ჯიხვის ვედრება

ჯიხვის ვედრება
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1911 წ.


ჯიხვმა თქვა სალის კლდისამა,
მთვარე რომ იდგა მცხრალადა,
დაჰსხმოდნენ ცასა ვარსკვლავნი
ოქროს და ვერცხლის ცვარადა,
პირ-მოცინარი ბალღები,
უდარდებლები მარადა.
დაბლა კი მთები მაღლები,
დამონებულნი კვალადა
ქარ-ბუქის, ყინვა-ზრობისგან,
სდგანან გამხდარნი ავადა,
ვერ პოულობენ წამალსა
ტკივილის დასაძალადა.
აღარსად მათთან ყოილი,
არსად ბალახის ხსენება;
არა ალაღებს მათ გულსა
არც ღამე, აღარც თენება.
ერთი ფიქრი ჰკლავს გმირებსა,
იგივ საერთო ჩვენება.
დაჰღმუის თავზე ბორიო,
აგლეჯს თმა-წვერს და ქოჩორსა,
გერგეტით გადმოტანილსა
აყრის მთაწმინდას, კოჯორსა.
ჯიხვმა სთქვა სალის კლდისამა,
მთელ ღამეს ლოცვად მდგარია, –
ცისთვის მიუპყრავ თვალები, –
რა მშვენიერი არია!
ლამაზს უსველებს ყელ-ყურსა
ცრემლის წვეთები მწარია:
„მიიღე, დამბადებელო,
ეს ჩემი სათხოვარია.
გულს მიკლავს მთების დაჩაგვრა,
ესა მაქვს საწუხარია.
მაჩვენე აყოვებული
სამშობლოს მთა და ბარია,
მინამ ნუ მომკლავ, მაშინ კი
აღარა სანუკვარია
ჩემთვის სიცოცხლე, და სული
წაიღე, მიიბარია.
ასრულდეს ჩემზე ბრძანება
ღვთისა, ცით ნაქუხარია!“