ხონდემირი შაჰ ისმაილის საქართველოში ლაშქრობების შესახებ
edit"დიდებულმა მეუფე ფადიშაჰმა ადგილსამყოფლიდან ძლევამოსილებითა და გამარჯვებით დედაქალაქ თავრიზისაკენ გაიჩქარა და ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იმ დიდებულ ქალაქში ცხოვრებით დატკბობასა და სიხარულში იყო. (შემდეგ) იმ ადგილიდან ცხენის აღვირი ნახჭევანის ყიშლაღისაკენ მოაბრუნა. იმ უბედნიერეს ადგილას მისვლის შემდგომ დივ-სულთანმა, თანახმად ბრძანებისა და მორჩილების საფუძველზე საქართველოზე საღვთო ომისა და ურწმუნო ქართველების დალაშქვრის გადაწყვეტილებით ძლევამოსილი დროშები ააფრიალა და უბედურთა სანახებში სვიანი ფადიშაჰის სახელმწიფოს ძლიერების კვალი გამოაჩინა რა, რამდენიმე ციხე და ქალაქი აიღო და იმ სახელმწიფოების მბრძანებლები ყვარყვარე, დაუდ-ბეგი, ლევანდ-ბეგი და მანუჩარი ძალაუნებურად დივ-სულთანისადმი სასამსახუროს გაესწრაფნენ. (მათ) მორჩილება და სამსახური გამოიჩინეს. იმ მბრძანებელმა მათ სულის უშიშროება უბოძა და (ისინი) თან წაიყვანა რა, ანგელოზის ბუდისმაგვარი ზღურბლის მხარეს წავიდა. ნახჭევანის ყიშლაღში დივ-სულთანი თავის თავზე აღებული ვალდებულების შესრულებით ციური ტახტის ფეხთა (მთხვევით) გაბედნიერებული და აღზევებული გახდა რა, კარგი სამსახურის გამო კეთილგანწყობილება და უამრავი ალერსი მოიპოვა. ფადიშაჰმა ქართველი ამირების ბოდიშის მოხდა ყურად იღო. მეფური კეთილგანწყობილების სხივების ელვარება თითოეულ მათგანზე აბრწყინდა და ქართველებმა ბაჯ ო ხარაჯ იკისრეს და ხალათებისა და თაჯების (დასაჩუქრებით) აღზევებულნი და განდიდებულნი გახდნენ. და იმ ადგილების საბრძანებლების ფლობის ფირმანები, რომლებიც დაპყრობილი იყო, მიიღეს რა, თავიანთ სამშობლოში წავიდნენ".