ხელოვნება

ხელოვნება
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე



ვის უნახავს შავი წიგნი, წიგნი წითელ ასოებით,
დაწერილი სისხლის წვეთით, დაწერილი სასოებით?
გადიარეს გრიგალებმა, დღეს ის წიგნი არვინ იცის,
და ჟამთ მტვერით იფარება წიგნი ცის და დედამიწის.

დიდხანს ვწერდი, დიდხანს მწვავდა შთაგონების ცეცხლი მწვავე,
ვწერდი ჟინით, ვწერდი ვნებით... და ჰა, იგი დავათავე.
და ვფიქრობდი: ჩემს შავს წიგნში თუ არს-მეთქი რამ ისეთი,
რომ არ აჩნდეს მწარე გესლი, რომ არ აჩნდეს სისხლის წვეთი?

და მეწვია შემდეგ ეჭვი, და მომწყინდა იგი მცნება.
ვთქვი: ‘სხვას რას აქვს ფასი ქვეყნად, რომ არ იყოს ხელოვნება!"
მაგრამ ჩემში საუბრობდა მეორე ხმა, ხმა ფარული: -
‘ხელოვნება - ეს ოქროა მიწის გულში დამარხული,

ხელოვნება მარგალიტს ჰგავს, მას ზღვა ფარავს შეუცვლელი,
რას იშვიათ თუ მისწვდება კაცის გული, კაცის ხელი...
არის წმინდა პოეზია და მუსიკა არის შორი,
მაგრამ ქვეყნად არ არსებობს - ის ალერსი, ის ამბორი.

არის საღვთო ბილიკები ამ სივრცისკენ მიმავალი.
აირჩიე მათგან ერთი, აირჩიე ერთი კვალი!"
შავი წიგნი არ თავდება, შავი წიგნი შუა წყდება...
მას იქით კი კაცის გრძნობა და გონება ვერას წვდება.

რესურსები ინტერნეტში

edit