ძმაო თედო
ძმაო თედო ავტორი: ვაჟა-ფშაველა |
1913 წ. |
ყოველს კეთილს გისურვებთ,
იყვნეთ ჯანით საღადა:
არავინ არ გასცივდეთ
და არ დაჰხდეთ ავადა.
გოზინაყის ჭამაში
მადა გქონდესთ კარგადა
და ღმერთმა ნუ გაგხადოსთ
მეზობლების ბარგადა.
მე და სანდრო აქ ვყრივართ,
მოკუნჭულნი ძალადა.
და ვფიქრობთ, რომ თქვენ თაფლი
არ შეგერგოსთ შხამადა.
მარტოკანი არ დასხდეთ
ამ თაფლისა ჭამადა,
მოიჭარბოთ და მერე
კიდეც გაჰხდეთ ავადა.
ცოტა გამოგვიგზავნოთ,
ჩვენც შავირგებთ კარგადა,
თაფლის მოლოდინშია
დღეებსა ვთვლით შავადა,
რაღა ბევრი მოგწეროთ,
კარგა იგრძნობ თავადა.