წიფელი და კოდალა
წიფელი და კოდალა ავტორი: ვაჟა-ფშაველა |
1890 წელი |
შავი კოდალა, მყვირალა,
ნისკარტი რომ აქვს წითელი,
უკაკუნებდა წალდუნას,
უნდა გაეხმო წიფელი.
ლამაზად გაზდილს, ჯან-საღსა
მწვანე ფოთლები ჰშვენოდა,
მზის სხივი იმის ტოტებსა
ღვთის ლოცვად გადაჰფენოდა.
შვენიერების დათრგუნვა
უკეთურს როდი სცხვენოდა!
ხის წყენას არას დასდევდა,
ოღონდ თვით არა სწყენოდა.
გარს ევლებოდა წიფელსა,
ათას ადგილას სჩიჩქნიდა
და თან უმსგავსი კლანჭებით
წიფლის გულ-მკერდსა სტიტღნიდა.
სიამოვნებდა, თუ ცოტას
ქერს სადმე გამოსწიწკნიდა.
ნიაზი¹ ჰქონდა, წიფელსა
სადმე ფუტურო სჩენოდა,
როცა ჩაჰკრავდა ნისკარტსა,
რომ ჭია გამოსჩენოდა.
ხე გამხმარიყო, ნაყოფი,
აღარც მოესხა ფოთოლი,
მას დარჩომოდა საჯიჯგნად
გასაწყლებული, ობოლი.
წიფელმა უთხრა: „კოდალავ,
რად გინდა ჩემი ზიანი?
მე მომკლა, შენ ინავარდო,
ეგ სადაური ზნე არი?
დამეხსენ, რისთვის მაჭლექებ,
საზდოს არ ეძებ მიწაში,
აღარ გიბჟუტავს ოდნავა
ნამუსი გულის ფიცარში?!
რას ამესივე? მომშორდი,
მინდა სიცოცხლით ვტკბებოდე.
კაცი უდანაშაულო
შენგან რად უნდა ვკვდებოდე?
შე ავაზაკო, უსირცხოვ,
ჩემთვის სიკვდილად ქცეულო,
ხმალსა და ხანჯარს რომ არ გცემ,
იმისთვის მჩაგრავ, წყეულო?!“
– რას ჰბოდავ, ნეტავ, კაცმა თქვას
რა გვარი სათხოვარია:
მე ჩემის ნებით დავტოვო
საკენკი, საძოვარია,
დავკარგო, არ მოვიხმარო
ნაპოვნი, ნაშოვარია?! –
უპასუხებდა კოდალა,
ხის ტანზე ლეკურს უვლიდა
და თანაც გალაღებული
მრავალს მუქარას უთვლიდა.
წიფელი ხელ-აპყრობითა
უფალსა სთხოვდა შველასა,
კოდალას საპასუხოდ კი
აღარა სძრავდა ენასა.
თუმცა წყლულები სტკიოდა,
ეწვოდა მთელი სხეული,
სდუმდა, ითმენდა დაჩაგვრას
დაღონებული, სნეული.
უსახსრომ ყოველ მხრიდანა
ღმერთზე მიაგდო იმედი…
დაჩაგრულების პატრონი
ან-კი ვინ არის მის მეტი.
ხმალს ვერ მოიქნევს, ხანჯარსა,
არც არის თოფის მსროლელი,
მაგრამ სიმართლე დიდი აქვს,
მას შაედრება რომელი?
ცას მისი ხვეწნა-მუდარა
შეუსმენია ყოველი.
და საუცხოვო რამ მოხდა,
საქმე არვისგან ნახული:
შუა წელს ხავსი მოვიდა
წიფელზე გადმოძაბული,
აბრაშუმივით ჰკიდია,
ჰღელავს, მწვანედა ბრიალებს.
კოდალაც წიფელს ესტუმრა,
იმის სხეულზე ტრიალებს.
„წიფელო, გახმი, გახმიო“, –
წითელ-ფეხება ღრიალებს.
უკრავს დაფას და ზურნასა,
ნისკარტიც ხეზე კრიალებს.
რა ვნახე? ჩვენი კოდალა
წიფელზე დაკოტრიალებს,
ფეხები ხავსში გაჰბმია, –
გმირი ყელ-თავქვე ჰკიდია
და მთელს მიდამოს აყრუებს
მისი გოდება დიდია.
მეშველიც არავინა სჩანს,
თავსაც ვეღარ ჰშველს ცქვიტია.
მხოლოდ ეხლა-ღა ნანობდა –
რისაც ცოდვების მქნელია.
წიფელს სთხოვს პატიებასა,
დაბალის სიტყვის მთქმელია.
ამაოდ სიტყვებს ჰხარჯავდა
ძმობა-ერთობის ჰანგზედა, –
ბოლო ეღება კოდალას, –
ჩამოკიდებულს ხეზედა,
წიფელს კი თვისი ტოტები
გაუფარჩხია განზედა.
მის მწვანე ფოთოლს მზე ჰხედავს,
ზედ წვიმის ცვარი შრიალებს
და წიფლის მაკურთხებლადა
ზეცაში ზარი წკრიალებს.