წადილი
წადილი ავტორი: ვაჟა-ფშაველა |
1888 წელი |
ნეტარ რატუ არ ვიმღერი,
სტვირთან რა მაქვის საწყრომი,
რატომ არა ვსწმენდ გულს ჟანგსა,
არ ვიტყვი, რაც მაქვ სათქომი?!
მე ხომ მოკლე მაქვ სიცოცხლე,
ცივი მიმელის სადგომი.
რაც ვისა ჰსურდეს, იყბედოს,
მე მოვიხადო ვალია,
ცოტად დაეტყოს მიწასა
მთაში გაზდილის კვალია,
ერთს მაინც ჩემსა მოძმესა
მოუწყლიანდეს თვალია.
სამღერლად გული ბოჟირობს,
რამდენი ცოდვა-ბრალია!
კიდევ იღვიძებს გულშია
მიძინებული ძალია.
მინდა შავეთში მომღერალს
სტუმრად მწვევიყვნენ მთანია,
თან კლდენი შავგვრემანანი, –
მთების მამშვენნი ძმანია;
იანიც მინდან მტირალნი,
ძველ-კაბიანნი დანია.
მორცხვთა, უმზაკვროთ, უგესლოთ
მხრებს უმშვენებენ თმანია,
გულს ნალახვრს, ჩამოდაგულსა
დაჰყრიათ ცრემლთა ცვარნია.
ყველასგან დავიწყებულო,
ბულულავ, შენცა მნახია,
ველად ველურად გაზდილი
მიჩვენე შენი სახია.
რად ეტანები მაღალს მთებს,
არ გნახო, შენზედ ახია!
რად არ მოსდიხარ სოფლის პირს,
ყველამ დაგიგოს მახია?!
ძალუმად მიყვარს, ობოლო,
შენი იერი მკვახია.
არწივნო, ცის პირთ მავალნო,
ძვირად მნახველნო ბარისა,
დოსტოღრივ მჭრელნო ღრუბლების,
თანაც მზიდველნო ქარისა,
თქვენის დასწრებით ამშვენეთ
მღერა ფიქრების მწარისა.