(ილია მღერის - ვაჰმე...)

ილია მღერის - ვაჰმე!
ანდა რას ნიშნავს ნეტა:
ისე არ გავა ღამე -
არ დამენახვოს დედა.

შუბლზე მეხება ხელით
და ვგრძნობ, ცივია ტილო:
“შვილო, შუბლი გაქვს ცხელი,
რა გემართება, შვილო!”

იმ სამუდამო მხარეს,
ალბათ შენ ჩემზე სწუხარ,
დარდს ნუ ეძლევი მწარეს,
არ წაქცეულა მუხა.

არაფერია! მღვრიით
დე ირეოდეს მუმლი,
მაინც ხომ ცოცხლობს ტყვიით
ტყედ განგმირული შუბლი.