წარწერა ერთი სამარის ქვისა
წარწერა ერთი სამარის ქვისა ავტორი: ლადო ასათიანი |
1941 წელი |
რევაზ მარგიანს
ჰეი, შენ, დიდო მომავლის ლანდო,
ლაჟვარდებიდან რომ იყურები,
ეს ჩემი სენი თუ დაგემართოს,
ამაზრზენი და განუკურნელი, –
ეს ჩემი სენი თუ დაგემართოს
და მოიხადო, როგორც სახადი,
ჰეი, შენ, დიდო მომავლის ლანდო,
ერთი თხოვნისთვის ნუ დამძრახავდი:
თუ მეცნიერის გონების ღონემ
უმალ განკურნოს ჭლექით სნეული, –
მაშინ მომნახე და მომიგონე
სამარადისოდ მიწადქცეული!