ჯოვანი მარია ანჯოლელო - "უზუნ ჰასანის ცხოვრება"


XV საუკუნის იტალიელ მოგზაურთა ცნობები საქართველოს შესახებ - იტალიურიდან თარგმნა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ელდარ მამისთვალიშვილმა - საქართველოს ისტორიის წყაროები 26 - საქართველოს ისტორიის უცხოური წყაროები XIV - თბილისი - 1981

უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ


საქართველოს ისტორიის დასავლეთ ევროპული წყაროები




პუბლიკაცია:


რესურსები ინტერნეტში:


შესავალი

edit
წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს XVII საუკუნის იტალიელი მისიონერის არქანჯელო ლამბერტის ნაშრომს "სამეგრელოს აღწერა" (" Relatione della Colchide hoggi detta Mengrellia"), რომელიც 1654 წელს გამოიცა ნეაპოლში. მასში მოთხრობილია საქართველოში გამოგზავნილი თეატინელთა მისიონის 1631-1649 წლების მთელი ისტორია: პაპის კურიის მიერ გადაწყვეტილების მიღება საქართველოს ტერიტორიაზე მისიის შექმნის შესახებ, მისიონერთა გამომგზავრება წმ. მიწისა და ოსმალეთის სამფლობელოების გავლით, ქართლში შემოსვლა და თეიმურაზ I-ის ნებართვით ქ. გორში მოღვაწეობის დაწყება, მისიონერთა ახალი ჯგუფების გამოგზავნა, ამ უკანასკნელთა ფათერაკიანი მოგზაურობანი ოსმალეთის იმპერიის მიწაზე, მისიონის გადატანა დასავლეთ საქართველოში, აქაური ყოფა, წინააღმდეგობებით აღსავსე მოღვაწეობის მთელი სიმძიმე და ბოლოს, ხიფათიანი მგზავრობა უკან, სამშობლოსაკენ.

ტექსტი

edit
ჯოვანი მარია ანჯოლელო


ბატონ უზუნ ჰასანის ცხოვრებისა და საქმეთა მოკლე მოთხრობა
გადმოცემული ჯოვანი მარია ანჯოლელოს მიერ


ცნობები საქართველოს შესახებ

თავი 2. მდინარე ევფრატთან მისულმა სულთანმა გადაწყვიტა მასზე გადასვლა და ფონის მოძებნა დაავალა ასმურატსა და მის ჯარს, რომელიც სპარსელებმა დაამარცხეს

edit

მივედით მდინარე ევფრატთან და მის სანაპიროს მივყვებოდით ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდან. აი ვხედავთ უზუნ ჰასანს, რომელიც თავისი ჯარით აღმოსავლეთიდან მოსულა მეორე ნაპირზე (იმ ადგილას), სადაც ეჭვობდა, რომ სულთანი გადასვლას მოინდომებდა. ამ ადგილას მდინარე ძალიან განიერი იყო და მრავალი შენაკადი და ქვიშის კუნძულები ჰქონდა, სადაც როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან შეიძლებოდა ჯარის გადაყვანა და დაბანაკება.

უზუნ ჰასანს ჰყავდა უზარმაზარი ჯარი, მასთან ერთად იყო მისი სამი ვაჟი: ერთს ერქვა კალული, მეორეს - უგურლი-მეჰმეტი, მესამეს - ძეინელი. იქვე იყო აგრეთვე პირაჰომატი, ყარამანიის მთავარი და სხვა მრავალნი დიდებულნი და სხვადასხვა ხალხი: სპარსელები, პართელები, ალბანელები, ქართველები და თათრები. როგორც შევიტყვე, როცა ჰასანმა დაინახა სელიმის ბანაკი, მთლად გაოცებული დარჩა და დიდი ხნის განმავლობაში ხმა ვერ ამოიღო, შემდეგ განრისხებულმა სპარსულად თქვა: Baycabexen, nede riadir, რაც ნიშნავდა: "ნაბიჭვარი, ზღვასავითაა"! იგი სულთნის ბანაკს ზღვას ადარებდა.

იმავე დღეს, როცა ჯარი ხსენებულ ადგილზე დაბანაკდა, გადაწყვიტა, დაახლოებით ცხრისთვის ეცადათ გადასასვლელის მონახვა და ხელჩართული ბრძოლა გაემართათ მტერთან. რომანიის ბეგლარბეგ ასმურატს [სულთანმა] დაავალა : მთელი თავისი ჯარით ეცადა გადასულიყო [მდინარის] მეორე ნაპირზე. რადგან იგი ახალგაზრდა იყო, ამიტომ მის დასახმარებლად უნდა წასულიყო მეჰმედ ფაშა.

იგი გაშლილი დროსებით, დოლებისა და დაფდაფების და სხვა საკრავების დაკვრით, რომლებსაც ომის დროს ხმარობდნენ, გაეშურა (მდინარეზე) გადასავლელად. იგი გადადიოდა (მდინარის) ერთი ტოტიდან მეორეზე, მეჩეჩიდან მეჩეჩზე და ამგვარად მიუახლოვდა მდინარის მეორე ნაპირს. უზუნ ჰასანმა, როცა დაინახა, რომ თურქების ჯარმა [მდინარეზე] გადასვლა დაიწყო და მცირე მანძილითღა იყვნენ დაშორებული მისი მეორე ნაპირიდან, მათს წინააღმდეგ გაგზავნა ცხენოსანი ჯარი. იმათაც გაიარეს საკმაოდ დიდი ნაწილი მდინარეში [და] როცა დიდი ტოტის შუაში მივიდნენ, დაიწყეს ისრების დაშენა. მაგრამ თურქებს ყოველი საშუალებით სურდათ მიეღწიათ ფონისათვის და [მართლაც] მათმა ნაწილმა გადალახა ტოტი და მიუახლოვდა სპარსელებს. ისინი სამი საათის განმავლობაში ებრძოდნენ ერთმანეთს. მრავალი მოიკლა, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან.

სპარსელნი, რომლებიც უფრო ახლოს იყვნენ მდინარის ნაპირთან, ადვილად აწვდიდნენ დახმარებას თავისიანებს. თურქებს კი არ შეეძლოთ სწრაფად გაევლოთ არც ძალიან განიერი და არვ ვიწრო ადგილები. მათ ცხენებით უნდა ეცურათ. მრავალი მათგანი დაახრჩო წყლის სწრაფმა დინებამ, რომლებსაც ისინი ფონიდან შორს მიჰქონდა. ბოლოს და ბოლოს სპარსელებისაგან ძლეულმა თურქებმა უკან დაიხიეს. მათ სირბილით გაიარეს ხსენებული ტოტი.

მეჰმედ ფაშა, რომელიც იმ ადგილიდან, სადაც ბრძოლა მოხდა, ნახევარი მილის დაშორებით ერთ მეჩეჩზე იდგა, არა მხოლოდ არ დაეხმარა [ასმურატს], არამედ უკან გაბრუნდა, გაიარა რამდენიმე ტოტი და შეჩერდა სხვა მეჩეჩზე. სპარსელები მისდევდნენ თურქებს, ხოცავდნენ და ატყვევებდნენ. გაქცეული თურქები აირივნენ და ამავე დროს დაკარგეს გადასასვლელიც. მრავალი მათგანი დაიხრჩო რომელიღაც მორევში გადასვლისას, რომლის მსგავსი მრავლადაა ხსენებულ მდინარეში.

სხვებთან ერთად დაიხრჩო რომანიის ბეგლარბეგი ასმურატი, როცა იგი სხვა მრავალთან ერთად ჩავარდა ერთ დიდ მორევში. თურქებს და განსაკუთრებით მის მონებს, მსახურებს, სურდათ დახმარებოდნენ მას, თავს სდებდნენ და ხელახლა ხელჩართულ ბრძოლას უმართავდნენ სპარსელებს. ძალიან ბევრი დაიღუპა და დაიხრჩო. სპარსელებმა მრავალი ტოტი გადალახეს და ბოლოს თურქების დევნაში მივიდნენ იმ მეჩეჩთან, სადაც იდგა მეჰმედ ფაშა მრავალი რაზმით.

კვლავ გაიმართა ხელჩართული ბრძოლა. მწყობრში მდგომმა სპარსელებმა, მთელი ძალების დაძაბვის მიუხედავად, მაინც ვერ შეძლეს მეტის მიღწევა, მაგრამ წინააღმდეგობას უწევდნენ მეჰმედის ჯარს. თავგამოდებული ბრძოლის გამო ვერც ერთმა და ვერც მეორე მხარემ ვერ შეძლო მცირედითაც წინ წაწევა. რადგან უკვე მოსაღამოვდა და დღე მიილია, სულთანმა, რომელიც თავის ვაჟებით და დანარჩენი ჯარით [საომრად] გამზადებული მდინარის მეორე ნაპირთან იდგა, ბრძანა შეკრების ნაღარა დაეკრათ. ასევემოიქცა უზუნ ჰასანიც, რომელიც [სულთნის] მსგავსად საბრძოლო მწყობრში იდგა მეორე ნაპირზე.

შეკრების ნაღარა დაჰკრა ორივე მხარემ და თითოეულმა მათგანმა უკან დაიხია წარმატების გარეშე. მიუხედავად ამისა უზუნ ჰასანი მაინც გამარჯვებული დარჩა ამ ბრძოლაში, რადგან მისი [მებრძოლები] ნაკლებად დაიხოცა, ნაკლებად დაიხრჩო და მცირეოდენი ჩავარდა ტყვედ. მაშინ, როცა ჩვენ, [როგორც] აღწერის შემდეგ აღმოჩნდა, დახოცილებისა და დამხვრჩლების და ტყვეების სახით დავკარგეთ თორმეტი ათასი კაცი. მათ შორის დაიღუპა მრავალი წარჩინებული ადამიანი. [სულთანმა] იმჯერად მრავალი გუშაგი გამოყო და მდინარის ნაპირზე დააყენა დიდ რაზმებად. ასევე მოიქცნენ სპარსელებიც, რადგან როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს თავდასხმის შიში ჰქონდა.

ბატონი სულთანი უაღრესად იყო განრისხებული [იმის გამო], რომ მეჰმედ ფაშას შეეძლო ერთი მეჩეჩიდან მეორეზე გადასვლა და არ დაეხმარა ასმურატს და ეჭვობდა, რომ განზრახ [არ დაეხმარა], რადგან მეგობრულად არ იყო მისდამი განწყობილი. მიუხედავად ამისა, სულთანმა ამჯერად არ გამოამჟღავნა ცუდი განწყობილება მეჰმედის მიმართ, რადგან არც ადგილი და არც დრო არ იყო შესაფერისი, განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ ხსენებული მეჰმედი [მებრძოლებს] უყვარდათ და მომხრეებიც ჰყავდა. პირიქით, [სულთანი] თვალთმაქცობდა და წინდახედულად თავს იკავებდა [ხელსაყრელი] დროის მოლოდინში, როცა იგი სხვა დროს შეძლებდა მის დასჯას თავისთვის ზიანის მიყენების გარეშე. მან ექვსი თვის შემდეგ მშვილდის ლარით მოახრჩობინა იგი.

თავი 10. უზუნ ჰასანი მიდის ქართველების გასაძარცვავად, ახდევინებს ფულს და ხარკს, ბრუნდება თავრიზში და კვდება.

edit

ამგვარად, განვლილი საქმეების შემდეგ [უზუნ ჰასანი] 1475 წლიდან 1477 წლამდე ისვენებდა. შემდეგ ბრძანა მწყობრში მოეყვანათ დიდი ლაშქარი. მან ხმა გაავრცელა [თითქოს] ოტომანის წინააღმდეგ მიდიოდა, სინამდვილეში კი საქართველოს გაძარცვა სურდა. მის ლაშქარში იქნებოდა 20-დან 24 ათასამდე ცხენოსანი და დაახლოებით თერთმეტი ათასი ქვეითი ქალები, ბავშვები, მსახურები, სხვა რომ არაფერი ვთქვათ.

შვიდი დღის განმავლობაში დასავლეთის მიმართულებით სიარულის [შემდეგ], გადავუხვიეთ ხელმარჯვნივ და შევედით საქართველოში, რადგან მბრძანებელს მისი გაძარცვა სურდა. როცა ის მიდიოდა სულთნის წინააღმდეგ, ქართველებმა არ გაუწიეს დახმარება. მან ჩვეულების თანახმად წინ გაგზავნა თავის მარბიელნი, რომლებიც ხუთი ათასამდე ცხენოსანი იქნებოდნენ. ისინი, რამდენადაც შეძლებდნენ, წინ უნდა წასულიყვნენ, გაეჩეხათ და გადაეწვათ ტყეები, [რადგან] მთებზე და უღრან ტყეებში მოუხდებოდათ გავლა. საქართველოში ორი დღის სიარულის შემდეგ, მივადექით თბილისის ციხეს, რომელიც გასასვლელი ადგილია. მაგრამ მიტოვებული იყო. წინააღმდეგობის გარეშე დავეუფლეთ მას. [შემდეგ] უფრო ზემოთ წავედით და დავიკავეთ გორი და ირგვლივ მდებარე სხვა ადგილები, რომლებიც გაძარცვეს ისევე, როგორც ამ ქვეყნის დიდი ნაწილი.

მეფე ბაგრატმა სამცხის ათაბაგთან ერთად, რომელიც საქართველოს ესაზღვრება და სხვა შვიდ დიდებულთან ერთადგამოგზავნა [ელჩები] ზავის დასადებად. შეთანხმდნენ, რომ [ისინი] გადაიხდიდნენ თექვსმეტ ათას დუკატს და უზუნ ჰასანი შეჰპირდა თავისუფალს დატოვებდა ქვეყანას, გარდა თბილისისა, რომელიც სურდა ჰქონებოდა გასასვლელ ადგილად. ადამიანები, რომლებიც დაატყვევეს, იქნებოდნენ ხუთი ათასამდე. ზავის დადებისა და გარკვეული გადასახადის გადახდის დაპირების [მიღების] შემდეგ, უზუნ ჰასანი დაბრუნდა თავრიზში, დასნეულდა და მოკვდა 1478 წელს.

თავი 18. ზოგიერთი სპარსელი დიდებული ოსმალებს უხმობს სპარსეთში შაჰის წინააღმდეგ. იგი მივიდა დიდძალი ჯარით, დაამარცხა შაჰი და გამარჯვებული დაბრუნდა ამასიაში.

edit

თავრიზში იმყოფებოდა შაჰი, როცა მისი მრავალი ქვეშევრდომი დიდებული, რომლებიც ოსმალეთის მოსაზღვრე მიწებს განაგებდნენ, ხედავდნენ რომ [სპარსეთის] ჯარი ხორასანში იყო დატოვებული, შეუთანხმდნენ სულთანს და მოუწოდეს სპარსეთის წინააღმდეგ საომრად. ასე, რომ მათს გარეშე სულთანი ვერასოდეს ვერ გაბედავდა [სპარსეთის წინააღმდეგ საომრად] წასვლას. ამგვარად, მას მოუწოდეს იმ დიდებულებმა, რომლებიც ცხოვრობდნენ ბითლისის მთებში. მათ იცოდნენ, რომ თათრები არიან უძლიერესნი და სწამდათ, რომ შაჰს დაატყვევებდნენ.

1514 წელს [სულთანმა] გადაწყვიტა ჯარის შეკრება და სპარსეთის გასანადგურებლად წასვლა, რადგან ეშინოდა, რომ თუ შაჰი თათრების წინააღმდეგ ბრძოლაში გაიმარჯვებდა, მაშინ ის ადვილად შეუთანხმდებოდა კაიროს სულთანს [თურქების] საზიანოდ. ამგვარად, [სულთანმა] დატოვა კონსტანტინიპოლი და მრავალრიცხოვანი ჯარით წავიდა ამასიაში. იქ მან წესრიგში მოიყვანა ყველაფერი, რაც კი საჭირო იყო და მაისის თვეში გაეშურა თოყათისაკენ.

აქვე შეძლებისდაგვარად უნდა ითქვას რამდენი მილია ერთი ადგილიდან მეორემდე. ამგვარად, უპირველეს ყოვლისა ხუთასი მილია კონსტანტინოპოლიდან ამასიამდე. იქიდან მდინარე ლაისამდე, რომელიც სივასშია, თოყათის მხარეს თუ წახვალთ, 150 მილია. აქედან ხარფუთამდე - ოთხმოცი, ამიდამდე - 50, აქედან ბითლისამდე - ორას ორმოცი, ბითლისიდან ტბამდე - ორმოცდაათი. ტბის სიგრძე - ასი. მისი დასაწყისიდან ხოიმდე - 50, ხოიდან თავრიზამდე - 75. შაჰის სამფლობელოებზე თავრიზამდე - 745. კოსტანტინიპოლიდან მთლიანად 355 მილია.

ამგვარად მან გაიარა თოყათი, მივიდა ჯერ სივასში, შემდეგ კი არსინგას მხარეში. ხელთ იგდო დიდძალი ნადავლი, მრავალი ხელოსანი და მათი მსგავსი ღირსეული ადამიანები და გააგზავნა ამასიასა და კონსტანტინოპოლში. შაჰმა ეს შეიტყო მაშინ, როცა თავრიზში იმყოფებოდა, ხოლო ჯარი ხორასანში ჰყავდა დატოვებული. მან გადაწყვიტა შეეკრიბა იმდენი ჯარი, რამდენსაც შეძლებდა და სასწრაფოდ გაგზავნა თავისი ორი სარდალი დიარბექის მხარეში. ერთს ერქვა სტუჯალუ მამეტბეი, მეორეს - კარბეკ სატუპირა. მათ შეკრიბეს ოცი ათასი კაცი და იმ ჯარით მივიდნენ ევფრატის ფონთან. მაგრამ [შაჰმა] შეიტყო, რომ სელიმი უძლიერესი იყო, ამიტომ საჭიროდ აღარ ჩათვალა მათ დალოდებოდა და გარუნდა ხოიში, სადაც არის მინდვრის მსგავსი დიდი ველი, სახელად კალდერანი და იქ გაჩერდნენ. იქ იყო თვით შაჰიც. იგი ასე იდგა, სულთანი კი წინ მიდიოდა და რაც უფრო უახლოვდებოდა იმ ადგილს, სადაც გაივლიდა, ანგრევდა და სწვავდა ყველაფერს.

მაშინ წავიდა ბატონი შაჰი თავრიზში. მას უნდოდა განკარგულება გაეცა დამატებითი ჯარის შეკრების შესახებ. იგი ხედავდა რა მტრის ჯარის მოახლოვებას, [იმ] ორ სარდალს გაანდო, რომ სურდა ისეთი გაბედული მრისხანებით შეეტია მტრისათვის, რომ სათქმელადაც კი ძნელი ყოფილიყო. მეორე მხრივ აუცილებლობის გამო თურქები თავს ესხმოდნენ, რადგან ისინი უკვე სურსათ-სანოვაგის ნაკლებობას განიცდიდნენ, და თუ დამარცხდებოდნენ, სუყველას [მტერი] აკუწავდა.

ამგვარად 1514 წლის 23 აგვისტოს სპარსელთა პირველ რაზმს, რომელსაც [მეთაურობდა] სტუჯალუ მამეტბეი, წილად ხვდა პატივი ნახევარი ჯარით ებრძოლა მტრის იმ ნაწილის წინააღმდეგ, რომელიც შედგებოდა მთლიანად ანატოლიელებისაგან, გაარღვია მათი [რიგები] და მკაცრად მოეპყრო მათ. მაგრამ მოულოდნელად გამოჩნდა სინან ფაშა თავისი ჯარით, რომელიც შედგებოდა რომანიელებისგან. დაიღუპა ურიცხვი [მებრძოლი]. საბოლოოდ დამარცხდა სტუჯალუს მხედრობა. იგი შეიპყრეს, მოჰკვეთეს თავი და შაჰს გაუგზავნეს.

ამასობაში ბრძოლის ველზე სემოვიდა სპარსელთა მეორე ცხენოსანი ჯარი და გაბედულად ეკვეთა მტერს და გააქცია. ამგვარად, შევიწროებულმა სულთანმა უკან დაიხია თავისი ბანაკით იქ, სადაც იანიჩარები იყვნენ და არტილერია იდგა. მისი ჯარი თითქმის დაღუპული და განადგურებული იყო, მაგრამ სინან ფაშას საბედნიეროდ [თურქები] გამხნებდნენ და სპარსელები დამარცხდმტმ და დაკარგეს ყველა კარავი. თურქებმა შეიპყრეს შაჰის ერთი ცოლიც. [სპარსელებმა] დაკარგეს მთელი ჯარი. ორივე სარდალი დაიღუპა. მაგრამ ერთი მათგანი, სახელად კარბეკი, ვიდრე მოკვდებოდა, სულთანს მიჰგვარეს. სულთანმა უთხრა: "ძაღლო, ვინა ხარ შენ, რომ გაბედე წინააღმდეგობა გაგეწია ჩვენი კეთილშობილებისათვის? განა არ იცი, რომ მამაჩვენი და ჩვენ მოციქულის მუჰამედის ნაცვალნი ვართ და უფალი ჩვენთანაა?" სარდალმა კარბეკმა უპასუხა: "უფალი რომ თქვენთან ყოფილიყო, მაშინ ჩემი ბატონის შაჰის წინააღმდეგ საბრძოლველად არ მოხვიდოდი. მე მწამს, რომ უფალი გაგიწყრა." მაშინ სელიმმა თქვა: "მოჰკალით ეს ძაღლი!" სარდალი შეესიტყვა და უთხრა: "ახლა ვიცი, რომ ჩემი აღსასრული მოვიდა. მაგრამ შენ, სელიმ მოამზადე შენი სული შემდეგი წლისათვის, როცა ჩემი ბატონი მოგკლავს შენ, ისე, როგორც ამჟამად შენ მკლავ მე" - [ესა თქვა] და მოკვდა.

ამ გამარჯვების სემდეგ სულთანმა შეისვენა ხოიში, რადგან ბევრი მებრძოლი დაკარგა და [შემდეგ] გაეშურა თავრიზში კვლავ შაჰის გასანადგურებლად, რომელიც მაშინვე ჯარის ნარჩენებით, თავის ცოლ ტასლუხანუმით და თავის მთავარი საგანძურით წავიდა კაზიბიში, რათა შეეგროვებინა სხვა ჯარი და სულთნის წინააღმდეგ გაელაშქრა. ეს [ქალაქი] მდებარეობს აღმოსავლეთით, თავრიზიდან შვიდი დღის სავალზე.

თავრიზელებს, დაინახეს რა თავიანთი მბრზანებლის წასვლა, სულთნის შეეშინდათ და ორი ელჩი და მრავალი საჩუქარი გაუგზავნეს. ამის სემდეგ სულთანი შევიდა თავრიზში, სასწრაფოდ შეკრიბა სხვადასხვა ხელობის ოსტატის შვიდი ათასი ოჯახი და კონსტანტინიპოლში გააგზავნა. თვითონ [მხოლოდ] სამი დღე დარჩა [თავრიზში], რადგან სურსათის ნაკლებობა ხედავდა და თანაც ეშინოდა სპარსელების დიდი ჯარით თავდასხმისა. იგი წამოვიდა და გზაში დიდად სეწუხდა სურსათ-სანოვაგის [ნაკლებობის] გამო. იბერებისაგან მიყენებული დიდი ზარალის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს მივიდა ამასიაში.

თავი 19. შაჰმა გაგზავნა ელჩები [ეგვიპტის] სულთანთან, ალიდოლატთან და იბერებთან და შეჰკრა კავშირი წინააღმდეგ სულთნისა, რომელსაც ასევე გაუგზავნა ელჩები, ქედმაღლურად მიართვა მას უძვირფასესი საჩუქრები და დაემუქრა. სულთანმა გაილაშქრა ალიდოლატის წინააღმდეგ, გაანადგყრა იგი და ბრძანა მისთვის და მისი ორი ვაჟისათვის მოეკვეთათ თავები

edit

თავრიზში დაბრუნებულმა შაჰმა გადაწყვიტა ელჩები გაეგზავნა კაიროში ალიდოლატთან და იბერებთან. ეს მოხდა ოქტომბერში. ყველა ისინი, რომლებიც უკვე [ეგვიპტის] სულთანთან გააგზავნეს, დეკემბერში მივიდნენ და მოახსენეს თავიანთი ელჩობის [მიზნის] შესახებ. [ეგვიპტის] სულთანმა უპასუხა მათ, რომ მისთვის სასიამოვნოა დაეხმაროს შაჰსდა შეუთანხმდეს მას სულთნის წინააღმდეგ, შეეწიოს ჯარით და თავისი ბედი დაუკავშიროს იმისას, არასოდეს არ წავიდეს [შაჰის] წინააღმდეგ. ყოველივე ამასთან ერთად შაჰს სურდა, რომ თუ სულთანი გაუგზავნიდა ელჩს [ეგვიპტის სულთანს], არ უნდა მიეღო არც საჯაროდ და არც საიდუმლოდ და არ უნდა მოესმინა მისთვის, [წინააღმდეგ შემთხვევაში] გაწყდებოდა მათ შორის კავშირი. ამგვარად შეიკრა ლიგა [ეგვიპტის] სულთანსა და შაჰს შორის. სხვა ელჩებმა, რომლებიც ასეთივე მითითებებით წავიდნენ ალიდოვლატთან, ჩამოიტანეს ისეთივე შეთანხმება, ასევე მიაღწიეს [შეთანხმებას] იბერებთან, რომლებმაც დამატებით იკისრეს იმდენი ჯარის მიცემა, რამდენიც შესაძლებელი იქნებოდა, ყოველთვის, როცა კი შაჰი მოისურვებს [სულთან] სელიმის წინააღმდეგ გალაშქრებას.

ამის შემდეგ შაჰმა გააგზავნა ელჩები სულთანთან ამასიაში, რომელსაც მიუტანეს ოქროს კვერთხი მთლად ძვირფასი თვლებით შემკული, ერთი უნაგირი, ზუსტად ისეთი ძვირფასი ქვებით შემკული, და წერილი, რომელშიც ნათქვამი იყო: მე, ისმაილი, სპარსეთის მბრძანებელი, შენ გიგზავნი ამჯერად ამ რეგალიებს, რომლებიც ღირს იმდენი, რამდენიც შენი სამეფო. თუ კაცი ხარ, შეინახე ისინი, როცა მათ წასაღებად მოვალ, მხოლოდ ამათ კი არ წაგართმევ, არამედ შენს თავსაც და სამეფოსაც. სელიმმა როცა ეს მოისმინა, ელჩების სიკვდილით დასჯა მოისურვა, მაგრამ ფაშები არ დაეთანხმნენ და [ამიტომ] მხოლოდ ცხვირები და ყურები მოსჭრეს და გაუშვეს. [სულთანმა] მათ დააბარა: "გადაეცით თქვენს ბატონს,რომ მე მას შევიპყრობ, როგორც ძაღლს"...

ქვეყნები, რომლებზეც ქვემოთ ვიტყვი, ემორჩილებიან ბატონ სულთანს. [ეს ის] ქვეყნებია, რომლებსაც განაგებენ მისი იანიჩარები. [ისინი] განაგებენ პირველ რიგში ერზინჯანის და ბაიბურტის მიწებს, სადაც მრავალი ქალაქი და ციხე-სიმაგრეა. ისინი ტრაპეზუნის მხრიდან ესაზღვრებიან სულთნის [სამფლობელოეებს]. ეს ორივე ქვეყანა მცირე სომხეთშია. შემდეგ ევფრატის მხარეს, არის დიარბექის ქვეყანა, რომლის დედაქალაქია ამიტი. ეს დიდი სომხეთის ნაწილია; ქვეყანა მოსული, დიდი ქალაქის ბაღდადის საზღვართან. ესეც მესოპოტამიაა. ასეთი მდგომარეობა იყო, როცა, როგორც ვთქვით, სულთანი მივიდა თოყათში და ამასიაში.

1515 წელს ის იმყოფებოდა ხსენებულ ადგილებში თავისი მცირე ჯარით, რომელიც გაყო ორ ნაწილად, ერთი ჩააბარა სკანდერს. ის გააგზავნა ისმაილის ერთი ქალაქის ტანიას ასაღებად, სადაც [ცხოვრობდა] ას ორმრცდაათი ათასი სული. შემდეგ [ჯარის] მეორე ნაწილით თვითონ გაეშურა ალიდოლატის წინააღმდეგ, რომელიც მთის გამაგრებულ ადგილებში იმყოფებოდა. როცა მან გაიგო სულთანის გადაწყვეტილების შესახებ, გაუგზავნა ელჩები და შეუთვალა, რომ ყოველთვის მისი მეგობარი იყო და არ ესმოდა, რა მიზეზით სურდა [სულთანს] მისი ქვეყნის წართმევა, მაგრამ, რადგან [სულთანს] ასე სურდა, მან მამაცურად სიკვდილი გადაწყვიტა.

სულთანმა უპასუხა, რომ აქამდე იმიტომ იცდიდა, რომ სურდა [ენახა], თუ როგორ მოიქცეოდა, რამდენადაც მან შაჰის ელჩები მიიღო და დაჰპირდა მის წინააღმდეგ დახმარებას. სარდალი სკანდერი დიდად განრისხებული გაეშურს ტანიას დასაპყრობად,ხოლო ბატონი სულთანი წავიდა [კასარიაში], რომელიც მდებარეობს ალიდოლის მახლობლად. ალიდოლელები წამოვიდნენ მის დასახვედრად, მაგრამ დამარცხდნენ და [თურქებმა] გადათელეს.

[თურქებმა] შეიპყრეს ალიდოლატი და მის ორ ვაჟთან ერთად მოჰკვეთეს თავი. სხვები მთაში გაიხიზნენ. ამგვარად სულთანმა მოიპოვა დიდი გამარჯვება. სარდალმა სკანდერმაც ამოწყვიტა მთელი ის ხალხი, ვინც ტანიაში იყო. ამ გამარჯვების შემდეგ სულთანმა გადაწყვიტა თავისი ვაჟი გაეგზავნა ამასიაში, ხოლო თვითონ კოსტანტინოპოლში წავიდა.