წავა ლექსი და წაიღებს
წავა ლექსი და წაიღებს ავტორი: გიორგი ლეონიძე |
გადაივლიან ღრუბლები,
დაჰყრიან ოქროს ქვიშასა;
წავა ლექსი და წაიღებს,
ახალგაზრდობის ნიშანსა!
გაჰყვება ცრემლის საგზალი,
თმებიდან ერთი ჭაღარა;
წავა, ის ტალღაც გაშრება,
გუშინ რომ განიაღვარა!
წავა და არ დაბრუნდება
დაფეთებული ჯერანი;
იმ ღამის თრთოლა თან წაჰყვა,
იმ დილის გულის ძგერანი!
ან რისთვის უნდა დაბრუნდეს,
მე ვეღარ მნახავს მზიანსა;
ახალგაზრდობა თუ უნდა,
უჯობს გადაჰყვეს ნიავსა!
ვაი, რომ ერთხელ დაგრეკავს
და მერე შეგრთავს ქვიშასა!
წავა ლექსი და წაიღებს
ახალგაზრდობის ნიშანსა...