წიწილა
წიწილა ავტორი: ვაჟა-ფშაველა |
1890 წელი |
ქორმა წიწილა წაიღო,
იძახდა „წიავ-წიავსა!“
წიწილის თეთრი ბუმბული
ველად გაჰქონდა ნიავსა…
ღვარი წავიდა სისხლისა,
წალეკა მთა და ბარია:
არაგვს გზა დაათმობინა
და გადათელა მტკვარია.
ისმოდა ბებრის ეზოში
კრუხის ქვითინი მწარია…
მოჰსვლოდენ მოკეთეები:
კრუხნი, მამლები, ვარია, –
ნათესაობა კრუხისა,
მთელი იმისი გვარია.
ცრემლი იქცევა ქათმების,
დიდი გლოვა და ზარია…