
- ახ, რა შეუბრალებელი ხართ! - შეჰკივლა ნაზად ამ დროს ტარიელთან მოსეირნე ყმაწვილმა ქალმა. ტარიელმა დინჯათ გაიცინა და აღტაცებით შეხედა თვალებში ლამაზ ყმაწვილ ქალს, რომელიც თავის მხრით სეირნობის დროს ისე უმზერდა ტარიელს, თითქო თვალებში უნდა ჩაიძვრინოს ამოდენა კაციო.
სპირიდონმა გარკვევით გაიგონა ტარიელის სიტყვები და ისევ რაღაც საშინელი ალმური მოედო მთელ სხეულში. “კიდევ ვიღაცის დაჩაგვრა და გაქელვა! თითქოს იმისთვის არის დაბადებული, რომ ყველა გაქელოს და შეურაცხყოს! თავი მოსწონს კიდეც ამით!” - გაურბინა ელვასაებრ სპირიდონს ფიქრებში და შემდეგ მტკიცე გადაწყვეტით დაუმატა: “მოვთხოვ პასუხს! ორი ადამიანის სიცოცხლე ღირს იმათ, რომ მათ დამღუპველს პასუხი მოეთხოვოს! ორის და იქნება მეტისაც!”.
ამ დროს, ის იყო, ტარიელმა კიდეც ჩაუარა გვერდით სპირიდონს.
- ტარიელ მკლავაძევ, თქვენთან სიტყვა მაქვს. - დაუძახა სპირიდონმა და წავიდა ტარიელისკენ ისე სწრაფად, რომ მისმა ნაცნობმა, რომელიც ამ დროს მასთან სეირნობდა, ვერც კი მოასწრო რამე ეთქვა მისთვის.
ტარიელ დინჯად მობრუნდა უკან, გაკვირვებულმა შეხედა სპირიდონს და ჰკითხა:
- რა გნებავთ?
- ვერ მიცანით? - ჰკითხა სპირიდონმა თავის მხრით და ჩააჩერდა თვალებში.
- ვერა. - უპასუხა ტარიელმა, რომელსაც ღიმილი გამოეხატა სახეზე, როცა სპირიდონის მოკუნტულ ტანს აავლ-ჩაავლო თვალი, თითქოს ეს კაცი უნახავსო, მაგრამ ვერ მოიგონა სად და როდის.
- მე სპირიდონ მცირიშვილი ვარ. არ გახსოვთ, ისე უდანაშაულოთ რომ დაგვესხით თავს? აბა, კარგა გაიხსენეთ! აი, ის ადგილი, სადაც თქვენ დაგვიხვდით. - სპირიდონმა გაიშვირა ხელი იქით, სადაც ის გალახა ტარიელმა.
ტარიელს, აბა, ყველა როგორ დაამახსოვრდებოდა, ვინ სად გაულახავს! მაგრამ სპირიდონის გალახვა რაღაც ისეთი ტიპიური იყო, რომ ახლა, სპირიდონის სიტყვების შემდეგ, ადვილად გაიხსენა და იცნო კიდეც სპირიდონი.
- მერე, რა გინდა ახლა? - მედიდურად და თითქმის დაცინვით ჰკითხა მან სპირიდონს.
- მინდა, პასუხი მომცეთ, რას გვემართლებოდით, რომ ორს უდანაშაულო ადამიანს სიცოცხლე მოგვისპეთ?
- წადი, დაიკარგე აქედან! ხედავ, თურმე რისთვის მეძახოდა ეს ბაღლინჯო! - შესძახა ტარიელმა და დააპირა წასვლა.
- ვერ წაბრძანდებით, სანამ არ დამაკმაყოფილებთ ჩემს კითხვებში! - რაღაც საშინელი მტკიცე ხმით უთხრა სპირიდონმა.
- ვინ, მე, მე ვერ წავბრძანდები? - თან წყრომით და თან გაკვირვებით ჰკითხა ტარიელმა.
- დიახ, თქვენ! სანამ არ დამაკმაყოფილებთ ჩემს კითხვებში. ერთ ბიჯსაც ვერ გადასდგამთ!
- მაშ დაგვიწყებია ჩემი ხელი! - უთხრა ტარიელმა რაღაც დამცინავი წყრომით და გაექანა სპირიდონისკენ, რომ დახტომოდა და კარგა მანძილზე გაესროლა, ვითარცა ნაფოტი.
მაგრამ, სანამ ტარიელ თავის მძლავრ ხელებში მოიგდებდა სპირიდონს, უკანასკნელმა დასცა მას გულში რევოლვერი. ტარიელ ერთი შეტორტმანდა, გადაიბორძიკა ერთ მხარეს და დაეცა მიწაზე.
- ვისი ხელით ვკვ...დე...ე...ბ...ი! - რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ სიტყვის დასრულების მაგივრად მძლავრად გაუსვა ცალი ფეხი მიწაზე და განუტევა სული.
თვალის დახამხამებამდე იმ ადგილის გარშემო, სადაც ტარიელი ეგდო, გაიჭედა ხალხით. ვიღაცამ გაუხსნა მოკლულს გულზე ჩოხა და ახალუხი. განიერ მკერდზე ძუძუს სიახლოვეს, გვამს ჰქონდა პატარა ჭრილობა, რომლიდანაც მოთქერავდა მოშაო სისხლი.
- რა პატარა ტყვიას მოუკლავს ეს ლომივით კაცი! - თქვა ვიღაცამ.
- Кто убил? - იკითხა სადგურზე მოსამსახურე ჟანდარმმა.
- Я убил! - უპასუხა საჩქაროდ სპირიდონმა, რომელსაც რევოლვერი ჯერ კიდევ ხელში ეჭირა.
ჟანდარმმა დაატყვევა სპირიდონ, შეადგინა ოქმი და წარადგინა სპირიდონითურთ სადაც ჯერ იყო.


სამსჯავროში სპირიდონი სრულიად არ ცდილობდა, რომ გამართლებულიყო. მან მხოლოდ თავიდანვე უამბო მსაჯულებს საქმის გარემოება. ოლქის სასამართლომ გადაუწყვიტა სპირიდონს ციმბირს გაგზავნა და იქ მადნებში მუშაობა. მაგრამ მადნებამდე აღარ მიუღწევია სპირიდონს - გზაში გარდაიცვალა.
1893წ.
გზაზე ზვავი ჩამოწვა! მატარებელი იგვიანებს!
ვინ მოკლა?
მე მოვკალი!
40