ჰაოს და ქართლოს

ჰაოს და ქართლოს
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1899 წ.


Ι

თვალცრემლიანი ჰაოსი
ქართლოსს მოადგა კარზედა.
გასაწყლებულსა სახისა
კონკები ეცვა ტანზედა.

ჰაოს

ჰე, ძმაო ქართლოს, სადა ხარ,
გამოიხედე კარშია?!
ნუთუ დაჩაგრულს მოძმესა
ბინას არ მომცემ სახლშია?
ქართლოს გაჰკვირდა, რა ნახა
თავის ღვიძლი ძმა მტირალი.
ვერც თვით იმაგრებს ცრემლებსა
იმისი შემამზირალი.
ყელს გადაეჭდო, აკოცა,
როგორც წესია ძმობისა.
არ დაიშურა ძმამ ძმისთვის
ქცევა კეთილის ყოფისა.
მოიპატიჟა დარბაზში:
გაუმასპინძლდა კარგადა.
ქვევრს აუხადა და ძროხაც
დაკლა სტუმრისთვის ხარჯადა.

ქართლოს

ნუ გეწყინება, ჰაოსო,
მინდა რამ გკითხო ერთია.
მიკვირს, არც მიკვირს, რადგანაც
კაცთ ბედის გამგე ღმერთია.

ჰაოს

გავიგე, რაც უნდა მკითხო,
ან რის თქმას ჩემგან მოელი.
თავს ნუ იწუხებ, დაბძანდი,
მე მოგახსენო ყოველი.
ვიცი, რომ გიკვირს, ქართლოსო,
ჩემი ასეთი დავრდომა…

ქართლოს

დიაღაც ვწუხარ და მიკვირს
ვაჟკაცის ეგრე წახდომა.
მე დაჩაგრულად მეჩვენე,
გასაწყლებულ ხარ ფრიადა…
შენ ის ჰაოსი აღარ ხარ,
როგორც გიცნობდი წინადა.

ჰაოს

არ სტყუი, ძმაო, არ სტყუი,
აჩრდილიც არ ვარ იმისა.
მტერთაგანა მჭირს, რაცა მჭირს,
მზე ვეღარ ვნახე დილისა.
მას შემდეგ, რაკი დამითმე
ვანქის, ერევნის არენი,
უბედურს ყოფაშია ვარ
სიცოცხლე განამწარენი.
ჩვენ რომ არ გავიყარენით,
მე სამხრეთისკენ გავწიე,
არარატის ძირს დავსახლდი,
დიდი ამაგიც გავწიე.
ჩემთვის ლამაზად მოვეწყე
მამულით, ცხვრით და ძროხითა.
მტერმა ამიკლო, დამღუპა,
დავრჩი ემ ძველის ჩოხითა.
ადგილიც მტერმა წამართო,
სარჩო-საბადი ყველაო,
ღონე შენზეღა დავყარე,
თუ შაგიძლიან შველაო?!

ქართლოს

რა სათქმელია? ნუ იტყვი,
რად გინდა ბევრი მუდარა?
ერთად ვიცხოვროთ ძმურადა,
მტერს შეუთვალოთ მუქარა.
ძმათ სიყვარულით მტკიცეთა
მის დღეში არა უშავთ-რა!
მტერი ჩვენ ვერას დაგვაკლებს,
ვერც შინ და ვერცა გარეთა.
მოკეთეს გაუხარდება
და მტერს კი გავამწარებთა.
სახნავ-სათიბიც გვკმავია,
ვენახებიც მაქვს მრავალი,
თუნდ მთელს ქვეყანას ეყოფა
იმათი გამოსავალი.
მხოლოდ გარჯაა საჭირო,
ეს ხომ შენც კარგად უწყია:
მშრომელსა ქვა და კაკალი
ორივ კერაზე უწყვია.
მე შრომა მიყვარს, ჰაოსო,
თავის მარჯვენის ნაჟური –
პური მორწყული ოფლითა
და ღვინო ვაზის ნაწური. –
მძულს სხვის ამაგით ქეიფი,
სხვის ოფლით წვერის ცმაცური.

ჰაოს

ახ, გენაცვალე, ქართლოსო,
კაცი ჰყოფილხარ კაცური, –
რაცა სთქვი, ჩემს გულშია სთქვი –
სასიამოვნო ქართული.
არ მეზარება მეც შრომა,
ამას არ უნდა ფიცია.
ღმერთმა ქმნას, ჩვენი ერთობა
ბოლომდე იყოს მტკიცია.
უნდა ვეცადოთ, მტრისაგან
არ გავხდეთ გასაკიცხია.
მხოლოდ ეს მინდა ვიცოდე,
რა პირზე ვიყო შენთანა,
ოჯახში უნდა წილადა
ჩემიც რამ შემომეტანა.

ქართლოს

რაცა მაქვს შუა გაგიყოფ,
ბეწვიც არ მინდა მეტია.
ვინ გაიფიქრებს დაგჩაგროს,
ის ცოლ-შვილ გასაწყვეტია.
რაც გითხარ, ღვთის წინაშე ვსთქვი,
ცრუდ არა დამიყბედია.
თუნდ რომ ისურვო ხვალ გაყრა,
წაიღე სწორი წილია
საძმო, რაც მწარე გვექნება,
ან რაც გვექნება ტკბილია.
იმ წელს გაჭიმეს გუთანი,
გადააშავეს მინდვრები.
მთებსავით დადგეს ეზოში
ძნისა და თივის ზვინები.
პურით ბეღლები აავსეს,
ღვინით დაწიმწმეს ქვევრები.
საქონლით: ცხვრით და ძროხითა
ბევრი აქვთ შესაწევრები.

ΙΙ

შემოდგომაზე მოვიდა
მეფის ბრძანება სოფლადა:
ჯარში იწვევდენ ქართლოსსა
ათას გვარს მტრებთან ბრძოლადა.
ისიც წავიდა მორთული
მშვილდ-კაპარჭით და ფარითა.
მუზარად თავზე დადგმული,
წელზე ორ-პირის ხმალითა.
ჰაოსს აბარებს: „ვინ იცის,
როდისღა გნახავთ თვალითა.
მოვალღა შინა ცოცხალი,
უფალმა უწყის, ჩვენ არა.
შენ იცი – სახლმა და კარმა,
გედება ამის ბეგარა.
მე ერთი ცხენი და ხმალი,
მათ მეტი არა მრჩება-რა.
თუ მტერსაც პასუხს არ გავსცემთ,
ასე თვით მეფეს ებარა,
სუყველას ხელით წაგვივა
წყალ-მიწა, ჩვენი მკვებარა.
თუ არა გვაქვს-რა, გუდაში
არცა-რა ჩაიდება-რა!..
ხომ კარგად უწყი, შენ იცი,
რად გინდა ჩემი რჩევაო.
გაბარებ ამ ჩემს ცოლ-შვილსაც,
შენ გმორჩილებდეს ყველაო“.
მარდად მოახტა ლურჯასა,
არა სჭირდება შველაო,
მშვიდობითაო, – მისძახა,
ცხენი ყალხს შეაყენაო.
ულვაშზე ხელი გადისო,
თან ერთიც ჩაახველაო,
თითქო მტერს ემუქრებოდა –
თვალითა გნახო ჯერაო,
პატარას საქართველოსა
ვერას დააკლებ, ვერაო.
შემოჰკრა ქუსლი საფერხეს,
ბილიკზე გააგელაო.

ΙΙΙ

ცუდი დრო იყო ძალიან,
ჩვენს ყოფნას წელი სწყდებოდა,
ოთხს კუთხივ მტერი მოგვაწვა,
ურჯულო შემოკრბებოდა.
ურიცხვი ქართლოსიანი
მტრებთან ბრძოლაში კვდებოდა.
მთასა და ბარში სწორადა
ტბები სისხლისა დგებოდა.
სიმხნევე ქართლოსიანთა
მითც კიდევ არა ცვდებოდა.
არვინ იცოდა, თუ ბრძოლა
ვის სარგოთ გადასწყდებოდა.
დღე ღამე იყო ჩვენთვისა,
ღამეც დღედ გვქონდა ქცეული.
ამას მოგვითხრობს გოდებით
ჩვენის სვე-ბედის რვეული,
კლდე, მღვიმე, ციხე-საყრდები
გუმბათებ-ჩამორღვეული.
არ მინდა, რომ მოვიგონო
სისხლის დროება წყეული
და აწყმო ჩვენი ბეჩავი,
იმისგან გამოწვეული!
ამ ტანჯვას მიტომ ვერა ვგრძნობთ,
დიდს ტანჯვასა ვართ ჩვეული.
კიდეც სჯობს სიცხე-ზრობაში
გამოჯეკილი სხეული!
დიდხანს გასტანა ამ ბრძოლამ
და დიდიც მოგვცა ზიანი.
კაციც ის იყო მაშინა,
ვის მკლავიც სჭრიდა ხმლიანი.
დღეს ხომ ის კაცობს, თქვენც უწყით,
ვინც უფრო არის ჭკვიანი.
ვის ფიქრიც სხვისის მჯობია,
ვისაც სიტყვა აქვს გზიანი.
უკლო არც როდის არ ვარგა
ბუმბულა, გოგრა-ბზიანი.

ΙV

ქართლოსის ქება ისმოდა
ყველგან ხმელეთის კუთხესა,
იბრძოდა პირ-ოფლიანი,
ხმალს არ აგებდა ბუდესა,
იცავს, ამაგრებს ყველგანა
მშობელი ქვეყნის ზღუდესა,
სახლისა ვერა გაიგო,
არცა-რა სხვებმა უთხრესა.
ჰაოსი რაღას შვრებოდა,
ესეც ხომ უნდა ვიცოდეთ?
თუ არ ომობდა, შრომობდა,
შრომის ქებასაც ვიტყოდით.
დიაღ, შრომობდა ჰაოსი,
მაგრამ როგორ და ვისთვისა?!
ცხვარი ვის ჩაუბარებავ,
თქვენგან არ მიკვირს, მგლისთვისა?
იმ მეორე წელს, როდესაც
ქართლოსი ლაშქარს წავიდა,
დიდ სიმშილობას ამბობდენ,
კოდი თუმანში ავიდა.
ჰაოსმაც პურები ყიდა
და ზოგიც სესხათ გაიღო,
და კალოობას ერთს კოდზე
ორი სარგებლად აიღო!
სოფელი კარგად გაიცნო,
ყველგან მელურად ძვრებოდა, –
გულით რაც იყო და ენით
ხალხის გულისთვის კვდებოდა.
„ბილანი ხალხი ყოფილა,
და მინდობილის გულისა, –
აქა ყოფილა კიდევაც
სწორედ ხაზინა ფულისა“.
სთქვა ეს ჰაოსმა და სოფლად
წამოასკუპა დუქანი, –
მას აქეთია ჰაოსი
არის და არის მსუქანი.
ცოლ-შვილსაც გადმოუძახა
ჰაიასტანით აქეთა:
მალე მოვიდნენ და ჩვენაც
ხანის ცოლ-შვილად ვნახეთა,
ხოლო ქართლოსის ცოლ-შვილის
ვერ უმზერ მტირალ სახეთა.
რა ჰაოს უთხრა იმათა:
„სახლიდამ დაიკარგეთა!
თქვენი პატრონი სადა გყავთ
ამდენს ხანს!“ – ჰყვირის მკვახედა.
„მომწყინდა, კმარა რაც ხანი
გკვებეთ და შაგინახეთა.
სახლი დაცალეთ, აჩქარდით,
ადექით, აიბარგეთა!“
მას აქეთია კერაზე,
საცა თამარი თბებოდა,
ქართლოსი ხმალსა ჰლესავდა,
ცოლ-შვილის მზერით სტკბებოდა,
ჰაოს-ხანუმა დაფუძნდენ,
მათ ძენი: მიკიჩ, გალუსტა,
სულ „ვარხალალოს“ მღერიან,
ბედი თავს დაჰყეფს: „ბაშუსტა!“
ხოლო ქართლოსის ცოლ-შვილნი
სადღაც სოროში შემძვრალან;
თითქოს ობოლი ბღარტები
ხმელს ხის ტოტზედა შემსხდარან.
დახეხილ-დაბუზულები
უნუგეშობით შემკრთალან.
მჭადიც არა აქვთ საჭმელად,
ცეცხლი უქრებათ კერაში,
თვალ-გული ჩამოეღალათ
ქართლოსის მოსვლის ცქერაში.
ის არ უწყიან, ქართლოსი
როდია ლხინს და მღერაში!
ატირდებიან ერთადა,
გამაადენენ წიკოსა:
„ჩვენის ჟამ-კარის ამრევსა
ეგები ღმერთმა ჰკითხოსა!“

V

ღამეა ბნელი, პირ-ქუში,
შავი ნისლები ცურავენ,
ისედაც უჩინს ქვეყანას
უფრო წყვდიადით ჰბურავენ.
გაცრცვილს, გაროზგილს ბუნებას
ტანზე ნაბადსა ჰხურავენ.
ცა გლოვობს, ტირის, ცრემლისას
მიწაზე ადენს ღვარებსა,
ისინიც რბიან ათას მხრივ,
არ თხოულობენ ღარებსა.
ზოგი მღერს, ზოგი კისკისებს,
სხვა ლაყბობს ათას გვარებსა,
ამბავს ცისა და ქვეყნისას,
ზოგს ტკბილს და ზოგს კი მწარესა,
მტკვარსა და არაგვს მიართმენ
მაღლის მთის დანაბარებსა.
არაგვი სისხლის წყლად მოდის,
მტკვარიც მტრის ლახვრით ხეულა,
მაშ რისგან არის, მდინარე
რომ სისხლად გადაქცეულა?!
ქართლოსის სახლთან მოვიდა
ცხრა-ათიოდე მხედარი,
ვიღაცა მოაქვთ საკაცით,
იქნება იყოს ცხედარი?!
საკაცე დერიფანს დადვეს,
თითონ შესძახეს შინაო:
„გამოჩნდი, გამოიხედე,
სახლში მოსჩანხარ ვინაო?“
გარეთ ბიჭები მორბიან,
ბატონს კი დაეძინაო.
– ვინა ხარ? – შემოუძახეს:
ამ დროს რამ მოგიყვანაო?!
– „ჩვენა ვართ, ქართლოსიანნი,
ქართლოსი მოგვაქვს საკაცით,
დაჭრილი არის მძიმედა –
მძლივს მოვიტანეთ ბარბაცით.
ჰაოსი ნუთუ შინ არა,
რას კრძალობს დიაცურადა,
საწყენს თუმც ეტყვით ამბავსა,
ძნელად ჩასაგდებს ყურადა,
მაგრამ რა უყოთ, უთხარით,
ძმას მოეხმაროს ძმურადა.
დიდი ამაგი გასწია,
მტერს უხვდებოდა მტრულადა
და ეხლა ჭრილობიანსა
მთელს ტან-იოგზე სრულადა
ნუთუ არ უნდა მივხედოთ,
არ მოვურჩინოთ წყლულები?!
ეს ვალი ჰაოსისაა,
ერთგულად ასასრულები“.
შევიდნენ, მსახურთ უამბეს
ჰაოსს ქართლოსის ამბები.
ამას აემღვრა გუნება,
თითქოს ეყლაპოს აბები.
გაცხარებულსა ჰაოსსა
ბიჭისთვის დაებარაო:
„მე რა ვალი მაქვს მოვლისა,
ექიმი არ ვარ ჯარაო.
ნეტავი თავს უპატრონო,
ჩემი ცოლ-შვილი მბარაო.
მიჰბარდეს თავის სახლ-კარსა,
აქ მას ბინა აქვს არაო.
ამდენი ხანი სად იყო?
ქურდულად გაიპარაო.
სად იყო, რა გამიკეთა,
აბა რა მოიტანაო?
რომ მოდის, რა პირით მოდის,
ნეტავ ვინ დაიბარაო?
მაგის ცოლ-შვილმა ოჯახი
გაქურდა, გაიტანაო.
წაიყვათ თავის სახლშია,
მე ოხერი ვარ განაო?!
თქვენც იქ მიბძანდით, დაჭრილიც
მხრით გადიტანეთ თანაო“.
ეს რომ სთქვა, ერთი ხათაა!
და ვა!-ოც დაატანაო.



ქართლოსის ცოლ-შვილს გაეგოთ,
მორბოდნენ, თანა ტიროდენ.
„ვაჰ, ჩვენო სულის ჩამდგმელო!“ –
ყველანი ამას ყვიროდენ.
ჰაოსის ყოფა-ქცევასა
მეზობლებიცა ჰკვირობდენ.
ქართლოსის ცოლი თამარი
ზარით მოსთქვამდა ამასა:
„ღირსი არ არის, ნუ სტირით,
შვილებო, თავის მამასა.
თქვენთვის ყელების საჭრელად
ჰაოსს აძლევდა დანასა.
დღეს სხვა ჰმკის გადამთიელი
თქვენის მამულის ყანასა.
თქვენი სახლიდამ გაგრეკათ,
ვაჰ, ყოფნას ამისთანასა!
საწყალის გულის პატრონო,
ვის ენდობოდი, რადაო?
თავისი სარჩო-საბადი
გადაულოცე სხვასაო,
ცოლ-შვილს კი დასჭერ ყელები,
მიეც მდინარე წყალსაო“.
ქართლოსმა წაილუღლუღა:
„რად არ გაიკმენდ ხმასაო?
დიაცო, რაებსა ჰბოდავ,
რისთვის მაცოდებ ძმასაო?“
– ძმასა, მაშ არა? იმოტომ
ცხვირით ვერ გადენს ძმარსაო.
ვაჰმე, ბეჩავო, ბეჩავო,
როდისღა მოხვალ ჭკვასაო?
ძმა, როგორც გამიგონია,
უნდა ძმას სჭერდეს მხარსაო,
სულთა-მხუთავის ძმობასა
სჯობს კბილით ჰკვნეტდე ქვასაო.
ფანჩატურში წევს ქართლოსი,
ავად არ იღებს ხმასაო.
თუ ვინმე დაენუკვება
ომის ამბების თქმასაო,
უამბობს, იტყვის: „წყეული
მტრები გვჭარბობენ რიცხვითა.
სხვაფრივ ვერაფრით გვჯობიან,
მხოლოდ გვჯობიან იმითა“.
და როცა მოსცემს სიცხესა –
უტყდება ტეხა წყლულისა,
მაშინ ამოდის და გვესმის
პასუხი იმის გულისა.
იქნებ გგონიათ სახლ-კარის,
მამულის დაკარგულისა?!
ჰაოსის მოღალატობა,
სიმრუდე იმის სულისა? –
არა, ის ომსვე იგონებს,
ჰბოდავს: „დაჰკარით მტერსაო;
მოდიან, აგერ მოდიან,
გადმოეფინნენ სერსაო.
ფარი და ხმალი სადა მაქვს?“
იქითკენ იწვდის ხელსაო.