ხარისთვის უდიერი

ხარისთვის უდიერი
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1900 წელი


ლაჭანშია წევს ხუმარა –
მუშა დიდი ხნის სნეული;
წელიცა სტკივა, მუხლებიც,
სულ სტკივა მთელი სხეული.
მესამე ზაფხული მიდის,
რაც ესე არის უქმადა,
მის სარჩო-საბადებელი
გახდა ყვავ-ყორნის ლუკმადა.
მოსწყინდა მხცოვანს მხვნელ-მთესველს
ამდენს ხანს ყოფნა მუქთადა.
ღმერთს სთხოვს ან მორჩეს, ან მოკვდეს,
ნუ ჰყავ ხელუყრელ კუტადა.
უწყრება შინაურებსა,
წაიბუზღუნებს მწარედა:
„რას სხედხართ უქმად, უკლონო,
არ გაიხედავთ გარეთა?
ჩაიწვა ჭირნახულები,
მიეშველენით, ხანია,
ეხლა რა შინ ჯდომისაა,
როგორი დრო და ჟამია?!.“
ესმის მუშების კიჟინა, –
ჰმკიან ყანებსა, შრომობენ,
ეკვეთებიან მინდვრებსა,
ცელ-ნამგლებითა ომობენ.
ჰშურს სნეულს შრომა სხვებისა,
ჰშურს სხვების ნამკალ-ნათიბი;
რად მოიძულა უფალმა, –
რად გამოართვა ნასიბი?
ერთს დროს-კი ამაზე ადრე
არვის გაჰქონდა გუთანი,
არცვინ ჭირნახულს იკლებდა,
დღეს იმარჯვებენ ცუდანი.
ბევრჯელ უნახავთ, ხუმარას
მარტოს მოემკოს დღიური;
ბეჭებზე ნისლი ოფლისა,
ნისლი ენკენისთვიური
რომ ასდენოდეს მუშასა,
ბოლად და კვამლად ქცეული.
დღეს გულ-მოკლული ლაჭანში
წევს ღონე-გამოლეული.
ბევრჯელ დაუწვა თვალები
ოფლმა ნადენმა ღვარადა,
ჩამოურეცხა გულ-მკერდი
ღვთის ნაჩუქარმა შანადა.
მაინც არ გატყდა გულითა,
შრომასვე შეტრფის კვალადა.
გონება მინდვრად მიურბის,
უნდა წავიდეს ძალადა;
რა ვერ ადგება აწევით,
ამოიკვნესებს ბრალადა.
უყვარდა სარჩო სნეულსა,
ბევრი პური და ძროხები,
იმიტომ თავისი ჯანი
არ ჰქონდა დანაზოგები.
„რკინის კაცია, რკინისა“,
გაიძახოდენ ზოგები.
მაინც ქვეყნის ყბა ავია, –
დასჯილს თვითაც ჰსჯის სიტყვითა;
ხუმარაზედაც ამბობდა
სოფელი ერთის პირითა:
საწყალი მეტად უდივრად
ეკიდებოდა ხარსაო,
როდესაც ჰხნავდა და ღრმადა
მამულს ავლებდა კვალსაო.
„დაჰკარით, მაგრა დაჰკარით,
ნუ დააოჩნეთ ხარები!“
დაუყვირებდა მეხრეებს
სიცოცხლე-განამწარები.
არ დაასვენის წესივრად,
არც აუშვებდა დროზედა.
რა ხანი არი, მზის სხივი
გაქრა ახუნის გორზედა.
ის ისევ ხარებს დაჰყვირის:
„გასწით, გადადგით ფეხები!
თქვენ ისე მიიზლაზნებით,
ლამის დაგადგათ კეხები
და გაგიხუროთ სახრითა
დადუნებული ლეშები!“
მის ქვა-გულს როდი ესმოდა
ხარების დანაკვნესები!
ხვნას როდი აშლეინებდა
მათ გახრეშილი ქედები.
წინათ მტანჯველი ხარისა
ეხლა იტანჯვის თავადა.
ცოდვიანია, ამდენს ხანს
იმიტომ არის ავადა.
და იქაც ხარის ჩხვერისგან
დღეებს ჩამოჰლევს შავადა.