ჯეჯილი
ჯეჯილი ავტორი: ვაჟა-ფშაველა |
1889 წ. |
გლეხის მარჯვენის ნაღვაწო
და გლეხის ოფლით მორწყულო,
ჯეჯილო, ნაჭირმაგევო,
უფლის წყალობით მოსულო!
დაგიმშვენებავ მინდორი,
ლამაზი გიჩანს პირია.
რა ჭირნახული მოსულა
ფეხად და როგორ ხშირია!
თავს დასთამაშებს მერცხალი,
თან დასჭიკჭიკებს სირია, –
სტუმარი უცხო ქვეყნისა
და ჩვენის ქვეყნის შვილია.
ცამ დაგვინამა და მიწამ
საზრდოთ გაუვსო ძირია.
ვინც ნახავს, გაუკვირდება,
და მართლაც გასაკვირია:
ნორჩის ყვავილის გარშემო
არშია ავლავ ძვირია.
კურდღელიც შემოსჩვევია,
რომ აცმაცუნოს პირია.
დარაჯად უდგა ტორუა,
გალობას ეტყვის ტკბილსაო.
ღმერთო, გვიკურთხე ჯეჯილი,
ნუ აარიდებ პირსაო!
გვაღირსე, ყანადა ვნახოთ –
ნამგლებს გაჰქონდეს პრიალი;
მკერდ-ოფლიანის ბიჭების
ცასა სწვდებოდეს გრიალი,
და თანაც შევიწროებულს
მწყრებს ამოჰქონდეს ფთხრიალი!