ციხის სიზმარი

ციხის სიზმარი
ავტორი: ლადო ასათიანი
1940 წელი


როცა მთვარე შეწყვეტს კაშკაშს
და ბნელს შემოიხვევს,
ისე, როგორც დაღლილ ვაჟკაცს,
მძიმედ სძინავს ციხეს.
სძინავს ციხეს, ნატამალი
ხმაც არ აკრთობს ხმენას,
სძინავს ციხეს და თამარის
სოცნებო სენაკს.
სძინავს, ფიქრებს ალამაზებს
და სიზმარში ხედავს,
რომ მის ბებერ გალავანზე
არწივები სხედან.
რომ კვლავ ისმენს ძველთა, ველთა
ნიავ-ქარის ნანას,
რომ მის ბებერ საძირკველთან
ქართველები დგანან,
რომ დილისკენ, როცა დნება
მუქი შუქი მთვარის,
გალავანზე გადმოდგება
საქართველოს თვალი.
იხურება ჯიხურებად
დაღრუბლული სივრცე,
დედოფალი იყურება
არტანუჯის მხრისკენ.
სძინავს ციხეს, ჯანიანი
თრთის და სიზმრად ხედავს:
ეს ქართველთა ჯარი არის
თუ უღრანი ხეთა,
ეს ნისლია ჩვენებური
მზესავით რომ მოჩანს,
თუ ქართველთა ძველებური
ჩალისფერი დროშა?
ვისკენ მოაქვთ ეს ალმები,
ვის უხდიან ჩაჩქანს;
ეს თამარი ესალმება
საქართველოს ლაშქარს.
იხურება ჯიხურებად
დაღრუბლული სივრცე.
ეს თამარი იყურება
არტანუჯის მხრისკენ!
სძინავს ციხეს, მაგრამ დილით
მზე რომ იწყებს კაშკაშს,
ეღვიძება, როგორც ძილით
დასვენებულ ვაჟკაცს.
ეღვიძება, როგორც სისხლით
გაგიჟებულ მხედარს,
ეღვიძება, მაგრამ ძილში
ნახულს ვეღარ ხედავს;
ვეღარ ხედავს, გაავდება
აშლის ხავსის ბალანს
და გრუხუნებს ნაადრევი
გაზაფხულის გვარად.
მერე ისევ ალამაზებს
სიზმრით თავის სვე-ბედს
და ხავსიან გალავანზე
არწივები თვლემენ.