1241 წ. - დაწერილი მიქაელ ქართლის კათალიკოსისა ვაჩე გუარამაისძისადმი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

edit

დედანი: 1448-9253, ეტრატი შვიდ კეფად, 329x24 სმ, თავი დაზიანებულია, მხედრული.

იგივე მცხეთის საბუთები № 182

პირები:

  1. სინოდის კანტორის № 507 პირების კრებული - N 507-202 (დაკარგულია).
  2. E-073/47.

საბუთის ტექსტი

edit

საბუთის ტექსტი: 1945 - კაკაბაძე სარგის - ორი სიგელი XIII საუკუნისა - გვ.3-5

საბუთის ტექსტი: 1970 - ქართული სამართლის ძეგლები - ტომი III - N 12


ქ. სახელითა ღმრთისაითა, მამისა, ძისა და სულისა წმიდისაითა, უფროსად კურთხეულისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისითა, ძლიერებითა პატიოსნისა ცხოველმყოფელისა ძელისა ცხოვრებისაითა.

წმიდისა წინასწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა, თანამოქმედებითა წმიდისა კათოლიკე ეკლესიასა შინა ღმრთივ-აღმართებულისა სუეტისა ცხოველისა, კუართისა საუფლოისა და მიჰრონისა ღმერთმყოფელისაი, დაგიწერეთ და მოგეცით დაწერილი ესე ჩუენ, ქრისტეს მიერ ქართლისა კათალიკოზმან მიქაელ შენ, გუარამაისძესა ვაჩე მსახურთუხუცესსა და შვილთა და მომავალთა შენთა.

მას ჟამსა, ოდეს პირველ ხუარაზმელთაგან და მერმე თათართაგან მოოხრდა ესე სამეფოი და ზოგნი ქუეყანანი და სოფელნი დიდადრე მოოხრდეს და შენ და შენნი ძმანი დიდსა უგემურობასა შინა იყვენით, ამისთუის, რომელ რომელნიღა მამულნი გქონდეს, იგინიცა ამოწყუედილნი იყუნენ და მით ოდეს ვერ დაჰრჩებოდით, ერთმანერთსა დიდად რომე ეუგემურებოდით. და მისითა მიზეზითა გუეჰაჯენით, რაითამცა შეგუეწყალენით შენ, ვაჩე გურამაისძე და საყდრისა სასამსახურო - სამამულოდ სარჩომი გაგუეჩინა, ჩუენ დავხედნით პირველ არაის ქონებასა და მერმე, რომელნიღა საყდრისა სასამსახუროდ სოფელნი გქონებოდეს, მოოხრებულ იყუნეს და ვერა რაით დაჰრჩებოდი.

ვისმინეთ ჰაჯაი თქუენი და მოგეცით სამამულოდ შენ, ვაჩე გუარამაისძესა, ჩუენსა მსახურთუხუცესსა, შვილთა და მომავალთა შენთა კათოლიკე ეკლესიისა სასამსახუროდ ხატისოფელი და ორომაშენი, ყოვლითა მისითა მზღვრითა და მიმდგომითა მთითა, ველითა, ტყითა, წყლითა, წისქუილითა და ყოვლითავე სახმრითა და უხმრითა, თუინიერ მუნ შინა მსხდომთა ხუცესთა სიგლოსანთაგან კიდე, რომელნი სანატრელსა ნიკოლაოზს, ქართლისა კათალიკოზსა, გაღმა გახუმულნი საყდრისათუინვე შინა შემოუხუმან და ღმრთივგუირგუინოსანთა მეფეთა და ქართლისა კათალიკოზთათუის მწირველად უჩენან. სხუებრ ერთობ ყუელაი დაუკლებლად მოგეცით. და მათ მწირველად რაიცა ძუელიდგან არა ზედა სდებია, ნურას წყენასა იკადრებ.

და გქონდეს სოფელი ორომაშენი ყოვლითა მისითა მიმდგომითა, სახმრითა და უხმრითა შენ და შვილთა და მომავალთა შენთა. გიბედნიერენ ღმერთმან. არ შეგეცვალოს დაწერილი ესე მიუკუნისამდე ერთგულად მსახურებასა შინა კათოლიკე ეკლესიასა და ქართლისა კათალიკოზთასა, არა ჩუენგან და არცა შემდგომთა ჩუენთა სხუათა ქართლისა კათალიკოზთაგან.

და ვინ და რამანცა გუარმან კაცმან, რაისაცა მიზეზისა მოღებითა, ესე ჩუენგან ქმნილი შეგიცვალოს და ანუ რად წყენად და ცილობად იწყოს, ჰრისხავსმცა მამაი, ძე და სული წმიდაი და კრულმცა არს წმიდისა კათოლიკე ეკლესიისა მადლითა მუნ შინა ღმრთივ-აღმართებულისა სუეტისა ცხოველისა, კუართისა საუფლოისა და მიჰრონისა ღმერთ-მყოფელისაითა, ყოველთა პატრიაქთა და მღდელთ მოძღუართა ჯუარითა და მადლითა. და ნუმცა იხსნების სული მისი სატანჯველთაგან დღესა მას დიდსა განკითხვისასა, წინაშე ღმრთისა.

დაიწერა ხელითა დისწულისა ჩუენისა და საჭურჭლისა მწიგნობრისა იოვანესითა.

[დამტკიცებები]:

  • ქ. ჩუენ დავით მეფესა დაგუინიშნავს.
  • ქ. ესე, ვითა ზემოთ დაგუიწერია, ვაჩე გუარამაისძისათუინ და კათოლიკე ეკლესიისა და კათალიკოზთათუინ სასამსახუროდ სოფელი ორომაშენი მოგუიცემია, ჩუენითაცა ხელითა დავამტკიცებთ.
    შემცვალებელნი ამისნი კრულნია სიტყუითა ღმრთისაითა, მადლითა კათოლიკე ეკლესიისაითა, მუნ შინა ღმრთივ-აღმართებულისა სუეტისა ცხოვლისა, კუართისა საუფლოისა და მიჰრონისა ღმრთივ-მყოფელისაითა და ყოველთა პატრიაქთა, მღდელთ-მოძღუართა ჯუარითა და მადლითა და ჩუენ გლახაკისა ჯუარითა.
    დამამტკიცებელნი ღმერთმან აკურთხნენ და წმიდამან დედაქალაქმა!
  • ქ. ვითა ქართლისა კათალიკოზსა მიქაელსა გურამაისძე ვაჩე შეუწყალებია და კათოლიკე ეკლესიისა მკუიდრი დმანისის პირს სოფელი ორომაშენი უბოძებია, მე, გლახაკი არსენი, ქართლისა კათალიკოზივე, ჩემითა ხელითა დავამტკიცებ.
  • მოწამე ვარ და დაწერილისა დამამტკიცებელი ავაგ ათაბაგი და ამირსპასალარი.
  • მე, შაჰანშა მანდატურთუხუცესიცა დამამტკიცებელი ვარ.
  • ქ. მოწამე და დამამტკიცებელი ვარ უღირსი იოვანე მაწყუერელი.
  • ქ. ესე ვითა ქრისტეს მიერ ქართლისა კათალიკოზსა მიქაელს მიუწერია და ზედა ძესა მეფეთა-მეფისა დავითს ხელითა მათითა დაუმტკიცებია, მეცა, უღირსი ბასილი ჭყონდიდელი და მწიგნობართუხუცესი მოწამე და დამამტკიცებელი ვარ.
  • ქ. მე, გამრეკელი მეჭურჭლეთუხუცესიცა მოწამე ვარ.

საბუთის დათარიღება

edit
  • 1419-1424 წწ. - მარი ბროსე;
  • 1310-1318 წწ. - თედო ჟორდანია. დათარიღების საფუძვლად აღებულია ქართლის კათალიკოსების ზეობის წლები და მიჩნეულია, რომ მიქელ კათალიკოზი უნდა ყოფილიყო ევფემიოს კათალიკოზის შემდეგ, დაახლოებით 1310-1318 წლებში და ამ დროს მიაკუთვნებს სიგელსაც;
  • 1249 წ. - სარგის კაკაბაძეს საბუთის პირველ გამოცემაში საბუთი დათარიღებული აქვს 1249 წლით.
  • 1241 წ. - სარგის კაკაბაძემ საბუთის მეორე გამოცემისას 1945 წ. სიგელი დაათარიღა აქვს 1241 წლით. ამის საფუძვლად აღებულია სიგელის დამტკიცების ფრაზა: "ესე ვითა ძესა მეფეთა-მეფისა დავითს დაუმტკიცებია", რის საფუძველზეც ს. კაკაბაძის აზრით 1241 წელს დავით რუსუდანის ძე თავის ვაზირებთან ერთად ჩამოდის მონღოლებთან საქმის მოსაგვარებლად და სწორედ ამ დროს ხდება სიგელის დამტკიცებაც.

ს. კაკაბაძის დათარიღება გაიზიარებულია ი. დოლიძის, პირთა ანოტირებული ლექსიკონის და ქართული საბუთების კორპუსის მიერ.

პუბლიკაცია

edit