ჯუვეინი


"თარიხ-ე ჯაჰანგოშაი" ("ქვეყნის დამპყრობის ისტორია")
ავტორი: ჯუვეინი
ცნობები საქართველოს შესახებ

გამომცემელი: კიკნაძე რევაზ


ჯუვეინის ცნობები საქართველოს შესახებ

ჯუვეინი
ჯუვეინი
უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ


საქართველოს ისტორიის სპარსული წყაროები




წიგნის სათაური:
სრული სათაური:

ჯუვეინის ცნობები საქართველოს შესახებ - სპარსულ ტექსტს შესავალი წაუმძღვარა, ქართული თარგმანი და შენიშვნები დაურთო რევაზ კიკნაძემ - უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ წ. XXXIII - თბილისი - 1974 რესურსები ინტერნეტში:http://dspace.gela.org.ge/handle/123456789/5161


წინასიტყვაობა

edit
ალა ად-დინ ათა მალიქ ჯუვეინი და მისი „თარიხ-ე ჯაჰანგოშაჲ“
მსოფლიო ისტორიის ყოველ მნიშვნელოვან მოვლენას შესაბამისი თანადროული საისტორიო წყაროები აქვს. თვითმხილველი და თანადამხდური მემატიანენი თუ მათი უახლოესი შთამომავალნი აკვირდებოდნენ მომხდარ ამბებსა და მოვლენებს და მეტ-ნაკლები სიზუსტითა და სისრულით, შესაძლისი ობიექტურობით აღწერდნენ მათ თავიანთ საისტორიო ნაწარმოებებში.

თანამედროვე ისტორიოგრაფიაში აღიარებულია, რომ არცერთ მოვლენას არ მოუხდენია ისეთი დიდი გავლენა შუა საუკუნეთა აზიის, მეტადრე მისი დასავლეთი ნაწილის ცხოვრებაზე, როგორიც მონღოლების საზარელმა შემოსევებმა მოახდინა XIII საუუნის პირველ ნახევარში. ცენტრალური აზიის ტრამალებიდან გამოსული მონღოლთა ურდოები რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში სპობდნენ და ანადგურებდნენ ადგილობრივ კულტურულ ხალხთა საუკუნეობრივ მონაპოვარს. მონღოლთა შემოსევების შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა ირანი, სადაც მრავალი ქალაქი და სოფელი გაპარტახდა და აღიგავა პირისაგან მიწისა, მოსახლეობა კი ნაწილობრივ გაწყდა, ხოლო ნაწილობრივ ტყვედ ჩაცვივდა; კულტურისა და მეცნიერების მნიშვნელოვანი კერები განადგურდა, სწავლულნი დახოცეს ან დაატყვევეს. მონღოლ-თათართა ურდოების თარეშმა მძლავრი ლახვარი ჩასცა ირანში მეცნიერებისა და კულტურის განვითარებას.
ცნობილი საბჭოთა ორიენტალისტი ა. იაკუბოვსკი შენიშნავდა: მონღოლთა შემოსევებმა XIII საუკუნის დამდეგს იმდენად ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინეს თანამედროვეთა და მათ უახლოეს შთამომავალთა შეგნებაზე, რომ მონღოლების შესწავლა თითქმის მათ შემოსევებთან ერთად დაიწყო. აზიისა და ევროპის ხალხებმა, რომელთაც მოულოდნელად დაატყდათ თავს კატასტროფა, მრავალ ენაზე – არაბულად, ტაჯიკურად, სპარსულად, რუსულად, სომხურად, ქართულად, ლათინურად, პოლონურად, ჩინურად, უნგრულად, გერმანულად – დაწვრილებით აღწერეს მონღოლთა შემოსევები, მათი ბრძოლის წესები, ლაშქრის წყობა, მათი სიმკაცრე და დაპყრობილი ქვეყნების მოსახლეობის მასიური ჟლეტა, ქალაქებისა და სოფლების, სარწყავი არხების ნგრევა-განადგურება, ბაღ-ვენახებისა და სახელოსნოების გაპარტახება, მონღოლური მართვა-გამგებლობის წესები, დამპყრობელთა ადათ-ჩვეულებანი და სხვ.1.
ამასთან ერთად, უნდა აღინიშნოს, რომ არამარტო მონღოლთა მიმართ აშკარად მტრულად განწყობილი ავტორები, არამედ მათ სამსახურში მყოფი ისტორიკოსებიც შეძლებისდაგვარად პირუთვნელად აღწერდნენ თათართა ურდოების შემოსევების საშინელებას და ძირითადად სწორად აფასებდნენ ამ შემოსევების დამღუპველ შედეგებს დაპყრობილი ქვეყნებისათვის2.
როგორც ითქვა, მონღოლთა შემოსევებმა დიდად შეაფერხა მეცნიერებისა და კულტურის განვითარება ირანსა და მიმდგომ ქვეყნებში. ამ მხრივ გამონაკლისს შეადგენს მხოლოდ საისტორიო მწერლობა, რომელიც დიდ აღმავლობას განიცდის მონღოლთა ბატონობის ხანაში. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ არც მონღოლებამდე და არც მათ შემდეგ სპარსულ ენაზე არ შექმნილა იმდენი შესანიშნავი საისტორიო ნაწარმოები, რამდენიც XIII საუკუნის მეორე ნახევარსა და XIV საუკუნის პირველ ნახევარში დაიწერა სხვადასხვა ქვეყნებში. საკმარისია გავიხსენოთ ჯუვეინის, ჯუზჯანის, რაშიდ ად-დინის, ვასაფის, ჰამდალაჰ ყაზვინის, შებანგარაის, იბნ ბიბის, ალ-აჰრის, აყსარაის საისტორიო თხზულებები.
მონღოლთა ბატონობის ხანაში შექმნილ ამ საისტორიო ნაწარმოებთა შორის ათა მალიქ ჯუვეინის „თარიხ-ე ჯაჰან-გოშაჲ“ („ქვეყნის დამპყრობის ისტორია“) ყველაზე ადრინდელი და, ამდენად, ყველაზე ორიგინალურიც არის. ჯუვეინის მისი მაღალი სამსახურებრივი მდგომარეობის წყალობით ხელი მიუწვდებოდა ბევრ ისეთ წყაროზე, რომლებიც შემდეგ დაიკარგა. ამიტომ მის თხზულებაში დიდძალი პირველხარისხოვანი მასალა არის მოტანილი როგორც საკუთრივ მონღოლთა ისტორიის, ისე მახლობელი აღმოსავლეთის ქვეყნებში მათი შემოსევებისა და ბატონობის პირველი პერიოდის ისტორიისათვის.

* * * * * * *
ჯუვეინიების გვარი ერთ-ერთი ცნობილი და წარჩინებული გვარი იყო ირანში3. მათი გენეალოგია მოცემული აქვს სირიელ ისტორიკოსს აზ-ზაჰაბის, რომელიც ათა მალიქ ჯუვეინის ბიოგრაფის აბულ-ფაზლ აბდ არ-რაზაყ ალ-ღუთის ცნობებს ემყარება. ამ გენეალოგიის მიხედვით, ჯუვეინიების გვარი დაკავშირებული ყოფილა ფადლ ბ. არ-რაბისთან, რომელიც ჰარუნ არ-რაშიდის (786 – 809) ვაზირი იყო, ჩვენი ავტორი კი მის მეთორმეტე თაობას ეკუთვნოდა.
ათა მალიქის წინაპრები აბასელი ხალიფების ვაზირები იყვნენ, უფრო ახლო წინაპრები კი დიდი სელჩუკიანებისა და ხორეზმშაჰების სამსახურში იმყოფებოდნენ. ათა მალიქის პაპა, შამს ად-დინი ხორეზმშაჰ მოჰამედის ერთ-ერთი კარისკაცი და საფინანსო მოხელე იყო. თავისი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში ხორეზმშაჰმა ის საჰებ-დივანად (ფინანსთა მინისტრად) დანიშნა. იგი თან ახლდა მონღოლების შიშით ბალხიდან ნიშაბურს გაქცეულ მოჰამედ ხორეზმ-შაჰს, მისი სიკვდილის შემდეგ კი ემსახურებოდა მისსავე ვაჟსა და მემკვიდრეს სულთან ჯალალ ად-დინს რომელმაც ასევე საჰებ-დივანის თანამდებობაზე დაამტკიცა შამს ად-დინი. იგი გარდაიცვალა 1230 წელს ხლათის მახლობლად, ჯალალ ად-დინის მიერ ქალაქის გარემოცვის დროს.
ჩვენი ავტორის მამა ბეჰა ად-დინი 630 (1232/3) წლიდან დასავლეთის ქვეყნების გამგებელ მონღოლ მოხელეთა სამსახურში იმყოფებოდა. ჩინ-თემურის დროს იგი ხორასნისა და მაზანდარანის საჰებ-დივანად დაინიშნა, ხოლო ერთი-ორი წლის შემდეგ ეახლა უგედეი ყაენს (1229 – 1241), რომელმაც პატივით მიიღო ბეჰა ად-დინი და საჰებ-დივანის თანამდებობაზე დაამტკიცა იგი.
დასავლეთის სამფლობელოთა გამგებლებს ხშირად უხდებოდათ დიდი ყაენის კარზე მოგზაურობა, ყურულთაიზე დასასწრებლად, ანგარიშის ჩასაბარებლად ან მათ წინააღმდეგ წამოყენებულ ბრალდებებზე პასუხის გასაცემად. ასეთ შემთხვევებში ბეჰა ად-დინი ან თან ახლდა მათ, ანდა მათი მოვალეობის დროებით აღმსრულებლად რჩებოდა ირანსა და მეზობელ ქვეყნებში.
მონღოლთა სამსახურში იმყოფებოდა აგრეთვე ათა მალიქის უფროსი ძმა, დიდად განათლებული ადამიანი და თავისი დროის უდიდესი ფინანსისტი, შამს ად-დინ მოჰამედი, რომელიც ჰულაგუ-ხანის, აბაღა-ხანისა და აჰმედ-თეგუდარის ვაზირი იყო4.
ალა ად-დინ ათა მალიქ ჯუვეინი დაბადებულა 623 (1226) წელს ჯუვეინის ოლქის მთავარ ქალაქ აზადვარში (ხორასანში). თხუთმეტი წლის ასაკიდან იგი მონღოლთა სამსახურში იმყოფებოდა და გურგუზის შემდეგ დასავლეთის სამფლობელოთა გამგებლად დანიშნული არღუნ ამირის ერთ-ერთი მდივანი იყო. თავისი გამგებლობის ცამეტი წლის მანძილზე (1243 – 1256) არღუნს ხუთ-ექვსჯერ მოუხდა მოგზაურობა დიდი ყაენის კარზე. მას მეტწილად თან ახლდა ხოლმე ათა მალიქიც, რომელმაც ამის გამო ათიოდე წელი გაატარა მოგზაურობაში.
649 (1251) წელს, ზაფხულის მიწურულს, არღუნ ამირი გაემგზავრა, რათა დასწრებოდა დიდი ყაენის ასარჩევად5 მოწვეულ ყურულთაის. მან თან იახლა ათა მალიქ ჯუვეინიც. სანამ ისინი ყარა-ყორუმს მიაღწევდნენ, ყურულთაი დამთავრდა და მონღოლთა სახელმწიფოს უზენაესი მბრძანებლის ტახტზე დაჯდა მანგუ ყაენი, ჩინგიზ-ხანის უმცროსი ვაჟის თულის შვილი. ამასობაში თოვლმაც მოუსწრო მოგზაურთ და ძალიან გაუჭირდათ სიარული. არღუნ ამირმა და მისმა მხლებლებმა მხოლოდ 650 წლის საფარის 20-ს (1252 წ. 2 მაისს), ე. ი. მანგუს ყაენად არჩევიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ მიაღწიეს ყარაყორუმს.

არღუნმა მოახსენა მანგუს დასავლეთის ქვეყნების ეკონომიური მდგომარეობის ამბავი. რასაც მოჰყვა ყაენის მიერ გატარებული საგადასახადო რეფორმები. ამის გამო არღუნ ამირს 651 წლის რაჯაბის თვემდე (1253 წლის სექტემბრამდე) მოუხდა ყარაყორუმს დარჩენა. მონღოლთა სახელმწიფოს დედაქალაქში ხანგრძლივად ყოფნის დროს6 მეგობრებმა ურჩიეს თურმე ჯუვეინის, დაეწყო შედგენა საისტორიო თხზულებისა, რომელშიც აღწერილი იქნებოდა მონღოლი ყაენების დიდი საქმეები და მათი დაპყრობითი ომები. ათა მალიქს ჯერ უარი უთქვამს, რადგან ფიქრობდა, რომ არ გააჩნდა საამისო ცოდნა. მაგრამ მახლობლებმა დაარწმუნეს ის, რომ საფუძვლიანად იყო მომზადებული ამ საქმისათვის: კარგად იცნობდა მონღოლთა სახელმწიფოს და მის გამგებლებს, თავისი თანამდებობის გამო ხელი მიუწვდებოდა სანდო წყაროებზე და, რაც მთავარია, თვითმხილველი იყო მრავალი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენისა.
ბოლოს ათა მალიქი დათანხმდა ხელი მოეკიდა ამ საქმისათვის. თავისი საისტორიო ნაწარმოების წერას, რომელსაც „ქვეყნის დამპყრობის7  ისტორია“ უწოდა, იგი შეუდგა 650 (1252/3) წელს და დაამთავრა 658 (1260) წელს.  ყარაყორუმს უკანასკნელი მოგზაურობიდან 1253 წელს დაბრუნებულმა ჯუვეინიმ განაგრძო არღუნ ამირთან თავის სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულება. ამ თანამდებობაზე იმყოფებოდა ის ირანში მანგუ ყაენის უმცროსი ძმის ჰულაგუ-ხანის მოსვლამდე 654 (1256) წელს. არღუნ ამირი შაბურღანის ველზე შეეგება ჰულაგუს და, მისი ბრძანებით, დიდი ყაენის კარზე გაემგზავრა ყარა-ყორუმს, რათა თავი დაეცვა მის წინააღმდეგ წამოყენებული ახალი ბრალდებისაგან წასვლის წინ მან ჰულაგუ-ხანის სამსახურში გაამწესა თავისი ვაჟი გერაი მალიქი, ამირ აჰმედ ბითიქჩი და ათა მალიქ ჯუვეინი. ამის შემდეგ სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე ჯუვეინი ჰულაგუ-ხანსა და მის მემკვიდრეებს ემსახურებოდა.

ჰულაგუ-ხანის მეთაურობით დასავლეთისაკენ გამოგზავნილი ლაშქრის პირველი მიზანი იყო ისმაილიანთა განადგურება. 1256 წლის გვიან შემოდგომაზე მონღოლებმა ყოველი მხრიდან ალყა შემოარტყეს ისმაილიანთა მთავარ სიმაგრეს ალამუთის ციხეს. იმავე წლის ნოემბრის შუა რიცხვებში ისმაილიანთა ორდენის მეთაურმა როქნ ად-დინმა გადაწყვიტა, დანებებოდა მონღოლებს და ითხოვა დაცვის სიგელი, რომელიც ჯუვეინის შეუდგენია. მასვე მონაწილეობა მიუღია აგრეთვე გამართულ მოლაპარაკებაში და დაუწერია ისმაილიანთა საბოლოოდ დამარცხებისა და განადგურების მაუწყებელი ფათჰ-ნამეს („ძლევის წიგნის“) ტექსტი. ჰულაგუ-ხანის ნებართვით ათა მალიქმა გადასინჯა ალამუთის მდიდარი ბიბლიოთეკა, ბევრი ძვირფასი წიგნი გადაარჩია და გადაარჩინა დაწვას. 

ალამუთისა და ისმაილიანთა ორდენის სხვა სიმაგრეების აღების შემდეგ ჰულაგუ-ხანმა ბაღდადისაკენ დაძრა ლაშქარი. 1258 წლის თებერვალში მან აიღო ბაღდადი, მოაკვლევინა ხალიფა ალ-მუსთასიმი და ბოლო მოუღო აბასელთა სახალიფოს. მომდვენო, 1259 წელს ჰულაგუ-ხანმა ათა მალიქ ჯუვეინი დანიშნა ბაღდადისა და არაბეთის ერაყის გამგებლად. ჰულაგუს გარდაცვალების შემდეგაც (1265 წ.) ამავე მოვალეობას ასრულებდა ის, თუმცა აბაღა-ხანმა (1265 – 1282) ბაღდადის გამგებლად მონღოლი ამირი სულუწ-ჩაყი გაამწესა. ხოლო ათა მალიქი მის ნაიბად დანიშნა.
ჯუვეინიების ოჯახს ბევრი მტერი ჰყავდა და ილხანთა კარზე მათი ხანგრძლივი სამსახურის მანძილზე არაერთხელ უცდიათ ძმების დაღუპვა, მაგრამ შამს ად-დინი და ათა მალიქი ყოველთვის ახერხებდნენ უვნებლად გადარჩენას. აბაღა-ხანის ილხანობის ბოლო წლებში ვინმე მაჯდ ალ-მულქმა, რომელიც თავის დროზე ჯუვეინიების მიერ იყო დაწინაურებული სახელმწიფო სამსახურში, რამდენიმეჯერ დააბეზღა ათა მალიქი და მიაღწია იმას, რომ მას სახელმწიფო თანხის – 2.500.000 დინარის მითვისება დაბრალდა. ათა-მალიქშა ბაღდადში მიიყვანა ილხანის მიერ გაგზავნილი ამირი და უკლებლივ გადასცა ყველაფერი, რაც კი გააჩნდა სახლში: ოქრო-ვერცხლი, ძვირფასი ქვები, ჭურჭლეული, ტანსაცმელი... მისმა ძმამ, საჰებ-დივანმა შამს ად-დინმაც ასევე შეაგროვა თავისი საკუთარი, შვილების და მახლობელთა ქონება და აბაღა-ხანს მიართვა8.
მაგრამ მაინც ვერას გახდა, ვერ გაათავისუფლებინა დაპატიმრებული ათა მალიქი, სანამ თვითონ მონღოლი დიდებულები და აბაღას საყვარელი ცოლი არ გამოესარჩლნენ მას. მაგრამ მაჯდ ალ-მულქმა მაინც არ მოისვენა და ახლა ილხანთა ყველაზე საშინელ მტერთან, ეგვიპტის მამლუქებთან მიწერ-მოწერაში დასდო ბრალი ათა მალიქს. 1282 წლის მარტში ათა მალიქ ჯუვეინი ამ ბრალდებაზე პასუხის გასაცემად ბაღდადიდან ჰამადანს გაემგზავრა. მაგრამ სანამ ადგილზე მივიდოდა, აბაღა-ხანის სიკვდილის ამბავი შეიტყო. იმავე წელს ილხანის ტახტზე დაჯდა აბაღას ძმა აჰმედ-თეგუდარი, რომელმაც დაუყოვნებლივ მოხსნა ჯუვეინის ბრალდება. აჰმედის წინააღმდეგ ენერგიული ბრძოლა გააჩაღა აბაღას უფროსმა ვაჟმა არღუნმა, რომელიც ჯუვეინიების მიმართაც მტრულად იყო განწყობილი. მას სჯეროდა ფართოდ გავრცელებული ხმები, თითქოს შამს ად-დინმა მოწამლა მამამისი და ყოველნაირად ცდილობდა ძმების დაღუპვას, არღუნი ბაღდადს მივიდა, კვლავ წაუყენა ათა მალიქს ბრალდება სახელმწიფო თანხების მითვისებაში და მისი მომხრეების დაპატიმრებასა და დასჯას შეუდგა. ათა მალიქშა რომ ეს ამბავი შეიტყო, რაშიდ ად-დინის მიხედვით ძლიერი თავის ტკივილი დაეწყო და მალე მოკვდა (არსებობს მოსაზრება, რომ სისხლი ჩაექცა ტვინში). აზ-ზაჰაბის სიტყვით კი იგი ცხენიდან გადმოვარდნილა და ისე მომკვდარა. ეს ამბავი არანში მოხდა 681 წლის ზულ-ჰიჯჯეს თვის 4-ში (1283 წლის 5 მარტს).
1284 წელს არღუნმა ტახტიდან ჩამოაგდო თავისი ბიძა აჰმედი და თვითონ დაჯდა ილხანად. მან სიკვდილით დაასჯევინა ვაზირი შამს ად-დინი და მისი ვაჟები და მალე ჯუვეინიების ერთ დროს მრავალრიცხოვანი და ძლიერი ოჯახი თითქმის მთლიანად ამოწყდა9

.

* * *
თავისი ძირითადი თხზულების „თარიხ-ე ჯაჰანგოშაჲ-ს წერა ალა ად-დინ ათა მალიქ ჯუვეინიმ 1252 ან 1253 წელს დაიწყო და 1260 წელს, უკეე ბაღდადის გამგებლობის დროს დაამთავრა. ეს თხზულება ჩინგიზ-ხანის, მის მიერ შექმნილი სახელმწიფოსა და მისი მემკვიდრე-შთამომავლების ისტორიას ეძღვნება. გარდა ამისა, ავტორი დაწვრილებით გადმოგვცემს ხორეზმშაჰებისა და ისმაილიანთა ისტორიასაც. რომლებთანაც შეტაკება მოუხდათ მონღოლებს დასავლეთში ლაშქრობისას.
„თარიხ-ე ჯაჰანგოშაჲ“ სამი ტომისაგან შედგება, ყოველი ტომი კი თავის მხრით თავებად არის დაყოფილი. პირველ ტომში გადმოცემულია ჩინგიზ-ხანის მისი სახელმწიფოს წარმოქმნისა და დაპყრობითი ომების ისტორია. აქვეა მოთხრობილი უგედეი ყაენისა და გუიუქ-ყაენის მეფობის ამბები. მეორე ტომში გადმოცემულია ხორეზმშაჰების დინასტიის ისტორია (განსაკუთრებით ვრცლად არის აღწერილი მოჰამედისა და ჯალალ ად-დინის ამბები) და ხორასნისა და მაზანდარანის მონღოლ გამგებელთა თავგადასავალი. მესამე ტომში მოთხრობილია მანგუ ყაენის ამბები და გადმოცემულია ილხანთა სახელმწიფოს წარმოქმნის ისტორია. აქვეა აღწერილი ირანელ ისმაილიანთა ისტორია, ჰულაგუ-ხანის მიერ ამ ორდენის დამარცხება და მათი მთავარი რეზიდენციის – ალამუთის ციხის აღება10.
ათა მალიქ ჯუვეინის „თარიხე ჯაჰანგოშაჲ“ ძირითადად ეძღვნება იმ პოლიტიკური მოვლენების აღწერას, რომელთა დიდი ნაწილი თვით ავტორის სიცოცხლეში მოხდა. იგი პირადად იყო მონაწილე მის მიერ გადმოცემული ბევრი ამბისა. გარდა ამისა, ჯუვეინის საშუალება ჰქონდა მოესმინა თავის უფროს თანამედროვეთა, მონღოლთა პირველი შემოსევების თვითმხილველთა და თანადამხდურთა მონათხრობი. კერძოდ, მას გამოუყენებია მოგონებანი მამამისის, ბეჰა ად-დინისა, რომელიც მონღოლთა დასავლეთის სამფლობელოების საჰებ-დივანი იყო. გამორიცხული არ არის, რომ ზეპირ ნაამბობთან ერთად ჯუვეინის წერილობითი წყაროებიც გამოეყენებინა11.
ყოველივე ამის გამო ათა მალიქ ჯუვეინის თხზულებამ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა როგორც სანდო საისტორიო წყარომ. მისი მონაცემებით ფართოდ სარგებლობდნენ მონღოლთა ბატონობის ხანისა თუ მომდევნო საუკუნეების ისტორიკოსები. მაგალითად, XIV საუკუნის ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე და მეცნიერი რაშიდ ად-დინი ზოგჯერ სიტყვასიტყვით იწერს მთელ ადგილებს „ქვეყნის დამპყრობის ისტორიიდან“. ჯუვეინის საისტორიო ნაწარმოებში დიდი ადგილი აქვს დათმობილი მონღოლთა დაპყრობითი ომების აღწერას. ამიტომ მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მონღოლთა შემოსევების ისტორიის კვლევისათვის12. ავტორი ვრცლად გადმოგვცემს მონღოლების ლაშქრობებს მავერანნაჰრსა და ხორასანში, ხორეზმშაჰ მოჰამედისა და სულთან ჯალალ ად-დინის ბრძოლას მათთან და ა. შ. მაგრამ ჯუვეინის შედარებით უფრო მოკლედ და ზოგ შემთხვევაში არაზუსტად აქეს მოთხრობილი ამიერკავკასიის ქვეყნებში მონღოლთა ლაშქრობების ამბები. საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში მონღოლების შემოსევებთან დაკავშირებული ცნობები ჯუვეინისა აშკარად ნაკლული და ნაკლებად ზუსტია13. მაგალითად, იგი საერთოდ არაფერს ამბობს ჯებესა და სუბუდაის რაზმების მიერ ქართველთა ლაშქრის დამარცხების შესახებ და სხვ. ასევე სრული არ არის ათა მალიქის მოთხრობა სულთან ჯალალ ად-დინის ამიერკავკასიის ქვეყნებში ყოფნის შესახებ.
მიუხედავად ამისა, ათა მალიქ ჯუვეინის ცნობებს ამიერკავკასიის შესახებ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ქვეყნების XIII საუკუნის პირველი ნახევრის ისტორიის საკითხების დასამუშავებლად. ჯუვეინის ცნობების სხვა წყაროების მონაცემებთან შეჯერება და ურთიერთშევსება საშუალებას იძლევა წარმოვიდგინოთ ამიერკავკასიის ქვეყნებში მონღოლებისა და ხორეზმელების შემოსევებისა და უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ ამიერკავკასიის ხალხთა გმირული ბრძოლის ისტორიის რამდენადმე სრული სურათი.
ათა მალიქ ჯუვეინის, როგორც აღვნიშნეთ, ხშირად უხდებოდა მოგზაურობა არღუნ ამირთან ერთად, რომლის პირადი მდივნის მოვალეობას იგი ასრულებდა 1256 წლამდე. ასეთ მძიმე პირობებში იწერებოდა მისი საისტორიო ნაწარმოები და ამ მნიშვნელოვანმა გარემოებამ შესამჩნევი კვალი დაამჩნია „ქვეყნის დამპყრობის ისტორიის“ ტექსტს. ზოგჯერ ესა თუ ის მოვლენა ჯუვეინის არასწორად აქვს დათარიღებული ან სულაც არ მოეპოვება თარიღი. ავტორი ზოგჯერ ერთმანეთის საწინააღმდეგო ცნობებს იძლევა თხზულებაში. ერთ-ერთ უძველეს ხელნაწერში დატოვებულია სუფთა ადგილები რომელთა შევსებას ავტორი, როგორც ჩანს, მერე აპირებდა, მაგრამ ვეღარ განახორციელა ეს. ჯუვეინი რამდენიმეჯერ იმოწმებს თავისი ნაშრომის არარსებულ თავებს და ა.შ. ყველაფერი ეს მოწმობს, რომ „თარიხ-ე ჯაჰანგოშაჲ“ არ ყოფილა საბოლოოდ დამუშავებული ან, იქნებ, სულაც დაუმთავრებელი დარჩა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სახელმწიფო სამსახურის საქმეებით დატვირთულმა ჯუვეინიმ ვეღარ შეძლო გაეგრძელებინა მუშაობა თავის საისტორიო თხზულებაზე და საბოლოოდ დაესრულებინა ის.
ათა მალიქ ჯუვეინი, ისევე როგორც რაშიდ ად-დინიб, ვასაფი, ჰამდალაჰ ყაზვინი, მონღოლ ილხანთა ოფიციალური ისტორიოგრაფიის წარმომადგენელია. ამ ისტორიკოსებს ამავე დროს მაღალი ადმინისტრაციული თანამდებობები ეჭირათ ილხანთა სახელმწიფოში და თავიანთი კეთილდღეობით მთლიანად დამოკიდებული იყვნენ მონღოლებზე. მათ როგორც კარის ისტორიკოსებს თავიანთ ნაწარმოებებში უნდა შეექოთ ჩინგიზ-ხანი და მისი მემკვიდრენი. ამ ისტორიკოსებმა შეასრულეს მბრძანებელთა დაკვეთა – ხოტბა შეასხეს მონღოლებს, მაგრამ, როგორც ი. პეტრუშევსკი შენიშნავს, საკმაოდ უხალისოდ გააკეთეს ეს. „ოფიციალური ისტორიკოსების მდგომარეობამ ხელი არ შეუშალა ჯუვეინისა და რაშიდ ად-დინს დაეხატათ მონღოლთა შემოსევების საშინელებანი, ეჩვენებინათ მჭიდროდ დასახლებული ქალაქების დაღუპვის, საყოველთაო ხოცვა-ჟლეტის, მთელი ოლქების განადგურების სურათი თითქმის ისეთივე გულახდილობით, როგორც ამას აკეთებდნენ მონღოლთა მიმართ მტრულად განწყობილი ისტორიკოსები (იბნ ალ-ასირი, ნესავი, ჯუზჯანი)“14.
ცნობილი რუსი აღმოსავლეთმცოდნე ვ. ბარტოლდი, თავის კლასიკურ ნაშრომში „თურქესტანი მონღოლთა შემოსევების ხანაში“ (1900 წ.) გულისტკივილით შენიშნავდა, ჯუვეინის თხზულება აქამდე არ ყოფილაო სათანადოდ დაფასებული15. ახლა უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ათა მალიქ ჯუვეინის „თარიხ-ე ჯაჰან-ბოშამ“ საბოლოოდ მოიპოვა სპეციალისტთა საყოველთაო აღიარება. საკმარისია აღინიშნოს, რომ ვ. ბარტოლდის ზემოთ მოტანილი სიტყვების შემდეგ ჯუვეინის თხზულების სპარსული ტექსტი მთლიანად16 გამოიცა სამჯერ17 და ასევე მთლიანად ითარგმნა ინგლისურ და იტალიურ ენებზე18.
საქართველოში ჯუვეინის თხზულება მონღოლთა ბატონობის ხანაშივე გაიცნეს. კერძოდ, გამორკვეულია, რომ XIV საუკუნის შესანიშნავი ქართველი ისტორიკოსი ჟამთააღმწერელი იცნობდა „თარიხ-ე ჯაჰანგოშაჲ“-ს და იყენებდა მას თავისი საისტორიო ნაწარმოების შედგენის დროს. აქედან ამოუკრებია ჟამთააღმწერელს ცნობები ჩინგიზ-ხანის პერიოდის მონღოლთა შესახებ19.
შემდგომ მეცნიერი ისტორიკოსები იყენებდნენ ჯუვეინის მონაცემებს საქართველოში მონღოლთა თუ ჯალალ ად-დინის შემოსევების ისტორიის ცალკეული საკითხების კვლევის დროს, მაგრამ მთლიანად „თარიხ-ე ჯაჰანგოშაჲ“-ს ცნობები საქართეელოს შესახებ პირველად ითარგმნა. ამასთან ერთად, ჩვენ ვცადეთ, რომ გამოგვეტანა არა მარტო ის ცნობები, სადაც საქართველო იხსენიება, არამედ უფრო ფართოდ წარმოგვეჩინა ჯუვეინის მასალა და ამასთან, მთელი ამიერკავკასიის ვითარებაც გაგვეთვალისწინებინა. ამავე დროს, საჭიროდ ვცანით, გვეთარგმნა ჯუვეინის მოთხრობა მანგუ ყაენის საგადასახადო რეფორმის შესახებ, რადგან ამ რეფორმის ტალღა საქართველოსაც მოსწვდა. მართალია, ჩეენი ავტორი რამდენადმე გადაჭარბებით აფასებს მანგუს ამ ღონისძიების მნიშვნელობას და შედეგებს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სამეურნეო ცხოვრების ერთგვარი გამოცოცხლება ამ რეფორმას მაინც მოჰყვა.
* * *
სპარსული ტექსტი გადმოვწერეთ მირზა მოჰამედ ყაზვინის ცნობილი გამოცემიდან და აშიებზეც ამავე გამოცემის გვერდებია ნაჩვენები.
ენა ჯუვეინის თხზულებისა საკმაოდ მაღალფარდოვანი და ღვარჭნილია, თუმცა დიდად არ განსხვავდება კლასიკური სპარსული პროზის ენისაგან. ჯუვეინის თხზულების სინტაქსიც საკმაოდ თავისებურია, რაც იმით აიხსნება, რომ ავტორმა მთელი სიცოცხლე მონღოლთა შორის გაატარა20. ჯუვეინი ხშირად მიმართავს სიტყვათა თამაშს და დიდ ოსტატობასაც იჩენს ამ საქმეში (საამისო მაგალითები მითითებული გვაქვს შენიშვნებში). თარგმნის დროს ჩვენ ვეცადეთ, თანამედროვე სალიტერატურო ქართულის ფარგლებში, შეძლებისდაგვარად, ორიგინალის ენის ელფერიც შეგვენარჩუნებინა.
ათა მალიქ ჯუვეინის უხვად აქვს ჩართული თავის თხზულებაში სხვადასხვა ავტორთა სპარსული თუ არაბული ლექსები. ეს ლექსები, ისევე როგორც არაბული საღვთისმეტყველო გამოთქმებიც, რომელთაც კავშირი არ ჰქონდათ საისტორიო თხრობასთან, მეტწილად გამოვტოვეთ.
საქართველოს ისტორიის სპარსული წყაროების შესწავლა-გამომზეურებას დიდი ამაგი დასდო გამოჩენილმა ქართველმა ირანისტმა, აწ განსვენებულმა ვლადიმერ ფუთურიძემ. მან X – XIX სს. არაერთი სპარსული ძეგლი შეისწავლა, გამოკრიბა ცნობები საქართველოს შესახებ, თარგმნა ქართულად და გამოაქვეყნა სათანადო შენიშვნებით. ამ წყაროების მონაცემებს ახლა ფართოდ იყენებენ ქართველი ისტორიკოსები ჩვენი ქვეყნის წარსულის მრავალი საყურადღებო საკითხის გასარკვევად. მეცნიერს ათა მალიქ ჯუვეინის ცნობების თარგმნაც თვითონ ჰქონდა დაწყებული21, მაგრამ სხვა სამუშაოთი დატვირთულმა (იმხანად იგი სპარსულ ისტორიულ საბუთებს ამზადებდა გამოსაცემად) ეს საქმე ჩვენ დაგვავალა და ყურადღებაც არ მოგვაკლო. ეს წიგნიც დაუვიწყარი ვ ლ ა დ ი მ ე რ  ფ უ თ უ რ ი ძ ი ს ხსოვნას ეძღვნება.

_______________________________

1 A. Ю. Я к у б о в с к и й, Из истории изучения монголов периода XI – XIII вв., сб. «Очерки по истории русского востоковедения», 1,М., 1953, გვ. 31.
2 შდრ. И. П. П е т р у ш е в с к и й, Рашид-ад-дин и его исторический труд. წიგნში: Рашид-ад-дин, Сборник летописей, т. 1, кн.1, М.– Л., 1952, გვ. 32.
3 ცნობები ათა მალიქისა და ჯუვეინიების ოჯახის წევრთა შესახებ სხვადასხვა წყაროებშია გაბნეული. ჩვენ ვსარგებლობთ მისივე საისტორიო ნაწარმოებით, რაშიდ ად-დინის „ისტორიათა კრებულით“, „თარიხ-ე ჯაჰანგოშას“ სპარსულ ენაზე გამომცემლის მოჰამედ ყაზვინის და თხზულების ინგლისურ ენაზე მთარგმნელის ჯ. ბოილის შესავალი წერილებით, აგრეთვე ზოგიერთი სპეციალური გამოკვლევით, სადაც მრავალი წყაროს ცნობა და მონაცემია თავმოყრილი.
4 ჯუვეინიების გვარის წარმომადგენლები საერთოდ კარგი ფინანსისტები იყვნენ და ხშირად ასრულებდნენ საჰებ-დივანის ანუ ფინანსთა მინისტრის მოვალეობას. ამის გამო ამ თანამდებობის სახელწოდება მათი ერთგვარი ზედწოდებაც კი გამხდარა. მაგალითად, შამს ად-დინი საჰებ-დივანის სახელით იყო ცნობილი, თუმცა იგი ილხანთა პირველი ვაზირიც იყო. ამავე ზედსახელს ატარებდა ათა მალიქიც, რომელსაც საერთოდ არ სჭერია საჰებ-დივანის თანამდებობა.
5 გუიუქ ყაენი 1249 წელს გარდაიცვალა სამარყანდის მახლობლად. მისი სიკვდილის შემდეგ ერთხანს სახელმწიფოს განაგებდა მისივე მეუღლე ოღულ-ყაიმიში, ფაქტიურად კი უმეფობა იყო.
6 1252 წლის 2 მაისიდან 1253 წლის სექტემბრამდე, ე.ი. ერთი წლისა და 4 ან 5 თვის მანძილზე.

7 იგულისხმება ჩინგიზ-ხანი.
8 შამს ად-დინი თავისი დროის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი იყო. მისი ყოველდღიური შემოსავალი ერთ თუმანს ანუ ათი ათას დინარს უდრიდა (ილ-ხანთა სახელმწიფო შემოსავალი ყაზან-ხანის საფინანსო რეფორმამდე 1700 თუმანს შეადგენდა).
9 სიკვდილს გადაურჩა მხოლოდ შამს ად-დინისა და ავაგ ათაბაგის ასულის, ხვაშაქის ვაჟი, ზაქარია, რომელმაც საქართველოს შეაფარა თავი.
10 თხზულების ზოგიერთ ნუსხას დართული აქვს დამატება – მონღოლთა მიერ ქალაქ ბაღდადის აღების აღწერა, რომელიც XIII საუკუნის ცნობილ მეცნიერს ნასირ ად-დინ ტუსის მიეწერება.
11 B. B. Б a p т о л ь д, Туркестан в эпоху монгольского нашествия, Соч., т. I, M., 1963. გვ. 88.
12 В. B. Бартольд, Иран. Исторический обзор, Соч., т.VII, М., 1971, გვ. 290 – 29.
13 А. А. Али-заде, Социально-экономическая и политическая история Азербайджана XIII – XIV вв., Баку, 1957, გვ. 14. 
14 И. П. П е т р у ш е в с к и й, Истортческий труд Рашид-ад-дина. გვ. 32. ამიტომ სრულიად შეუწყნარებლად გვეჩვენება ქართულს ისტორიოგრაფიაში ამ რამდენიმე წლის წინ გამოთქმული შეხედულება, რომ „სრულიად უმართებულოდ არის მიჩნეული ჯუვეინი თუ სხვა რეტროგრადები ცივილიზაციის „მფარველებად“. ამ მოსაზრების ავტორი ფიქრობს, რომ „თათართა ის ვანდალიზმი, რომელსაც ილხანთა სამსახურში მყოფი ისტორიკოსები აღნიშნავენ, მათ რენეგატობის მძიმე დაღს ვერ მოაცილებს“. თურმე ნუ იტყვით, „როცა ჯუვეინი ჰულაუს თუ მის წინამორბედთა სისხლიან თარეშს და ნგრევას აღწერდა, ამას აკეთებდა არა პროგრესისადმი ერთგულებით, არამედ ოფიციალურ თვალსაზრისთან სრული თანხმობით, ილხანი ამით თავს შეურაცხყოფილად კი არ გრძნობდა, პირიქით, ამაყობდა კიდეც“. (ი. ს ი ხ ა რ უ ლ ი ძ ე, ქართველი ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის XII – XIV საუკუნეებში, თბ., 1967, გვ. 8.).
15 В. В. Б а р т о л ь д, Туркестан в эпоху мингольского нашеитвия, გვ. 87.
16 ცალკე ნაწილების გამოცემების შესახებ იხ. Ч. А. С т о р и, Персидская литература, Био-библиографический обзор, Переработал и дополнил Ю. Э. Б р а г е л ь, II. M., გვ. 763 – 764.
17 1912, 1916 და 1937 წლებში ირანელმა მეცნიერმა მირზა მოჰამედ ყაზვინიმ გამოსცა „თარიხ-ე ჯაჰანგოშაჲ“-ს სამივე ტომი სამეცნიერო აპარატითა და ვრცელი შესავალი წერილით სპარსულ ღა იხგლისერ ენებზე (ინგლისური თარგმანი ედ. ბროუნისა): The Tarikh-i-Jahan-gusha of ’Ala ud-din ’Ata Malik-jJuwaini, ed. By Mirza Muhammad Qazwini. GMS, XVI 1,2,3, Leyden-LonDon, 1912, 1916, 1937. იგივე ტომები ხელმეორედ დაიბეჭდა 1952, 1953 და 1958 წლებში ბრადფორდსა (I, II) და ლონდონში (III).
1932-33 წლებში სეიდ ჯალალ ად-დინ თეჰრანიმ დაბეჭდა თხზულების სამივე ტომი თეირანში. პირველი ორი ტომი მ. ყაზვინის გამოცემას იმეორებს ხოლო მესამე ტომი დემოუკიდებელი გამოცემაა:
1958 წელს მოჰამედ რამაზანიმ თეირანში ერთ წიგნად გამოსცა თხზულების

სამივე ტომი მ. ყაზვინის მიხედვით.

18 ’A t a M a l i k J u w a i n i, The History of the World-Con queror.  translated from the Persian by J.A. Boyle vol. I – II, Manchester, 1958: 
’A l a-a d-D I n ’A t a M a l i k J u v a i n i, Gengis Khan il conquistatore del mondo. Trad. di G. Scarcia, vol. I – II [Milano, 1962].
19 რ. კ იკ ნ ა ძ ე, ჟამთააღმწერლის სპარსული წყაროები, „კავკასიურ-ახლოაღმოსავლური კრებული“, II, თბ., 1962. 
20 Н. В. П и г у л е в с к а я, А. Ю. Я к у б о в с к и й, И. П. П е т р уш е в с к и й, Л. В. С т р о е в а, А. М. Б е л е н и ц к и й, История Ирана. Л.. 1957. გვ. 157.
21 იხ. ვ. ფუთურიძის გამოქვეყნებულ და გამოუქვეყნებელ ნაშრომთა სია, შეადგინა ა. ჭ ე ი შ ვ ი ლ მ ა, „აღმოსავლური ფილოლოგია“, თბ., 1972, გვ. 33, № 41.

ტექსტი

edit
ალა ადდინ ათა მალიქ ჯუვეინი


თარიხ-ე ჯაჰანგოშაჲ


ცნობები საქართველოს შესახებ

ტომი პირველი

edit

თხრობა იემესა და სუბუდაის წასვლისა სულთან მოჰამედის კვალდაკვალ

edit

ჩინგიზ-ხანი რომ სამარყანდს მიადგა[1] და ალყა შემოარტყა მას, ამბავი გაიგო, სულთანმა მოჰამედმა[2] თერმეზის წყალი გადალახა, თავისი ლაშქრის, დიდებულებისა და მხლებელთა დიდი ნაწილი ციხეებსა და სოფლებში დაქსაქსა, მასთან ცოტა ხალხიღა დარჩა და შეშინებული, გულდამძიმებული გადავიდა მდინარეზეო.

ჩინგიზ-ხანმა თქვა: „მანამდე, სანამ მის გარშემო ჯამაათი შეიკრიბებოდეს და სხვადასხვა მხრიდან დიდებულნი შეუერთდებოდნენ და შეეწეოდნენ, მისი საქმე უნდა მოვათავოთ და გული გავისუფთავოთ მისგან“. თავის გამოჩენილ ამირთაგან იემე[3] და სუბუდაი აარჩია, რათა მას დადევნებოდნენ. მთელი ლაშქრიდან, რომელიც თან ახლდა, შეფარდებით ოცდაათი ათასი კაცი გამოჰყო, რომ თითოეული მათგანი და სულთნის ლაშქრის ათასი კაცი ისე იყვნენ [ერთმანეთის მიმართ], ვით მგელი და ცხვრის ფარა, ანდა როგორც გავარვარებული ნაკვერჩხალი და ხმელი ლერწმიანი.

მონღოლებმა [ირანის] ერაყის ოლქებისა და ქალაქების მეტი წილი აიკლეს და დაარბიეს და იქიდან არდებილს წავიდნენ, გარემოცვით აიღეს ქალაქი, ხოლო [მცხოვრებნი] გაჟლიტეს და გაძარცვეს.

რაკი ზამთარი იდგა, იქიდან მუღანს[4] მოვიდნენ და ზამთარი იქ გაატარეს. იმ წელს დიდი თოვლი მოვიდა და გზები შეკრული იყო.

ჯემალ ად-დინ აი-აბემ[5] ერთ ჯგუფთან ერთად ერაყში კვლავ შფოთი და არეულობა წამოიწყო და აჯანყდა. მათ ჰამადანში მყოფი შეჰნე[6] მოკლეს, ალა ად-დოვლე[7] შეიპყრეს და გერითის ციხეში[8] ჩააგდეს [მონღოლებისათვის] მორჩილების გამოცხადების გამო.

როცა გამოზაფხულდა, იემე შეჰნეს მოკვლის გამო შურის საძიებლად ერაყს მოვიდა. ჯემალ ად-დინ აი-აბე თუმცა მორჩილებით გამოეცხადა, მაგრამ ამან არ უშველა და ისიც სხვებთან ერთად მოკლეს.

იქიდან გაემართნენ და თავრიზი დაიმორჩილეს, მარაღის, ნახჭევნისა და იმ ვილაიეთების [მოსახლეობა] ერთიანად გაჟლიტეს. ათაბეგი ხამუში[9] მორჩილების გამოცხადებით ეახლა [იემეს] და მას სიგელი და ბეჭედი უბოძეს.

იქიდან არანს მოვიდნენ და ბაილაყანი აიღეს, მერე კი შირვანის გზას გაჰყვნენ[10] და დარუბანდს გავიდნენ. არავის ახსოვდა, რომ ოდესმე რომელსამე ლაშქარს გაევლო იქ ან საომრად მოსულიყო. [მონღოლებმა] ეშმაკობა იხმარეს[11] და ისე გაიარეს იქ.

თუში[12] ლაშქარი ყივჩაყთა ველზე და იმ მიდამოებში იდგა. [იემესა და სუბუდაის რაზმები] იმათ შეუერთდნენ, იქიდან კი ჩინგიზ-ხანს ეახლნენ[13].

  1. ჩინგიზ-ხანის ლაშქარი 1220 მარტში მიადგა სამარყანდს. მონღოლებმა მოკლე ხანში დაიმორჩილეს ქალაქი, საშინლად გაძარცვეს და გადასწვეს ის.
  2. სულთანი ალა ად-დინ მოჰამედ ბ. თექეში ხორეზმის სახელმწიფოს მბრძანებელი იყო (1200-1220). მან ვერ გაბედა მონღოლებთან შებრძოლება, თავისი მრავალრიცხოვანი ლაშქარი მცირე რაზმებად დაქსაქსა, თვითონ კი გაიქცა. მალე ხორეზმშაჰს სულ შემოეფანტა მხლებლები და მონღოლთა შიშით აბესქუნის (კასპიის) ზღვის ერთ-ერთ კუნძულზე გადახვეწილმა უსახელოდ დალია სული.
  3. იემე თურქული ფორმაა მონღოლური სახელისა - ჯებე. ამავე ფორმას ხმარობენ XIII ს-ის ავტორები ნესავი და ჯუზჯანი. რაშიდ ად-დინს და გვიანდელი ხანის ისტორიკოსებს აქვთ ჯებე. ქართველი ჟამთააღმწერელი, რომელსაც, როგორც ცნობილია, ჯუვეინის თხზულება გამოუყენებია, ამ სახელის ორივე ფორმას იცნობს. იგი აღნიშნავს, რომ ჩინგიზ-ხანმა „წარმოავლინა ორნი თავადნი ზემოჴსენებულნი, იამა და სალპიანი, რომელთა ქართველნი სება-ჯებობით უწოდიან, რათა მოვლო6 ქუეყანა ხუარასნისა და ერაყისა, სადამდის ეძლო სლვად, და განიხილონ ქუეყანა“. (ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყ ა უ ხ ჩ ი შ ვ ი ლ ი ს მიერ, II, თბ., 1959, გვ. 164). ზოგი ავტორი ჩვენში შეცდომით იამას „სებასთან“ აიგივებს, ხოლო „სალპიანი“ ჯებეს ქართული შესატყვისი ჰგონია (ქართლის ცხოვრება, II, საძიებელი, გვ. 683; ი. ცინცაძე, მონღოლები და მონღოლთა დაპყრობები, თბ., 1960, პირთა საძიებელი, გვ. 199, 201).
  4. მუღანის ველი (მდ. არაქსის ქვემო წელში) მონღოლთა საზამთრო სადგური იყო (იხ. მაგ., ჟამთააღმწერელი: ქართლის ცხოვრება II, გვ. 237, 240). აქედან მიიტანეს მონღოლებმა პირველი იერიში საქართველოზე (ბ. ს ი ლ ა გ ა ძ ე, XII – XIII სს. საქართველოს ისტორიის ზოგიერთი საკითხი იბნ ალ-ასირის ცნობათა შუქზე, „საქართველო რუსთაველის ხანაში“, თბ., 1966, გე. 130 – 132).
  5. რაშიდ ად-დინის ცნობით, ჯემალ ად-დინ აიბე(!) ხორეზმშაჰის მონა ყოფილა (Р а ш и д-а д-д и н, Cборник летописей, т. I, кн. 2, M – Л., 1952, გვ. 228).
  6. შ ე ჰ ნ ე მონღოლთა მიერ დაპყრობილ ქალაქებსა და ოლქებში დანიშნული სამხედრო გამგებელი იყო, რომელსაც მცირერიცხოვანი რაზმი ახლდა თან (რ. კ ი კ ნ ა ძ ე, ქალაქები ილხანთა ირანში, „ნარკვევები მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიიდან“, თბ., 1957, გვ. 196). ამ მოხელის სახელწოდება მოხსენიებული და განმარტებული აქვს ჟამთააღმწერელსაც: „მცველნი ქალაქისანი დაუდგინნეს, რომელთა შანად უწოდდეს სიტყჳთა მათითა“ (ქართლის ცხოვრება, II, გვ. 190); „მცველნი ქუეყანისანი, რომელ არიან შანანი, დაუდგინნეს“ (გვ. 195). შ ე ჰ ნ ე ს ინსტიტუტი მონღოლთა შემოსევების წინარე ხანაშიც არსებობდა მახლობელი აღმოსავლეთის ქვეყნებში (იხ. შ. მ ე ს ხ ი ა, საქალაქო კომუნა შუა საუკუნეების თბილისში, თბ., 1962, გვ. 92 – 94; ვ. გ ა ბ ა შ ვ ი ლ ი, თბილისის მმართველობა X – XI საუკუნეებში, თსუ შრომები, ტ. 108, თბ., 1964, გვ. 340; ო. ც ქ ი ტ ი შ ვ ი ლ ი, სიბტ იბნ ალ-ჯაუზის ცნობა დავით აღმაშენებლის შესახებ, თსუ შრომები, ტ. 118, თბ. 1967, გვ. 209 – 210; გ. ბ ე რ ა ძ ე, XI – XII სს. ირანის ქალაქების ადმინისტრაციული წყობილების ისტორიიდან, საქართველოს მეცნ. აკადემიის „მოამბე“, ტ. 55, 1969, № 1).
  7. როდესაც იემეს (ჯებეს) რაზმი პირველად მიადგა ჰამადანს, სადაც მონღოლებს ხორეზმშაჰი მოჰამედი ეგულებოდათ, ქალაქის გამგებელმა ალა ად-დოვლემ მორჩილება გამოუცხადა მათ, ცხენები, ტანსაცმელი და სანოვაგე მიართვა და მათ მიერ დანიშნული შეჰნეც მიიღო (ჯ უ ვ ე ი ნ ი, I, გვ. 115).
  8. გერითის ციხე ჩრდილოეთ ლურისთანშია, დღევანდელი ხორემაბადის სამხრეთით.
  9. ხამუში აზერბაიჯანის ათაბეგის უზბეგის (1210 – 1225) შვილი იყო. იგი ყრუ-მუნჯი იყო და თვითონ არ ყოფილა ათაბეგად. რაშიდ ად-დინის ცნობით, როდესაც ჯებე და სუბუდაი თავრიზს მიადგნენ, იქაური გამგებელი ათაბეგი უზბეგი დაიმალა, მონღოლებს კი კაცი გაუგზავნა, ზავი შესთავაზა და დიდძალი ფული და საქონელი მიართვა (Р а ш и д-а д-д и н, Cборник летописей, I, 2. გვ. 227).
  10. შირვანში შესვლამდე მონღოლები ხელმეორედ შეებრძოლნენ ქართველებს და კვლავ დაამარცხეს ისინი (ი ვ. ჯა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი, ქართველი ერის ისტორია, III, თბ., 1965, გვ. 14 შმდ; ბ. ს ი ლ ა გ ა ძ ე, XII – XIII სს. საქართველოს ისტორიის ზოგიერთი საკითხი., გვ. 132 – 135). შემდეგ მათ შირვანის მთავარ ქალაქს, შემახას შემოარტყეს ალყა და აიღეს იგი, მოსახლეობა კი გაჟლიტეს ან ტყვედ წაიყვანეს (Р а ш и д-а д-д и н, Cборник летописей, I. 2. გვ. 228).
  11. რაშიდ ად-დინი მოგვითხრობს, რაკი დარუბანდისკენ გასვლა შეუძლებელი იყო, მონღოლებმა შეუთვალეს შირვანშაჰს. რამდენიმე კაცი გამოგზავნე რომ ზავი დავდოთო. შირვანშაჰმა ათი კაცი გაუგზავნა თავის დიდებულთაგან. მონღოლებმა ერთი მათგანი იქვე მოკლეს, დანარჩენებს კი უთხრეს, დარუბანდის გზას თუ გვიჩვენებთ, შეგიწყალებთ, თუ არა და ყველას ასე დაგხოცავთო. იმათაც საკუთარი თავის გადასარჩენად უჩვენეს გზა და მონღოლები დარუბანდისკენ გავიდნენ (Р а ш и д-а д-д и н, Cборник летописей, I, 2, გვ. 228 – 229).
  12. თუში თურქული ფორმაა მონღოლური სახელისა – ჯუჩი (ჯოჩი). ქართველმა ჟამთააღმწერელმა ამ სახელის ორივე ფორმა იცის: [ჩინგიზ-ხანს] „ესუა შვილი, რომელსაც ერქუა თუში, რომელსა ქართველნი ჯოჩიდ უწოდდეს“ (ქართლის ცხოვრება, II, გვ. 163. ტექსტში „თუში“-ს ნაცვლად გვხვდება „თუბის“, რაც შინისა და ბანის მსგავსების შედეგად არის მიღებული).
  13. როგორც მხედავთ ჯუვეინის სრულებით არა აქვს ნახსენები აღებული ხანის ამიერკავკასიის ქვეყნების ისტორიის ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა. კერძოდ, იგი არაფერს ამბობს მონღოლების მიერ ქართველთა ლაშქრის ორჯერ დამარცხებაზე, ხშირად არღვევს მოვლენათა თანამიმდევრობას. ამავე დროს მისი ცნობები ზოგჯერ ეწინააღმდეგება სხვა ისტორიკოსთა (იბნ ალ-ასირი, ნესავი, რაშიდ ად-დინი) თხზულებებში დაცულ ცნობებს.
    აკად. ივ. ჯაეახიშვილი ამის გამო შენიშნავს: „სწორედ გასაოცარია, რომ რაშიდ ედ-დინის წინამორბედმა და ერთ-ერთ წყაროთაგანმა სპარსელმა ისტორიკოსმა ჯუვეინიმ (გარდ. 1283 მონღოლთა პირველი შემოსევისა საქართველოში თითქოს არა იცის რა. მისი სიტყვით ჲამა, ანუ ჯებე ჯერ თავრიზში მივიდა და დაიმორჩილა, მერე მარაღა და ნახჭავანი და მთელი მისი სანახები გაწყვიტა, ათაბაგ ხამუშმა რომ მორჩილება გამოუცხადა, იგი იქითგან რანში წავიდა, ბაჲლაყანი აიღო და შირვანის გზით დარუბანდში მოვიდაო. საქართველოში შესევაზე არა არის რა ნათქვამი, თითქოს იქ არაფერი მომხდარიყოს“ (ი ვ. ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი, ქართველი ერის ისტორია, III, თბ., 1949, გვ. 18).


თხრობა გუიუქ-ხანის ხანობის ტახტზე ასვლისა

edit

იმ წელიწადს, როცა [უგედეი] ყაენი გამოეთხოვა სიცოცხლის სიმყუდროვეს და უარი თქვა ამ საზიზღარი ქვეყნის სიამოვნებებზე, მან ელჩები გაგზავნა გუიუქის სახმობლად[1], რათა მას დაბრუნების სადავე მოეწია და თავისი განზრახვა და სურვილი [მამასთან] სასწრაფოდ ხლებისაკენ მიემართა. მიღებული ბრძანების შესაბამისად [გუიუქი] სიჩქარის უზანგს დააწვა და სისწრაფის აღვირი მიუშვა. როცა მოახლოვდა [დრო], ოდეს შეხება უბედურებისა, მანძილის სიშორის გამო რომ წარმოიქმნება, ახლოს ყოფნით უნდა განდევნილიყო, და უთანხმოებისა და განშორების საფარველი ჩამოხსნილიყო, განგების გარდაუვალი მაღალი ბრძანება აღსრულდა და აღარ აცალა, რომ განშორების უდაბნოში მყოფი მწყურვალნი შეერთების ანკარა ცივი წყლის ერთი წვეთით გამძღარიყვნენ და მამასა და შვილს ერთმანეთის მშვენების ხილვით დაეტკბოთ მზერა.

როცა ამ უსაშველო შემთხვევის ამბავი გუიუქს შეატყობინეს, აუცილებლად მიიჩნია, უფრო აჩქარებულიყო. მომხდარი ამბის მწუხარებამ ის [ცხენიდან] მიწაზე არ ჩამოუშვა, სანამ ემელს[2] არ მიაღწია. იქაც არ შეჩერებულა, რადგან ხმა დაირხა ოთეგინის[3] მოსვლის შესახებ, და მამის ურდოს მიაშურა. მისი მოსვლით დაიმსხვრა [ხელისუფლებას] დახარბებულთა იმედები. [გუიუქი] იქვე მახლობლად დაბინავდა.

სახელმწიფოს მმართველობა კვლავ დედამისს, თურაქინა-ხათუნს ებარა და საქმეების გამგებლობაც მის ხელთ იყო. გუიუქი იასას[4] და ადათის მიხედვით სახელმწიფო საქმეებში არ ერეოდა და არც ედავებოდა.

რაკი ელჩები გაგზავნეს ქვეყნის შორეულ თუ მახლობელ მხარეებში უფლისწულების და ნოინთა მოსაწვევად და სულთნების, მალიქებისა და მდივანთა სახმობლად, ბრძანების შესაბამისად ყველა დაიძრა თავისი საცხოვრისიდან და სამყოფელიდან.

[როცა გაზაფხული მოვიდა და ფარვარდინის თვე[5] დადგა], უფლისწულები თითოეული თავისი მხედრებით, მსახურებით, ლაშქრითა და ამალით მოვიდნენ. ადამიანის თვალი გაოცდა მათი წყობით და მტრის სიამოვნების წყარო აიმღვრა მათი ურთიერთთანხმობით. ჯერ სორყოთანი ბიქი და მისი ვაჟები მოვიდნენ ისე აღჭურვილ-შეიარაღებული, რომ არც თვალს ენახა და არც ყურს სმენოდა. აღმოსავლეთიდან მოვიდნენ ქუთანი[6] თავისი შვილებით, ოთეგინი ვაჟებით, ელჩითაი და სხვა ბიძები და ბიძაშვილები, ვინც იმ მხარეში ბინადრობდა. ჩაღათაის ურდოდან მოვიდნენ ყარა, იესუ, ბური, ბაიდარი, იესუნ-ბოღა და სხვა შვილიშვილები და შვილთა შვილები[7]. საყსინისა და ბოლღარის მხარიდან, რაკი ბათო პირადად არ მოვიდა, თავისი უფროსი ძმა ჰორდუ და უმცროსი ძმები – შიბანი, ბერქე, ბერქეჩარი და თოღა-თემური გამოგზავნა. საპატიო ნოინები და წინამძღოლი ამირები, რომლებიც სხვადასხვა დაჯგუფებას ეკუთვნოდნენ, უფლისწულებს ეახლნენ. ხატაეთიდან[8] მოვიდნენ ამირები და დიდი მოხელენი; მავერანნაჰრიდან და თურქესტანიდან – ამირ მას’უდ-ბეგი და მასთან ერთად იმ მხარეთა დიდებულნი; ამირ არღუნთან ერთად – ხორასნის, ერაყის, ლურის, აზერბაიჯანისა და შირვანის სახელმოხვეჭილი და დიდებული პირნი. რუმიდან მოვიდა სულთანი როქნ ად-დინი[9] და თაგავორის სულთანი[10]; საქართველოდან – ორივე დავითი[11]; ალეპოდან – ალეპოს პატრონის[12] ძმა; მოსულიდან სულთან ბედრ ად-დინ ლუ’ლუს[13] ელჩი; მშვიდობის ქალაქ ბაღდადიდან-მთავარი ყადი ფახრ ად-დინი; აგრეთვე [მოვიდნენ] არზრუმის სულთანი[14], ფრანკთა ელჩები და, ასევე, ქერმანიდან და ფარსიდან; ალამუთის [მბრძანებლის] ალა ად-დინისაგან[15] ყოჰესთანის საპატიო კაცნი – შეჰაბ ად-დინი და შამს ად-დინი.

ეს ხალხი თითოეული იმოდენა ბარგით გამოცხადდა, ასეთ სამეფო კარს რომ შეეფერებოდა. სხვა მხარეებიდან იმდენი ელჩი და დესპანი იყო, რომ დაახლოებით ორი ათასი ხარგა მოამზადეს მათთვის. [მოვიდნენ აგრეთვე] ვაჭრები მაშრიყისა და მაღრიბის ძვირფასი და იშვიათი საქონლით. როცა შეიკრიბა ეს თავყრილობა, რომლის მსგავსი არც ენახა ვინმეს და არც მატიანეებში წაეკითხა, ხალხის სიმრავლისაგან ფართო ველი ვიწრო შეიქნა და ურდოს მიდამოებში ცხენიდან ჩამოსახდომი და ფეხის დასადგმელი ადგილის შოვნაც გაჭირდა... საჭმელ-სასმელი ძალიან გაძვირდა და ბალახიც კი აღარ დარჩა ცხენებისა და სასაპალნე პირუტყვისათვის.

მთავარი უფლისწულები შეთანხმდნენ, რომ ყაენის ერთ-ერთი შვილისთვის ჩაებარებინათ სახანოს საქმეები და გადაეცათ სახელმწიფოს გასაღებები. ქუთანი ილტვოდა ამ პატივისკენ იმ მიზეზით, რომ პაპამისმა ერთხელ რაღაც ანიშნა. სხვები იმ აზრისა იყვნენ, რომ სირამუნი[16] როცა გაიზრდებოდა, შესაფერისი იქნებოდა იმისათვის, რათა სახელმწიფო საქმეებით აღეჭურვათ. [უგედეი ყაენის] ვაჟებს შორის გუიუქი განთქმული და ცნობილი იყო სიძლიერით, ულმობლობით, სიმამაცითა და მბრძანებლობით. ის ძმებზე უფროსი იყო, ძნელი საქმეების მოგვარების დიდი გამოცდილება ჰქონდა. ლხინიც ენახა და ჭირიც. ქუთანი ცოტათი ავადმყოფობდა, სირამუნი კი ჯერ ბავშვი იყო. ამასთან, თურაქინა-ხათუნი გუიუქის მხარეს იჭერდა, ბიქიც თავისი ვაეიშვილებით მასთან იყო, ნოინებისა და დიდებულთა უმეტესობაც მათ ემხრობოდა ამ საქმეში. ამგვარად, შეთანხმდნენ, რომ ხანობა გუიუქისთვის მიეცათ და სახელმწიფოს ტახტზე აეყვანათ იგი. გუიუქი წესისამებრ უარზე იდგა და ხან ამას ასახელებდა, ხან იმას. ბოლოს მისანთა მიერ შერჩეულ დღეს, ყველა უფლისწული შეიკრიბა, ქუდები მოიხადეს, ქამრები შეიხსნეს, იესუმ ერთი ხელი დაუჭირა, ჰორდუმ – მეორე და მბრძანებლობის ტახტზე და ფადიშაჰობის სასთაულზე დასვეს და თასები ასწიეს. მერე იქ მყოფმა და სამეფო კარავს გარეთ შეკრებილმა ხალხმა სამგზის მოიყარა მუხლი და გუიუქ-ხანი უწოდეს მას. თავისი ადათისამებრ წერილობითი პირობა მისცეს, რომ მის სიტყვას და ბრძანებას არ გადავიდოდნენ. მერე ლოცვა წარმოთქვეს, ამის შემდეგ სამეფო კარვიდან გარეთ გავიდნენ და სამგზის თაყვანი სცეს მზეს. როდესაც [გუიუქ-ხანი] კვლავ დიდების ტახტზე დაბრძანდა, უფლისწულები მის ხელმარჯვნივ დასხდნენ სკამებზე, ხოლო ხათუნები – ხელმარცხნივ, ყოველი მათგანი მომეტებულად სანდომიანი, ვითარცა ძვირფასი მარგალიტი...

დროს ტარებას რომ მორჩნენ, [ყაენმა] ბრძანა გაეხსნათ ძველი და ახალი ხაზინა და გაემზადებინათ ძვირფასეულობა, ნაღდი ფული და ტანსაცმელი. ამ მნიშვნელოვანი საქმის განბჭობა და იმ საქონლის დარიგება ჩააბარა სორყოთანი ბიქის საზრიანობასა და კეთილგონიერებას, რომელიც იმ ყურულთაიზე ყველაზე უფრო დიდი ხელისუფალი იყო. პირველ რიგში გასცეს წილი ქვეყნის დამპყრობი ჩინგიზ-ხანის მოდგმისა და ტომის იქ მყოფი უფლისწული ვაჟების და ქალებისა; ყოველმა კაცმა, ვინც მათ ემსახურებოდა და ახლდა, დიდებულმა თუ მდაბიომ, დიდმა თუ პატარამ, ყველამ ასევე მიიღო საჩუქარი. შემდეგ რიგით მიიღეს ნოინებმა, დუმნის, ათასეულის, ასეულისა და ათეულის ამირებმა, აგრეთვე რაოდენობის მიხედვით, თითოეული მათგანის თანაშემწეებმა და დამხმარეებმა. ასევე მიიღეს სულთნებმა, მალიქებმა, მდივნებმა, დიდმა მოხელეებმა და მათმა ხელქვეითებმა. ვინც კი იყო სხვა ვინმე ყაენის კარზე, თავისი წილის გარეშე არავინ დარჩა და ყველამ მიიღო შესაფერისი სარგო და სრული წილი. ამას რომ მორჩნენ, მნიშვნელოვანი სახელმწიფო საქმეების განხილვას შეუდგნენ...

ამის შემდეგ ლაშქრის საქმეზე და ქვეყნის სხვადასხვა მხარეს მის დაგზავნაზე მოითათბირეს. რაკი გამოირკვა, რომ ხატაეთის სარტყელში მდებარე მანზი[17], რომელიც იმ მხარის უშორესი ნაწილია, მორჩილებიდან გამოსულიყო და გამგონობის საზღვარს გადასცდენოდა, სუბუდაი ბაჰადური და ჯაღან ნოინი დანიშნა დიდი ლაშქრითა და მრავალრიცხოვანი სპით იმ მხარეს წასასვლელად; ასევე თანგუთისა და სოლანგაის მხარეშიც; დასავლეთისაკენ გაგზავნა ელჩიგთაი და დიდი ლაშქარი. [ყაენმა] ბრძანა, რომ თითოეული უფლისწულის ლაშქრის ათი კაციდან ორი მას (ელჩიგთაის) შეერთებოდა და, ვინც კი იმ საზღვრებში იყო, ყველა ცხენზე შემჯდგარიყო, ათი თაზიქიდან[18] ორი გაჰყოლოდა და თავდაპირველად მულჰიდებიდან[19] დაეწყოთ. შეთანხმდნენ, რომ თვითონ ყაენიც კვალდაკვალ გაჰყვებოდა. თუმცა მთელი ლაშქარი და ხალხი ელჩიგთაის დაუმორჩილა, მაბრამ საგანგებოდ ჩააბარა მას რუმის, საქართველოს, ალეპოს, მოსულისა და დიარბექრის[20] საქმეები, რათა სხვა არავინ ჩარეულიყო და იმ ადგილების სულთნებსა და ჰაქიმებს მის წინაშე ეგოთ პასუხი იქაურ გადასახადებზე. ხატაეთის ქვეყანა მან დიდ საჰებს იალავაჩს [ჩააბარა]. ხოლო მავერანნაჰრი, თურქესტანი და სხვა ქვეყნები, რომლებიც ამირ მას’უდ-ბეგის[21] მფლობელობაში იყო, მასვე უბოძა. ერაყი, აზერბაიჯანი, შირვანი, ლური, ქერმანი, ფარსი და ინდოსტანის მხარე ამირ არღუნს ჩააბარა. ყოველ ამირსა და მალიქს, რომლებიც თითოეულ მათგანს ემორჩილებოდნენ, იარლიყი და ფაიზა[22] უბოძა მაშინ; მნიშვნელოვანი საქმეები ჩააბარა მათ და ვეფხვისთავიანი ფაიზებისა და იარლიყების ბოძებით გამოარჩია. რუმის სასულთნო სულთან რუქნ ად-დინს გადასცა იმის გამო, რომ ის მორჩილებით ეახლა. მისი უფროსი ძმა[23] კი გადააყენა. ყიზ-მალიქის[24] ძე დავითი მეორე დავითის ბრძანებას დაუმორჩილა. თაგავორისა და ალეპოს სულთნებს და აგრეთვე ელჩებს, იარლიყები მიეცათ. ბაღდადის ელჩს ჩამოართვეს იარლიყი, რომელიც პატივით გადაეცათ მისთვის, და [ყაენმა] რისხვით აღსავსე ეპისტოლე გაუგზავნა მართლმორწმუნეთა მეთაურს იმ საჩივრის გამო, ჩორმაღუნის ვაჟმა სირამუნმა რომ შეიტანა. ალამუთის ელჩები დამცირებით და აგდებულად გაისტუმრა და მათ მოტანილ წერილზე საკადრისი უხეში პასუხი მისწერეს.

რაკი ამ მნიშვნელოვან და დიდ საქმეებს მორჩნენ, ნებართვის-მიღებისა და პატივისცემის წესების შესრულების შემდეგ, უფლისწულები წავიდ-წამოვიდნენ და გუიუქ-ხანის ნაბრძანებისა და ნათქვამის შესაბამისად ლაშქართა გაგზავნის საქმის მოწესრიგებასა და ამირების დანიშვნას შეუდგნენ.

  1. უგედეი ყაენი (1229 – 1241) გარდაიცვალა 1241 წ. 11 დეკემბერსა იმ დროს მისი უფროსი ვაჟი გუიუქი ბათოსთან ერთად ყივჩაყთა ველზე სალაშქროდ იყო წასული. გუიუქის უზენაეს ყაენად არჩევამდე (1246 წ.) სახელმწიფო საქმეებს დედამისი თურაქინა განაგებდა.
  2. ემელი ქალაქი იყო მდ. ილის აუზში, თანამედროვე ჩუღუჩაყის მახლობლად. ამჟამად არ არსებობს. ჯუვეინის აღნიშნული აქვს, რომ სატახტო ქალაქი უგედეისა, რომელიც ტახტის მემკვიდრე იყო. მამამისის სიცოცხლეში მისსავე იურთში იყო ემელისა და ყობაყის ქვეყნებში. როცა უგედეი ყაენის ტახტზე ავიდა, სადგომი გადაიტანა თავიანთ სამკვიდრო ქვეყანაში, ჩინეთსა და უიღურეთს შორის რომ მდებარეობს (ჯ უ ვ ე ი ნ ი, I, .გე. 31). ქართველ ჟამთააღმწერელსაც აქვს აღნიშნული, რომ ჩინგიზ-ხანმა „მესამესა შვილს ოქოთას მისცა თჳთ მისი ტახტი საჯდომად და ყარაყურუმი, ჩინ-მაჩინი, ემელისა და ყუთაყისა ქუეყანა და ხატაეთი“ (ქართლის ცხოვრება, II, გვ. 181).
  3. ოთეგინი ჩინგიზ-ხანის უმცროსი ძმა იყო.
  4. ი ა ს ა – მონღოლთა საადათო სამართალი, რომლის კოდიფიკაცია მოხდა ჩინგიზ-ხანის დროს. ი ა ს ა ს შესრულება სავალდებულო იყო მონღოლთა სახელმწიფოს ყველა მცხოვრებისათვის, მათ შორის თვით ყაენებისთვისაც.
  5. ფარვარდინი პირველი თვეა ირანული მზის კალენდრისა, რომლის მიხედვით ახალი წელი 21 მარტს იწყებოდა.
  6. სორყოთანი ბიქი ქერაითების ტომის მეთაურის ონხანის ძმისწული იყო. ქერაითების დამარცხების შემდეგ ჩინგიზ-ხანმა ის თავის უმცროს ვაჟს თულის შერთო ცოლად. მისი შვილები იყვნენ მანგუ, ყუბილაი, ჰულაგუ და არილ-ბუქა. ქუთანი გუიუქის ძმა იყო.
  7. ელჩითაი ჩინგიზ-ხანის ძმისშვილი იყო. ჩაღათაი ჩინგიზის მესამე შვილი იყო. იესუ და ბაიდარი ჩაღათაის შვილები იყვნენ, ხოლო ყარა, ბური და იესუნ-ბოღა მისივე შვილიშვილები.
  8. მონღოლები და მათ მიერ დაპყრობილი ხალხები ხიტაის ან ხატის (ხატაეთი) უწოდებდნენ ჩრდილოეთ ჩინეთს. შემდგომში ეს სახელწოდება თანამედროვე ჩინეთის მთელს ტერიტორიაზე გავრცელდა.
  9. როქნ ად-დინი იმ დროს ჯერ არ იყო სულთანი.
  10. როგორც ჩანს, ჯუვეინიმ მეფის აღმნიშვნელი სომხური სიტყვა „თაგავორ“ შეცდომით, ქვეყნის, კილიკიის ანუ მცირე არმენიის სახელწოდებად მიიჩნია. ჯ. ბოილის აზრით, აქ უნდა იგულისხმებოდეს არა თვითონ მეფე კილიკიისა ჰეთუმ I, არამედ მისი ძმა სუმბატ კონეტაბლი (ჯ. ბ ო ი ლ ი I, გვ. 250, შენ. 6).
  11. იგულისხმებიან დავით ლაშას ძე და დავით რუსუდანის ძე.
  12. იგულისხმება ეიუბიანთა დინასტიის წარმომადგენელი ნასირ სალაჰ ად-დინ იუსუფი, რომელიც ალეპოსა (1236 – 1260) და დამასკოში (1250 – 1260) მბრძანებლობდა (С. Л е н-П у л ь, Мусульманские династии, გვ. 60. К. Б о с в о р т, Мусульманские династии, გვ. 95).
  13. ბედრ ად-დინ ლუ’ლუ მოსულის ათაბეგი იყო 1233 – 1259 (კ. ბოსვორტის მიხედვით, 1222 – 1259) წლებში. მან ზენგიანთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენლის ნასირ ად-დინ მაჰმუდის სიკვდილის შემდეგ დაიპყრო ხელისუფლება (С. Л е н-П у л ь, დასახ. ნაშრომი, გვ. 136 – 138; კ. ბ ო ს ვ ო რ ტ ი, დასახ. ნაშრომი, გვ. 169 – 170).
  14. არზრუმის სულთნის აქ მოხსენიება აშკარა ანაქრონიზმია, რადგან არზრუმის სელჩუკიანი გამგებელი როქნ ად-დინ ჯაჰანშაჰი ტახტიდან გადმოაგდეს და სიკვდილით დასაჯეს 1230 წელს, შამისა და რუმის გაერთიანებული ლაშქრის მიერ ხორეზმშაჰ ჯალალ ად-დინის დამარცხების შემდეგ. მისი ტერიტორია თავის სახელმწიფოს შეუერთა მისმავე ნათესავმა ალა ად-დინ ქეიყობად I-მა, რომელიც რუმის სასულთნოს განაგებდა 1219 – 1236 წლებში (ჯ. ბ ო ი ლ ი, I, გვ. 250, შე. 10).
  15. ალა ად-დინი ისმაილიანთა ალამუთის სახელმწიფოს მბრძანებელი იყო (1221 – 1255).
  16. სირამუნი – უგედეი ყაენის შვილიშვილი, გუიუქის ძმის, ქუჩუს უფროსი ვაჟი.
  17. მანზი სამხრეთ ჩინეთს ერქვა.
  18. იგულისხმება ადგილობრივი ბინადარი, მუსლიმანი მოსახლეობა.
  19. მ უ ლ ჰ ი დ ი ურწმუნოს, ერეტიკოსს ნიშნავს, მაგრამ თითქმის მხოლოდ ისმაილიანთა მიმართ იხმარებოდა (И. П. П е т р у ш е в с к и й, Ислам в Иране, М., 1966, გვ. 298). ჟამთააღმწერელიც აღნიშნავს, რომ ალამუთის ბინადარნი „არიან კაცის მკლველნი მიპარვითა, რომელთა მულიდად უწოდიან“ (ქართლის ცხოვრება. II, გვ. 208).
  20. მ. ყაზვინის მიერ გამოცემულ სპარსულ ტექსტშია „დიარბექრი“. ჯ. ბოილი „თაგავორს“ ანუ მცირე არმენიას ამჯობინებს, რადგან ზოგიერთ ხელნაწერში გვხვდება (ჯ. ბ ო ი ლ ი, I, გვ. 257, შენ. 29).
  21. ხორეზმელი ვაჭარი მაჰმუდ იალავაჩი ადრევე მიემხრო მონღოლებს და დიდ გავლენასაც მიაღწია მათ კარზე და ურიცხვი სიმდიდრე შეიძინა. ჩინგიზ-ხანმა და უგედეიმ მას მავერანნაჰრის მხარე მისცეს საგამგებლოდ. 1238 წელს მაჰმუდ იალავაჩი გადაყენებულ იქნა თანამდებობიდან და გაემგზავრა ყარაყორუმს, სადაც მალე ჩრდილო ჩინეთის (ხატაეთის) გამგებლის თანამდებობა მიიღო უგედეი ყაენისგან. მავერანნაჰრის გამგებლად კი მისი ვაჟი მას’უდ-ბეგი დაინიშნა.
  22. ფ ა ი ზ ა ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს ან ხის ფირფიტა იყო. ეძლეოდა მონღოლთა სამსახურში მყოფ ცალკე პირებს. ადგილობრივი მოსახლეობა ვალდებული იყო სანოვაგით, ცხენებით, ბინით უზრუნველეყო ფაიზის მფლობელი და ყოველნაირად მომსახურებოდა მას.
  23. იგულისხმება იზ ად-დინ ქეიქაუს II, რუმის სასულთნოს სელჩუკიანი გამგებელი (1245 – 1257). როქნ ად-დინ ყილიჩ არსლანი დამოუკიდებელი გამგებელი გახდა მხოლოდ მისი ძმის იზ ად-დინის გარდაცვალების შემდეგ, მანამდე კი ისინი ერთად განაგებდნენ ქვეყანას (С. Л е н-П у л ь, Мусульманские династии, გვ. 128; К. Б о с в о р т, Мусульманские династии, გვ. 178).
  24. ყიზ-მალიქი – "ქალ-მეფე". საქართველოს მეფე რუსუდანი (1222 – 1245).


ტომი მეორე

edit

თხრობა სულთან ჯალალად-დინის ბაღდადისკენ წასვლისა

edit

621 წლის დამდეგს[1] [ჯალალ ად-დინმა] გადაწყვიტა თუშთარს წასულიყო და ზამთარი იქ გაეტარებინა. ელჩი ფაჰლავანი ორი ათასი კაცით მეწინავედ გაგზავნა მზვერავად. თვითონ კი უკან მიჰყვა. გზაში სოლეიმან-შაჰი[2] ეახლა და თავისი და მიათხოვა. როცა სულთანმა მიაღწია შაბურ-ხასთს[3] (შაბურ-ხასთი დიდი, ცნობილი და სახელგანთქმული ქალაქი იყო და იხსენიება მატიანეებში, [თუმცა] მხოლოდ ნანგრევები იყო მისგან დარჩენილი), ერთ თვეს დარჩა იქ და ლურის ამირები ეახლნენ. როცა ცხენები მოღონიერდნენ, ბაღდადის გზით დაიძრა იმ იმედით, რომ მართლმორწმუნეთა მბრძანებელი ან-ნასირ ად-დინ ალაჰი[4] დახმარებას გაუწევდა და მას ზღუდედ აღმართავდა მტრის წინაღმდეგ. [ჯალალ ად-დინმა] შიკრიკი გაგზავნა, რათა თავისი მისვლა და ჩანაფიქრი ეუწყებინა [ხალიფასთვის]. მართლმორწმუნეთა მბრძანებელმა ამ სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია, რადგან ჯერაც გულში ედო შურისძიების გრძნობა იმის გამო, რაც მისი მამისა და პაპისაგან ეწვნია წარსულში. მან ამირობის ხარისხამდე მიღწეულ ნასყიდ მონათაგან ყოშ-თემური დანიშნა ოცი ათასი გულადი ადამიანითა და მამაცი გმირით, რათა სულთანი ჯალალ ად-დინი მისი ქვეყნიდან გაედევნათ. [ამავე დროს] საფოსტო მტრედები აფრინეს ირბილისკენ, რათა მოზაფარ ად-დინსაც[5], ათი ათასი კაცი გამოეგზავნა, რომ სულთანი შუაში მოექციათ.

ყოშ-თემური, მანამდე სანამ ირბილის ლაშქრის მოსვლის დრო მოაწევდა, თავისი [ჯარის] რაოდენობის სიმრავლითა და სულთნის შემწე [ლაშქრის] მცირერიცხოვნებით გათამამებული ადგილიდან დაიძრა. როცა სულთანი მოახლოვდა, კაცი გაუგზავნა ყოშ-თემურს: „ჩვენი ამ მხარეს წამოსვლის მიზანი მართლმორწმუნეთა მბრძანებლის ფართო ჩრდილის ქვეშ თავშესაფრის ძიება არის, რადგან ძლიერმა მტერმა გაიმარჯვა და გაბატონდა [ისლამის] ქვეყნებსა და ღვთისმოსავ ადამიანებზე; ვერცერთმა ლაშქარმა ვერ გაუწია მათ წინააღმდეგობა. თუ ხალიფასაგან შემწეობას მივიღებ და მისი მხარდაჭერა მექნება, იმ ჯამაათის დამარცხება ჩემი საქმეა“.

ყოშ-თემურმა ამ რჩევას წაუყრუა და ლაშქრის რიგები [საბრძოლველად] გააწყო. სულთანსაც სხვა გზა არა ჰქონდა, ბრძოლისა და წინააღმდეგობისათვის უნდა მომზადებულიყო. რაკი მისი ხალხი [ყოშ-თემურის] ლაშქრის მეათედსაც არ შეადგენდა, ერთი რაზმი ჩასაფრებული ჰყავდა, თვითონ კი ხუთასი მხედრით იდგა. ორ-სამჯერ მათ ცენტრსა და ფრთებზე იერიში მიიტანა და [ისევ] ზურგი აქცია. ყოშ-თემურის ლაშქარს ეგონა, [ჯალალ ად-დინის] ჯარი გაიქცაო და გამოედევნენ. საფარში ჩამჯდარი ხალხი მათ ზურგში აღმოჩნდა; სულთანიც შემობრუნდა, თავს დაესხა მათ და გააქცია. სულთანი მათ დევნაში ბაღდადის სანახებამდე მივიდა, იქიდან გამობრუნდა და დაყუყისკენ წავიდა და ძარცვა-გლეჯის ცეცხლი დაანთო იმ ოლქში.

იქ რომ ჩაიარა, მსტოვრები მიუვიდნენ: მოზაფარ ად-დინი ახლოვდებაო ირბილის ლაშქრით, წინ ბარგი გამოუგზავნია და უნდა, რომ მოემზადოს და სულთანს საფრიდან შეუტიოსო. სულთანმა თავის აღალს უბრძანა, გზა განეგრძო, თვითონ კი გულოვან მხედართა თანხლებით მთას დაუარა. როგორც კი შეიტყო, [მტრის] ლაშქარმა ჩაიარაო, მაშინვე ვეშაპის მსგავსი მამაცებით შეუტია და მოულოდნელად თავს დაესხა მოზაფარ ად-დინს როცა ეს უკანასკნელი მის ხელთ აღმოჩნდა, სულთანმა სავალდებულოდ მიიჩნია ხელმწიფეთათვის საპატიო და სასახელო წესი შეწყალებისა და პატიებისა, ოღონდ ნება არ მისცა გზა განეგრძო იქით, საითაც მიდიოდა. მოზაფარ ად-დინი დარცხვენილი იყო თავისი ნამოქმედარის გამო და პატიებას ითხოვდა, თან სინანულს გამოსთქვამდა, რომ დღემდე სულთნის შუქმფინარი აზრების შესახებ არაფერი გამეგო და არც მისი უწყინარობისა და სიმტკიცის ამბავი ვიცოდიო. სულთანმა ამის საპასუხოდ ფადიშაჰური სიტყვები წარმოსთქვა და, რაკი მოზაფარ ად-დინის [გამგებლობის] დროს, მიუხედავად ლური და ქურთი ქვეშევრდომებისა, რომელთაც მლოცველთა სისხლის დაღვრა ალალ საქმედ მიაჩნდათ, გზები მაინც უშიშარი იყო და შფოთიც დაცხრა, აქო და ადიდა იგი, მრავალი საჩუქარი უბოძა და წყალობა უყო. მოზაფარ ად-დინი სულთნის მითითებითა და ნებართვით [თავის ქალაქში] დაბრუნდა და სხვადასხვაგვარი სამსახურის გაწევით ყოველნაირად ცდილობდა მისი კეთილგანწყობილება მოეპოვებინა.

იმ მხარიდან სულთანი არანისა და აზერბაიჯანისკენ დაიძრა. იმ დროს ათაბეგი უზბეგი[6] იყო [იქაურობის] გამგებელი. მას შებრძოლების ძალა არა ჰქონდა, მარტო გაიქცა თავრიზიდან და თავისი მეუღლე მალიქა, სულთან თოღრულის[7] ასული, ქალაქში დასტოვა.

ერთი სიტყვით, [ჯალალ ად-დინი] რომ თავრიზის კარს მიადგა და ალყა შემოარტყა, ათაბეგის დიდებულნი და ამალა იქ იმყოფებოდნენ და სასტიკ წინააღმდეგობას უწევდნენ. როცა მალიქამ დაატყო, რომ სულთნის მოგერიება შეუძლებელი იყო, და თან რაკი გულში ათაბეგისაგან შეურაცხყოფილი იყო, სულთანს საიდუმლოდ კაცი გაუგზავნა და აცნობა ის სიძულვილი, რაც თავისი ქმრის, ათაბეგის მიმართ ჰქონდა. მანვე გაუგზავნა ბაღდადისა და შამის იმამთა ფეთვები[8] იმის თაობაზე, რომ სამგზის განქორწინება, რაც [აქამდე] პირობითი იყო, ნებადართულიაო. თან სულთანთან დაზავების ვადა დათქვეს, რათა მალიქა თავისი ავლა-დიდებით ნახჭევანს წასულიყო. ამის შემდეგ სულთანიც ნახჭევანს მივიდოდა და შეირთავდა. მან ბეჭედი გაუგზავნა მალიქას ნიშნად.

ორი დღის შემდეგ მალიქამ ქალაქის ამირებსა და დიდებულთ უხმო და უთხრა: „დიდი სულთანი ჩამოხდა ჩვენი ქალაქის მახლობლად. ათაბეგს მისი მოგერიებისა და განდევნის ძალა არა ჰქონდა. მაგრამ, თუ მასთან ზავი ღა მშვიდობა არ დაიდო და ქალაქი ბრძოლით აიღო, იმასვე გვიზამს რაც მამამისმა ქალაქ სამარყანდში მოიმოქმედა. თუ მიზანშეწონილად მივიჩნევთ, ყადიები და გამოჩენილი პირები გავუგზავნოთ და შეთანხმება დავდოთ, რომ ზიანს არ მიაყენებს ათაბეგის ჰარამხანას და მის ქვეშევრდომთ და ხელს არ შეუშლის, რომ სადაც უნდათ, წავიდნენ. ქალაქი კი მას გადავცეთ. რაც ჩემმა გონებამ საჭიროდ სცნო, ეს არის. თქვენ ათაბეგის დიდი მოხელენი ხართ, რაც სასარგებლოდ მიგაჩნიათ, უნდა სთქვათ“. ყველამ ერთხმად განაცხადა, მალიქას აზრი მეფური აზრია და ბრძნული ჩანაფიქრიაო. მთავარი ყადი იზ ად-დინ ყაზვინი, რომელიც თავისი დროის მეცნიერ და სწავლულ კაცთა შორის უწარჩინებულესი იყო, კარისკაცთა ჯგუფთან ერთად სულთანს აახლეს და პატიებას და შეწყალებას ეაჯნენ იმ პირობით, რომ მალიქას და ათაბეგის ჯალაბობას წინააღმდეგობას არ გაუწევდნენ, რომ სადაც უნდოდათ, წასულიყვნენ. სულთანმა მათი თხოვნა დააკმაყოფილა და ნება დართო, თუკი სურდათ, წასულიყვნენ.

მეორე დღეს, როცა ზეცის ხელმა მზის მახვილი ჰორიზონტის ქარქაშიდან ამოიღო, ათაბეგის დიდებულნი და ამირები და ქალაქის წარჩინებული პირები ერთად ეახლნენ სულთანს მისაღებ კარავში და სხვადასხვანაირი საჩუქრები და მოსაკითხი მიართვეს. ისინი ეამბორნენ ხალიჩას, რომლის თავზე ზეცა ქოლგად იყო გადაშლილი, და სულთნის შუბლზე მხიარულების, სიმხნევისა და კეთილშობილი თვისებების კვალი იხილეს.

მალიქამ თავისი განწყობილების შესაბამისად ხოის[9] გამგზავრება ინება; სულთანიც 622 წელს[10] დიდებით შევიდა ქალაქში და მცხოვრებნი მის მისვლას მიესალმნენ. სულთანი რამდენიმე დღე დარჩა იქ, მერე კი ნახჭევანს მივიდა, იმამთა ფეთვების თანახმად მალიქას დაეუფლა და ათაბეგის სავალ ბილიკზე შედგა[11].

ათაბეგი იმ დროს ალინჯის ციხეში[12] იმყოფებოდა. სულთნის ნახჭევანს მისვლის ამბავი რომ შეიტყო, მიხვდა, რაც ჰქონდა განზრახული, შინაგანი განუკურნავი დარდი ამ გარეგანი მიზეზით გამოაჩნდა და იმავე დღეს სევდისა და მწუხარებისაგან სულიც განუტევა.

გულახდილად რომ ითქვას, უწესო საქციელი, განსაკუთრებით, რაც ოჯახსა და ჰარამხანას ეხება, ყველა ადათის მიხედვით დასაგმობია. ამ საძაგელი მოქმედების და გასაკიცხი საქმეების მსგავსი ქცევა მხოლოდ ზიზღს იწვევს.

  1. ჰიჯრის 621 წელი ჩვენი წელთაღრიცხვით 1224 წლის 24 იანვარს დაიწყო.
  2. შეჰაბ ად-დინ სოლეიმან-შაჰი ჰამადანის მახლობლად მდებარე ბაჰარის ციხის პატრონი იყო. შემდეგში მან მონაწილეობა მიიღო მონღოლთა მიერ გარემოცული ბაღდადის დაცვაში.
  3. შაბურ-ხასთი აწინდელი ხორემაბადის, ლურისთანის მთავარი ქალაქის, ადგილზე მდებარეობდა.
  4. აბასელი ხალიფა ნასირ ად-დინი (1180 – 1225).
  5. მოზაფარ ად-დინი (1190 – 1232) უკანასკნელი წარმომადგენელია ბეგთეგინიანთა დინასტიისა, რომელიც ირბილში ბატონობდა. იგი უძეოდ გარდაიცვალა და თავისი სამფლობელო აბასელ ხალიფებს უანდერძა (С. Л е н-П у л ь, Мусульманские династии, გვ. 139).
  6. მოზაფარ ად-დინ უზბეგი (1210 – 1225) აზერბაიჯანის ილდეგიზიან ათაბეგთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელია.
  7. იგულისხმება თოღრულ III (1177 – 1194), ერაყის უკანასკნელი სელჩუკიანი გამგებელი.
  8. ფ ე თ ვ ა – მუსლიმან სასულიერო პირთა მიერ რაიმე იურიდიულ საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება.
  9. სიტყვების თამაში: „ხოი“ ( ) ხასიათს, განწყობილებასაც ნიშნავს და ქალაქის სახელწოდებაც არის.
  10. ჰიჯრის 622 წელი ჩვ. წელთაღრიცხვის 1225 წ. 13 იანვარს დაიწყო და 1226 წ. 1 იანვარს დამთავრდა.
  11. იბნ ალ-ასირის ცნობით, ათაბეგ უზბეგს ერთხელ დაუფიცნია, თუ ესა და ეს მონა მოვკალი, ცოლს გავეყრებიო. შემდგომ მაინც მოაკვლევინა ის კაცი. რაკი მან დაარღვია ფიცი, ცოლთან განქორწინებაც მოუხდა (Ибн ал-Асир, Тарих ал-камиль, перевод П. Жузе, Баку, 1940, გვ. 158).
  12. ალინჯის ანუ ალინჯაყის ციხე აზერბაიჯანშია, ქ. ნახჭევნის აღმოსავლეთით.


თხრობა სულთნის, ქართველებისა და მათი დარბევის შესახებ

edit

როცა განგებამ, როგორც მისი ადათი და წესია, ათაბეგის სახელმწიფო გაანადგურა და მისი სამფლობელო სულთან ჯალალ ად-დინს გადასცა, ხოლო მახლობლებმა და მსახურებმა ყოველი მხრიდან მისკენ იბრუნეს პირი, უგვანო და ურწმუნო ქართველებმა განიმტკიცეს ხარბი სურვილი ვილაიეთის დასაკუთრებისა, რათა პირველ რიგში სულთანი განედევნათ და თავრიზის მხარე დაეპყროთ, შემდეგ ბაღდადს წასულიყვნენ, კათალიკოსი დაესვათ ხალიფას ადგილზე, მეჩეთები ეკლესიებით და ჭეშმარიტება სიცრუით შეეცვალათ. ამ პატივმოყვარე სურვილისა და ამპარტავანი უგუნურების გამო, თავისი ხალხის სიმამაცისა და ბასრი შუბებისა და მახვილების იმედით ჯარი შეკრიბეს, ოცდაათ ათასზე მეტი კაცი გაამზადეს და დაიძრნენ.

სულთანს რომ ეს ამბავი მიუვიდა, თუმცა მისი რაზმი ჯერ მრავალრიცხოვანი არ იყო და მისი აწეწილი საქმეებიც ჯერ არ იყო გამოსწორებული, იმ რაზმით, რაც ჰყავდა, ბევრი ფიქრისა და ყოყმანის გარეშე ქართველებისკენ დაიძრა. იმ დროს, როცა განთიადის შუქი ღამის წყვდიადს სდევნიდა, [ჯალალ ად-დინმა] ქართველთა ბანაკს[1] მიაღწია გარნისის[2] ხეობაში, სადაც ისინი ღვინით მთვრალები და გალეშილები იყვნენ.

სანამ ქართველები ხელს აღმართავდნენ საომრად, სულთანი თავს დაესხა და კარგი გამარჯვება მოიპოვა მათზე. გარნისის ვიწრო ხეობაში ერთი გამოქვაბული იყო, ბრძენის ფიქრებივით ღრმა ქართველები როგორც იყვნენ, ისევე ცხენდაცხენ გარბოდნენ და იმ გამოქვაბულს აფარებდნენ თავს.

ეპოქის ყოველგვარი არეულობისა და შფოთის ამტეხთა მეთაურები შალვა და ივანე სხვა ქართველ დიდებულებთან ერთად შეიპყრეს, ბორკილებში ჩასვეს და სულთანს მიჰგვარეს. შალვა ადის [ტომის][3] მამაკაცს ჰგავდა ტანის სიდიდითა და წარმოსადეგობით, კეთილშობილი ღირსებითა და ძლიერებით. სულთნის წინაშე რომ წარდგნენ, ჰკითხა: „რა იქნა შენი მძვინვარება, რომ გაიძახოდი, სად არის ზულ-ფაყარის[4] პატრონი, რომ [ჩემი] ბასრი ხმლის დარტყმა იხილოსო?“. შალვამ მიუგო, ეს საქმე სულთნის კეთილმა ბედმა ჰქმნაო. ამის შემდეგ ისლამის მიღება შესთავაზეს. მან უპასუხა: „დეჰყანებს ასეთი წესი აქვთ, რომ ბოსტნებში ავი თვალის წინააღმდეგ სახედრის თავს ჰკიდებენ. შალვაც ვირის თავი იქნება ისლამის ბაღის მწვანეში“. მაგრამ თვითონ კი, უკაცრავად პასუხია, ნამდვილი უკანალი იყო ვირისა.

ერთი სიტყვით, როცა გამარჯვებულმა და ძლევამოსილმა სულთანმა დედაქალაქ თავრიზს მიაღწია, მისი შიშით იმ ოლქებში გულები ძრწოლამ, ხოლო მტრები ელდამ მოიცვა. მისი ლაშქარი წინანდელთან შედარებით გაიზარდა. შალვასა და ივანეს პატივით მოეპყრა და, იმ განზრახვით რომ, საქართველოს დაპყრობაში დამეხმარებიანო, დამატებითი წყალობის სახით მარანდი, სალმასი, ურმია და უშნუ[5] უბოძა.

[ჯალალ ად-დინმა] ქვეითებისა ღა მხედართაგან შემდგარი დიდი ლაშქარი გაამზადა და შალვა და ივანე მასთან ერთად გაგზავნა[6]. ისინი მისი განწყობილების შესაფერ სიტყვებს ეუბნებოდნენ, ყოველგვარ ვალდებულებას და მოვალეობას კისრულობდნენ და ცრუ დაპირებებით აქეზებდნენ სულთანს; უნდოდათ მუხანათობის თოკით სიკვდილის ჭაში ჩაეჩეხათ იგი და მელისებური მოქმედებით ის ავაზას ბუნების ლომი [თავიანთი] მზაკვრობის ბორკილით შეებოჭათ.

სულთანმა გადაწყვიტა მარტო შეხვედროდა თავის ქალს, არა ფულით ნასყიდ მხევალს[7], და ხოისკენ დაიძრა. იქიდან საქართველოსკენ წავიდა და დვინში, რომელიც საქართველოს საზღვარია, ერთმანეთს შეუერთდნენ. სულთანმა უპირველეს ყოვლისა მალექ თაშთდარი დესპანად გაგზავნა ყიზ-მალიქთან. ეს ყიზ-მალიქი ქალი იყო და მთელი საქართველოს ფადიშაჰი გახლდათ. მართლმორწმუნეთა მბრძანებელ აბუ ბაქრის[8] შესახებ, – ღმერთი იყოს მისი მწყალობელი, – არსებობს თქმულება, რომ, როდესაც ამბავი მიუვიდა, ირანის შაჰი ქალიაო, უთქვამს: „მდაბალია ის, რომ თავისი საქმეები ქალისათვის ჩაუბარებია“.

ერთ დღეს მალექ თაშთდარი მდინარე მტკვრის ნაპირას იდგა. შალვასგან მომავალი ერთი მთვრალი მღვდელი, რომელსაც ქეშიშს უწოდებენ, მალექ თაშთდარს მიეჭრა და უთხრა: „მალე მალიქი[9] ლაშქარს დაძრავს, რათა მარქაბის ველზე შემოვერტყათ სულთანს ლაშქრიანად და სამაგიერო შურისგება მივუზღოთ მას“. მალექ თაშთდარმა ის მღვდელი მაშინვე მოჰკლა და სწრაფმფრენი ჩიტივით გაეჩქარა სულთანთან. დილა ადრიან, როცა მუეძინების ხმამ მართლმორწმუნენი გააღვიძა, სულთანთან მიაღწია და საქმის ნამდვილი მდგომარეობა და ჭეშმარიტების გზას აცდენილი ხალხის მზაკვრობის ამბავი აუწყა. [ჯალალ ად-დინმა] ბრძანა, იმისათვის რომ გამოვცადოთ და შევამოწმოთ, შალვა და ივანე აქ მომგვარეთო და სხვა ორმოცი [ქართველი] ამირიც მოიყვანეთო მათთან ერთად. [როცა მოიყვანეს] უთხრა „მინდა რჩევა გკითხოთ, რომელი გზა უკეთესია, ყარსისა თუ მარქაბის ხეობის?“ შალვამ და ამირებმა მიუგეს: „ყარსის გზაზე გამაგრებული ქალაქებია, იქ გავლა გაძნელდება. მარქაბის გზა კი შუალა გზაა და უფრო ახლოა თბილისთან[10]. როცა იქ მივალთ, სულთნის [გამოჩენის] ხმაზე იმათი ლაშქარი გაიფანტება და თბილისის ვილაიეთს დავიკავებთ და დავიპყრობთ“.

რაკი სულთნისთვის ამ თვალთმაქცი ადამიანების უხამსი მრწამსის ნამდვილი ამბავი ცნობილი შეიქნა, წამოდგა, ხელში ნაჭერი ხმალი წელზე შემოჰკრა შალვას, შუაზე გაკვეთა და ხმალი შეღება მისი სისხლით. თანაც ბრძანა ყველა დანარჩენიც ჯოჯოხეთში გაგზავნეთო[11]. მერე თავის ამირებს რჩევა ჰკითხა, რომელი გზით წავიდეო. ყველამ თავისი შეხედულება თქვა. ბოლოს სულთანმა ბრძანა, ჩემი აზრი ასეთია, რომ რაკი იმათ შალვასა და ივანეს შესახებ არაფერი იციან და მათგან ამბავს ელოდებიან, მოულოდნელად უნდა დავესხათო თავს. მისი აზრის თანახმად, ათი ათასი გულოვანი კაცი სასწრაფოდ დაიძრა და იარეს ბანდ-ე ფამბას[12] ხეობის კალთამდე, რომელზე გადაფრენა მხოლოდ არწივს შეეძლო. [ჯალალ ად-დინი] ცხენიდან ჩამოხდა და ლაშქარიც ფეხდაფეხ მიჰყვა. მთის თხები მის სვლას რომ ხედავდნენ, ქვეითად სიარულის გამო დარცხვენილნი და შეშინებულნი თავდაყირა ცვიოდნენ მთიდან. როდესაც განთიადის ნაკადულები აჩუხჩუხდა, იმ გარყვნილებამდე მიაღწიეს. ორივე მხრით სასტიკი ბრძოლა გაიმართა და ისარსა და ხმალზე იტაცეს ხელი, სანამ ბოლოს და ბოლოს ჭეშმარიტებამ არ სძლია სიცრუეს, წარმართთა სექტის დიდი ნაწილი მოსპობის მახეში მოხვდა და ცდომილი ხალხი დამღუპველმა გველებმა დაკბინეს. სულთნის მომხრეებმა გაიმარჯვეს, ხოლო ეშმაკის მეგობრები იძლივნენ.

იმ დღეს დაღამებისთანავე იქვე დაიბანაკეს. მეორე დღეს... ლორეს ველზე მივიდნენ. ისეთი მტვერი დადგა, რომ კაცი ვეღარ ცნობდა ერთმანეთს. როცა მტვერი ჩადგა და მზე ამოვიდა, დაინახეს ქართველები, რომლებიც მახეში გაბმული ნადირივით ხუთ-ხუთ და ათ-ათ კაციან ჯგუფებად შეგროვილიყვნენ. ვინც კი დაინახავდა ქართველს იქვე ჰკლავდა, სანამ ამრიგად ბევრი არ გაწყდა და თავისიანებს არ მიჰყვა. ლორეს ამანი უბოძა [ჯალალ ად-დინმა]. იქიდან ალიაბადის[13] ციხისკენ გაემართა. [მეციხოვნეებმა] შეწყალება ითხოვეს და მათთვისაც არ მიუყენებიათ ზიანი. მოჰარამისა და საფარის თვეების განმავლობაში [სულთანი] ლაშქართან იმყოფებოდა, მაგრამ როგორც კი რაბი ალ-ავალის ახალი-მთვარე იხილეს[14], სულთანმა ნადირობა ისურვა და მარტო გაემართა რამდენიმე მხედრის თანხლებით. ქართველებმა რომ ეს შეიტყვეს, ხუთასი კაცი, ნაცადი ვაჟკაცები, გაგზავნეს, იქნებ სულთანი მოულოდნელად დავიჭიროთ ეშმაკობის ქამანდით და ისლამის ცეცხლი ჩავაქროთო.

სულთანმა რომ შორიდან დაინახა ისინი, მიხვდა, დიდი წარღვნა მოდისო. მაგრამ იმ იმედით, რომ ბედის ქართა მხრიდან, ძლევამოსილი და დიდებული ღვთის შეწევნით, ნიავი დაბერავს და უბედურების მტვერს შეაყრის თვალებში ამ უმსგავსოებსო, ბრძოლაში ჩაება. იგი პირადად ესხმოდა თავს ისე, რომ ერთი კაცი ხუთასს ერეკებოდა და ყოველ ჯერზე რამდენიმე მათგანს ანარცხებდა ძირს. სულთნის ლაშქარმა რომ ეს ამბავი შეიტყო, ერთი რაზმი მოვიდა მის დასახმარებლად. იმ საძაგლებს ყოველ წამს მოსდიოდათ ხალხი, სანამ ათი ათას კაცზე მეტი არ შეიყარა. ორხანმა[15] თბილისის მახლობლად შეაფარა თავი და იქაურ ლაშქარს აკავებდა; ამასობაში სულთანი თავისიანების ერთი რაზმით თაქბირის ძახილით თავს დაესხა იმ უგვანოებს და ხმლისა და შუბის მარჯვნივ თუ მარცხნივ ძგერებით ბევრი მათგანი მიწას დაანარცხეს.

ქართველებმა რომ მისი გურზის ცემა იხილეს, გაიქცნენ. რაკი ქალაქის მისასვლელები მეომრებით სავსე დახვდათ, სადავე მდინარისკენ[16] შეაბრუნეს და ის მდაბალი ადამიანები შიშისა და ძრწოლვისაგან იარაღითა და ცხენებიანად წყალში ცვიოდნენ და ჯოჯოხეთის ცეცხლში მიემგზავრებოდნენ.

ციხეში მყოფთ რომ ეს ამბავი ნახეს, ხელები საბრძოლველად გაიწვდინეს. მაგრამ როცა ლაშქარი წინ წადგა და ვარსკვლავთა გამგმირავი ისრებისა და ჯიგრის მწველ ბოძალთა ტყორცნით შეაწუხეს და შეავიწროვეს ისინი, ყიზ-მალიქის ხაზინა წყალში ჩაყარეს და მეორე დღეს პატიება ითხოვეს. სულთანმა მათი თხოვნა დააკმაყოფილა და პირადად იდგა, სანამ ის ხალხი მის საგუშაგოებს ჩაუვლიდა და აფხაზის საზღვარს[17] მიაღწევდა. ყოველი სოფელი თუ ციხე თბილისის მიდამოებში, რომლებიც ეშმაკის მიმდევრებით იყო სავსე, ერთიანად მოსთხარა და მის ამალას უსაზღვრო და უზომო ნადავლი ერგო. თბილისის ეკლესიები[18], რომელთა აშენებაზე ძველთაგან ძვირფასი საუნჯე იყო დახარჯული, დააქცია, მათ ადგილზე კი ისლამის სამლოცველოები დააარსა.

მოულოდნელად მსტოვრები მოვიდნენ, ბარაყმა ერთგულების უღელი გადმოიგდო კისრიდან და ქერმანიდან ერაყის დასაპყრობად დაიძრაო. ბარაყის მოსაგერიებლად სულთანმა ბურაყის მსგავსი ბედაურები დასძრა და ელვისებურად[19] გაექანა. ლაშქრიდან, რაც შესძლო, თან წაიყვანა და ქარივით მიწის ზედაპირს ძლივს ეხებოდა, ცეცხლის ალივით მაღლა-მაღლა მიიწევდა. სადგომებსა და გადასასვლელებზე ლაშქარი უკან ჩამორჩა. ჩვიდმეტ დღეში თბილისიდან ქერმანის მიდამოებში მივიდა. ლაშქრიდან სამას მხედარზე მეტი არ ახლდა თან. ბარაყ ჰაჯიბმა რომ სულთნის მისვლა შეიტყო, მრავალი საჩუქარი მიართვა და პატიება ითხოვა.

ცხენების დასვენების მიზნით სულთანი რამდენიმე დღით ისფაჰანს მივიდა და ერაყის დიდებულნი ეახლნენ[20].

ამასობაში კვლავ მოვიდა ამბავი, ქართველები ისევ შეიკრიბნენო. ვაზირი იულდუზჩი[21], რომელიც სულთანს თავის მოადგილედ დაეტოვებინა თბილისში, იძულებული იყო თავრიზს მოსულიყო, ხოლო მალიქ აშრაფს[22] შამიდან ჰაჯიბ ალი ხლათში გაეგზავნა და ყოველ რამდენიმე დღეში არბევდა იქაურობას. მალიქა ხოიდან ხლათს წასულიყო და ჰაჯიბ ალის დანებებოდ. ქართველები თბილისში დაბრუნებულიყვნენ, მეჩეთებს ანგრევდნენ და მუსლიმებს აწამებდნენ. ამ საშინელი ამბების გამო სულთანი შეშფოთდა და შეწუხდა და მაშინვე აზერბაიჯანისკენ გაეშურა.

სულთანმა რომ ხლათის მიდამოებს მიაღწია, ვისაც კი მოახელებდა მისი ლაშქარი, იქვე ხოცავდნენ და, რასაც თვალს მოჰკრავდნენ, მიჰქონდათ. ასე მიაღწიეს ხლათის კარამდე. მოლაშქრენი ქალაქში შეიჭრნენ და ძარცვასა და ხოცვა-ჟლეტას მიჰყვეს ხელი, ყვირილი და კვნესა აღმოხდათ კაცებსა და ქალებს. სულთანმა თავისიანები გაგზავნა, რათა ის ხალხი ქალაქიდან გარეთ გაეყვანათ. მდაბიო ხალხმაც ამბოხება მოაწყო[23], მოლაშქრეთა ერთი ჯგუფი დახოცეს, დანარჩენები კი გარეკეს ქალაქიდან. საქმე ვეღარ გამოკეთდა და სულთნის ამალამ რამდენიც არ სცადა, [მცხოვრებლებმა] გზა არ მისცეს, რომ ქალაქში შესულიყვნენ.

რაკი თაიმასისა და თაინალის[24] ერაყს მისვლის ამბავი შეეტყო და იქ გაჩერებაც შეუძლებელი იყო, იქიდან ერაყს მიმავალმა [სულთანმა] თავრიზს მიატანა, ხოლო მერე ისფაჰანში ჩავიდა. საცა კი იყო გაბნეული ლაშქარი ან ცალკე მეომრები, ყველამ სულთანს მიაშურა. ამასობაში მონღოლთა ლაშქარმა რეის მიაღწია. სულთანი ბრძოლისა და შეტაკებისათვის გაემზადა, ყველა დიდებული და ხანი გამოიძახა.

კეთილშობილებს უხმო ლაშქრიდან

და ასე უთხრა: „მნიშვნელოვანი საქმეა, წინ რომ გვიდევს და დიდი უბედურება მოგვადგა კარს. თუ სისუსტესა და ჯაბნობას მივეცით თავი, ჩვენი არსებობა შეუძლებელია. ერთი სიტყვით, უმჯობესია წინააღმდეგობა გავუწიოთ და მოვითმინოთ. თუ მაღალი ღმერთი შეგვეწია, ჩვენცა და თქვენც გადავრჩებით. ხოლო თუ საქმე სხვაგვარად მოეწყო, ჩვენ მოკლებული არ ვიქნებით წამებულთა ღირსებას და [საუკუნო] ნეტარების პატივს“... ყველა ერთგულად და ერთხმად დაეთანხმა სულთანს. იმანაც ლაშქარი მოამზადა და ცენტრი და ფრთები გააწყო. ლაშქრის მარჯვენა ფრთა მან თავის ვერაგ ძმასა და სწორს, ულმობელ ყიას ად-დინს ჩააბარა, ხო ლო მარცხენა ფრთა...[25] გაამაგრა. თვითონ ცენტრში დადგა და რიგები გააწყო. უნდოდა მარჯვენა და მარცხენა ფრთებისთვის ებრძანებინა, მასთან ერთად მიეტანათ იერიში მტრის ცენტრსა და რიგებზე, [მაგრამ ამ დროს] მისმა ძმამ ყიას ად-დინმა ელჩი ფაჰლავანის, თავისი ამალისა და მეომართა ერთი ჯგუფის თანხლებით სადავე შეაბრუნა.

სულთანი ჯალალ ად-დინი ამის გამო შეშფოთდა და ზიზღით აივსო ლაშქრის მიმართ. მიუხედავად ყველაფერი ამისა, მან პირი არ იბრუნა და [მოწინააღმდეგის] ლაშქრის ცენტრს შეუტია. მონღოლთა ლაშქრის მარჯვენა ფრთა სულთნის მარცხენა ფრთას უტევდა, ხოლო სულთნის მარჯვენა ფრთა – მონღოლთა მარცხენა ფრთას. ორივე ლაშქარი ერთმანეთში აირია. მონღოლთა ლაშქარი სულთნის [ჯარის] ცენტრის ზურგში აღმოჩნდა; სულთნის ალამი ადგილიდან დაიძრა, ხოლო [მონღოლთა] მარჯვენა ფრთა მისი მარცხენა ფრთის დევნას განაგრძობდა; ასე რომ, არავინ იცოდა ერთმანეთის ამბავი. სულთანი [ლაშქრის] ცენტრში იყო და ჯილავდრის მეტი მასთან კაცი არ დარჩენილიყო. მას ყოველი მხრით გარს შემორტყმოდნენ და სულთანი წრეხაზის ცენტრივით იყო შუაში. ერთს რომ ცხენიდან გადმოაგდებდა, მეორეს ხელ-ფეხს მოკვეთდა, სანამ თავი არ დააღწია ალყას და ლურისთანს არ მიაშურა. [იქ] ერთ ხეობაში დაიდო ბინა და ლტოლვილები თითო-თითოდ თუ ორ-ორნი მოულოდნელად მოდიოდნენ მასთან და მის სამსახურში რჩებოდნენ. ისფაჰანის მცხოვრებთაგან და ლაშქრიდან არავინ იცოდა მისი ამბავი. ზოგს ეგონა, ბრძოლაში მოკლესო, ზოგიც ფიქრობდა ტყვედ ჩავარდაო.

მონღოლთა ლაშქარი ისფაჰანის კარს მიადგა, მაგრამ შეყოვნებისა და შეჩერების გარეშე სასწრაფოდ გააჭენეს ცხენები და სამ დღე-ღამეში რეის მიაღწიეს. იქიდან ნიშაბურისკენ გაემართნენ და უკანვე დაბრუნდნენ.

სულთანმა ისფაჰანს მიაშურა; მაცნეები წინ გაგზავნა, თვითონ კი კვალდაკვალ მიჰყვა. ყველა კაცი და ქალი მის შესახვედრად გამოვიდა და მისი მობრძანება სიხარულის მოსვლად და უბედურების წასვლად მიიჩნიეს.

სულთანი გულმოსული იყო თავისი ამალის დიდებულთა უმეტესობაზე. მან ბრძანა, მოეგვარათ ის ხანები და მეთაურები, ვინც ხელმწიფის მახლობლები და მისი სამეფო კარის სახელმოხვეჭილი ადამიანები იყვნენ, მაგრამ ბრძოლის დღეს არაფერი გაუკეთებიათ. მათ ქალის ლეჩაქები დაახურეს თავზე და ქალაქის უბნები შემოატარეს. იმ ხალხს, ვისაც ამირობის ხარისხი არა ჰქონდა, მაგრამ იმ დღეს, რომელიც განკითხვის დღე იყო, ბრძოლის ველზე დაწინაურდა, მაგრად გაიდგა ფეხი და ერთგულად იდგა, ზოგს ხანობის წოდება უბოძა. ზოგსაც – მალიქობისა და [საპატიო] ხალათები და სხვა საჩუქრები, აღაზევა ისინი და განადიდა.

  1. სპარსულ ტექსტშია: რაც სიტყვა-სიტყვით „საძინებელ ადგილს“ ნიშნავს.
  2. სპარსულ ტექსტშია; ასევე აქვთ გადმოცემული ეს ტოპონიმი ნასავის და რაშიდ ად-დინს. ჟამთააღმწერლის ცნობით, „დაებანაკა ხუარაზმელთა სოფელსა, რომელსა ჰქჳან გარნისი“ (ქართლის ცხოერება, II, გვ. 169). სომეხი ისტორიკოსებიც აღნიშნავენ, რომ ბრძოლა ქართველებსა და ხორეზმელებს შორის გარნისთან მოხდა (К и р а к о с Г а н д з а к е ц и, История, перевод с древнеармянского Т. Т е р-Г р и г о р ь я н а, Баку, 1946, გვ.115; Apмянские историки о монголах, перевод А. Г. Г а л с т я н а, M., 1962, გვ. 24, 33, 70). გარნი ან გარნისი სომხეთშია, ერევნიდან 27 კმ აღმოსავლეთით.
  3. ადის ტომი არაბული მოდგმის ძველი ხალხი იყო, რომელიც ხშირად იხსენიება ყურანში. ადის ტომი მეტად ძლიერი და, ამის გამო, მედიდური ყოფილა. მართლა არსებობდა თუ არა ეს ხალხი და სად ბინადრობდა იგი, ჯერაც არ არის გამორკვეული (ჯ. ბ ო ი ლ ი, I, გვ. 169. იქვე მოცემულია ვრცელი ბიბლიოგრაფია).
  4. ზ უ ლ-ფ ა ყ არ ი („ხერხემლის მალების გამკვეთი“) წინასწარმეტყველ მუჰამედის სიძის, მეოთხე ხალიფა ალის (656 – 661) ხმლის ეპითეტია.
    ნესავის ცნობით, ათაბეგ უზბეგის ერთ-ერთ ჰაჯიბს, რომელიც ელჩად იყო გაგზავნილი საქართველოში, უამბნია მისთვის, რომ შალვამ კარგად მიიღო თურმე ის, მაგრამ თითქოს დაიტრაბახა: მინდოდა ჩემს დროში ეცხოვრა მართლმორწმუნეთა ამირს, ალის. მე ვუჩვენებდი იმას ჩემი მკლავის ძალასო (З. M. Б у н и я т о в, Сведения ан-Нисави о Грузии, „ქართული წყაროთმცოდნეობა“, III, თბ.,) 1971, გვ. 161; a н-H а с а в и, Жизнеописание султана джалал ад-дина Манкбурны. Перевод с арабского З. М. Б у н и я т о в а, Баку, 1973, გვ.158).
  5. მარანდი, სალმასი, ურმია და უშნუ ურმიის ტბის აუზის ქალაქებია ირანის აზერბაიჯანში.
  6. 55. ირანელმა მეცნიერმა ა. ქესრავიმ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ სხვა წყაროები (გარდა რაშიდ ად-დინისა, რომელიც ჯუვეინის თხზულებით სარგებლობს. იხ. Р а ш и д-а д-д и н, Сборник летописей, I, 2, გვ. 243) მხოლოდ შალვას დატყვევებაზე მოგვითხრობენ ( – გვ. 174 – 175. ცნობა მოგვაწოდა გ. ბერაძემ), მართლაც ნესავი და იბნ ალ-ასირი შალვას ტყვედ ჩავარდნას აღნიშნავენ, მის ძმას ივანეს კი საერთოდ არ ახსენებენ გარნისის ბრძოლის აღწერის დროს (H а с а в и, Жизнеописание, 158 – 159; И б н a л-А с и р, გვ. 157). ჟამთააღმწერლის მიხედვითაც, ხორეზმელებს შალვა შეუპყრიათ, ხოლო „ივანე, გარნისისა კლდეთა შელტოლვილი, ზენაკერძო მოტევებულითა ქვითა მოიკლა“ (ქართლის ცხოვრება, II, გვ. 170).
    ქესრავის აზრით, ჯუვეინის ერთმანეთში უნდა არეოდა (ივანე) და (ივა’ი), რაც ერთ-ერთი თურქმანული ტომის ივას წევრს ნიშნავს. მაგრამ ჯუვეინის თხზულებაში ივას ტომი საერთოდ არ იხსენიება და ამ ტომის მეომართა გარნისის ბრძოლაში მონაწილეობაც არ დასტურდება წყაროებით. ამიტომ ივანეს და ივა’ის აღრევის შესაძლებლობა ჩვენ გამორიცხულად მიგვაჩნია უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ივა-ს თურქმანებს საერთოდ მტრული ურთიერთობა ჰქონდათ ჯალალ ად-დინთან (იხ. H а с а в и, Жизнеописание, გვ. 172, 373, 374 – 375).
    XVII ს-ის ქართველ ისტორიკოსს ფ. გორგიჯანიძესაც აქვს ცნობა გარნისის ბრძოლის შესახებ. მისი „საქართველოს ცხოვრების“ ე. წ. მეორე ნაწილი, რომელშიც XII ს-ის მიწურულისა და XIII ს-ის ისტორიაა გადმოცემული, ძირითადად „ისტორიათა და აზმათა“ და ჟამთააღმწერლის თხზულების მიხედვით არის შედგენილი. მაგრამ, ამავე დროს, გორგიჯანიძე სხვა წყაროებითაც სარგებლობდა. როგორც ჩანს, გარნისის ბრძოლის აღწერის დროსაც მას ხელთ ჰქონია რომელიღაც წყარო (შესაძლებელია ჯუვეინის ან რაშიდ ად-დინის თხზულება), სადაც ივანეს დატყვევებაზე იყო საუბარი. „და გამოიქცნენ ქართველნი, – მოგვითხრობს გორგიჯანიძე, – და დაირჩინეს შალვა და ივანე, ძმა მისი, და გარნისის კლდე მათსზედ წამოაქცივეს“ (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტი. ხელნაწ. H – 2140, ფ. 39v – 40r). როგორც ვხედავთ, ტექსტი ამ ადგილას არ არის კარგად გამართული. შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ გორგიჯანიძემ ვერ გაიგო ჟამთააღმწერლის თხზულების შესაბამისი ადგილი და ასე წარმოიქმნა ცნობა ივანეს დატყვევების შესახებ. მაგრამ ამავე თხრობაში გვხვდება ერთი საყურადღებო დეტალი, რომელიც, ჩვენი აზრით, ადასტურებს ფარსადანის მიერ სხვა წყაროს გამოყენების ფაქტს. ჟამთააღმწერლის ცნობით, შალვა რომ ჯალალ ად-დინს წარუდგინეს, „მან არა მოკლა, არამედ თჳსთა თანა იპყრა დიდითა პატივითა, და მ ი ა ნ ი ჭ ნ ა ქ ა ლ ა ქ ნ ი ა დ ა რ ბ ა დ ა გ ა ნ ი ს ა ნ ი“ (ქართლის ცხოვრება, II, გვ. 171 ხაზგასმა ჩვენია). ფ. გორგიჯანიძე კი მოგვითხრობს, რომ სულთანმა ჯალალ ად-დინმა შალვა „აღარ მოაკვდინა და დიდის პატივით ინახევდა. ს ა ლ მ ა ს ი დ ა ხ ო ი ს ქ ა ლ ა ქ ი ს ა მ ა მ უ ლ ო თ უ ბ ო ძ ა“ (დასახ. ხელნაწერი, ფ. 40r. ხაზგასმა ჩვენია). როგორც ვხედავთ, ჟამთააღმწერლის ზოგადად ნათქვამი – „ქალაქნი ადარბადაგანისანი“, გორგიჯანიძემ დააკონკრეტა – „სალმასი და ხოის ქ ა ლ ა ქ ი“, „ქართლის ცხოვრების“ არცერთ ხელნაწერში ეს ქალაქები არ იხსენიება. სამაგიეროდ, ჯუვეინის და რაშიდ ად-დინს შესაბამის ადგილას დასახელებული აქვთ მარანდი, სალმასი, ურმია და უშნუ (გორგიჯანიძის მიერ აქ ხოის ხსენება აშკარა შეცდომაა, რადგან ეს ქალაქი ათაბეგ უზბეგის ცოლყოფილ მალიქას ეკუთვნოდა).
    ა.ქესრავი ფიქრობს, ჯალალ ად-დინი არავითარ შემთხვევაში არ უბოძებდა შალვასა და ივანეს ამ ქალაქებს, რადგან ისინი ისლამის მტრები იყვნენო. მაგრამ ჯუვეინი და რაშიდ ად-დინი ხაზგასმით აღნიშნავენ რომ ხორეზმ-შაჰი ამას აკეთებდა პოლიტიკური მიზნით, რათა შემდეგში საქართველოს დაპყრობის საქმეში გამოეყვნებინა ტყვე სარდლები.
  7. სიტყვების თამაშია: „ხარიდე“ ქალიშვილს, ქალსაც ნიშნავს (იგულისხმება ათაბეგ უზბეგის ცოლყოფილი მალიქა) და ნასყიდსაც
  8. აბუ ბაქრ აბდალაჰ იბნ ოსმანი – პირველი მართლმორწმუნე ხალიფა (632 – 634).
  9. ალბათ იგულისხმება ყიზ-მალიქი, მეფე რუსუდანი.
  10. ჯ. ბოილის აზრით, ამ თათბირის დროს ჯალალ ად-დინი, როგორც ჩანს, უნდა მდგარიყო ბამბაკის მთების სამხრეთით, ალბათ ბამბაკის ხეობაში. იქიდან უმოკლესი გზა თბილისისაკენ ბორჩალოს (დებედას) ხეობაზე გადის. შესაძლებელია, სწორედ ამ გზასა და ხეობას უწოდებს ჯუვეინი „არქაბს“ (ჯ. ბ ო ი ლ ი, II, გვ. 429, შენ. 15).
  11. ჟამთააღმწერლის ცნობით, „შემდგომად წელიწდისა ერთისა [შალვა] მოიკლა სულტნისა მიერ არა დატევებისავის სჯულისა“ (ქართლის ცხოვრება, II, გვ. 171). ვახტანგის „სწავლულ კაცთა“ მიერ შესწორებულ-შევსებულ ტექსტში უფრო ვრცელი თხრობა არის ჩართული: „აიძულებდა დატევებასა სჯულისასა, და უქადაგებდა ნიჭთა და პატივთა უმეტესთა. ხოლო მან არა უსმინა, არცა აღირჩია წუთ ჟამისა ამის პატივი, არცა უარყო სახელი ქრისტესი. კუალად სულტანი ლიქნიდა და ეტყოდა უარყოფასა ქრისტესსა, არამედ იგი გარემიაქცევდა სიტყუათა მისთა. კუალად სულტანი უქადოდა მრავალფერითა სატანჯველითა და აშინებდა, არამედ იგი მტკიცედ ეგო სარწმუნოებასა ზედა. ხოლო შემდგომად მრავალთა ტანჯვათა მწარითა სიკუდილითა განიყვანა საწუთოსაგან წმიდა შალვა, და მოწამობისა გჳრგჳნითა შემკული აღვიდა წინაშე ქრისტესა“ (იქვე, გვ. 171, „ჩანართი“).
    რაშიდ ად-დინის ცნობით, შალვამ თითქოს თავისი სურვილით აღიარა ისლამი, მაგრამ შემდეგში ორივემ (შალვამ და ივანემ) სულთნის ღალატი გადაწყვიტეს და ამის გამო ჯალალ ად-დინმა ისინი დაახოცვინა (Рашид-ад-дин, Сборник летописей, I, 2, გვ. 243. იხ. აგრეთვე, ი ვ. ჯა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი, ქართველი ერის ისტორია, III, გვ. 55 – 56; З. М. Б у н и я т о в, Сведения ан-Насави о Грузии, გვ. 162; a н-H a с а в и, Жизнеописание, გვ. 167).
  12. იგულისხმება ბამბაკის მთები.
  13. ალიაბადის ციხე, რომელიც მდ. მტკვრის სამხრეთით, დებედას მიდამოებში მდებარეობდა, ნესავის ცნობით, ეკუთვნოდა დედოფალ (მალიქა) თამთას (3. M. Б у н и я т о в, Сведения ан-Нaсави о Грузии, გვ. 165; a н-H a с а в и, Жизнеописание султана Джалал ад-дина, გვ. 226). ივ. ჯავახიშვილის აზრით, ეს თამთა ივანე ათაბაგის ასულია (ქართველი ერის ისტორია, III, გვ. 73). ზ. ბუნიატოვი ფიქრობს, რომ ალიაბადის ციხე ეკუთვნოდა სხვა თამთას, ივანე ათაბაგის დას (3. M. Б у н и я т о в, დასახ. ნაშრ., გვ. 171., a н-H a с а в и, გვ. 396). ზ. ბუნიატოვი აქ იმეორებს კირაკოს განძაკეცის თხზულების მთარგმნელის ტ. ტერ-გრიგორიანის შენიშვნას (К и р а к о с Г а н д з а к е ц и, История, გვ. 256, შენ 544), რომელიც, თავის მხრით, ემყარება მ. ბროსეს ვარაუდს, რომ სტეფანოს ორბელიანის მიერ მოხსენიებული და ივანესი, თამთი, უნდა იყოსო იგივე ხორიშაჰი, ვახტანგ ხაჩენელის მეუღლე (Additions et éclaircissements, გვ. 273). ნ. ბერძენიშვილს დასაშვებად არ მიაჩნია ასეთი გაიგივება (ნ. ბ ე რ ძ ე ნი შ ვ ი ლ ი, საქართველოს ისტორიის საკითხები, III, თბ., 1966, გვ. 83, შენ 20ა).
  14. მოჰარამი და საფარი მუსლიმანური მთვარის კალენდრის პირველი და მეორე თვეებია. შეესაბამება 1226 იანვარსა და თებერვალს. ნიშნავს მთვარეს, მთვარის განახლებას, მთვარის თვის პირველ დღეს. 623 წ. რაბი ალ-ავალის პირველი რიცხვი შეესაბამება 1226 წ. 2 მარტს.
  15. კირაკოს განძაკეცის ცნობით, ორხანი, რომელსაც სულთნის დედა ჰყოლია ცოლად, ძალიან ავიწროებდა განჯის მცხოვრებთ, ქრისტიანებსაც და მუსლიმებსაც. იგი მულჰიდებს მოუკლავთ იმავე ქალაქში (К и р а к о с Г а н д з а к е ц и, История, გვ. 116, 276, შენ. 722). ნესავისაც აქვს აღნიშნული ორხანის მოკვლა ასასინების მიერ (1226 წ.), მაგრამ, ამავე დროს, ჯუვეინის მსგავსად 1231 წ. ამბებში ისიც კვლავ იხსენიებს ორხანს (a н-H a с а в и, Жизнеописание, გვ. 179, 293 – 294). ჯ. ბოილის აზრით, შესაძლებელია, აქ ორი სხვადასხვა პიროვნება იგულისხმებოდეს (ჯ. ბ ო ი ლ ი, II, გვ. 409, შენ. 50).
  16. ტექსტშია: – ჯეიჰუნი, ამუ-დარია. ეს სიტყვა აქ ზოგადად მდინარის მნიშვნელობით არის ნახმარი. იგულისხმება მდ. მტკვარი.
  17. ამ შემთხვევაში „აფხაზ“ მთელს დასავლეთ საქართველოს ნიშნავს.
  18. ტექსტშია – სინაგოგები, კერპთაყვანისმცემელთა ტაძრები.
  19. აქაც სიტყვები თამაშია: „ბარაყ“ ადამიანის სახელია, „ბურავ“ ნიშნავს ზეციურ რაშს, რომლითაც წინასწარმეტყველმა მუჰამედმა იერუსალიმსა და ზეცაში იმოგზაურა, ხოლო "ბარყ" - ელვაა.
  20. აქ ჯუვეინის მთლიანად აქვს მოტანილი ქემალ ად-დინ ისმაილის (XIII ს-ის პირველი ნახევარი) ვრცელი ყასიდა; რომლის ბოლო ბეითებში პოეტი მიმართავს ჯალალ ად-დინს:
    ვინ იყო, შენს გარდა, საწუთროს ხელმწიფეთაგან,
    ვინც თავის ცხენს თბილისის ქერი აჭამა და ინდოეთის ოკეანის წყალი ასვა?
  21. ტექსტშია: – რაშიდ ად-დინი მას შამს ად-დინ იულდუზჩის უწოდებს (Р а ш и д-а д-д и н, Сборник летописей, II. M., 1960., გვ. 28, 30). ჯ. ბოილის ცნობით, მისი სრული სახელი იყო შარაფ ალ-მულქ ალი ბ. აბულ-ყასემ ალ-ჯანდი (ჯ. ბოილი, II გვ. 435, შენ. 35). ი. პეტრუშევსკი ფიქრობს, რომ შარაფ ალ-მულქმა, რომელიც ჯალალ ად-დინის უკანასკნელი ვაზირი იყო, ტრაგიკული როლი ითამაშა ხორეზმშაჰის ცხოვრებაში და ხელი შეუწყო მის დაღუპვას (И. П. П е т р у ш е в с к и й, Вазир Шараф ал-мулык, сб. „Ближний и Средний Восток“, М., 1962, გვ. 34).
  22. აშრაფ მოზაფარ ად-დინ მუსა ეიუბიანთა დინასტიის წარმომადგენელია. სხვადასხვა დროს მბრძანებლობდა დიარბექრსა (1210 – 1220) და დამასკოში (1229 – 1237).
  23. ტექსტშია: (ღოუღა). ამ ტერმინის მნიშვნელობის გამო იხ. ვ. გ ა ბ ა შ ვ ი ლ ი, ქალაქ თბილისის სოციალური ისტორიიდან. „ნარკვევები მახლობელი აღმოსავლეთის ქალაქების ისტორიიდან“, I, თ., 1966, გვ. 157 – 158.
  24. თაიმასი და თაინალი მონღოლი მხედართმთავრები იყვნენ. ტექსტშია: (ნაიმას). ჯ. ბოილი ამჯობინებს „თაიმასს“ თაინალი შეიძლება იყოს გრიგოლ აკნეცისთან მოხსენიებული თენალ ნოინი (გ რ ი გ ო ლ ა კ ა ნ ე ლ ი, მოისართა ტომის ისტორია, სომხური ტექსტი ქართული თარგმანით და კომენტარით გამოსცა ნ. შ ო შ ი ა შ ვ ი ლ მ ა, თბ., 1961, გვ. 16, 183).
  25. სახელი გამოტოვებულია ტექსტში.


თხრობა სულთან ჯალალ ად-დინის საქართველოში დაბრუნებისა

edit

625 წელს[1] იქიდან საქართველოში წავიდა. რაკი რუმის, შამის, სომხეთისა და იმ მხარეთა სულთნებს ეშინოდათ მისი სიმკაცრის და შურისძიების, მძვინვარე იერიშისა და გაბედული თავდასხმის, ერთმანეთს შეუთანხმდნენ და მის განსადევნად გაერთიანდნენ. ქართველთა, ალანთა, სომეხთა, სარირების, ლეკების, ყივჩაყთა, სვანების, აფხაზთა, ჭანების, სირიელების და ურუმთა ლაშქარი გაერთიანდა იმ ხალხთან ერთად, ვინც განგების ცეცხლზე იყო ნაწრთობი და მებრძოლთა შორის რჩეული.

სულთანი მათს სიახლოვეს მივიდა მინდორზე[2] და ჩამოხდა. იგი შეშფოთებული იყო შეიარაღების ნაკლებობით და მახვილოსნებისა და შუბოსნების უყოლობით, აგრეთვე მტრის მომრავლებით და თავისი ბედის ცვალებადობით.

[ჯალალ ად-დინმა] რჩევა ჰკითხა ვაზირ იულდუზჩისა და სხვა დიდებულებს. იულდუზჩიმ მოახსენა: „რაკი ჩვენი ხალხის რაოდენობა იმათ მეასედსაც არ შეადგენს, მინდორიდან წავიდეთ და იმათ გზა მოვუჭრათ წყლისა და საწვავისაკენ, რათა სიცხისაგან თვითონაც დასუსტდნენ და ცხენებიც დაუმჭლევდეთ. [ჩვენი] სხვა რაზმებიც, რომლებიც სხვადასხვა მხარეს არიან, [ამასობაში] მოაღწევენ. მაშინ სრული ძალითა და გამჭრიახობით შევუდგებით საქმეს და ომზე ვიფიქრებთ“.

სულთანი უზომოდ განრისხდა ამაზე და, წინ რომ სამელნე ედგა, ვაზირს თავში სთხლიშა. თან ბრძანა, „ეგენი ცხვრის ფარას წარმოადგენენ და ლომს რა აქვს საწუწუნო არვეს სიმრავლის გამო?“.

იულდუზჩიმ თავისი უხეირო ნათქვამი მოინანია და ჯარიმად ორმოცდაათი ათასი დინარი გადაიხადა.

სულთანმა ბრძანა: „თუმცა მძიმე და ძნელი საქმეა, მაგრამ ერთადერთი საშველი ბრძოლა და ღვთის წყალობაზე მინდობაა. არავინ იცის ვინ გაიმარჯვებს“.

ხაზინის კარი გახსნეს და ცხენის ჯოგები მორეკეს; ამირებმა და დიდებულებმა, საშუალო და მდაბიო [მეომრებთან] ერთად, რაც კი შეეძლოთ, აიღეს და მოემზადნენ.

როცა [მოწინააღმდეგის] რაზმებმა მოაწიეს დაფითა და ბუკით, მამალი და დედალი აქლემებით, და ერთმანეთის მიყოლებით დაეწყვნენ მწკრივებად ომისთვის მომზადებულნი, სულთნის ლაშქარი თავის თავთან შედარებით ზღვის მცირე ნაკადულად და თავის მოედანზე ბურთად ეჩვენათ...

როცა ქართველთა ლაშქარი მოვიდა, სულთნის ჯარმაც იარაღი აისხა. სულთანი მათ დასათვალიერებლად ერთ მაღალ გორაკზე ავიდა. მარჯვნივ ყივჩაყთა დროშები და ალმები და ოცი ათასი რჩეული კაცი დაინახა. სულთანმა ყოშყარს უხმო, ერთი პური და ცოტაოდენი მარილი მისცა და ყივჩაყებთან გაგზავნა. მან მოაგონა ის ამბავი, რომ მამამისის მეფობაში, იმ დროს, როცა ისინი დამონებული და დამცირებული იყვნენ, სულთანმა თავისი ეშმაკური მახვილსიტყვაობით დაიხსნა ისინი ამისგან და მამასთან უშუამდგომლა. თან დასძინა: „ნუთუ ახლა იმ ამბის სამაგიეროდ მახვილს იშიშვლებთ ჩემს წინააღმდეგნ?“.

ამ მიზეზით ყივჩაყთა ლაშქარმა უკან დაიხია, თავის ადგილს მოშორდა მაშინვე და განზე გადგა.

როცა ქართველთა ლაშქარმა რიგები განაწყო, სულთანმა მოციქული გაუგზავნა ივანეს[3], რომელიც მათი მეთაური იყო, [და შეუთვალა]: „თქვენ დღეს შორიდან მოხვედით, ცხენებიც დაღლილია და ხალხიც დაქანცული. დღეს ასევე ვიდგეთ და ორივე მხრით ბრძოლას მოწყურებული ახალგაზრდები გამოვიდნენ თითო-თითოდ მოედანზე და თავდასხმისა და მოგერიების გზით შეებან ერთმანეთს, რათა ჩვენ დღეს მათ ვუცქიროთ, საქმე კი ხვალისათვის გადავდოთ“. ივანეს ეს სიტყვები მოეწონა და მამაც ახალგაზრდათა და გულოვან ვაჟკაცთაგან ასპარეზზე გამოვიდა ერთი რაინდი, რომელიც მთას ეჯიბრებოდა ახოვნებით; ამ მხრიდან კი სულთანი, მსგავსად მუნქარისა[4]

ლომივით გაქანდა ლაშქრიდან
და ჰუჯირის[5] წინ გამოცხადდა მამაცურად.

ხალხი ორივე მხრიდან შესცქეროდა მათ. სულთანმა გაჭენებულ ცხენზე თაქბირი[6] დასძახა და

შუბი ატაკა სარტყელში,
ისე რომ ხიფთანიც გაუგლიჯა და ქამარიც.

ის წყეული ცხენიდან ძირს გადმოვარდა და სული ამოხდა. მას სამი ვაჟი ჰყავდა. ისინი რიგრიგად გამოდიოდნენ ცალ-ცალკე; სულთანი მაღალი და დიადი ღმერთის ძლევამოსილებითა და ძლიერებით თითო დარტყმით ჯოჯოხეთში აგზავნიდა მათ მამის კვალდაკვალ.

სხვა აზნაურმა, რომელიც ტანით ბისუთუნის მთას ჰგავდა და ბოძის სიმსხო შუბი ეჭირა ხელში, გამოაჭენა სპილოსოდენა ცხენი... სულთნის ცხენს მეტისმეტი დაღლილობისაგან მოძრაობა აღარ შეეძლო და ის-ის იყო უკანდახევის ხუნდებშიც მოხვდებოდა. აზნაური ყოველ წამს თავს ესხმოდა, სულთანი კი მკვირცხლად იგერიებდა. ამგვარად [აზნაური] განუწყვეტლივ უტევდა და უშენდა სულთანს, მაგრამ უშედეგოდ. საქმე გაძნელდა და იქამდე მივიდა, რომ წყეული შაითანი სძლევდა მოწყალე სულთანს და შაჰი შავ დევს ჩაუვარდებოდა ხელში. ბოლოს, როცა ერთ-ერთი შეტევის დროს [აზნაური] მიუახლოვდა, სულთანი გაჭენებული ცხენიდან ჩამოხტა და

ერთი შუბი ატაკა თავში აშქაბუსს[7],
მაშინ ზეცა ხელზე ეამბორა მას.

ამ დროს მიწიერ ანგელოზთა მოწონების ხმა მაღალ ზეცას მისწვდა და ავი სულებისა და ადამიანთა ყურს ჩაესმა შეძახილი: „დიდება ალაჰს, რომელმაც გამარჯვება მიანიჭა თავის მსახურს“. ორივე მხარე გაოცებული იყო ამ ამბით, რომლის მსგავსი როსტომ ზაალის ძესაც კი არ შეეძლო გაეკეთებინა, და

ყოველი კაცი ამბობდა, ეს როსტომი არის,
ან არადა ამომავალი მზეაო.

რაკი ის რამდენიმე კაცი, რომელთაგან თითოეული მამაცი გმირი და ლაშქრის საყრდენი იყო, ერთ წამში, ერთი მხედრის მსხვერპლი შეიქნა და ძაღლებისა და აფთართა ლუკმა გახდა. ის უბედურნი სასოწარკვეთილებამ და ძრწოლამ მოიცვა, ისლამის ლაშქარს კი გაუქრა შიში და კრთომა.

სულთანმა იმ ადგილიდან თავისი მათრახის ბოლოთი ნიშანი მისცა, მებრძოლი ვაჟკაცები დაიძრნენ და ქართველთა ლაშქარმა პირი იბრუნა. გამარჯვების პირველი ნიშნები გამოჩნდა და ძლევის მშვენიერმა შუქმა გაანათა მათი სახეები. ერთ წამში გაშლილი ველი დახოცილთა სიმრავლისაგან უსწორმასწორო ბორცვად იქცა და მიწის პირი ატლასისფრად შეღება დაღვრილმა სისხლმა.

რაკი იმ უბედურთა საქმეს ვერაფერი უშველიდა, ხოლო მატყუარებს სიცრუე აღარ გამოადგებოდათ, დროულად გაქცევისა და ღამის კალთებისათვის ხელის ჩაჭიდებით და წყვდიადის ფარდისთვის თავის შეფარების გარდა (ღმერთი არ არის უსამართლო!) სხვა გზა ვერ ნახეს, ველისა და მთების ყოველი მხარე და კუთხე მღელვარებდა მათი კვნესა-ყვირილისგან და მიწა ზანზარებდა მათი გახელებული ცხოველების ჭიხვინისა და ყროყინისაგან.

იმოდენა ნადავლი დარჩათ, რომ წვრილფეხა პირუტყვს ყურადღებას აღარ აქცევდნენ და სიმდიდრე იმდენად ჩვეულებრივი რამ გახდა, რომ მსხვილფეხა საქონელსაც არაფრად აგდებდნენ.

როცა წინასწარმეტყველის სარწმუნოება კვლავ მომძლავრდა, სულთნის ღირსების და სიმკაცრის ამბავი დედამიწის მხარეებს მოედო და ეს სასიხარულო ცნობა სხვადასხვა კუთხეში დაგზავნეს, მალიქებმა და დიდებულებმა ისევ დაუწყეს ანგარიშის გაწევა. იქიდან სულთანი ხლათისკენ დაიძრა.

  1. ჰიჯრის 625 წელი დაიწყო 1227 წ. 12 დეკემბერს და დამთავრდა 1228 წ. 29 ნოემბერს.
  2. ჯუვეინის ქართული სიტყვა „მინდორი“ აქვს ნახმარი სპარსულ ტექსტში. ჟამთააღმწერლის ცნობით, „სულტანი დაბანაკებულ იყო სომხითს, ჴევსა ბოლნისისასა“ (ქართლის ცხოვრება, II, გვ. 183). შესაძლებელია „მინდორი“ ბოლნისის მახლობლად მდებარე რომელიმე ადგილის სახელწოდება იყო. ყოველ შემთხვევაში. თ. ჟორდანიას მიერ გამოცემულ ამირეჯიბების გუჯრების ერთ ნაწყვეტში ამავე მოვლენასთან დაკავშირებით იკითხება: „მინდორს შევიბენით და ამოვწყვიტეთ“ (თ. ჟ ო რ დ ა ნ ი ა, ქრონიკები, II, ტფ. 1897, გვ. 210).
  3. ჯუვეინი ალბათ გულისხმობს ივანე მხარგრძელს საქართველოს სამეფოს ამირსპასალარსა და ათაბაგს. ჟამთააღმწერლის ცნობით, გარნისის ომის (1225 წ.) „შემდგომად ორისა წლისა მიიცვალა ივანე ათაბაგი და მთავარ ყვეს ძე მისი ავაგ და უბოძეს მას ამირსპასალარობა“ (ქართლის ცხოვრება, II, გვ. 171).
  4. მუნქარი სახელია ანგელოზისა, რომელიც მეორე ანგელოზთან, ნაქირთან ერთად საფლავში დაჰკითხავს მიცვალებულებს მათი ცხოვრებისა და რწმენის შესახებ.
  5. ჰუჯირი „შაჰ-ნამეს“ გმირია. იგი დამცველი იყო დიზ-ე საფიდისა (თეთრი ციხის), რომელსაც თავს დაესხა სოჰრაბი თურანელებთან ერთად.
  6. თ ა ქ ბ ი რ ი – წარმოთქმა სიტყვებისა: – „ დიდ არს ალაჰი“.
  7. აშქაბუსი თურანელი მეომარი იყო, იგი როსტომმა მოკლა ბრძოლაში („შაჰ-ნამე“).


თხრობა სულთნის ხლათს წასვლისა და მისი აღების შესახებ

edit

როდესაც სულთანი პირველად გამობრუნდა ხლათიდან, რათა ერაყს წასულიყო, ხლათის გამგებლებმა იქაური ციხე აღადგინეს და გალავანი გაამაგრეს. ამჯერად, როცა სულთანი იქაურობას მიუახლოვდა, შიკრიკები გაგზავნა, თავისი მისვლის ამბავი აცნობა და მისასვლელად მოუწოდა.

ქალაქში მყოფმა უცხოელებმა, მათი გამგებლები რომ იყვნენ, უარი თქვეს ამ წინადადების მიღებაზე და წინააღმდეგობის კარს დაუწყეს კაკუნი. მათ ჩაკეტეს ქალაქის კარნი და არ უწყოდნენ, რომ წიხლს კრავდნენ საკუთარ ბედს და ქეჩის საწოლს იმზადებდნენ ნარცეცხლას ეკლებისაგან.

რაკი სულთანმა იმედი დაკარგა, რომ მიიღებდნენ მის რჩევას, ლაშქარს უბრძანა, ალყა შემოერტყათ ქალაქისათვის, კოშკები აეგოთ, გაემართათ ლოდსატყორცნები და სხვა იარაღი – ისრებისა და ცეცხლის სატყორცნი ჩარხები. ქალაქის შიგნითაც გაემზადნენ საომრად. ორივე მხრიდან ამოქმედდა ლოდსატყორცნები, სეტყვასავით წამოვიდა ისრები და ბოძალნი. ომის ცეცხლის დამნთები მეომრები დღისით და ღამით ესხმოდნენ თავს ქალაქის კარებს. ქალაქელებიც იგერიებდნენ მათ და უძალიანდებოდნენ.

ამასობაში დღეები და თვეები გავიდა და ქალაქში შიმშილმა და სიძვირემ იჩინა თავი. იმათ (ხლათელებმა) უჩუმრად მალემსრბოლები გაგზავნეს ბაღდადში, რუმსა და შამში, სულთანთან გვიშუამდგომლეთო. მართლმორწმუნეთა მბრძანებელმა ალ-მუსთანსირ ბილაჰმა[1] და რუმისა და შამის სულთნებმა რამდენიმეჯერ გაგზავნეს ელჩები ხლათელებისათვის დანაშაულის პატიების შუამდგომლობით. მაგრამ რაკი მცხოვრებნი დამორჩილებაზე არ ყაბულდებოდნენ, ხლათელ უგუნურებს ზნეობის გახრწნამ ტვინი აურია, პირი გახსნეს აშკარა ლანძღვა-გინებისათვის, ენა დაიგრძელეს საზიზღარი ბოდვით და ცთუნების ეშმაკი ერთბაშად შეუძვრაო ძარღვებსა და გონებაში, მათ დარიგებას წაუყრუეს და ბრძოლაში შეუპოვრები გახდნენ. ამასობაში დაახლოებით ათი თვე გავიდა. ბოლოს ქალაქის მცხოვრებნი უკიდურესობამდე მივიდნენ შიმშილისაგან. სულთანმა ლაშქარს უბრძანა, სხვადასხვა მხრიდან მიეტანათ იერიში და ქალაქში შეჭრილიყვნენ. სულთანი და მისი ამირები ძალიან იყვნენ განრისხებული და გულნატკენი მათი მეთაურების ლანძღვა-გინებით. [სულთანმა] ბრძანა, დილიდან შუადღემდე ეჟლიტათ. მანამდე, როცა მისი რისხვის ცეცხლი შენელდა, შეიწყალა ის საცოდავები და ბრძანა მათთვის სიცოცხლის შენარჩუნება.

სულთანი მალიქ აშრაფის სასახლეში ჩამოხდა. მალიქ აშრაფის ძმა მუჯირ ად-დინი და მისი ნასყიდი მონა იზ ად-დინ აი-ბეგი[2] შიდაციხეში შევიდნენ წყლისა და სანოვაგის გარეშე. მუჯირ ად-დინი გარეთ გამოვიდა, სულთანს ეახლა და წყალობითა და პატივისცემით იქნა მიღებული. მან გადასცა იზ ად-დინის მიმართვა, სიცოცხლის შენარჩუნების თხოვნითა და კავშირის წინადადებით. სულთანი მუჯირ ად-დინს მიუბრუნდა და უთხრა: „სულთნის სახელი რომ გერქვას, ცვედანი ნასყიდი მონისაგან ელჩობის მიღებას როგორ აიტანდა შენი თავმოყვარეობა? იმას რა მოეთხოვება. როგორც უნდა, ისე მოიქცევა, თვითონ იცის“.

რაკი დაინახეს, რომ სულთანი მათ მიმართ კეთილგანწყობილი არ იყო, დაატყვეს, ახლა ჯიუტობის დრო არ არისო. აი-ბეგი გარეთ გამოვიდა, თავისიანებს ტანსაცმლის ქვეშ ჯავშანი ჩააცვა და ხელშუბები დააჭერინა რომ შესვლის დროს არეულობა აეტეხა და სულთანს მოუნელებლად დასხმოდა თავს. მცველებმა თვალი ჰკრეს მათ ტანსაცმელს. მიხვდნენ, რომ ქვეშ ბოროტება იმალებოდა, ხელი შეუშალეს მათს შესვლას და აი-ბეგი მარტო მიჰგვარეს სულთანს. მან ყურადღებაც არ მიაქცია და იმ ჯგუფის დაპატიმრების ბრძანება გასცა.

ბოლოს, როცა ზეცის ჯემშიდმა შამისკენ გამგზავრება განიზრახა, მეფეთა მზემ ვახშმის სუფრაზე გაშლილ ტკბილეულს მიაშურა, აივანზე ავიდა და ივანეს ქალიშვილოთან[3], რომელიც მალიქ აშრაფის მეუღლე იყო, გაატარა ღამე და დაიცხრო მალიქას გაქცევით გამოწვეული გულისწყრომა.

გამჭრიახი ადამიანი სრული ნდობით მოეკიდება ამ ამბავს. იმ დროს როცა სულთანმა თავისთვის აიყვანა მალიქა, სხვამაც[4] აიყვანა მალიქა თავისთვის; ერთი წელიც არ გასულა და მალიქ აშრაფის მეუღლე სულთანს ჩაუვარდა ხელში.

ნუ მოუწონებ სხვას იმას, რაც შენთვის არ მოგწონს.

აუარებელი ქონება და სიმდიდრე წამოიღეს მალიქ აშრაფის ხაზინიდან და ორი იმდენი ქალაქის შეძლებულ მოსახლეობაში იშოვეს. სულთნის ხაზინა კვლავ გაიფურჩქნა ფულისა და ძვირფასეულობის სიმრავლით. ლაშქარმაც შემწეობა მიიღო ძარცვითა და გლეჯით.

  1. აბასელი ხალიფა მუსთანსირი (1226 – 1242).
  2. იზ ად-დინ აი-ბეგი ხლათის გამგებლად დაინიშნა შერისხული ჰაჯიბ ალის ნაცვლად.
  3. XIII ს-ის პირველ ათეულში ქართველთა ლაშქარმა ზაქარია და ივანე მხარგრძელების სარდლობით ალყა შემოარტყა ხლათს. ქალაქის კედლების დასათვალიერებლად გამოსულ ივანეს ცხენს მოულოდნელად ფეხი თხრილში ჩაუვარდა და ხლათელებმა დაატყვევეს ივანე, რომელიც იძულებული შეიქნა თავის გამოსასყიდად თავისი ასული თამთა მალიქ აუჰადისათვის (1200 – 1210) მიეთხოვებინა. შემდეგ კი თამთა მალიქ აშრაფის მეუღლე გახდა. (თამთას შესახებ იხ. К и р а к о с Г а н д з а к е ц и, История, გვ.87 – 88, 116, 146; აგრეთვე, ივ. ჯ ა ვ ა ხ იშ ვ ი ლ ი, ქართველი ერის ისტორია, II, თბ., 1965, გვ. 280 – 282. ნ. ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი, სა- ქართველოს ისტორიის საკითხები, III, გვ. 83).
  4. ე.ი. ჰაჯიბ ალიმ, როგორც ჯუვეინის ადრე ჰქონდა აღნიშნული.


თხრობა სულთნის წასვლისა რუმის სულთანთან საბრძოლველად

edit

რაკი სულთანმა შესძლო გაემარჯვა ქართველებზე, ისინი კი ისეთი ხალხი იყო, ვინც მათი მხარის მიუვალობისა და სიმაგრეების მიუდგომლობის, დიდი სიმდიდრისა და მეომართა სიძლიერის გამო დაცული იყო ჟამის ცვალებადობისა და ბედის ტრიალისაგან, შამისა და რუმის სახელგანთქმული ბატონები და მამაცნი თანასწორობაზე შეთანხმებოდნენ ბრძოლაში მათი გულოვნების შიშით და პირიც კი იბრუნეს მათგან სუსტად და უღირსად, – [ეს ხალხი ახლა] ქედს იხრიდა ერთგულებით მის (ჯალალ ად-დინის) წინაშე, ხლათის აღებაც დაემატა ამ გამარჯვებას და საღამოს სმა დილის სმად გადაიქცა. სულთნის შიში იმ ქვეყნებს მოედო. მისი სიმკაცრისა და შეუპოვრობის ამბავი საყოველთაოდ გავრცელდა.

რუმისა და შამის გამგებლებმა მშვიდობის ქალაქის[1] მიბაძვით სასწრაფოდ საჩუქრები და მოსაკითხი გაუგზავნეს ბატონს სულთანს მის დიდებულსა და მშვენიერ სამეფო კარავში. მისი ბანაკი კვლავ გახდა კეთილშობილთა და დიდებულთა თავშესაფარი, ამალა გაიზარდა, საქმეები გამოკეთდა, საგანძური მომრავლდა, ხოლო იქაურობა კეთილმოეწყო მისი სამართლიანობით.

ხლათიდან სულთანი მანასკერტისკენ წავიდა, იქიდან კი ხართაბირთს მიეიდა[2]. თავს სუსტად გრძნობდა. სწორედ იმ დროს არზრუმის სულთანი[3] სხვადასხვა წყალობითა და გულუხვობით გამოარჩია იმ დახმარების გამო, რაც ხლათის გარემოცვის დროს გაუწია სანოვაგითა და საკლავით. იმან მოახსენა: „სულთანი ალა ად-დინი[4] და ალეპოსა და შამის მალიქები დაზავდნენ, სულთნის წინააღმდეგ გაერთიანდნენ და ჯარების შეკრებით არიან დაკავებული. თან სულ მსაყვედურობენ: – სულთანს რომ ხლათის კართან არზრუმის სანოვაგე არ მისვლოდა, იმას იქ დადგომის შეძლება და საშუალება არ ექნებოდაო“.

მიუხედავად სენის ძლიერებისა და ძალთა სისუსტისა [სულთანი ჯალალ ად-დინი] მაშინვე დაიძრა იქიდან. მუშის ველს[5] რომ მიატანა ლაშქარმა, ექვსი ათასი კაცი შემოხვდათ, რომლებიც სირიელთა დასახმარებლად მიეშურებოდნენ. გარს შემოერტყნენ მათ და ერთ წამში ყველა გაჟლიტეს.

რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ჯარები ერთმანეთს დაუახლოვდნენ, რუმის სულთანი, მალიქ აშრაფი და იმ ქვეყნების სულთნები და გამგებლები შეერთდნენ და იმდენი იარაღი, საომარი მოწყობილობა და საჭურველი დააგროვეს და იმდენი კაცი გაამზადეს, რომ ვერც კი დაითვლებოდა. ერთი გორაკის წვერზე გააწყვეს რიგები; ცხენოსანი და ქვეითი ცეცხლმტყორცნელები და მშვილდოსნები წინ წადგნენ ხარის ტყავის ფარებით.

როდესაც ბრძოლის ცეცხლი დაინთო და იქამდე მივიდა საქმე, რომ იღბლის ნიავს უნდა დაებერა და იმედის კოკორიც უნდა გაფურჩქნილიყო, სულთანმა საკაციდან გადმოსვლა და უნაგირზე შეჯდომა მოინდომა მაგრამ იმდენი ძალა არა ჰქონდა, რომ სადავის დასაჭერად საკმარისი ყოფილიყო. სადავე ხელიდან გაუვარდა გამარჯვებასავით, ცხენი მისი ნების გარეშე უკან გაბრუნდა და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. მისმა მახლობლებმა თქვეს, ერთი საათით უნდა დავასვენოთ სულთანი, რათა ღონე მოემატოსო ამის გამო მისი პირადი ალმებიც შეაბრუნეს. მარჯვენა და მარცხენა ფრთამ რომ ეს დაინახეს. იფიქრეს, სულთანი გარბისო, და თვითონაც გამობრუნდნენ. მოწინააღმდეგეს ეგონა, ეს სულთნის ეშმაკობაა, რათა გაშლილ ველზე გაგვიყვანონო, იმათ ლაშქარში მაცნე გადმოდგა და გამოაცხადა, კაცი არ დაიძრას ადგილიდან და უკან არავინ დაედევნოსო. რაკი სულთნის ლაშქარი დაიშალა და სხვადასხვა მხარეს გაიფანტა, ვეღარ მოხერხდა სადგომის მოწყობა. გაოგნებული სულთანი იძულებული შეიქნა გამობრუნებულიყო და ხლათისკენ წავიდა, იქაურობის დასაცავად დატოვებული რაზმი გამოიძახა და ხოის მიაშურა.

სულთანი ჯერაც ვერ მოსულიყო გონს ბედისწერისაგან გარტყმული სილის გამო, რომ ამბავი მოუვიდა, ჩორმაღუნ ნოინმა მდინარე ამუდარია გადმოლახაო. [ჯალალ ად-დინმა] ვაზირი შამს ად-დინ იულდუზჩი გირანის[6] ციხის დასაცავად დანიშნა და იქ მყოფი ჰარამხანაც მასვე ჩააბარა. სულთანი თავრიზს მივიდა და, მიუხედავად იმისა, რომ მართლმორწმუნეთა მბრძანებელსა და შამისა და რუმის სულთნებთან უთანხმოება ჰქონდა, მოციქულები გაუგზავნა და ფადიშაჰის[7] ლაშქრის [მდინარეზე] გადმოსვლა აუწყა. თან შეუთვალა: „თათართა ჯარის მრავალრიცხოვანი ლაშქარი სიმრავლითა და სიძლიერით ჭიანჭველისა და გველების მსგავსი არის. ვერც ციხეები გადაურჩება მათ და ვერც ქალაქები. ამ მხარის ადამიანთა გულებში შიშმა და ძრწოლამ დაისადგურა. მე თუ დავიღუპე, თქვენ მას წინააღმდეგობას ვერ გაუწევთ. მე თქვენთვის ალექსანდრეს კედლად ვარ აღმართული. ყოველმა თქვენგანმა თითო ალმიანი რაზმი მომაშველოს, რათა ამ შეთანხმებისა და პირის შეკვრის ამბავს რომ შეიტყობენ, კბილები მოეკვეთოთ, ჩვენი ლაშქარი კი გამხნევდეს და ჩვენ გადავწყვიტოთ, რა მოვიმოქმედოთ. და თუ ამ საქმეში უყურადღებობას გამოიჩენთ, თვითონვე ნახავთ, რასაც ნახავთ“[8].

ქვეყნის ფადიშაჰის ჩინგიზ-ხანის[9] მძლავრმა ბედმა და სასიკეთო ჰოროსკოპმა წინააღმდეგობა ჩამოაგდო მათს მოლაპარაკებაში და სულთანს იმედი გულგატეხილობითა და სასოწარკვეთილებით შეეცვალა. უცებ ამბავი მოუვიდა, მონღოლთა ლაშქარმა სარაბს მიაღწიაო. სულთანიც სწრაფად ბიშქინის ნაჰიისკენ წავიდა. სასახლეში, სადაც მისვლის ღამეს დადგა, სახურავი ჩამოიქცა. სულთანმა ცუდ ნიშნად მიიჩნია და მიხვდა, ეს იმის მომასწავებელი იყო, რომ მისი დიდება ეცემოდა. ხოლო იმედს, რომლითაც ფეხმძიმედ იყო, მუცელი მოსწყდა.

ერთი სიტყვით, მეორე დღეს [ჯალალ ად-დინი] მუღანს წავიდა. ხუთი დღის იქ ყოფნის შემდეგ მონღოლთა მადევარი ლაშქარი მოახლოედა, სულთანმა თავისი კარავი აშალა და ერთი დღე ადგილზე დარჩა, მერე ყაბანის მთიანეთს მიაშურა. მონღოლებმა რომ სულთნის ბანაკი ცარიელი ნახეს, მაშინვე სადავეები შეაბრუნეს.

628 წლის ზამთარი[10] [ჯალალ ად-დინმა] ურმიასა და უშნუში გაატარა...

ვაზირ შარაფ ალ-მულქ იულდუზჩის ბრალი დასდეს, ჯალალ ად-დინის არყოფნაში მის ხაზინას და ჰარამხანას დაადგაო თვალი. როცა სულთანი იმ მხარეში მივიდა, ვაზირს შეეშინდა გირანის ციხიდან გამოსვლა და უვნებლობა ითხოვა. ჯალალ ად-დინმა ხელთ იგდო იულდუზჩი და იმავე ციხეში ჩასვა ის, სადაც მალე გარდაიცვალა.

სულთანი დიარბექრისკენ დაიძრა. როცა მონღოლთა რაზმი ჩორმაღუნთან მივიდა, დიდად დატუქსა უკან მობრუნებისა და სულთნის გულმოდგინე და ზედმიწევნით ძიების მიტოვების გამო: „ასეთი მტერი რომ დასუსტდება და დაბნეულობისა და შიშის ფარდა ჩამოეფარება, ამისთანა დროს როგორ შეიძლება მისთვის ვადის მიცემა და ძებნაში უდარდელობის გამოჩენა“. [ჩორმაღუნმა] თაიმასი და დიდებული ამირები ელვასავით დაადევნა გურგინზე აფრასიაბის[11] შურისმაძიებელთა მსგავსი მოსისხლე თურქების რაზმით.

სულთანმა ბუყუ-ხანი უკან გაგზავნა მსტოვრად, რათა მონღოლთა ლაშქრის წასვლა თუ მოსვლა დაეზვერა. აზერბაიჯანს რომ მივიდა, ამბავი მიუტანეს, ერაყიდან წასვლის დაფდაფსაც დაჰკრეს, ამ მიდამოებში მათი კვალი არ დარჩა და არც ხმა ისმისო. ბუყუ-ხანმა გადაუხვია სიფრთხილის გზას, რომელიც აუცილებელი და სავალდებულოა სასახლის მოხელეთა, განსაკუთრებით სახელმწიფოს ამირებისათვის, უკან დაბრუნდა და სულთანს მათი წასვლის სასიხარულო ამბავი აუწყა.

ამ სასიამოვნო ამბების გამო ჯალალ ად-დინი, მისი სარდლები და მეომრები რამდენიმე დღის განმავლობაში დროს ტარებასა და განცხრომაში იყვნენ. მოულოდნელად, შუაღამისას, მათ მონღოლთა ლაშქარი წაადგა თავს. მთვრალი ჯალალ ად-დინი დიდი გაჭირვებით გამოაფხიზლეს და გააგებინეს, რაშიც იყო საქმე.

როდესაც სულთანი მცირერიცხოვანი რაზმით დაიძრა, ორხანს უბრძანა, სანამ თვითონ წინ არ წავიდოდა, ალამი ადგილიდან არ დაეძრა და წინააღმდეგობა გაეწია. ამ ბრძანების შესაბამისად [ორხანმა] ერთ წამს სუსტად გაიბრძოლა. მონღოლთა ლაშქარს ეგონა, სულთანიაო, და ზურგი რომ შეაქცია და გაიქცა, არწივივით კვალდაკვალ მიჰყვნენ. როცა მიხვდნენ, რომ „ფეხი ხელიდან გაუშვეს და ნაფეხურს გამოეკიდნენ“ (ე. ი. სულთნის ნაცვლად მის ამირს დაედევნენ), უკან დაბრუნდნენ და ბანაკში მოვიდნენ. აქ მათ ხმლით აკუწეს სახელმწიფოს დიდებულნი, მოლაშქრენი და წარჩინებულნი და ბუზების ლუკმად და მგლების კერძად აქციეს ისინი.

მისი აღსასრულის შესახებ [ნაამბობში] წინააღმდეგობაა. ზოგნი ამბობენ, რომ ამიდის მთიანეთში[12] მივიდა და ღამით ერთ ადგილას დაიბანაკა. ქურთებს მისი ტანსაცმლის გაძარცვის სიხარბემ სძლია და გული გაუგმირეს ისე, რომ არ იცოდნენ, რა საქმე ჩაიდინეს და რა ნადირი მოინადირეს. გასაკვირი არაფერია. თუ ფასკუნჯი ჩაუვარდა ბუს კლანჭებში, ის საზიზღარია. მაგრამ, თუ ლომი ჩაება ძაღლთან ბრძოლაში, ის გამომცდელია.

ამ ამბის შედეგი ასეთია: იმ ხალხმა სულთნის ტანსაცმელი ჩაიცვა და ქალაქში მივლიდნენ. ზოგიერთმა მახლობელმა იცნო მისი სამოსი და იარაღი. ამიდის პატრონმა ვითარების გარკვევის შემდეგ ის ხალხი დაახოცვინა. მან ბრძანა, აეგოთ აკლდამა და იქ დაემარხათ მოკლული კაცი, სულთანი რომ ეგონათ.

მეორენი ამბობენ: ეგ სხვა ტანსაცმელი იყო, რომელიც მის მხლებლებს ჰქონდათ, თვითონ კი ფალასის სამოსი გადაიცვა, სუფიობა დაიწყო და [სხვადასხვა] ქვეყნებსა და ისლამის ხალხში დაიარებაო.

ერთი სიტყვით, როგორც არ უნდა ყოფილიყო, საქმე მოუთავდა და ამ ულმობელი და წინდაუხედავი ქვეყნისაგან დარტყმა მიიღო[13].

  1. მშვიდობის ქალაქი აბასელთა სახალიფოს დედაქალაქ ბაღდადის ეპითეტია.
  2. მანასკერტი ხლათის ჩრდილოეთით მდებარეობს; ხართაბირთი (აწინდელი ჰარფუთი) დიარბექრის ოლქშია.
  3. მისი სახელი იყო როქნ ად-დინ ჯაჰანშაჰი.
  4. რუმის სასულთნოს სელჩუკიანი გამგებელი ალა ად-დინ ქეიყობად I (1219 – 1236).
  5. მუშის ველი ვანის ტბის დასავლეთით მდებარეობს.
  6. გერანის ციხე მდ. არაქსის მარჯვენა ნაპირზეა.
  7. ე. ი. უგედეი ყაენის.
  8. შდრ. ჟამთააღმწერელი: ჯალალ ად-დინმა „წარმართა მოციქული ხლათის სულტანსა და ხალიფას. ბაღდადის მპყრობელსა, რათა შეეწივნენ მასცა და თავთაცა <და> მათთაცა. ეგრეთვე ერაყის სულტანსა მიუმცნო: „უკეთუ თჳთ თავითა არა გნებავს ბრძოლა თათართა, ლაშქარნი წარმოავლინენით და ებრძოდე, რამეთუ ვიცი წყობა მათი. თუ არა ისმენთ ჩემსა, ვიდრე მე წინა არა აღუდგები, თქვენ ვერ შემძლებელ ხართ“. ვითარ მივიდა მოციქული სულტნისა და არა ინებეს ბრძოლა თათართა“ (ქართლის ცხოერება, II, გვ. 182).
  9. აქ ავტორს აშკარა ანაქრონიზმი აქვს დაშვებული, რადგან ჩინგიზ-ხანი, როგორც ცნობილია, 1227 წელს გარდაიცვალა.
  10. ჰიჯრის 628 წელი დაიწყო 1230 წ. 9 ნოემბერს და დამთავრდა 1231 წ. 28 ოქტომბერს.
  11. აფრასიაბი და გურგინი „შაჰ-ნამეს“ გმირებია.
  12. რაშიდ ად-დინთან – ჰაქქარის მთები (Р а ш и д-а д-д и н, Сборник летописей, II, გვ. 31).
  13. როგორც ცნობილია, ქართველ ჟამთააღმწერელსაც მოეპოვება ჯალალ ად-დინის სიკვდილის საკმაოდ ვრცელი აღწერა (ქართლის ცხოვრება, II, გვ. 185 – 186).
    ამჟამად გამორკვეულია. რომ ჟამთააღმწერელი იცნობდა ჯუვეინის თხზულებას და გამოუყენებია კიდეც იგი თავისი საისტორიო ნაწარმოების შედგენის დროს. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ძნელია თქმა, სარგებლობდა თუ არა ქართველი ავტორი „ქვეყნის დამპყრობის ისტორიით“ ჯალალ ად-დინს შემოსევებთან დაკავშირებული ამბების თხრობის დროს. საქმე ის არის, რომ ამ ორი წყაროს თხრობაში მრავალ მსგავს ადგილთან ერთად არსებითი განსხვავებებიც გვხვდება, რაც იმაზე უნდა მიგვანიშნებდეს, რომ ჟამთააღმწერელს ხორეზმშაჰ ჯალალ ად-დინის ამბების აღწერისას სხვა წყაროც შეიძლებოდა ჰქონოდა ხელთ.


თხრობა ამირ არღუნის შესახებ

edit

იგი ოირათის ტომისა არის. მამამისი თაიჯუ ათასეულის ამირი იყო. ოირათის ტომი მონღოლთა შორის ერთ-ერთი ცნობილი ტომია. ჩინგიზ-ხანის შვილებისა და შვილიშვილთა დედით ბიძების უმეტესობა ამ ტომს ეკუთვნის. ამის მიზეზი ის არის, რომ მისი (ჩინგიზ-ხანის) აღზევების ჟამს ისინი წინ წამოდგნენ, რათა მხარი დაეჭირათ და დახმარებოდნენ მას, ერთმანეთს ექიშპებოდნენ და ასწრებდნენ ერთგულების გამოჩენას. ამ ტომის დამსახურების სანუქფოდ გამოიცა ბრძანება, რათა მათი ამირების ქალიშვილები ჩინგიზ-ხანის შთამომავალთა ვაჟებს გაჰყოლოდნენ ცოლად. ამავე დროს, თავისი ქალიშვილი, სახელად ჩეჩექენ ბიქი, ამ ტომის მეთაურს მისცა. ამიტომაც არის, რომ ყველა უფლისწული ოირათის ტომის ქალს ირთავს.

მას შემდეგ, რაც ამირ არღუნი უიღურული წერა-კითხვის სწავლას მორჩა და ბავშვობის ასაკიდან გამოვიდა, ერთბაშად დაატყდა თავს სხვადასხვაგვარი სვე და ბედნიერება. მიუხედავად ასაკით უმცროსობისა, იგი ყაენის კარზე მივიდა და ბითიქჩიების[1] რიგებში ჩაირიცხა. ყაენი დღითიდღე სულ უფრო მეტი წყალობის თვალით უცქეროდა მას და, ჯერაც მეტად ახალგაზრდა იყო, რომ ყაბანთან ერთად ხატაეთს გაგზავნა მნიშვნელოვანი დავალებით. ერთ ხანს იქ იმყოფებოდა და, როცა ისევ ყაენს ეახლა, ედგუ-თემურისა და გურგუზის[2] საქმის გამოსაძიებლად დანიშნეს, რადგან სრული ნდობით სარგებლობდა. მასთან ერთად იყვნენ ყურბაღა და შამს ად-დინ ქამარგარი. არღუნ ამირი ხორასანს მივიდა და გამოძიება დაიწყო, ამის შემდეგ, ბრძანების თანახმად, მთელი ჯგუფი ყაენის კარზე გაგზავნა და თვითონაც იქით გაემართა. მისი უდიდებულესობის კარზე იგი მხარს უჭერდა გურგუზს და ეხმარებოდა მას. როდესაც ხორასნისა და ერაყის ქვეყნების საქმეები გურგუზს ჩააბარეს, არღუნ ამირს მისი ბასკაკობა[3] უბრძანეს და საქმეების გამგებლობაში მის ამხანაგად და ნუქერად[4] დანიშნეს, რათა ყოველი საკითხი მისი რჩევით და მოსაზრების შეტყობით გადაეწყვიტა და მის გარეშე არაფერში გარეულიყო.

გურგუზი რომ ისევ ხორასანს მივიდა და ამ ქვეყნების ერთპიროვნულად და დამოუკიდებლად მართვას შეუდგა, არღუნ ამირი უკან გაბრუნდა. ულუღ-ეფის[5] ურდოს რომ მიაღწია, არღუნ ამირი უკან გამოგზავნეს გურგუზის წასაყვანად და გამოსაძახებლად და ყურბაღა და რამდენიმე შიკრიკი გამოატანეს თან. მათ შეიპყრეს გურგუზი და პატიმრობიდან გაათავისუფლეს შარაფ ად-დინი[6], როგორც ეს ამბავი შესავალში იყო აღნიშნული. თურაქინა-ხათუნის ურდოს რომ მიაღწიეს, გურგუზი პატიმრად დასტოვეს მის მიერ წარმოთქმული სიტყვების გამო. თურაქინა-ხათუნმა გურგუზის მფლობელობაში მყოფი ქვეყნები ამუ-დარიიდან ფარსამდე, საქართველომდე, რუმსა და მოსულამდე არღუნ ამირს უბოძა საგამგებლოდ და ზედამხედველობისათვის, ხოლო შარაფ ად-დინი მის სამსახურში დანიშნა როგორც უღუღ–ბითიქჩი. დივანთა სხვა მოხელეები თავთავის ადგილებზე დაამტკიცა.

641 წელს[7] [არღუნ ამირი] ხორასანს მივიდა, იარლიყები წაიკითხა და იქაური საქმეები განამტკიცა. სირაყჩინ ელჩი და თურაქინა-ხათუნის ურდოდან გადასახადთა ნარჩენების[8] ასაკრეფად მოსული სხვა შიკრიკები მან ხორასანში დატოვა. ნეზამ ად-დინ შაჰიც მასთან დაარჩინა. თვითონ არღუნ ამირი ერაყისა და აზერბაიჯანისაკენ გაემართა. დეჰისთანს რომ მიაღწიეს, შარაფ ად-დინს ამბავი მოუვიდა, რომ ბათოს კარზე ერთ ჯგუფს მისი საწინააღმდეგო რაღაც წამოეწყო. შარაფ ად-დინი იქით გაეშურა, არღუნ ამირი კი თავრიზისკენ წავიდა და ამირ ჰოსეინი, ხოჯა ფახრ ად-დინი და მდივნების ერთი ჯგუფი თავის ნაიბებად დატოვა ხორასანსა და მაზანდარანში. თავრიზს რომ მივიდა, დიდი ამირების – ჩორმაღუნის, ბაიჩუს და სხვათა სიახლოვის გამო, რომელთაც ის ქვეყნები თავიანთ საკუთრებად მიაჩნდათ, იქაური საქმეები არეული დაუხვდა და მოაწესრიგა. მან დაიცვა იქაური გადასახადები და იმ ხალხს ხელი დაამოკლებინა. ყველა მცხოვრები, დიდებული თუ მდაბიო, ისინიც, ვინც ეძიებდა იმ ხალხის შემწეობას და ისინიც, ვინც გაურბოდა მათს ძალადობასა და მტარვალობას, ყველა დაიხსნა მათი მფლობელობისაგან და მოაგვარა იმ მხარის საქმეები. მისი თავაზიანი და კეთილი საქციელის პასუხად დიდიცა და პატარაც მზად იყო დამორჩილებოდნენ და გაჰყოლოდნენ მას. ადამიანთა გულები მსხვერპლად ეწირებოდა მისი ხასიათის კარგ თვისებებს და ყველანი მისი გამგებლობის კეთილისმსურველნი შეიქნენ. რუმის, შამისა და ალეპოს სულთნები ელჩებს უგზავნიდნენ და მის მფარველობასა და კეთილგანწყობილებას ეძიებდნენ. არღუნ ამირმა შიკრიკები დაგზავნა იმ მხარეებში გადასახადთა ასაღებად.

შარაფ ად-დინი რომ ბათოს ურდოდან თავრიზს დაბრუნდა, გადასახადთა ნარჩენის საბაბით დიდი თანხა შეაწერა მოსახლეობას თავრიზშიც და სხვაგანაც. არღუნ ამირი არ ეთანხმებოდა ამას, ის კი უარესს აკეთებდა. ამით არღუნ ამირის სიყვარული და თანაგრძნობა ძალიან განმტკიცდა ხალხის გულში.

როდესაც ელჩები მოვიდნენ მხარეთა მოთასარიფების[9], სულთნების და მალიქების სახმობლად, [არღუნი] დაიძრა და შიკრიკები დაგზავნა ყველა კუთხეში მალიქებისა და ნაჰიების ამილების[10] წამოსაყვანად. მამაჩემი საჰებ-დივანი მან თავის მოადგილედ დატოვა აზერბაიჯანში, საქართველოში, რუმსა და სხვა ქვეყნებში, ბუღა კი ბასკაკად მიუყენა. ტუსს რომ მიატანა, შარაფ ად-დინი გარდაცვლილიყო. არღუნ ამირმა გააუქმა უკანონო გადასახადები, რომლებიც მას ყველაზე გაეწერა, რათა ჯარიმის სახით აეკრიფათ, და ამოკვეთა ეს სიახლენი. უკვე აკრეფილი გადასახადები მან [ხაზინაში] გაგზავნა, თვითონ კი ყაენის სადგომისკენ წავიდა და მალიქები, მდივნები და საქმეთა გამგებლები თან იახლა.

ყაენის გარდაცვალების შემდეგ ყოველი უფლისწული [ცალკე] ნაჰიას თუ ვილაიეთს დაეპატრონა, გადასახადებზე ბარათებსა და ჰავალეებს[11] წერდნენ და ფაიზებსა და იარლიყებს იძლეოდნენ, რაც მათს (მონღოლების) ბრძანებულებებსა და იასას ეწინააღმდეგება. ამიტომ ამირმა არღუნმა ბრძანა, შეეკრიბათ ყველა ფაიზა და იარლიყი, რომელიც ყაენის შემდეგ უფლისწულებს ვინმესთვის მიეცათ.

  1. ბ ი თ ი ქ ჩ ი (თურქ.) – მდივანი, მწერალი.
  2. გურგუზი წარმოშობით უიღური იყო, უგედეის მბრძანებლობის ბოლო წლებში ყაენის სახელით განაგებდა ხორასანს და მდ. ამუ-დარიის დასავლეთით მდებარე ოლქებს. მან გარკვეული ღონისძიებები ჩაატარა გაპარტახებული ქვეყნების აღდგენისა და გადასახადების გაწერა-აკრეფის საქმის მოსაწესრიგებლად; რამდენიმეჯერ მოუხდა ყაენის წინაშე თავის მართლება მის წინააღმდეგ წამოყენებულ ბრალდებათა გამო (ჯ უ ვ ე ი ნ ი, II, გვ. 139 – 147; В. В. Б а р т о л ь д, Туркестан в эпоху монгольского нашествия. Соч., т. I, М., 1963, გვ. 552 – 553; А. А. А л и-з а д е, Социально-экономическая и политическая история Азербайджана XIII – XIV вв. Баку, 1956, გვ. 114 – 116).
  3. ბ ა ს კ ა კ ი ის მოხელე იყო, რომელსაც მონღოლები ცალკეულ ოლქსა თუ ქალაქში დანიშნულ გამგებელს მიუყენებდნენ ხოლმე თვალყურის სადევნებლად, რათა მას ზუსტად შეესრულებინა თავისი მოვალეობანი. გარკვეულ შემთხვევებში ბ ა ს კ ა კ ს ხალხის აღწერა და გადასახადთა გაწერაც ევალებოდა (И. Б е р е з и н, Очерк внутреннего устройства Улуса Джучиева, Труды Восточного отделения русского археологического общества, VIII, СПб., 1864, გვ. 441, 452, 453: Б. Д. Г р е к о в, А. Ю. Я к у б о в с к и й, Золотая Орда и ее падение, М – Л., 1950, გვ. 31– 53; А. Н. Н а с о н о в, Монголы и Русь, М – Л., 1940, გვ. 14 – 16, 21, 145 – 146; А. А. С е м е н о в, К вопросу о золотоордынском термине „баскак“, Известия АН СССР, 1947, т. VI, Вып. 2; რ. კ იკ ნ ა ძ ე, ქალაქები ილხანთა ირანში, „ნარკეევები მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიიდან“, გვ. 197).
  4. ნ უ ქ ე რ ი (მონღ. – მეგობარი, ამხანაგი) თავისუფალი მეომარი იყო, რომელიც საკუთარი ნებით ემსახურებოდა მონღოლ ნოინს ან უფლისწულს. ომის დროს ნ უ ქ ე რ ი მეომარი იყო, მშვიდობიანობის დროს კი დაახლოებული პირი, მსახური, თანაშემწე.
  5. ულულ-ეფი (თურქ. „დიდი სახლი“) ჩაღათაის მემკვიდრეთა სადგომი იყო (B. B. Б а р т о л ь д, Очерк истории Семиречья. Соч. т. II, ч. 1, M., 1963, გვ. 60).
  6. შარაფ ად-დინი ხორეზმელი ტვირთის მზიდეელის შვილი იყო. იგი მონღოლთა სამსახურში დაწინაურდა და ულუღ-ბითიქჩის (მთავარი მდივნის) თანამდებობას მიაღწია. იგი მეტად მკაცრი და ანგარებიანი პიროვნება იყო და მრავალ უსამართლობასა და სისასტიკეს ჩადიოდა გადასახადთა გაწერა-აკრეფის დროს (ჯ უ ვ ე ი ნ ი II, გვ. 262 – 268; А. А. А л и-з а д е, Социально-экономическая и политическая история Азербайджана, გვ. 258 – 259).
  7. ჰიჯრის 641 წელი 1243 წ.21 ივნისს დაიწყო და 1244 წ. 8 ივნისს დამთავრდა.
  8. გ ა დ ა ს ა ხ ა დ ი ს ნ ა რ ჩ ე ნ ი (ბ ა ყ ა ი ა). როგორც ირკვევა, გაწერილი გადასახადების ოდენობა იმდენად დიდი ყოფილა, რომ მოსახლეობას უჭირდა მათი გაღება და ყოველთვის ვალში რჩებოდა. ამის გამო „ბაყაია“ ფაქტიურად დამატებით მუდმივ გადასახადად იქცა. მისი აკრეფის საბაბით მონღოლი მოხელეები მრავალგვარ ბოროტებას ჩადიოდნენ (A. A. А л и-з а д е, Социально- экономическая и политическая история Азербайджана, გვ. 241.)
  9. მ ო თ ა ს ა რ ი ფ ი საფინანსო უწყების მოხელე იყო, რომელიც ამა თუ იმ ოლქის ან მხარის ფინანსებს განაგებდა. საფიქრებელია, რომ მას პირველ რიგში სახელმწიფო თანხების ხარჯვის ანგარიშები ეკითხებოდა.
  10. ა მ ი ლ ი საფინანსო უწყების მოხელე იყო, მას უშუალო კავშირი ჰქონდა გადასახადების აკრეფასთან.
  11. მონღოლებს წესად ჰქონდათ სახელმწიფოს ფულად ვალდებულებათა განაღდება ადგილობრივი ხაზინების სახელზე გამოწერილი ასიგნობებით. ამა თუ იმ პირს კუთვნილი გასამრჯელოს ნაცვლად ეძლეოდა ასიგნობა (ბ ა რ ა თ ი, ჰ ა ვ ა ლ ე) რომელიმე ოლქის შემოსავლიდან განსაზღვრული თანხის მისაღებად. ასიგნობათა გაცემის უფლება ჰქონდა სახელმწიფო დივანს, მაგრამ ეს წესი ხშირად ირღვეოდა. ჯუვეინის ზემოთ მოტანილი ცნობიდან ჩანს, რომ ცალკეული უფლისწულებიც იძლეოდნენ ბარათებს. რამდენადაც არც საფინანსო მოხელეებს და, მით უმეტეს, არც მონღოლ დიდებულთ ზუსტი წარმოდგენა არა ჰქონდათ ამა თუ იმ მხარის შემოსავალზე, არცთუ იშვიათად იმდენ ბარათს სწერდნენ ერთ ოლქზე, რომ მთელი შემოსავალი არ კმაროდა მათ გასანაღდებლად და აუცილებელი ხდებოდა გადასახადების ხელახალი გაწერა. ამის გამო მოსახლეობაც მძიმე მდგომარეობაში ვარდებოდა და ხშირად ბარათის მფლობელიც ხელცარიელი რჩებოდა (დაწვრილებით იხ. Р а ш и д-а д-д и н, Джами ат-таварих, III, Составитель научно-критического текста ра персидском языке А. А. А л и-з а-д е. Перевод с персидского А. К. А р е н д с а, Баку, 1957, სპარსული ტექსტი, გვ. 453 – 457, რუსული თარგმანი, გვ. 256 – 259).


თხრობა ამირ არღუნის წასვლისა დიდ ყურულთაიზე

edit

649 წლის ჯუმადა ალ-ასირის თვეში[1] [არღუნმა] ყურულთაიზე დასასწრებლად წასვლა გადაწყვიტა და ფირმანის შესაბამისად ელჩები დაგზავნა ყველა მალიქის, ამირისა და მდივნის სახმობლად. თარაზს[2] რომ მიაღწიეს. მანგუ ყაენის ხანობის ტახტზე ასვლის[3]სასიხარულო ამბავი შეიტყვეს.

650 წლის საფარის თვის შუა რიცხვებში[4] [არღუნმა] ყაენის კარს მიაღწია. მეორე დღეს მისი მხლებლებიც მოვიდნენ და ფეშქაში მიართვეს იგი სახელმწიფოს დიდებულ პირთა შორის ჩარიცხეს. მათ შემდეგ მალიქ სადრ ად-დინი, ხოჯა ფახრ ად-დინ ბეჰეშთი და სხვა სახელოვან და დიდებულ პირთა ჯგუფიც მოვიდა, რომლებიც სიცივისა და თოვლის გამო გზაში ჩარჩენილიყვნენ. მათაც საჩუქრების მირთმევის პატივი მოიპოვეს. როდესაც ყველა მორჩა ძღვნის მიტანას, ფადიშაჰმა ვილაიეთებისა და რაითების მდგომარეობის გამორკვევა ბრძანა, ამირ ბოლღაიმ და სხვა რამდენიმე ამირმა ყველა მოიყვანეს და მალიქებსა და სადრებსაც მოესაუბრენ ამ საკითხზე. ამის შემდეგ არღუნ ამირმა პირადად მოახსენა დამორჩილებული ქვეყნების საქმეების აწეწილი მდგომარეობა და გადასახადთა ნაკლებობის ვითარება, რაც გამოწვეული იყო უკანონო ასიგნობების სიხშირით და თავაწყვეტილი ელჩებისა და გადასახადთა ამკრეფების მონაცვლეობით. მან აღიარა და სცნო აწეწილ-დაწეწილი საქმეების გამო გამოწვეული დანაშაულობანი, რაც თავის მხრით დროის მოთხოვნილებათა შედეგი იყო. რაკი საქმეებში უთაურობის აღიარებასა და მობოდიშებას აშკარა და ნათელი განმარტებანი ახლდა, ქვეყნის ფადიშაჰმა მოიწონა ეს, მისი წარსული სამსახურიც, რაც გარდასულ დროში შეესრულებინა, დავიწყებული არ ჰქონდა, ამიტომ წყალობისა და პატივის მომატებით განადიდა არღუნ ამირი; პატივსა და დაჯილდოებასთან ერთად ყველა მის ტოლსა და სწორში გამოარჩია.

მანგუ ყაენმა ბრძანა, რათა ყველა იქ მყოფი სადრი შეკრებილიყო და თითოეული მათგანის აზრის გამოკითხვისა და მსჯელობის გზით გაერკვიათ, როგორ იქნებოდა შესაძლებელი რაითიების ხვედრის შემსუბუქება და ვილაიეთების ისე მართვა რომ ღარიბები მოსვენებით ყოფილიყვნენ და ქვეყნებიც კეთილმოწყობილიყო. რასაც სრულიად მოეცვა [ყაენის] გონება, ის იყო, რომ სამართლიანობისა და მართლმსაჯულების ნიავს ქვეყნის ყველა მხარისთვის მოეფინა სურნელი, მჩაგვრელებსა და მტარვალებს ხელი შებოჭვოდათ სახელმწიფოს ქვეშევრდომებზე, რომ ძლიერი და მაღალი ღმერთის მონათა კეთილ ლოცვას მოეცვა მისი დღითიდღე მზარდი ბედნიერება, ხოლო ამ ბედის კურთხევა სვეკეთილ ჟამს შეერთებოდა. ეჭვი და გუმანი არ არის იმაში, რომ ყოველმა ადამიანმა უკეთ იცის თავისი ქვეყნისა და ხალხის სარგებლიანობა, მეტად ესმის მისი ჭირ-ვარამი და, ამის გამო, უკეთ ხედავს როგორ შეიძლება მათი გამოსწორება. ამის შესაბამისად [მანგუ ყაენმა] ბრძანა, რომ მოსაზრებისა და მოფიქრების შემდეგ თითოეულს ცალცალკე დაეწერა ამბავი და განემარტა, რა იყო კარგი და რა იყო ცუდი მის ვილაიეთში, რა იყო მიზეზი ამისა და როგორ შეიძლებოდა გამოსწორება, რათა როგორც მაღალი აზრი მიიჩნევდა საჭიროდ, მითითებები გაეცა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. დაფარული არ არის, რომ გამოცდილი ექიმი, სანამ მკურნალობას შეუდგებოდეს ჯერ ავადმყოფობის ნიშნებს, მის წარმოშობას სიძლიერეს თუ ზომიერებას გამოარკვევს, მაჯისცემას და [სხვა] მაჩვენებლებს შეიტყობს, რად- გან, რაკი ავადმყოფობის მიზეზები და ნიშნები ეცოდინება, მკურნალობაც გაადვილდება; მერე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად წამალს შეამზადებს. ფადიშაჰის სამართლიანობაც გულშემატკივარ ექიმისას ჰგავს, იგი მტარვალობისა და უსამართლობის სენს სასჯელისა და სისასტიკის ერთი შარბათით სდევნის ქვეყნიერების სხეულიდან. უფრო მეტიც იგი მესიის სუნთქვაა, სამართლიანობისათვის დახოცილებს ერთ წამში რომ აცოცხლებს.

ბრძანების თანახმად, თითოეულმა შეადგინა განმარტება და ქვეყნის გასაჭირი აღწერეს მეორე დღეს გამოვიდა ბრძანება, რომ ყველა ყაენის კარზე გამოცხადებულიყო. ისინი მისაღებ კარავში მიიყვანეს და იმავე სახით დაიწყო საუბარი ოლქებისა და ქვეშევრდომთა კეთილდღეობის თაობაზე. მათი მოსაზრებების არსი და სიტყვების დედააზრი ის იყო, რომ რაიათებზე გაწერილი სხვადასხვა გადასახადები და მრავალგვარი გამოსაღებლები ძალიან ბევრია და მათი (რაიათების) გაფანტვა ამ მიზეზით არის გაპირობებული. გადასახადები უნდა გაწერილიყო] იმ სახით, როგორც საჰებმა იალავაჩმა დააწესა მავერანნაჰრში. მას ყოფჩურს[5] უწოდებენ. უნდა განისაზღვროს, თითოეულმა კაცმა თავისი შეძლებისა და სიმდიდრის კვალობაზე რამდენი გადაიხადოს წლიურად. ამ განსაზღვრულ გადასახადს თუ გაიღებს, იმავე წელიწადს მას მეორედ აღარ მიადგებიან და იმ კაცს სხვა გამოსაღებს არ მოსთხოვენ. ამგვარად გადაწყდა და [მანგუ ყაენმა] ბრძანება გასცა, რომ შეძლებულისათვის ათი დინარი შეეწერათ და ასე, შესაბამისად [გაეწერათ] ღარიბის ერთ დინარამდე. რაც ამ გზით შემოვიდოდა, ჰაშარის, იამის და ელჩების ხარჯებს უნდა მოხმარებოდა[6]. ამის ზევით [ხალხი] არ უნდა შეეწუხებინათ და ყისმათისა და დასთანდაზის[7] სახით არაფერი წაეღოთ და ქრთამიც არ აეღოთ. ყოველი საქმისა და გარემოებისათვის [ყაენმა] იასა გამოსცა, რომელთა ნაწილი მოხსენიებულია მანგუ ყაენის ტახტზე ასვლის შესახებ თხრობაში.

როდესაც ჰოქმები და იასა გამოიცა და იმ ქვეყნების საქმეები არღუნ ამირს დაუმტკიცდა და [იქაური] საკითხების გადაჭრა-გადაწყვეტა და საქმეთა გამგებლობაც მას ჩაბარდა, პირველ რიგში [მანგუ ყაენმა] იარლიყი და ვეფხვისთავიანი ფაიზა უბოძა მას და ნაიმათაი და თურუმთაი ნუქერებად დაუნიშნა, ხოლო [ყაენის] ყველა ძმის – ყუბილაის, ჰულაგუს, არიღ-ბუქას და მუგას[8] მხრით ამირი [არღუნი] ნუქერად იწოდა. შემდეგ იარლიყი გამოსცა სხვადასხვა იასას თაობაზე, რომელთა მთავარი მიზანი რაიათების მდგომარეობის შემსუბუქება იყო, მის მხლებელ ხალხს კი იარლიყები და ფაიზები უბოძა. მალიქებიდან ნასერ ად-დინ ალი მალიქს, რომელიც ბრძანების თანახმად არღუნ ამირის ამხანაგი იყო, მთელი ქვეყნებიდან განსაკუთრებით ნიშაბურისა და ტუსის თუმანი და ისფაჰანის, ყუმისა და ქაშანის თუმანები ჩააბარა. მალიქ სადრ ად-დინს, რომელიც მთელი არანისა და აზერბაიჯანის გამგებელი იყო, ჰაქიმობა და მალიქობა დაუმტკიცა. ჰერათის, სისთანის, ბალხის და მთელი იმ მხარის მალიქობა ვიდრე ინდოსტანის საზღვრამდე, სადამდეც კი დამორჩილებული იყო, მალიქ შამს ად-დინ მოჰამედ ქართს[9] უბოძა, ხოლო ამირ მაჰმუდს ქერმანი და სანყურანი მისცა. ყველას მათ ვეფხვისთავიანი ფაიზები უბოძა, სხვებს კი, თითოეულის მნიშვნელობის შესაბამისად, ოქროსა და ვერცხლის ფაიზები და იარლიყები მისცეს. ამის შემდეგ მათ დაბრუნების უფლება ებოძათ. ვინც კი მათ ახლდა, აღრიცხეს და ყველას ჩინური ტანსაცმელი აჩუქეს, სახედრებისა და აქლემების გამრეკებსაც კი, თან რომ ჰყავდათ. მთელი ჯგუფი დაყვავებით, დიდი წყალობითა და პატივით, მითითებისამებრ არღუნ ამირის სამსახურში დაბრუნდა. ამ მატიანის მომთხრობი და სირაჯ ად-დინ შოჯა’ი რამდენიმე დღით დარჩნენ. ამის შემდეგ იარლიყი და ფაიზა მიიღეს საჰებ-დივანის თანამდებობის მამაჩემისათვის დამტკიცების თაობაზე და [აგრეთვე] სირაჯ ად-დინის სახელზე (იგი ბითიქჩი იყო ბიქის მხრიდან, მის შემდეგ კი ეს სახელო არილ-ბუქას ექვემდებარებოდა), და 651 წლის რაჯაბის თვეში[10] იქიდან წამოვიდნენ.

როცა არღუნ ამირი ხორასანს მოვიდა, ყველა დიდებული და სადრი ეახლა; იარლიყები მოასმენინა მათ, ამილებსა და მოთასარიფებს მანგუ ყაენის ბრძანებანი განუმარტა და თითოეულ მათგანს წერილობითი პირობა ჩამოართვა, რომ არ დაარღვევდნენ იმ წესებს და იმ საქმეებსაც არ უგულვებელყოფდნენ. ვინც კი ამის წინააღმდეგ წავიდოდა და რაიათებს დაჩაგრავდა, დამნაშავედ იქნებოდა ცნობილი და დაისჯებოდა. ფირმანის შესაბამისად მან დანიშნა ამირები და მდივნები, რომლებიც რამდენიმე დღის განმავლობაში თათბირობდნენ ყოფჩურის გაწერის თაობაზე, როგორც ნაბრძანები იყო. ბოლოს გადაწყვიტეს, რომ როდესაც აღწერას ჩაატარებდნენ, ყოველ ათ კაცზე სამოცდაათი როქნული დინარი[11] გაეწერათ, რათა ყოველწლიურად გადაეხადათ. შემდეგ, აღწერის ჩასატარებლად და ყოფჩურის გასაწერად ამირები და მდივნები დანიშნა; ხორასანსა და მაზანდარანში დანიშნა ორი თუ სამი მონღოლი ამირი, რომლებიც შაჰზადეების მხრით იყვნენ აქ მოსული, და აგრეთვე ნაყუ, რომელიც არღუნ ამირის მახლობელი იყო, ხოჯა ფახრ ად-დინ ბეჰეშთი, ულულ ბითიქჩი რომ იყო, და საჰები იზ ად-დინ თაჰერი – სრულუფლებიანი ნაიბი. ერაყსა და იეზდში მან გაგზავნა ნაიმათაი და მამაჩემი, საჰებ-დივანი, თუმცა ბედისწერის ცერ თითს სამოცი ნასკვი გაეკვანძა მის ასაკში[12] და მომხვეჭელობისა და სურვილის გრძნობაც შეესუსტებინა. იგი დაქანცული იყო, მობეზრებოდა დივანში სამსახური და სინანულის მორევში გადაშვების წინ გადაწყვეტილი ჰქონდა გასცლოდა კმაყოფილების კალთას და დარჩენილი დღენი სიამოვნებასა და უქმად ყოფნაში გაეტარებინა... [მამაჩემი] თავისი სურვილის წინააღმდეგ ერაყს გაემართა. ისფაჰანის მიდამოებს რომ მიაღწია, სხვადასხვა საპირისპირო სნეულებანი მოერია და სულიც მიაბარა ღმერთს და წარმავალობის სადგომიდან მარადისობის სამყაროში გადასახლდა.

[არღუნ ამირმა] თურუმთაი და სარიყ-ბუღა მალიქ სადრ ად-დინის თანხლებით გაგზავნა, რათა [ხალხის] აღწერა და ათასეულებად დაყოფა ჩაეტარებინათ და ყოფჩურიც გაეწერათ ხოჯა მაჯდ ად-დინ თაბრიზისთან ერთად.

თვითონ არღუნ ამირი მნიშვნელოვანი საქმეების მოსაგვარებლად ბათოს სამეფო კარისკენ დაიძრა და ხოჯა ნეჯმ ად-დინიც მასთან ერთად ბათოს ურდოში მივიდა. საქმეები მანგუ ყაენის ფირმანისა და მისი საკუთარი სახელდახელოდ წარმოთქმული სიტყვის შესაბამისად გადაწყდა. შემდეგ დარუბანდით საქართველოს, არანისა და აზერბაიჯანისკენ წამოვიდა და აღწერის, ყოფჩურისა და გადასახადთა განსაზღვრის საქმე მოათავა[13]. იქიდან კი ერაყისკენ გაემართა.

არღუნ ამირის უმაღლეს კარზე არყოფნაში რამდენიმე კაცი გაერთიანდა მის მიმართ მტრობისა და შუღლის გამო და ჯემალ ად დინ ხას-ჰაჯიბმა იარლიყი მიიღო მის შესამოწმებლად. ხორასანს რომ მიატანა და იქაურობა ხალხისაგან გაცლილი ნახა, საქმის შესწავლას შეუდგა და შემოწმება დაიწყო, თანაც მიტაცებისა და მითვისების ხელი გაიხსნა.

როდესაც არღუნ ამირმა ერაყისა და აზერბაიჯანის მნიშვნელოვანი საქმეები მოათავა, იგი ფადიშაჰ ჰულაგუს შესახვედრად გაეშურა და ქეშში[14] ეახლა მას.

არღუნ ამირი ხორასანს მივიდა 656 წლის რამაზანის თვეში[15] და რაკი მოწმე იყო ყაენის კარის მნიშვნელოვანი საქმეებისა, იქაური სინატიფეც ენახა და გამოკითხვა-გამოძიების ვითარებაც ესწავლა, ანგარიშგების დაწვრილებით შემოწმება ბრძანა, რამდენიმე მოთასარიფი დასაჯა და თავის ნაიბად სახელმწიფო და სახასო ქონების საქმეებში დანიშნა ხოჯა იზ ად-დინი, რომლის ხასიათი მისი სახელივით უმწიკვლო[16] იყო და ვისი უნარიანობა და გონიერება აშკარა იყო ყოველი არსებისათვის.

აღთვალვა და გაწერა ყოფჩურისა და მალისა[17] თავდაპირველად ყოველთვის ხორასნიდან იწყებოდა, ამჯერად კი გასაადვილებლად ხორასნის აღწერის საქმე შეაჩერეს.

არღუნ ამირი გაემართა ჰულაგუს შესახვედრად, რომელიც არანის საზღვრებში იმყოფებოდა. როცა ეახლა და მდგომარეობაც მოახსენა, საქართველოს მიაშურა და [ხალხის] აღწერასა და ათასეულებად დაყოფას შეუდგა[18]. თავდაპირველად ყოფჩური სამოცდაათი დინარი შეეწერათ ყოველი ათი კაცისთვის. მაგრამ იმის გამო, რომ ჰაშარის, იამის, ულაღისა[19] და ლაშქრის საჭიროების ხარჯები საზღვრებს აჭარბებდა და დაწესებული ყოფჩური მისთვის საკმარისი არ იყო, გადაწყდა, რომ გადამეტებული მოთხოვნილება ძირითადი გადასახადის შესაბამისად უნდა გაენაწილებინათ. ყოფჩურის შემოღებამდე მიწათმფლობელებსა და შეძლებულთ, იმათ, ვისაც, მაგალითად, ათ ადგილას ჰქონდათ წილი, ან ცალცალკე გაფანტული ქონება გააჩნდათ, ყოველი ამ წილის შესაბამისად აწერდნენ გადასახადს. ასე რომ, ერთ კაცს ხუთასსა და ათას დინარს ახდევინებდნენ. ამ [ახალი] ნიხრის დროს [გადასახადი] ათი დინარი დაწესდა, რაც კიდეც რომ გაორკეცებულიყო, შეძლებულთ დიდად არ გაუჭირდებოდათ, ღარიბებს კი მძიმე ტვირთად აწვებოდა. არღუნ ამირმა ეს მდგომარეობა მოახსენა [ჰულაგუს] და გამოიცა ფირმანი, რომ ხელახლად გაეწერათ ყოფჩური – შეძლებულთათვის ხუთასი დინარიდან შესაბამისად ღარიბების ერთ დინარამდე, ისე რომ ხარჯებს ჰყოფნოდა. ერთი სიტყვით, ეს საქმე მიღებულ იქნა და მის განხორციელებაში სრული გონიერება და საფუძვლიანობა გამოიჩინეს.

არღუნ ამირი [ამის მერე] ჯერ საქართველოში წავიდა, რადგან დავით მეფე, შვილი ყიზ-მალიქისა, აჯანყებულიყო და ჰულაგუს მონღოლებისა და მუსლიმანთა დიდი ლაშქარი გაეგზავნა იქით[20].

არღუნ ამირი თავისი ამალითა და ერთი რაზმით თბილისიდან იმ მხარეს გაემართა: ორი ლაშქარი სხვადასხვა მხრიდან შეხვდა ერთმანეთს და ბევრი ქართველი მოკლეს და დაატყვევეს. არღუნ ამირი გამობრუნდა და 657 წლის რამაზანის დამლევს[21], ფადიშაჰის შამისკენ გალაშქრების ჟამს, ჰულაგუს ეახლა თავრიზში და საქართველოს მდგომარეობა მოახსენას [ილხანმა] მონღოლთა ლაშქარი დანიშნა და ერაყისა და საქართველოს დამორჩილებული ნაწილის დუმენების შეკრება დაავალა. მთელი ეს ლაშქარი მან არღუნ ამირს ჩააბარა. როდესაც იგი კვლავ მოვიდა თბილისში, უფროსი დავით მეფეც გამდგარიყო გადასახადთა ნარჩენის მოთხოვნის გამო და ერთგულების უღელი გადაეგდო კისრიდან[22].

  1. ჰიჯრის 649 წ. ჯუმადა ალ-ასირის თვე შეესაბამება 1251 წლის 21 აგვისტოს – 18 სექტემბერს.
  2. თარაზი (თალასი, გვიანდელი აულიე-ათა) მდინარე თალასის მარცხენა ნაპირზე მდებარე მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი და სიმაგრე იყო. ამჟამად ყაზახეთის სსრ საოლქო ცენტრი ქ. ჯამბული.
  3. მანგუ მონღოლთა სახელმწიფოს ყაენად არჩეულ იქნა 649 წ. რაბი ალ-ახირის თვის 9 რიცხვში ანუ 1251 წლის 1 ივლისს (ჯ უ ვ ე ი ნ ი, III, გვ. 29). რაშიდ ად-დინი ამ ამბავს 1251 იანვარ-თებერვლით ათარიღებს (Р а ш и д-а д-д и н, Сборник летописей, II, გვ. 132).
  4. ტექსტშია 649 წ. საფარი, რაც 1251 წლის მაისის თვეს შეესაბამება ეს აშკარა შეცდომაა, რადგან, როგორც ვნახეთ, არღუნმა 1251 წ. აგვისტო-სექტემბერში გადაწყვიტა ყაენის ასარჩევად მოწვეულ ყურულთაიზე წასვლა. ჯუვეინის ქვემოთ აღნიშნული აქვს, რომ არღუნ ამირი 650 წ.საფარის 20-ში, ე. ი. 1252 წლის 2 მაისს მივიდა ყაენის კარზე (იხ. აქვე, სპარს. ტექსტი, გვ. 31 – 32: ქართული თარგმანი, გვ. 53. შდრ. Р а ш и д-а д-д и н, II, გვ. 149).
  5. ყ ო ფ ჩ უ რ ი თავდაპირველად საბალახე გადასახადს აღნიშნავდა და მას მომთაბარე მეჯოგეები იხდიდნენ – ას სულ საქონელზე ერთ სულს (იხ. აქვე, სპარს ტექსტი. გვ. 33, თარგმ., გვ. 55. M. M i n o v i and V. M i n o r s k y, Nasir ad-din Tusi on Finance. BSOAS, vol. X, ht. 3, 1940, გვ. 761). როცა მონღოლებმა თავიანთი უზარმაზარი სახელმწიფო შექმნეს, მათ დაპყრობილი ქვეყნების სოფლისა და ქალაქის ბინადარ მოსახლეობაზე გაწერილ პირდაპირ გადასახადებზეც გაავრცელეს მათთვის ცნობილი საგადასახადო ტერმინი. ამიერიდან ყ ო ფ ჩ უ რ ი სულად გადასახადად იქცა და მისი გამოღება დაეკისრა როგორც არამუსლიმან, ისე მუსლიმან მოსახლეობასაც (მანამდე მუსლიმანები სულად გადასახადს არ იხდიდნენ). მისი ოდენობა, როგორც ჯუვეინის ცნობებიდანაც ჩანს, არ იყო ზუსტად განსაზღვრული და დამოკიდებული იყო ამა თუ იმ ოლქის ხაზინის გასავალზე (დაწვრილებით იხ. Р а ш и д-а д-д и н, Джами ат-таварих, III, სპარსული ტექსტი, გვ. 453 – 462; რუსული თარგმანი, გვ. 256 – 262; B. B. Б а р т о л ь д, Персидская надпись на стене анийской мечети Мануче. Сочинения, т. IV, M., 1966, გვ. 330 – 332 A. A. А л и-з а д е, Социальноэкономическая и политическая история Азербайджана, გვ. 198 – 210; И. П. П е т р у ш е в с к и й, Земледелие и аграрные отношения в Иране XIII – XIV веков, Ленинград, 1960, გვ. 360 – 369; ვ. გ ა ბ ა შ ვ ი ლ ი, მახლობელი აღმოსავლეთის სოციალურ-ეკონომიური ისტორიის მასალები ჟამთააღმწერლის თხზულებაში, კრებ. „მახლობელი აღმოსავლეთის სოციალურ-ეკონომიური ისტორიის ნარკვევები თბ., 1968, გვ. 57 – 58).
  6. ჰ ა შ ა რ ი. ამ ტერმინით მონღოლური ხანის წყაროებში ჩვეულებრივ აღინიშნება დაპყრობილი ქვეყნების დატყვევებული მოსახლეობა (უპირატესად მამაკაცები), რომელსაც მონღოლები ყველაზე მძიმე და სახიფათო საქმეზე იყენებდნენ ქალაქების ალყის დროს. ამ შემთხვევაში ჯუვეინი ჰაშარში ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენელთაგან შედგენილ რაზმებს გულისხმობს.
    ი ა მ ი. მონღოლები სამხედრო სტრატეგიული მიზნით დიდ ყურადღებას აქცევდნენ სახელმწიფოში მიმოსვლის საშუალებათა მოწესრიგებას. ამ მიზნით, უგედეი ყაენმა 1236 წ ელს ბრძანა გზებზე საფოსტო სადგურების – იამების დაარსება. თვითეული ასეთი სადგურის ზედამხედველს (იამჩის) მუდმივად უნდა ჰყოლოდა იამში ოცი ცხენოსანი გამყოლი, საკმაო რაოდენობით ცხენები, ხარშებმული ურმები და აუცილებელი სანოვაგე. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, ადგილობრივ მოსახლეობას უნდა გაეღო (С. А. К о з и н, Сокровенное сказание, Юан чао би ши, I, М. – Л. 1941, გვ. 197 – 198; Р а ш и д-а д-д и н, Сборник летописей, II, გვ. 36; В. В. Бартольд, Туркестан в эпоху монгольского нашествия, გვ. 536 – 537; История Монгольской народной республики, М., 1967, გვ. 118).
  7. ამ გადასახადების რაობა არ არის გარკვეული. ლექსიკონების მიხედვით „ყ ი ს მ ა თ“ ნიშნავს გაყოფას, განაწილებას, წილს. ხოლო „დ ა ს თ ა ნ დ ა ზ“ – მძარცველს, მჩაგვრელს, ხელმყოფს. ჯ. ბოილი ყისმათსა და დასთანდაზს „უკანონო მოთხოვნებად“ თარგმნის (ტ. II, გვ. 5I7). „ყისმათ“ შეიძლება დაკავშირებული იყოს „ყასამათთან“, რომლის ეტიმოლოგია და მნიშვნელობა ასევე გაურკვეველია (იხ. И. П. П е т р у ш е в с к и й, Земледелие и аграрные отношения в Иране, გვ. 381 – 382).
    დ ა ს თ ა ნ დ ა ზ ი XV – XVII სს. სპარსულ დოკუმენტებშიც გვხვდება (A. K. S. L a m b t o n, Landlord and Peasant in Persia, London, 1953, გვ. 102: ჩვენთვის საინტერესო ტერმინი დამოწმებულია ალვანდ აყ-ყოიუნლუს 1498/9 წ. სასოიურღალო ფირმანში: Персидские документы Матенадарана, составил А.Д. П а п а з я н. Указы, вып. I, Epeвaн, 1956, № 8, 9, 10, 18: вып. II, Epeвaн, 1959, № 5 სპარსული ისტორიული საბუთები საქართეელოს წიგნთსაცავებში, I, 1, გამოსცა ვლ. ფ უ თ უ რ ი ძ ე მ, თბ., 1961, № 26). დასთანდაზი იხსენიება აგრეთვე სიმონ I-ისა და როსტომის ორენოვანი წყალობის წიგნების სპარსულ ტექსტებშიც (ქართულ-სპარსული ისტორიული დოკუმენტები, გამოსცა ვ. ფ უ თ უ რ ი ძ ე მ, თბ., 1955, N 45, 190; Пepсидские документы Матенадарана,I, № 23). ყველა დასახელებულ დოკუმენტში, რომელთა უმეტესობა სომეხი სამღვდელოებისათვის საგადასახადო შეუვალობის ბოძებას ეხება, დ ა ს თ ა ნ დ ა ზ ი თითქმის ყოველთვის თარჰთან ერთად იხსენიება („ალაფე და ულუფე, ბეგარი და შეგარი, თარჰი და დასთანდაზი“ და ა.შ.). ა. ფაფაზიანის აზრით, დასთანდაზის სახით საქმე გვაქვს ზოგიერთ გადასახადთან, რომლებსაც ყოველგვარი საბაბით იღებდნენ რაიათებიდან სახელმწიფო მოხელენი, როცა ისინი ხელყოფდნენ მათს ავლა-დიდებას და ცდილობდნენ წაერთმიათ ფული და ძვირფასი ნივთები (Персидские документы Матенадарана, I, გვ. 228 – 229, s. v. „Дастандаз“).
    ლ. ტიგრანოვის განმარტებით, XIX ს-ის ირანში დასთანდაზი ავარიზის სინონიმი ყოფილა და გულისხმობდა ყოველი გლეხის კომლის მოვალეობას, მიერთმია მიწის პატრონისათვის (მულქდარისთვის) გარკვეული რაოდენობის სანოვაგე (ცხვარი, ქათამი, კვერცხი, ერბო, ყველი და სხვ.). ამ სანოვაგის რაოდენობა ხშირად ბევრად აღემატებოდა მულქდარის მოთხოვნილებას და ბაზარზე გადიოდა გასასყიდად. გლეხებს ევალებოდათ აგრეთვე რომ ასეთივე სანოვაგე მიეწოდებინათ მუბაშირისა და სხვა მოხელეებისათვის (Л. Ф. Т и г р а н о в, Из общественно-экономических отношений в Персии, Тифлис, 1905, გვ. 43 – 44), ო. ეფენიევის აზრით, დასთანდაზი სხვადასხვა პირთათვის ფეხის ქირად მიცემული გასამრჯელო იყო (О. A.Э ф е н д и е в, Образование азербайджанского государства Сефевидов, Баку, 1961, გვ. 44).
  8. ჩინგიზ-ხანის უმცროს შვილს თულის სულ ათი ვაჟი ჰყოლია მათგან ოთხი (მანგუ, ყუბილაი, ჰულაგუ და არიღ-ბუქა) უფროს ცოლთან, სორყოთანი ბიქისთან შეეძინა. მუგა თულის მერვე ვაჟიშვილი იყო (Р а ш и д-а д-д и н, Сборник летописей, II, გვ. 103 – 106).
  9. შამს ად-დინ მოჰამედი ქართების (ან, როგორც ადრე კითხულობდნენ, ქორთების, ქერთების) დინასტიის პირველი წარმომადგენელია (1245 – 1278). ქართების ფეოდალური სახელმწიფო 1245 – 1389 წლებში არსებობდა ღურის მთიანეთში. სახელმწიფოს დედაქალაქი ჰერათი იყო. ქართები ილხანთა ვასალებად ცნობდნენ თავს, მაგრამ ყოველთვის როდი იჩენდნენ მორჩილებას.
  10. ჰიჯრის 651 წ. რაჯაბის თვე შეესაბამება 1253 წლის 27 აგვისტოს – 25 სექტემბერს.
  11. რ ო ქ ნ უ ლ დ ი ნ ა რ ს ჯუვეინი სხვა დროსაც ახსენებს თავის თხზულებაში (ტ. I, გვ. 16; ტ. II, გვ. 238). ჯ. ბოილი ფიქ- რობს, რომ უნდა იგულისხმებოდეს როქნ ად-დინად წოდებული რომელიმე მბრძანებლის მიერ მოჭრილი მონეტა (ჯ. ბოილი, I, გვ. 23, შენ. 1). ვ. ბარტოლდის აზრით, დინარ-ე როქნი სელჩუკური მონეტა იყო ( B. B. Б а р т о л ь д, Персидская надпись на стене анийской мечети Мануче. გვ. 325,შენ. 64). ამასვე ადასტურებს ვახუშტი ბაგრატიონიც. იგი წერს, რომ როდესაც როქნ ად-დინი (ნუქარდინი) საქართველოს წინააღმდეგ საომრად ემზადებოდა, მან „განსცა როქნი“ (ვახუშტი, საქართველოს ისტორია, დ. ბაქრაძის გამოც., ტფილისი, 1885, გვ. 211). როგორც ჩანს, ეს მონეტა ოქროსი უნდა ყოფილიყო. ყოველ შემთხვევაში, იაგელოს არაბულ-სპარსულ-რუსულ ლექსიკონში განმარტებულია როგორც „წმინდა ოქრო“.
  12. სიტყვების თამაშია: შასთ ცერ თითსაც ნიშნავს და სამოცსაც. გრაფიკულად ასევე გამოისახება ამავე წინადადებაში ნახმარი სიტყვა სოსთ (სუსტი)
  13. ამიერკავკასიის ქვეყნებში 1254 წ. ჩატარებული აღწერის შესახებ სხვა წყაროებშიც მოიპოვება ცნობები (გ რ ი გ ო ლ ა კ ა ნ ე ლ ი, მოისართა ტომის ისტორია, გვ. 31 – 32; აგრეთვე, გვ. 127 – 30; К и р а к о с Г а н д з а к е ц и, История, გვ. 183 – 184; История монголов по армянским источникам, I CПб., 1873, გვ. 9, 41; Армянские источники о монголах, გვ. 26, 35; Р а ш и д-а д-д и н, Сборник летописей, II, გვ. 141, 150). საინტერესოა აღინიშნოს, რომ რაშიდ ად-დინის აზრით, ეს არ ყოფილა პირველი აღწერა (შდრ. ვ. გ ა ბ ა შ ვ ი ლ ი, მახლობელი აღმოსავლეთის სოციალურ-ეკონომიური ისტორიის მასალები, გვ. 52).
  14. თვითონ ჯუვეინის ცნობით, არღუნი ქეშთან შეეგება ჰულაგუს (იხ. აქვე, სპარსული ტექსტი, გვ. 36, ქართული თარგმანი, გვ. 58. შდრ. აგრეთვე; Р а ш и д- а д-д и н, Джами ат-таварих,III, სპარსული ტექსტი, გვ. 25; რუსული თარგმანი, გვ. 23). ქეში გვიანდელი შაჰრესაბზია.
  15. 656 წ. რამაზანის თვე 1258 წლის სექტემბერს შეესაბამება.
  16. ჯუვეინის ზემოთ აღნიშნული ჰქონდა რომ მისი სრული სახელი იყო იზ ად-დინ თაჰერი. (თაჰერ) ადამიანის სახელიც არის და სუფთას, წმინდას, უმწიკვლოს ნიშნავს.
  17. მონღოლთა ბატონობის ხანაში მ ა ლ ი ორგვარი მნიშვნელობით იხმარებოდა: 1. უფრო ხშირად, საერთოდ ყოველგვარი გადასახადისა და 2. შედარებით იშვიათად, მიწაზე დაწესებული გადასახადის (ხარაჯის სინონიმად). ჯუვეინი პირველი მნიშვნელობით, საერთოდ გადასახადების აღსანიშნავად უნდა ხმარობდეს ამ ტერმინს (მალის შესახებ იხ. A. A. А л и-з а д е, Социально-экономическая и политическая история Азербайджана, გვ. 240; И. П. П е т р у ш е в с к и й, Земледелие и аграрные отношения в Иране გვ. 373 – 374).
  18. ამგვარად, ირკვევა. რომ არღუნ ამირს მეორედაც ჩაუტარებია საქართველოს აღწერა. უკვე ჰულაგუ-ხანის დროს, 1258 წლის ბოლო თვეებში ან 1259 დამდეგს. აღსანიშნავია, რომ ქართველი ჟამთააღმწერელიც მონღოლთა მიერ ბაღდადის აღების შემდეგ მოგვითხრობს საქართველოს აღწერის შესახებ (ქართლის ცხოვრება, II, გვ. 234 – 235). ბაღდადი ჰულაგუს ლაშქარმა აიღო 1258 წ. თებერვალში (Р а ш и д-а д-д и н, Джами ат-таварих, III, სპარსული ტექსტი, გვ. 59; რუსული თარგმანი, გვ. 43 – 44). მართალია, ჟამთააღმწერელს ზოგიერთი უზუსტობაც აქვს დაშვებული თხრობაში. მაგალითად, აღწერის ჩატარების ინიციატივას ის ბათოს მიაწერს, თუმცა ეს უკანასკნელი იმ დროს ცოცხალიც არ არის (გარდაიცვალა 1255 წელს). შეიძლება ქართველი ავტორის შეცდომა იმით აიხსნას, რომ 1254 წელს არღუნი ბათოს ულუსიდან მოვიდა საქართველოში აღწერის ჩასატარებლად. გამორიცხული არ არის აგრეთვე, რომ ჟამთააღმწერელს ერთმანეთში არეოდა ახლო ხანებში ჩატარებული ორი აღწერა და შერწყმულად გადმოსცა ეს ამბავი. ასეა თუ ისე, ვფიქრობთ, არღუნ ამირის დაახლოებული პირისა და ერთ-ერთი თანაშემწის ჯუვეინის ცნობა, საქართველოში აღწერის ორწყებად ჩატარების შესახებ, ანგარიშგასაწევია (ვ. გაბაშვილიც აღნიშნავს რომ ხალხის აღწერა 1254 წლიდან 1260 წლამდე გაგრძელდა. იხ. ვ. გ ა ბ ა შ ვ ი ლ ი, დასახ. ნაშრომი, გვ. 53).
  19. მონღოლთა სახელმწიფოში ყოველდღე მრავალი ელჩი და შიკრიკი მგზავრობდა სხვადასხვა მიმრთულებით მათი მომსახურებისათვის გზებზე დაარსებული იყო საფოსტო სადგურები – იამები, სადაც მუდმივად უნდა ჰყოლოდათ გამზადებული სამგზავრო და სატვირთო ცხენები ანუ უ ლ ა ღ ი. ომებისათვის ცხენების მიწოდება ადგილობრივ მოსახლეობას ევალებოდა.
  20. დავით რუსუდანის ძის აჯანყების შესახებ დაწვრილებით იხ. ივ. ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი, ქართველი ერის ისტორია, III, გვ. 152 – 157.
  21. ჰიჯრის 657 წ. რამაზანის დამლევი 1259 წლის სექტემბრის შუა რიცხვებს შეესაბამება.
  22. ჯუვეინის ამ ცნობის გამო ივ. ჯავახიშვილი შენიშნავს: „მეტად საყურადღებოა სპარსელ თანამედროვე ისტორიკოსის ჯუვეინის ცნობა: თუმცა არც მისი აღწერილობაა გრძელი და სრული. სამწუხაროდ, ამ ადგილას ხელთნაწერებში ამ ამბავის ბოლო უნდა დაკარგული იყოს ისე, რომ მოთხრობა ისტორიკოსს დაუმთავრებელი რჩება“ (ი ვ. ჯა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი, ქართველი ერის ისტორია, III, გვ. 161).


ტომი მესამე

edit

თხრობა შვიდი სამეფოს ფადიშაჰისა და სამართლიანობის გამავრცელებელი შაჰანშაჰის მანგუ ყაენის ხანობის ტახტზე ასვლისა. მის მიერ ნუშირვანისებური სამართლიანობის ნოხის გაშლა, მბრძანებლობის წესის აღდგენა და ხელმწიფობის რიგის მოწესრიგება

edit

ბათო საყსინისა და ბოლღარის ფარგლებში მდებარე თავისი ურდოდან[1] გუიუქ-ხანის სადგომისაკენ დაიძრა. ალაყამაყს რომ მიაღწია, საიდანაც ქალაქ ყაიალიღამდე[2] შვიდი დღის სავალია, გუიუქ-ხანის სიკვდილის ამბავი შეიტყო[3]. იგი იქვე გაჩერდა, ნათესავებსა და თავისიანებს ზედიზედ გაუგზავნა ელჩები სხვადასხვა მხარეს, თავისი მიბრძანება ამცნო და მისასვლელად მოუწოდა. ყარაყორუმის[4] სანახებიდან მანგუ ყაენი დაიძრა. სირამუნმა და ყაენის სხვა შვილიშვილებმა და ხათუნებმა, რომლებიც იმ მიდამოებში იმყოფებოდნენ, ყარაყორუმის ამირი ყონყურთაყაი ნოინი გაგზავნეს თავიანთ წარმომადგენლად და სიგელი მისცეს: „ბათო ყველა უფლისწულზე უფროსია. მის ჰოქმსა და ფირმანს, რაც არ უნდა ბრძანოს, კანონის ძალა აქეს. ჩვენ ყველანი ვეთანხმებით მას და, რასაც ის ბრძანებს და მართებულად მიიჩნევს, იმაზე უარს არ ვიტყვით“.

1251 წ. ივლისს ყარაყორუმში გამართულ დიდ ყურულთაიზე მონღოლთა სახელმწიფოს ყაენად არჩეულ იქნა თულის უფროსი შვილი მანგუ. ყაენის არჩევის აღსანიშნავი ზეიმი და დროს ტარება ერთ კვირას გაგრძელდა[5].

როდესაც უფლისწულები უკან გაბრუნდნენ და მათი მნიშვნელოვანი საქმეები მოწესრიგდა, [ყაენი] შეუდგა სახელმწიფო საქმეთა მოგვარებას, მრუდის გასწორებას, გაფუჭებულის გამოკეთებას, მჩაგვრელთა დათრგუნვასა და ბოროტგამზრახველთა დამორჩილებას. რაკი მისი ხელმწიფური ზრახვა მიმართული იყო მეამბოხეთა შეუპოვრობის დათრგუნვისა და მეშფოთართა კისრების მოდრეკისაკენ, ხოლო მისი მაღალი ფიქრი ადამიანთა ჯაფის შემსუბუქებით და ქვეშევრდომთა შრომის გაადვილებისაკენ იყო მიპყრობილი, მისი სრულყოფილი გონება ხუმრობას გულმოდგინებას ამჯობინებდა, მიატოვა განუწყვეტელი ლოთობა და სამართლიანობისა და სიკეთის მახითა და სატყუარათი მოინადირა მათი სიყვარული.

თავდაპირველად [ყაენმა] ბრძანა ჯარების დანიშვნა აღმოსავლეთსა და დასავლეთში, არაბთა და არაარაბთა ქვეყნებში სალაშქროდ. აღმოსავლეთის ქვეყნები და ხატაეთის ოლქები მანზი სოლანგაი და თანგუთი უბოძა ყუბილაი-ოღულს, რომელიც გამოირჩეოდა გონიერებით, გამჭრიახობით, სიმარჯვითა და საზრიანობით; საპატიო ნოინები დანიშნა მის სამსახურში და იმ მხარეში მყოფი ყველა ამირი, მარცხენა თუ მარჯვენა ფრთისა, მის ბრძანებას დაუმორჩილა.

დასავლეთის ქვეყნები [მანგუ ყაენმა] ჩააბარა თავის მეორე ძმას ჰულაგუ-ოღულს, რომელიც ცნობილი და განთქმული იყო თავისი სიმტკიცით, სიდინჯით, წინდახედულობით, სიფრთხილით, მფარველობით და პატივისა და ღირსებისადმი გულმოდგინე დამოკიდებულებით. [ყაენმა] გააორკეცა მისი ლაშქარი. ქიდ-ბუღა ბაურჩი[6] 650 წლის ჯუმადა ალ-ავალის თვის შუა რიცხვებში[7] მეწინავედ დასძრა, რათა მულჰიდების საქმით დაეწყოთ.

გადასახადების განსაზღვრისა და ხალხის სახელების ჩასაწერად ჰაქიმები, შეჰნეები და მდივნები დანიშნა ყაენმა. აღმოსავლეთის ქვეყნები, მეხუთე სარტყელის დასაწყისიდან – ამუ-დარიის ნაპირებიდან, ვიდრე ხატაეთის დასალიერამდე, რომელიც პირველი სარტყელია[8], წინანდებურად დიდ საჰებს მაჰმუდ იალავაჩს და მის ღირსეულ მემკვიდრეს მას’უდ-ბეგს დაუმტკიცა. რაც ხატაეთის მხარეს არის, – საჰებ მაჰმუდ იალავაჩს, ვისი ადრინდელი სამსახური კეთილგანწყობილების ნიშნებით იყო აღბეჭდილი და [მანგუ ყაენის] კურთხეულ გამეფებამდე მისულიყო სამეფო კარზე. მავერანნაჰრი, თურქესტანი, ოთრარი, უიღურის, ხოთანის, ქაშღარის, ჯენდის, ხორეზმის და ფერღანის ქვეყნები მას’უდ-ბეგს მისცეს. იგი შიშითა და სიფრთხილით მოვიდა და მისი უდიდებულესობის[9] ერთგულებისა და ძველი დამსახურების გამო დიდი ელდა და განსაცდელი ნახა, სანამ ბოლოს გადაურჩა ამ საფრთხეს და გავლენიანი და პატივცემული შეიქნა. რაკი ისინი ყურულთაიზე ადრე მისულიყვნენ სამეფო კარზე [ყაენმა] უფრო ადრე გააბრუნა უკან და ყოველი კაცი, ვინც თან ახლდათ, სხვადასხვაგვარი წყალობით გამოარჩიეს.

მათი [წასვლის] შემდეგ დიდი ამირი არღუნი, რომელსაც საშიშროებითა და საფრთხით აღსავსე შორი გზა გამოევლო, იმის შემდგომ, რაც ყურულთაი დაიშალა და ყველა უფლისწული თავთავის სამშობლოში დაბრუნდა, 650 წლის საფარის თვის 20-ში[10] მოვიდა ხელმწიფის კარზე. რამდენადაც მუდმივი გულმოდგინება და მარადიული უნარიანობა ყოველთვის თან ახლდა მას, სახელმწიფოს სამსახურსა და სამეფო კარის გულწრფელ სიყვარულში მტკიცე ზომებითა და აშკარა საშუალებებით გამოეჩინა თავი, სურვილების აღსრულებითა და მიზნების მიღწევით იქნა გამორჩეული. ხორასნის, მაზანდარანის, ინდოსტანის, ერაყის, ფარსის, ქერმანის, ლურის, არანის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოსულისა და ალეპოს გამგებლობა ხელთ უდევს მას. ვინც კი მას ახლდა, მალიქები, ამირები და ბითიქჩიები, მოწონებისა და მათდამი კეთილგანწყობილების მიხედვით იქნენ გამორჩეული და დასაჩუქრებული. ხსენებული წლის რამაზანის 20-ში[11] ისინი [უკან] დაიძრნენ იმ ჯგუფიდან ზოგიერთს სხვადასხვა საქმე დარჩენოდა მოსაგვარებელი; რამდენიმე დღეს კიდევ დარჩნენ და შემდეგ მის კვალს გაჰყვნენ მხიარულნი.

ჰაქიმების ხსენებულ ჯგუფს [ყაენმა] ნუქერები დაუნიშნა და მითითება მისცა, რომ ვილაიეთები აღეწერათ და გადასახადები დაედგინათ. ამას რომ მორჩებოდნენ, დაბრუნების სადავე მიემართათ და კარზე ხლება ეჩქარათ. ყოველ მათგანს ბრძანება მიეცა, აუცილებლად განეხილათ და შეესწავლათ წარსული ვითარება და არავის აერიდებინა თავი [საქმის] სიძნელეებისათვის. ღმერთი შეგვინდობს, რაც წარსულია. რამდენადაც [ყაენს] მხედველობაში ჰქონდა ქვეშევრდომთა მდგომარეობის გაუმჯობესება და არა ხაზინის სიმდიდრის გამრავლება, რაიათების გადასახადთა შესამცირებლად იარლიყი გამოსცა, რომლის პირი სამდივანმწიგნობროებშია დაცული. იქიდან ირკვევა, თუ რაოდენ დიდ ზრუნვასა და ყურადღებას იჩენს ხალხის საქმეებისა და მათ მისწრაფებათა მოსაწესრიგებლად.

გუიუქ-ხანის [სიკვდილის] შემდეგ უფლისწულებმა უამრავი იარლიყი გასცეს; ვაჭრობაშიც მონაწილეობდნენ და ქვეყნის სხვადასხვა მხარეს აგზავნიდნენ შიკრიკებს. დიდებული თუ მდაბიო ორტაღობით[12] [მინიჭებული] მფარველობის საბუთს ეძიებდა, ქვეშევრდომები კი გარბოდნენ მათი სიმრავლის გამო [მანგუ ყაენმა] ბრძანა, რათა თითოეულს, ვისაც კი ჰქონდა თავის კუთვნილ ვილაიეთში ჩინგიზ-ხანის, [უგედეი] ყაენის გუიუქ-ხანისა და სხვა უფლისწულთა დროინდელი იარლიყები და ფაიზები, უკან დაებრუნებინა. ამის შემდეგ უფლისწულებს სამეფო კარის ნაიბების რჩევისა და ნებართვის გარეშე არ უნდა გაეცათ ზეპირი ან წერილობითი განკარგულება იმ საქმეებზე, რაც ამ ვილაიეთების გამგებლობას ეხებოდა. დიდ ელჩებს თოთხმეტზე მეტი ცხენი არ უნდა აეყვანათ და იამიდან იამამდე ემგზავრათ; არ უნდა შესულიყვნენ არცერთ სოფელსა თუ ქალაქში, სადაც გარკვეული საქმე არა ჰქონდათ, და თითოეული ადამიანისათვის საჭმელად დაწესებულ ულუფაზე მეტი არ აეღოთ. რამდენადაც ძალადობა და ჩაგვრა ცას მისწვდა, საგანგებო გადასახადებისაგან[13] განსაკუთრებით გლეხობა იყო ილაჯგაწყვეტილი და განადგურებული იქამდე, რომ მოწეული მოსავალი იმ გადასახადების ნახევარსაც არ ჰყოფნიდა, რასაც [გლეხს] ართმევდნენ. მან ბრძანა, რომ უკლებლივ ყველა ორტაღს და მოხელეს ზომიერება დაეცვა ქვეშევრდომებთან ურთიერთობაში. თითოეულმა ადამიანმა მისი დოვლათისა და შეძლების მიხედვით უნდა გაიღოს, რაც განაწილებით დაეკისრება, გარდა იმ ხალხის ვინც ჩინგიზ-ხანის და [უგედეი] ყაენის ბრძანებით განთავისუფლებულია გადასახადების სიმძიმისაგან. [ესენი არიან]: მუსლიმთაგან დიდი სეიდები[14] და ღვთისმოსავი იმამები; ქრისტიანთაგან, რომელთაც არქაუნებს უწოდებენ, – ბერები და მღვდელმთავარნი, ცეცხლთაყვანისმცემელთაგან, რომელთა მოძღვართ თოინს ეძახიან, სახელოვანი თოინები[15]. ამ ჩამოთვლილ ჯგუფს ეკუთვნის აგრეთვე ის ხალხიც, ვინც ასაკგადაცილებულთა და აღარ შეუძლია შრომა და მუშაობა. ებრაელებმა რომ ეს ბრძანება მოისმინეს და ამ თანრიგსა და რიცხვში თვითონ არ იქნენ შეყვანილი, ძალიან დანაღვლიანდნენ და მოიწყინეს; შეშინებულმა და გაოცებულებმა მწუხარების ხელი წვერზე ჩამოიხევს.

იმისათვის, რომ ყოველ მოხელეს არ შესძლებოდა წილის აღება, წლიური განრიგის შედგენა ბრძანა, რომლის მიხედვით ხატაეთის ქვეყნებში უნდა გამოეღოთ – დიდი შეძლების კაცს თერთმეტი დინარი და ასე შესაბამისად ხელმოკლეს ერთ დინარამდე. მავერანნაჰრშიც ასევე იყო. ხორასანში შეძლებულის ათი დინარიდან ღარიბის ერთ დინარამდე უნდა გადაეხადათ. ჰაქიმებსა და მდივნებს მიკერძოება და პირფერობა არ გამოეჩინათ, ქრთამი არ აეღოთ, ჭეშმარიტება არ გაეყალბებინათ და სიცრუე ჭეშმარიტებად არ გაესაღებინათ. რაც შეეხება საქონლის საბალახე გადასახადს, რომელსაც ყოფჩურს უწოდებენ, ერთი სახის ოთხფეხზე, თუ ვინმეს ასი სული ეყოლებოდა, ერთი სული უნდა მიეცა, ხოლო თუ ნაკლები ჰყავდა, არაფერს იხდიდა. გადასახადის ნარჩენი, საცა არ უნდა ყოფილიყო და ვისაც არ უნდა ჰქონოდა გადასახდელი, ქვეშევრდომთ არ უნდა გადაეხადათ და [მოხელეებს] არ აეღოთ. ვაჭრებისა და ორტაღებისთვის, გუიუქ-ხანთან, მის ხათუნსა და ვაჟიშვილებთან რომ აწარმოებდნენ გაცხოველებულ ვაჭრობას. ახალი შემოსავლიდან უნდა გაესწორებინათ ანგარიში.

  1. ჯუვეინის ცნობით, რაკი ჩინგიზ-ხანის მბრძანებლობის დროს მისი სახელმწიფოს საზღვრები ძალიან გაიზარდა, მან ყველას განუსაზღვრა საცხოვრებელი ადგილი, რომელსაც იურითს უწოდებენ. „უფროს ვაჟს თუშის (ჯუჩის, ბათოს მამას) უბოძა ქვეყანა ყაიალიდიდან და ხორეზმიდან ვიდრე საყსინისა და ბოლღარის უშორეს კიდემდე და იმავე მიმართულებით იქამდე, საცა კი თათართა ცხენს ფეხი დაუდგამს“ (ჯ უ ვ ე ი ნ ი. I, გვ. 31).
    საყსინი მდ. ვოლგის ქვემოწელში, მის შესართავთან მდებარე სავაჭრო ქალაქი იყო. ამ შემთხვევაში ჯუვეინი გულისხმობს არა მარტო ქალაქს, არამედ მთელ მის მიმდებარე ტერიტორიასაც. ბოლღარის სამეფოც ვოლგისპირეთში მდებარეობდა. (იხ. Б. Д. Г р е к о в, А. Ю. Я к у б о в с к и й, Золотая Орда и ее падение, გვ. 25).
  2. ქალაქი ყაიალიღი მდ. ილის აუზში მდებარეობდა, თანამედროვე კოპალის მახლობლად. გუილიომ რუბრუკვისი მას კაილაკს უწოდებს (გ. რ უ ბ რ უ კ ვ ი ს ი, მოგზაურობა აღმოსავლეთის ქვეყნებში, თარგმანი ფრანგულიდან გ. ქ ი ქ ო ძ ი ს ა, „მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის“, V, 1942, გვ. 71, 87).
    ალაყამაყის მდებარეობა არ არის ცნობილი. როგორც ჩანს, ის ალათაუს მთების მახლობლად უნდა ყოფილიყო (B. B. Б а р т о л ь д, Туркестан в эпоху монгольского нашествия, გვ. 558).
  3. 1248 წ. გაზაფხულზე გუიუქ-ხანი ბათოს წინააღმდეგ გაემზადა და დიდი ლაშქრით დასავლეთისკენ დაიძრა. სორყოთანი ბიქის მიერ დროულად გაფრთხილებული ბათოც მის შესახვედრად წამოვიდა. მაგრამ გუიუქმა მონღოლეთის ფარგლებიდან გამოსვლაც ვერ მოასწრო. გზაში გარდაიცვალა. (ჯ უ ვ ე ი ნ ი, I, გვ. 215 – 216; Р а ш и д-а д-д и н, Сборник летописей, II, გვ. 121; შდრ. აგრეთვე, B. B. Б а р т о л ь д, Туркестан в эпоху монгольского нашествия, გვ. 557).
  4. მონღოლთა სახელმწიფოს დედაქალაქი ყარაყორუმი მდინარე ორხონის ნაპირზე იდგა. მისი მშენებლობა ჩინგიზ-ხანის დროს დაიწყო და 1235 წელს დამთავრდა. ყარაყორუმი შედარებით მცირე ხანს იყო მონღოლი ყაენების რეზიდენცია (1260 წლამდე). ამჟამად დაქცეულია (B. B. Б а р т о л ь д, Каракорум, Сочинения, т. III, М., 1965, გვ. 443 – 444; История Монгольской народной республики, გვ. 119).
    კათოლიკე ბერმა გ. რუბრუკვისმა პირადად ინახულა ყარაყორუმი მანგუ ყაენის დროს და მისი აღწერილობაც დაგვიტოვა. მისი სიტყვით, „ქალაქში ორი უბანია, ერთი სარკინოზებისა, სადაც არის ბაზრები და მრავლად იმყოფებიან ვაჭრები, რაიც ერთი მხრივ სასახლის სიახლოვით აიხსნება, ხოლო მეორე მხრივ ელჩების სიმრავლით. მეორე უბანი ეკუთვნის ჩინელებს, რომელნიც გამოუკლებლივ ხელოსნები არიან. ამ სასახლეს გარდა იქ რამდენიმე დიდი პალატია. სადაც სასახლის მდივნები ცხოვრობენ. ქალაქში თორმეტი ტაძარია. შეწირული სხვადასხვა ერის კერპებისადმი, ორი მეჩითი, სადაც მაჰმადის რჯულს იცავენ და ერთი ქრისტიანული ეკლესია ქალაქის განაპირის. ქალაქი მიწის გალავნითაა შემორტყმული და მას ოთხი კარიბჭე აქვს. აღმოსავლეთით ფეტვითა და სხვა ხორბლეულით ვაჭრობენ, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ხორბლეული იშვიათია; დასავლეთით ცხვრებისა და თხების აღებ-მიცემობა ხდება, სამხრეთით – ხარებისა და ფორნებისა; ხოლო ჩრდილოეთით – ცხენებისა“ (გ. რ უ ბ რ უ კ ვ ი ს ი, მოგზაურობა აღმოსავლეთის ქვეყნებში, გვ. 133 – 134).
  5. გუიუქის გარდაცვალების შემდეგ მონღოლ უფლისწულთა შორის მძაფრი ბრძოლა გაჩაღდა ყაენის ტახტისათვის. უგედეის სახლის მიმართ მტრულად განწყობილმა ბათომ მხარი დაუჭირა თულის ვაჟიშვილს მანგუს, 1251 წლის ყურულთაიში ძირითადად ჯუჩისა და თულის ულუსების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ყაენად არჩევის შემდეგ მანგუ სასტიკად გაუსწორდა მოწინააღმდეგეებს – უგედეისა და ჩაღათაის შთამომავალთ (ჯ უ ვ ე ი ნ ი, III, გვ. 16 – შმდ: Р а ш и д-а д-д и н, Сборник летописей, II, გვ. 129 – 139; B. B. Б а р т о л ь д, Туркестан в эпоху монгольского нашествия, გვ. 558 – 560; История Монгольской народной республики, გვ. 121).
  6. ბ ა უ რ ჩ ი ანუ „ჭამა-სმის თადარიგის დამჭერი“ (ივ. ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი, ქართველი ერის ისტორია, III, გვ. 91) მაღალი თანამდებობის მოხელე იყო მონღოლთა სამეფო კარზე (იხ.С. А. К о з и н, Сокровенное сказание, § 124; B. B. Б а р т о л ь д, Туркестан в эпоху монгольского нашествия, გვ.447). ჰულაგუ-ხანის ერთ-ერთი გამოჩენილი სარდლის ქიდ-ბუღა ნოინის შესახებ დაწვრილებით იხ. Р а ш и д-а д-д и н, Джами ат-таварих, III.
  7. ჰიჯრის 650 წ. ჯუმადა ალ-სავალის შუა რიცხვები 1252 წლის ივლისის ბოლო კვირას შეესაბამება.
  8. ძველი გეოგრაფები მსოფლიოს დასახლებულ ნაწილს შვიდ კლიმატურ სარტყლად ჰყოფდნენ ეკვატორის პარალელური წარმოსახვითი ხაზებით. მათი წარმოდგენით, ჩრდილო განედის 500-ის ჩრდილოეთით და ეკვატორის სამხრეთით მდებარე რაიონები საერთოდ დაუსახლებელი იყო.
  9. ალბათ იგულისხმება უგედეი ყაენი, რომელმაც პირველმა დანიშნა მას’უდ-ბეგი მავერანნაჰრის გამგებლად.
  10. ჰიჯრის 650 წ. საფარის თვის 20 რიცხვი 1252 წლის 2 მაისს შეესაბამება.
  11. 650 წ. რამაზანის 20 რიცხვი 1252 წლის 24 ნოემბერს შეესაბამება. ზემოთ ჯუვეინის აღნიშნული ჰქონდა, რომ არღუნის წასვლის შემდეგ ის და სირაჯ ად-დინ შოჯა’ი რამდენიმე დღით დარჩნენ ყარაყორუმში და 651 წ. რაჯაბის თვეში (1253 წ.27.VIII – 25. IX) ისინიც დასავლეთისკენ დაიძრნენ. (იხ. გვ. 49 და შენ. 119).
  12. საქარავნო-სატრანზიტო ვაჭრობა აღმოსავლეთის ქვეყნებში მსხვილი მუსლიმანური სავაჭრო კომპანიების ხელთ იყო. ამ კომპანიების წევრებს ო რ ტ ა ღ ე ბ ი ეწოდებოდათ. მონღოლთა არისტოკრატია მჭიდროდ იყო დაკავშირებული საქარავნო ვაჭრობასთან. ორტაღები ხშირად ფეოდალური არისტოკრატიის წარმომადგენელთა კონტრაგენტებად გამოდიოდნენ და მათგან მიღებული თანხით აწარმოებდნენ ვაჭრობას. ცნობილია აგრეთვე, რომ თვითონ მონღოლი ყაენებიც მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული მუსლიმანურ სავაჭრო კომპანიებთან (A. Ю. Я к у б о в с к и й, Восстание Тараби в 1238 г. Труды ИВ АН СССР, т. XVII, 1936, გვ. 112).
  13. საგანგებო გადასახადს ანუ ა ვ ა რ ი ზ ს სახელმწიფო ფულით კრეფდა ქალაქისა და სოფლის მოსახლეობაში. იგი გამიზნული იყო გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარავად. მართალია, ა ვ ა რ ი ზ ი მონღოლთა სახელმწიფოში საგანგებო გადასახადად ითვლებოდა, მაგრამ ფაქტიურად მუდმივ გამოსაღებად იყო ქცეული (И. П. П е т р у ш е в с к и й, Земледелие и аграрные отношения в Иране გვ. 382).
  14. ს ე ი დ ე ბ ი წინასწარმეტყველ მუჰამედის შთამომავლებად ითვლებიან და განსაკუთრებულ პრივილეგირებულ წოდებას შეადგენენ.
  15. ჟამთააღმწერელიც აღნიშნავს, რომ „ხუცესთა და მონაზონთა და საეკლესიოთა განწესებათა არა შეაგდო საზღავი, არცა ყალანი, ეგრეთვე შიხთა, და დავრეშთა, და ყოვლისა სჯულისა კაცნი საღმრთოდ განჩენილნი განათავისუფლნა“ (ქართლის ცხოვრება, II, გვ. 235).


თხრობა ქვეყნიერების უფლისწულის ჰულაგუს დასავლეთის ქვეყნებში ლაშქრობის შესახებ

edit

დედამიწის პირის ფადიშაჰი მანგუ ყაენი თავისი ძმის ჰულაგუს თვისებებში მბრძანებლობის ღირსებებს ხედავდა და მის ზრახვებში დამპყრობლის ჩვევებს ამჩნევდა. მას შემდე, რაც ხანოხის ტახტზე განმტკიცდა და ანგარებიანი და მოშურნე ხალხის საქმეებს მორჩა, დიდ ყურულთაიზე თავისი მაღალი აზრი მსოფლიოს უკიდურესი აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაპყრობისაკენ მიმართა. თავდაპირველად ყუბილაი გაგზავნა აღმოსავლეთის მხარეს, ხატაეთს რომ შეადგენს. ამის შემდეგ, 650 წელს[1], თავისი მეორე ძმის ჰულაგუს საქმეების მოწესრიგებასა და მოგვარებას შეუდგა და დასავლეთის მხარის დასაპყრობად გააპიროვნა იგი[2]. ყუბილაის გაგზავნის მსგავსად, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ლაშქრის ყოველი ათი კაციდან ორი გამოიყო. უფლისწულთაგან ერთი თავისი უმცროსი ძმა ხუბუათი-ოდული[3] დანიშნა მასთან ერთად. ბათოს მხრით შიბაყანის ვაჟი ბალაღაი, თუთარ-ოღული და ყული გაგზავნა ბათოსეული რაზმებითეს მონღოლი უფლისწულები ჟამთააღმწერელთანაც არიან მოხსენიებული (ქართლის ცხოვრება, II, გვ. 223, 251, 254; შდრ. აგრეთვე, გ რ ი გ ო ლ ა კ ა ნ ე ლ ი, მოისართა ტომის ისტორია, გვ. 33, 41 – 42, 133 – 137). უნდა აღინიშნოს, რომ ქართველ ავტორს ბალაღაი („ბოლღა“), თუთარ და ყული სხვადასხვა ულუსების წარმომადგენლებად მიაჩნია (ამის შესახებ იხ. რ. კ იკ ნ ა ძ ე, ჟამთააღმწერლის თხზულების ერთი ადგილის შევსებისათვის, „მაცნე“, ისტორიის სერია. 1971, № 4, გვ. 119, შენ. 23); ჩაღათაის მხრით – თეგუდარ-ოღული, მეჯი-ოდელის ძე, ხოლო ჩეჩექენ ბიჭის მხრით – ბუღა-თემური ოირათის ტომის ლაშქრით. ქვედა მხარის სიძეების, ამირებისა და ნოინთგან გამოყო ჯგუფი დიდებულებისა, რომელთა სახელების დაწვრილებით ჩამოთვლა ძალიან გაგრძელდება.

ხატაეთს ელჩები გაგზავნეს მანჯანიყების ოსტატებისა და ცეცხლმტყორცნელთა ჩამოსაყვანად. ათასი ოჯახი ჩამოიყვანეს მანჯანიყის ჩინელი ოსტატებისა, რომლებიც ქვის ტყორცნით ნემსის ყუნწს ისე აფართოებდნენ, რომ აქლემი გაძვრებოდა შიგ და ისეთ მაგარ მანჯანიყის ბოძლებს აკეთებდნენ ბამბუკითა და წებოთი, რომ მიწიდან ცაში ნატყორცნი ისრები უკან აღარ ბრუნდებოდა. შიკრიკები გაგზავნეს მეწინავედ, და თიაბის მთიდან[4] მოკიდებული, ყარაყორუმსა და ბიშბალიღს[5] შუა რომ მდებარეობს, საცა კი ქვეყნერების ფადიშაჰის ლაშქარს უნდა გაევლო, მთელ სიგრძე-სიგანეზე საძოვრები და მდელოები ყორუღად გამოაცხადეს და აიკრძალა იქ ცხოველთა ძოვება, რათა საძოვრები არ წამხდარიყო, ხოლო მდელოებს ზიანი არ მოსვლოდა[6]. მთელი მთა და ველი ბაღ-ბოსტანივით დაცულად და ნაკრძალად გამოცხადდა და შინაურ საქონელს აღეკვეთა იქ ძოვა. ყველა ქვეყანაში თურქესტანიდან ხორასნამდე და შორეულ რუმსა და საქართველომდე მცენარეულობაზე გავრცელდა გამოთქმა – „მაგრამ არ მიუახლოვდეთ ამ ხეს“[7] – იქამდე, რომ ვინც კი ერთ ფოთოლს მოაჭმევდა, იმ საქონელს დაკარგავდა. ამგვარად, მცენარეულობა ცოდვად იქცა, ხოლო სიმწვანეს სიმაძღრე მოჰყვა. შიკრიკები გაგზავნეს, რათა მთელი ლაშქარი მდელოებიდან და საძოვრებიდან ისეთ ადგილებში გადაეყვანათ, სადაც ფადიშაჰის ამალას არ უნდა გაევლო. ბაიჩუს და ჩორმაღუნის ლაშქარს რუმს წასვლა ებრძანა.

ამალისა და ლაშქრის სანოვაგისათვის (ულუფე[8]) ბრძანება გაიცა მთელს სახელმწიფოში, რომ თითოეულ სულზე დაემზადებინათ ერთი თაღარი[9] ანუ ასი მანი ფქვილი და ერთი ტიკი, ე. ი. ორმოცდაათი მანი ღვინო. ამირები და მხარეთა გამგებლები ყველანი ულუფეს მომზადებასა და თარღუს და ნუზლის[10] საქმის მოწესრიგებას შეუდგნენ და [გზადაგზა] სადგომებში ათავსებდნენ ნუზლს. მონღოლ და მუსლიმან ამირებს ჭაკი ცხენები მოჰყავდათ თავიანთი ჯოგებიდან და კუმისს ამზადებდნენ რიგრიგობით, სანამ [ჰულაგუს ლაშქარი] სხვა ამირამდე არ მიაღწევდა. იმ ადგილებს, სადაც ქვეყნიერების ფადიშაჰს უნდა გაევლო, ფარსანგ-ფარსანგ[11] ასუფთავებდნენ ეკლებისა და ქვა-ღორღისაგან, მდინარეებსა და არხებზე ხიდებს აგებდნენ და გადასასვლელებთან ნავებს ამზადებდნენ.

მისი ლაშქრის დაძვრის ამბავზე ქვეყანამ სიმშვიდე და მოსვენება დაკარგა. ვინც ურჩი იყო, მისი ძლიერებისა და რისხვის შიში არ ასვენებდა, მორჩილებს კი ლაშქრის, იარაღისა და სანოვაგის მომზადება აწუხებდათ.

როდესაც უფლისწულები და ნოინები დანიშნეს და ლაშქარი ათასეულებად და ასეულებად დაჰყვეს, ქიდ-ბუღა, რომელსაც ბაურჩის თანამდებობა ჰქონდა, მეწინავედ გაიგზავნა. 650 წლის გაზაფხული[12] გაიფურჩქნა ზამთრის კოკრისაგან...

დამშვიდობების წესისამებრ [ჰულაგუმ] წვეულებები გამართა და ქვეყნიერების ხელმწიფის ურდოს მიაშურა. მეორე მხრიდან არიღ-ბუქაც მოვიდა და უფლისწულები და ნათესავები, ვინც ახლომახლო იმყოფებოდა, ყველანი ერთად ხომლის ვარსკვლავებივით შეიყარნენ ყარაყორუმის სამეფო კარზე. ყოველი მათგანი ლხინს იხდიდა რიგრიგობით, გართობის მოედანზე ნებივრობდნენ, ჯამებს სცლიდნენ და ერთი ფერის ტანსაცმელს იცვამდნენო[13], თან, შუა ლულებში საქმეებსაც არ უგულებელყოფდნენ.

ერთი კვირის შემდეგ, როცა [ჰულაგუმ] თავის საკუთარ ურდოში წასვლა განიზრახა, ქვეყნის მპყრობელმა ხელმწიფემ ცისოდენა სულგრძელობის შესაბამისად ბრძანა, გაეხსნათ ძვირფასეულობის, ნაღდი ფულისა და ტანსაცმლის ხაზინები, ჯოგებიდან და რემებიდან კი რჩეული ცხენები და აქლემები მოერეკათ. ჰულაგუს, მის ცოლებს და ვაჟიშვილებს, თითოეულს ცალ-ცალკე გაუგზავნა ისეთი წილი, რომ დედამიწა დამძიმდა მისი ტარებისაგან და ქვეყანა ამჩატდა. მასთან მყოფი ამირები და ნოინები, მთელ თანმხლებ ლაშქართან ერთად პატივისცემით განადიდა.

651 წლის რაბი ალ-ავალის ორ რიცხვში[14], შაბათ დღეს [ჰულაგუმ] დიდებისა და ძლიერების რაშის სადავე დაბრუნებისკენ მიმართა. თავის ურდოში რომ ჩამოხდა, ვითარების მოსაწესრიგებლად და ადამიანთა საქმეების გამოსასწორებლად ერთ ხანს იქ შეჩერდა, სანამ სიცხემ არ იკლო. ამ ხნის განმავლობაში უფლისწულები მოდიოდნენ მასთან დასამშვიდობებლად და ნუზლი მოჰქონდათ. უფლისწული ჰულაგუ თითოეულს მისი ღირსების შესაბამისად საბოძვარითა და საჩუქრებით ისტუმრებდა. 651 წლის შა’ბანის თვის 24-ში[15], ამომავალი ბედნიერების ვარსკვლავზე, ძლიერების სადგომიდან, თავისი ურდოდან კურთხეული მოგზაურობისათვის დაიძრა; გამარჯვება წინ უძღოდა „გზა მიეცით!“ ძახილით, ძლევა მარჯვნივ და მარცხნივ მიჰყვებოდა, ხოლო წარმატება ფეხდაფეხ მისდევდა.

ჯუმაღარ-ოღული, რომელსაც მაღალი ხარისხი ჰქონდა იმის გამო, რომ დედამისი სხვა ხათუნებზე უფროსი იყო[16], თავის მოადგილედ დანიშნა ურდოსა და ლაშქარში. უფროსი შვილებიდან აბაღა და იაშმუთი[17] აირჩია თან წასაყვანად. საცა კი იდგა ლაშქარი, ყველა დაიძრა თავთავის ადგილიდან. ამ ამბის საშინელებისაგან მთები აზანზარდა, ხოლო ხელმწიფეთა გულები ძრწოლამ მოიცვა. ფადიშაჰი [ჰულაგუ] ნება-ნება მიემართებოდა; უფლისწულები ბალაღაი და თუთარი მეწინავედ მიდიოდნენ, სხვები კი მარჯვნივ და მარცხნივ მიისწრაფოდნენ. ზაფხულსა და ზამთარში ასე თანდათანობით მიიწევდნენ წინ. ალმალიღს[18] რომ მიაღწიეს, ულულ-ეფის ხათუნები და ურყინე-ხათუნი[19] შემოხვდნენ და წვეულებები გაუმართეს.

როდესაც სამეფო დროშებმა იმ მიდამოებს ჩაუარეს, დიდი საჰები მას’უდ-ბეგი და მავერანნაჰრის ამირები სამსახურად აღსდგნენ. 652 წლის ზაფხული[20] იალაღზე გაატარეს. და, როცა მზის მცხუნვარების ძალამ იკლო, ადგილიდან დაიძრნენ. 653 წლის შა’ბანის თვეში[21] ქან-ე გელის მდელოზე ჩამოხდნენ სამარყანდის ჭიშკართან. საჰებმა მას’უდ-ბეგმა ერთი ნაქსოვი კარავი აღმართა, რომელსაც თეთრი ქეჩის გარსაცმი ჰქონდა. დაახლოებით ორმოც დღეს იმ მიდამოებში დარჩნენ და ქეიფსა და დროს ტარებაში იყვნენ.

იქიდან რომ აიყარნენ, ქეშამდე სადავე არ მოუწევიათ. ამ სადგომში ამირ არღუნი და ხორასნის დიდებულთა უმრავლესობა ეახლნენ და საჩუქრები მიართვეს. იმ ადგილას ერთ თვეს იდგნენ, მერე კი მდინარეზე[22] გადასვლის განზრახვით წასვლის დოლს დაჰკრეს და ამოძრავდნენ. იმ დროს, როცა ბედნიერი ამალა საზაფხულო სადგომიდან დაიძრა, ბრძანება გამოვიდა, რომ ყველა ხომალდი შეეჩერებინათ მეზღვაურებიანად, ნავებისგან ხიდი გაემართათ, რათა, როცა ფადიშაჰის ლაშქარი მოაღწევდა, ამალა დაუბრკოლებლად გადასულიყო წყალზე. ფადიშაჰმა წყალობა გამოიჩინა მათ მიმართ და გადასასვლელებზე რომ ბაჟს ართმევდნენ ნავებზე, აპატია. რაკი ის ბაჟი ამოკვეთილ იქნა, [მდინარეზე] გადამსვლელთა გულს მძიმე ტვირთი მოსცილდათ...[23]

მეორე დღეს იქიდან აიყარნენ და შაბურღანის[24] მდელოზე ჩამოხდნენ იმ განზრახვით, რომ დიდხანს არ დაყოვნებულიყვნენ იქ. მსხვერპლის შეწირვის დღესასწაულის[25] დღეს თოვა დაიწყო და შვიდი დღეღამის განმავლობაში ღრუბელს არ გადაუყრია იმ მიდამოებში. ზამთარი გაჭიანურდა და ჰაერის სიცივემ და სუსხის სიმკაცრემ იქამდე მიაღწია, რომ მთელი მხარე „თოვლის ქვეყანას“ დაემსგავსა და ძლიერი სიცივისაგან დიდძალი პირუტყვი გაწყდა.

ამ სადგურში არღუნ ამირმა ნატიფად მოხატული ტილოს დიდი კარავი და მასთან ოქროსა და ვერცხლის ჭურჭლეულით გაწყობილი მისი შესაფერისი საკრებულო კარავი დაადგმევინა და მრავალგვარად მოემსახურა. იქიდან [არღუნი] ბრძანებისამებრ მანგუ ყაენის კარზე გაეშურა, თავისი შვილი გერაი მალიქი, აჰმედ გითიქჩი და ამ ამბების აღმწერი ფადიშაჰის[26] სამსახურში დანიშნა ხორასნისა და ერაყის საქმეთა საგამგებლოდ[27].

  1. 650 წელი 1252 წ. 14 მარტს დაიწყო და 1253 წ. 2 მარტს დამთავრდა.
  2. ჟამთააღმწერლის ცნობით მანგუ ყაენს ყუბილაი თითქოს დასავლეთში სალაშქროდ დაუნიშნავს, ხოლო ჰულაგუ – აღმოსავლეთში, „გარნა ძნელად აღუჩნდა ყუბილ ყაენს წარმოსლვა დასავლეთით, ულოს წარსლვა ინდოეთის კერძოთა. მაშინ ევედრა ულო ძმასა, რათა განცვალონ ლაშქრობა და ულო დასავლეთით კერძო მოვიდეს და ყუბილ ყაენი ინდოეთს. ვითარ ცნა ყუბილ ყაენმან, სიხარულით შეიწყნარა სიტყვა ულოსი და განცვალეს ლაშქრობა“. (ქართლის ცხოვრება, II, გვ. 221).
  3. რაშიდ ად-დინი ამ უფლისწულს სონთაის უწოდებს (Р а ш и д-а д-д и н, Джами ат-таварих, III. სპარსული ტექსტი, გვ. 24, 25; რუსული თარგმანი, გვ. 22, 23), თულის შვილების ჩამოთვლის დროს კი უმცროსად სუბუთაის იხსენიებს Р а ш и д-а д-д и н, Сборник летописей, II, გვ. 106). ასეთი სხვაობა წერტილების არასწორად დასმით უნდა აიხსნას.
  4. ტექსტშია – ჯ. ბოილის აზრით, იგულისხმება ხანგაის ქედი (ჯ. ბ ო ი ლ ი, II, გვ. 609. შენ. 9).
  5. ქ. ბიშბალიღი უიღურთა სახელმწიფოს მთავრის – იდიყუთის რეზიდენცია იყო. იგი მდებარეობდა ტიან-შანის ქედის ჩრდილო კალთაზე, მონღოლეთიდან დასავლეთისაკენ მომავალ დიდ სავაჭრო გზაზე (B. B. Б а р т о л ь д, Бишбалык, Соч. т. III, M., 1965, გვ. 374 – 377).
  6. ამ წინადადებაში ავტორი გარითმულ სიტყვებს ხმარობს: ალაფხარ (საძოვარი) – ხარ (აქ: წახდენილი), მარღზარ (მდელო) – აზარ (აქ: ზიანი. ვნება).
  7. ყურანი, II. 33.
  8. უ ლ უ ფ ე . ამ ტერმინით ჯუვეინი აღნიშნავს ერთი ადამიანის გამოსაკვებად აუცილებელ საზრდოს ან, საერთოდ სურსათ-სანოვაგეს, ხოლო ა ლ ა ფ ე ს საქონლის საკვების აღსანიშნავად ხმარობს. ასეთივე მნიშვნელობით შემოვიდა ეს ტერმინები ქართულშიც (ულუფა და ალაფი). რაშიდ ად-დინსა და, სხვა ისტორიკოსებთან ულუფეს და ალაფეს საპირისპირო მნიშვნელობა აქვთ (ულუფე – საქონლის საკვები; ალაფე – სანოვაგე). ა. ალი-ზადეს აზრით, ეს შეიძლება იმით აიხსნებოდეს, რომ ჯუვეინი ამ ტერმინებს მონღოლთა შემოსევების წინარე ხანაში გავრცელებული მნიშვნელობით ხმარობს (A. A. А л и-з а д е, Социально-экономическая и политическая история Азербайджана, გვ. 233). ჟამთააღმწერლის განმარტებით. „ულუფა... არს ძღუენი მიმავალთა გზად“ (ქართლის ცხოვრება, II, გვ. 234). ულუფეს როგორც ნატურალური გადასახადის შესახებ დაწვრილებით იხ. A. A. А л и-з а д е, დასახ. ნაშრომი, გვ. 233 – 236; И. П. П е т р у ш е в с к и й, Земледелие и аграрные отношения в Иране გვ. 384 – 386).
  9. თ ა ღ ა რ ი ორგვარი მნიშვნელობით გვხვდება წყაროებში. ის აღნიშნავდა მარცვლეულის საწყაო ერთეულსაც (უდრიდა ას მანს) და ლაშქრის გამოსაკვებად მოსახლეობაში აკრეფილ ნატურალურ გადასახადსაც (დაწვრილებით იხ. A. A. А л и-з а д е, Социально-экономическая и политическая история Азербайджана, გვ. 230 – 232; И. П. П е т р у ш е в с к и й, Земледелие и аграрные отношения в Иране გვ. 383 – 384).
  10. „სიასეთ-ნამეში“ (XI ს.) თ ა რ ღ უ ძვირფასი ქსოვილის მნიშვნელობით იხმარება (Сиасет-намэ. Перевод, введение в изучение памятника Б. Н. З а х о д е р а, М. – Л., 1949, 154, 332, შენ. 267). სპარსული ლექსიკონებით თ ა რ ღ უ ნიშნავს წითელი აბრეშუმის ქსოვილს, ასეთი ქსოვილისაგან შეკერილ ტანსაცმელს, ხოლო ლ. ბუდაღოვის ლექსიკონით – საჭმელ-სასმელს, სანოვაგეს (Л. З. Б у д а г о в, Сравнительный словарь турецко-татарских наречий, I, გვ. 350). ა. ალი-ზადეს აზრით, თ ა რ ღ უ, შედგებოდა სხვადასხვა ძვირფასი ნივთების, ტანსაცმლის, ქსოვილისა და სხვა საგნებისაგან, რაც ოლქების გამგებლებს უნდა მიერთმიათ ყაენის, ხათუნების, უფლისწულებისა და სხვა წარჩინებულ პირთათვის (A. A. А л и-з а д е, დასახ. ნაშრომი, გვ. 241). ჯ. ბოილი ფიქრობს, რომ თ ა რ ღ უ (თოზღუ) არაბული ნუზლის ეკვივალენტია და ნიშნავს მოგზაურთათვის მირთმეულ საგზალს (ჯ. ბ ო ი ლ ი, I, გვ. 142, შენ. 1). რაშიდ ად-დინის „ისტორიათა კრებულში“ თარღუ მისართმეველს აღნიშნავს და ზოგჯერ ფეშქაშთან ერთად გვხვდება. ა. არენდსი რუსულ თარგმანში რიგ შემთხვევებში უთარგმნელად სტოვებს ამ ტერმინს (Р а ш и д-а д-д и н, Джами ат-таварих, III. გვ. 23, 26, 153, 263, 293), ზოგჯერ კი თარგმნის როგორც „სამასპინძლოს“ (Подношение; იქვე, გვ. 59, 77). ჯუვეინის თხზულებაში თ ა რ ღ უ სანოვაგის აღმნიშვნელი ტერმინი ჩანს, მაგრამ იყო თუ არა ის ნუზლის სინონიმი, ამის გადაჭრით თქმა ძნელია. შესაძლებელია, ჩვენი ავტორი გარკვეულ განსხვავებასაც ხედავდეს მათ შორის. ყოველ შემთხვევაში, იგი აღნიშნავს, ამირები და მხარეთა გამგებლები რომ თარღუს და ნუზლის დამზადებას შეუდგნენ, ნუზლს გზადაგზა სადგომებში (მანზელებში) ათავსებდნენო, თარღუს კი აღარ იხსენიებს. ნ უ ზ ლ ი (არაბ. – მასპინძლობა, სტუმართმოყვარეობა, ძღვენი, საჩუქარი) ა. ალი-ზადეს განმარტებით, ნატურალური გადასახადი იყო, რომელსაც ქალაქისა და სოფლის მოსახლეობა დიდებულთათვის მისართმევი ნაირნაირი ძღვნისა და საჩუქრის სახით იხდიდა (A. A. А л и-з а д е, დასახ. ნაშრომი, გვ. 241). საინტერესოა სულხან-საბა ორბელიანის განმარტებაც: „ნუზლი ესე არს მოყვარემან რა მოგზაურს საზრდო მიუძღვანოს“ (ს უ ლ ხ ა ნ-ს ა ბ ა ო რ ბ ე ლ ი ა ნ ი, თხზულებანი, ტ. IV, 1, თბ., 1965, გვ. 600).
  11. ფ ა რ ს ა ნ გ ი (ფარსახი) მანძილის საზომი ერთეულია, 6 – 7 კილომეტრს უდრის.
  12. ჰიჯრის 650 წელი 1252 წ. 14 მარტს დაიწყო. ამდენად, აქ საუბარია 1252 წლის გაზაფხულზე.
  13. სიტყვების თამაშით: „ჯამებს სცლიდნენ (ჯამჰა ნუშიდანდ) და „ტანსაცმელს იცვამდნენ“ (ჯამეჰ ფუშიდანდ) არაბული გრაფიკით ერთნაირად გამოისახება, განსხვავება დიაკრიტიკულ წერტილებსა და გახმოვანებაშია.
  14. ჰიჯრის 651 წლის რაბი ალ-ავალის ორი რიცხვი 1253 წ. 2 მაისს შეესაბამება.
  15. ჰიჯრის 651 წ. შა’ბანის 24 1253 წლის 18 ოქტომბერს უდრის.
  16. ჯუმაღარი ჰულაგუს მეორე ვაჟი იყო. რაშიდ ად-დინის ცნობით, დედამისი გუიუქ-ხათუნი ოირათის ტომის მეთაურის ასული ყოფილა. გუიუქ-ხათუნის მამა თურალჩი-გურგენი იყო, ხოლო დედა – ჩინგიზ-ხანის ასული ჩეჩექენი (Р а ш и д-а д-д и н, Джами ат-таварих, III. სპარსული ტექსტი, გვ. 8; რუსული თარგმანი გვ. 16).
  17. ჰულაგუ-ხანს სულ 21 შვილი ჰყოლია მათგან თოთხმეტი ვაჟი და შვიდი ქალი. აბაღა მისი უფროსი ვაჟიშვილი იყო, ხოლო იაშმუთი – მესამე (Р а ш и д-а д-д и н, Джами ат-таварих, III, სპარსული ტექსტი. გვ. 8 – 10; რუსული თარგმანი, გვ. 16 – 17).
  18. ალმალიღი მდ. ილის აუზში მდებარეობდა აღმოსავლეთ აზიიდან დასავლეთში მომავალ მნიშვნელოვან სავაჭრო გზაზე. მონღოლთა დროს ალმალიღი ჩაღათაის სამფლობელოს ცენტრი გახდა (B. B. Б а р т о л ь д, Отчёт о поездке в Среднюю Азию с научною целью, Сочинения, т. IV, გვ. 79).
  19. ურყინე-ხათუნი ჩაღათაის შვილიშვილის ყარა-ჰულაგუს (ჯუვეინისთან – ყარა) ცოლი იყო. ყარა-ჰულაგუს გარდაცვალების შემდეგ ჩაღათაის ულუსი მანგუ ყაენმა უბოძა მის მცირეწლოვან შვილს. რომლის სახელითაც ურყინე-ხათუნი განაგებდა სამფლობელოს 1251 – 1261 წლებში (ჯ უ ვ ე ი ნ ი, I. გვ. 181; C. Лен-Пуль, Мусульманские династии, გვ 200; К.Б о с в о р т, Мусульманские династии, გვ. 197).
  20. ჰიჯრის 653 წელი 1254 წ. 21 თებერვალს დაიწყო და 1255 წ. 11 იანვარს დამთავრდა. ე. ი. იგულისხმება 1254 წლის ზაფხული.
  21. 653 წლის შა’ბანის თვე შეესაბამება 1255 წ. სექტემბერს – 3 ოქტომბერს.
  22. იგულისხმება მდ. ჯეიჰუნი (ამუ-დარია).
  23. რაშიდ ად-დინის ცნობით, ჰულაგუს ლაშქარმა 653 წ. ზულ-ჰიჯჯეს პირველში ანუ 1256 წლის 1 იანვარს გადალახა ამუ-დარია (Р а ш и д-а д-д и н, Джами ат-таварих, III, სპარსული ტექსტი, გვ. 26; რუსული თარგმანი, გვ. 24).
  24. შაბურღანი ამუ-დარიის მარცხენა ნაპირზეა, ბალხის დასავლეთით თანამედროვე შიბირყანი (ავღანეთში).
  25. მსხვერპლს შეწირვის დღესასწაული (ეიდ-ე აზჰა ან ეიდ-ე ყურბან) ისლამის ერთ-ერთი დიდი დღესასწაულია. იგი უკავშირდება წინასწარმეტყველ აბრამის მიერ ქააბის ტაძრის აშენებასა და გაბრიელ მთავარი ანგელოზისაგან „შავი ქვის“ მიღებას. ეს დღესასწაული აღინიშნება ზულ-ჰიჯჯეს თვის 10 რიცხვში (; И. П. П е т р у ш е в с к и й, Ислам в Иране, გვ. 78 – 79). 1256 წელს მსხვერპლის შეწირვის დღესასწაული 10 იანვარს ყოფილა.
  26. ე. ი. ჰულაგუ-ხანის.
  27. ამის შემდეგ ჯუვეინის აღწერილი აქვს ჰულაგუ-ხანის ირანში შესვლა და ისმაილიანთა ციხე-სიმაგრეების დაპყრობა, მაგრამ ამ ბრძოლებში ქართველთა მონაწილეობის შესახებ არაფერს ამბობს.