ხმა მესმის…
ხმა მესმის… ავტორი: ვაჟა-ფშაველა |
1894 წელი |
ხმა მესმის, აღარ მასვენებს,
მიცვალებულის კაცისა;
ის რახანია მსხვერპლია
სულდგმულთ სიცოცხლის მტაცისა.
დამაშვრალს დამეძინება,
როგორც მკვდარს, მშვიდის ძილითა,
და ამ დროს მისი ხმა მესმის
ჩვეულებრ კილო-ტკბილითა.
ვიცნობდი, მინამ სცოცხლობდა,
მის სახე მიჩნდა ხატადა,
მის რჩევა, მადლით მოსილი,
გულს მევლებოდა თაღადა,
და ეხლაც, მკვდრეთით ამდგარი,
მასვე მეძახის ცხადადა:
„რა უყავ, კაცო, რა უყავ
ის შენი დიდი ქონება:
სული წრფელი და მდიდარი,
ნათლით მოსილი გონება?
რა უყავ ქვეყნის ვარამი,
უხვად ნასვამი ჯამითა,
ამ ჯავრზე ჯავრით ნაკვებო,
ნასულდგმულარო ამითა?!
არ გამოგიჩნდა ვარსკვლავი
დღის მაჩვენებლად ღამითა?!
არ დაივიწყო ანდერძი,
გამხნევდი, როგორც ლომია;
ვისაც რომ ქვეყანა უყვარს,
სიცოცხლე მისთვის ომია!“
შემკრთალი ვახელ თვალებსა…
მოვსტყუვდი… გამეცინება…
დავწვები გულ-დაკოდილი
და ტკბილად დამეძინება.