...თქუენ ყოვლად წმიდასა ულუმბისა ღვთისმშობელსა, მე, თქუენთა ცვა-ფარვათა სასოებით მვედრებელმან, ღმრთისა და მეფეთაგან დიდად შეწყალებულმან, ამირეჯიბმან ქუცნამან, ხელვყავ შენებად უდაბნოსა ამის თქუენისა მას ჟამსა, ოდეს უღმრთოსა დემურს სრულიად აღეოხრა და უმკვიდრო ექმნა საქართუელო და წარეტყუენნეს ყოველნი მონასტერნი და უმეტესად ყოველთასა უდაბნო ესე თქუენი, რომელ საძირკუელიცა არა დაშთომილ იყო.
ამისთვისცა მინდობილმან შეწევნათა შენთამან, დაღაცა თუ უღირს ვიყავ საქმედ, ვიგულის-მოდგინე შემართებად ახლად საძირკულის-საფუძულის შთაგდებასა და შეკრებად განბნეულისა და უხმარ ქმნილისა, ვინადგან მასმიოდა ძისა თქუენისა და მეფისა და ღთისა ბრძანებათაგან, ვითარმედ გლახაკმან ამან უფროს ამათ ყოველთასა დადვა ფასის საცავსა ამას ზედა და კუალად, ვითარმედ, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ.
და აწ, მეცა მრწამს შენ მიერ დედოფალო ყოვლად წმიდაო, ვითარმედ ძალგიც ყოველივე, რაიცა გენებოს, ვითარცა დედასა ყოველთა მეუფისასა.
ამისთვისცა გევედრები, რათა მეოხებითა შენითა წარემართოს საქმე ესე ჩემ-მიერ ხელყოფით და საუკუნოსა მას მექმნას შემწე დღესა ჭირისა ჩემისასა და სოფელსა ამას წარუმართოს პირმშოსა ამას ძესა ჩემსა რამინს და ძმათა მისთა.
და კუალად გევედრები, კურთხეულო ყოვლად წმიდაო, რათა კურთხევა და წყალობა შენი იყოს ნათესავით ნათესავადმდე ჩუენ ზედა, ამინ.
და განვაჩინეთ აღაპნი: ცხრა დღე თვით ჩემთვის, ექუსი დღე ძისა ჩემისა რამინისთვის, ოთხი დღე მეუღლისა ჩემისა რუსასთვის, ორი დღე რძლისა ჩუენისა ანასთვის, ორი დღე მამისა ჩემისა ცუარისათვის, ერთი დღე ბიძისა ჩემისა რამინისათვის, ორი დღე პაპის ჩემის ქურციკისათვის, სამი დღე მეფის ალექსანდრესათვის, ორი დღე მეფის კოსტანტინესთვის, ერთი დღე დედოფლის ნათიასთვის, ორი დღე გიორგი-მეფისა, ერთი დღე რუსუდან-მეფისა, ერთი დღე ქურციკის მეუღლისა.
ესე მტკიცე ჩუენ ნებითა და შეწევნითა შენითა, ამინ.
ვინცა და რამანცა ადამის ნათესავმან ეს ჩუენი შეწირული და გარიგებული წარსრულთა და გარდაცუალებულთა მამათა და პაპათა და მომავალთა ჩუენთა შვილთა და შვილისშვილთა სადღეგრძელოდ მოგვიშალოს, მათდამცა ნუქბად განიკითხვის ცოდვათა ჩუენთათვის, ამად არა ხელეყოფის შლად და ქცეუად სხუასა ნათესავსა კაცსა.
არა შეგვიწირავს არა ნაწყალობელი მეფეთაგან, არა ნაძალადევი ამხანაგთაგან და მეზობელთაგან, არა ნაპარევი ქუეყნისაგან. რაიცა შევსწირე ნასისხლი და ნაჯილდოვები, ნამზითვი, ნასყიდი და საუპატიოდ აღებული არს.
როდეს ფალავანდიშვილის საქმეზედა მეფეთ მეფემა ალექსანდრემა შეხუთა ალი, ორნი ძმანი პაპის ჩემისა დაიჭირეს და ტყავები დაჰხადეს და ბზით დატენეს ალინჯას. აიღეს (ალი) მისად სანუქფოდ.
კიდევ შეგვიწყალნა ჩუენ და ჩუენგან აშენებული ალი ისრევე გვიბოძა. შევსწირეთ მათ წამებულთათვის გამოღმა ალი ბაჟის მესამედი, წაკუაძის სარგოს გარეთ რაც შეწირულს სიგლებში ეწეროს იმგუარად.
დავდევით ულუმბისა ღვთისმშობლის ბეგარი ოთხმოცი ლიტრა ზეთი, ორორი ზურგიელი, მიწისგან მეხუთედი მოდი, მთელმან მამულმან ოცდაოთხი კოკა საულუმბოს კოკითა, სხუა არა ეთხოებოდეს რა.
ჩიჯანს მისი სამოურაო არ დააკლდებოდეს; ულაყი აქათ თბილისამდი და იქით ქუთაისამდი.
აწე ვინცა და რამანცა მონათესავემან ეს მოშალოს, მათ წამებულთათვისმცა იგი განიკითხვის.
შევსწირეთ წაღვლი ნასყიდი და ნამზითვი მხეიძისაგან. შევსწირეთ, ოდეს წარგვიჩინა თვით და ამისად რუსუდან მეფემან ლაშქარსა სპარსისასა და გაგუემარჯუა; მინდორს შევიბენით და ამოვსწყვიდეთ, მოვართვით დროშა და თაჯი თვითვან მაღლის სულთნისა და გვიყო წყალობა და გვიბოძა ჯილდოდ რაც ვიაჯეთ.
ლომინაძისგან გამოტანებული მზითევი ბებიის ჩემისათვის წირქუალი და ზოდი მონასტრისა, ჩუენისა მოსახსენებლად და შესაწირავად მსხუერპლისა ჩუენისა ყოვლად წმიდისათვინ. ნაოხარი სოფლები ღოდორა, ლიჩი და გოლისი, უწლევი, ბობოკინი, ბროლოსანი და აძვისი, და რაც გამოსაღები და ბეგარი გაგუეჩინოს, მოძღუართ მოძღუარს მიუბარებდეს. თორმეტს საუფლოს დღეს ჟამს გვიწირევდეს საულუმბოს მღუდლითა და კარგაღებულს აღაპს გარდაიხდიდეს. და დროშაცა შევსწირეთ მეხოიშნესა ჩუენსა, და თაჯი მრავალძალსა.
ჰოი მომავალნო და წარჩინებულნო ამა მოკლისა სოფლისანო! ნუ ვინ გაგვიცუდებთ ჭირნახულსა ამას ჩუენსა, ნუ ვინ მოგვიშლით აღაპსა და შეწირულსა ამას ჩუენსა. რამეთუ აღვესრულენით მეფეთა ჩუენთათვის და დავსთხიეთ სისხლი ჩუენი. გადიდებისათვის მოეკუეთნეს თავნი ხელმწიფეთა წინა სამოცდაერთისა ჩემისა აგარიანთა ხელითა.
რაიმანცა ადამის ნათესავმან ესე ჩუენგან შეწირული და აღაპი მოგვიშალოს... შერისხდი, პატიოსანო ულუმბისა ღვთისმშობელო...
მე, ნათესავთა უნარჩევესმან ამირეჯიბმან ქუცნამან ვიგულისხმე და ვიგულისმოდგინე, როდეს პაპას ჩემსა ლაშქართა თავსა დიდად შეწყალებულსა ბატონს ქუცნას დემურისგან მიწის სწორად გასწორებული ულუმბის ღვთისმშობლის მონასტერი აღუშენა და თვისი აღაპი და წირვა განუჩინა.
მოიწია ჟამსა ცხოვრებისა ჩემისასა ხელმწიფე სპარსეთისა და იუბნა და წარმგზავნა ელჩად კოსტანტიპოლის.
ვიყიდე ქუემო ბრეძა კლიმიჩაძისაგან და შევსწირე პატიოსანსა ულუმბისა ღვთისმშობელსა და განუჩინე აღაპი ჩემი და ჩემის შვილის რამინისთვინ საღულაშენი ჩიტალაძისაგან კუჭაძისათვის მისყიდული, ახალდაბისათვის მომცა, ვითაცა ახალდაბა კუჭაძისგან ჩემი ნასყიდი იყო. მისად სანაცვლოდ ახალდაბა თუმანიშვილსავე მისცა, ძუელთაგან მათი ყოფილიყო.
მესამედ რომე მოველ კოსტანტიპოლით (1388-9), კახეთით დედოფალი ნათია ვით უბედო ქმნილ იყო და შეეწყალა პატიოსანსა ულუმბისა ღვთისმშობელსა და მიეცა ძე, მოუტანა საქონელი ურიცხვი. ჩემდა მოსულამდე ბიძას ჩემს ალუქბარს მიეყიდნა ღოღეთი და შეეწირა ულუმბისა ღვთისმშობლისათვის. ვიწყინე და არ ვიკადრე განსყიდვა მამულისა, მივეც საქონელი ურიცხვი და დავიხსენ სოფელი ღოღეთი და არცაღა გამოვსწირე. განუახლე გუჯარი. ახლავე განუჩინე აღაპი ერთი დედოფლისა ნათიასათვის. აიღებდენ მეხუთედსა მოდსა და ერთსა გუთანსა ჩუენსა შეინახვიდენ. რომელიცა გამოვიდოდეს, მიუტანდენ ულუმბას; და მოძღუართ მოძღუარი, რომელსაცა დღეს ამ სვინაქსარსა შინა ეწეროს, აღაპს გარდაიხდიდეს ღოღურის მოდისაგან, ზოგს მონაზონს მისცემდით და მოგზაურს აჭმევდით.
არის ულუმბისა ღვთისმშობლისა მამული შეწირული: გამოღმა ალი სრულიად ბაჟის მესამედი, ორი კომლი შიგ ალში ნასყიდი ურიები, ალისთავს სრულობით უწლევი, სრულობით ბობოკინი, ბროლოსანი, იძვისი, სამი კუამლი ნაბახტევს, ორი კუამლი დუმატხოს. აძურის წისქვილისათვის ფლეველთ თვითო კოდი პური, თვითო კოკა ღვინო სააღაპოდ, ორი კუამლი სტკოცას მხეიძისგან მზითევს გარდაისად, წაღული სრულიად, ღოღეთი სრულიად, საღუალაშენი სრულიად, ქუემო ბრეძა სრულიად, ფრცული ღალა ათისთავი გოგობასშვილმან და კოკაისშვილმან, ბეგარა რა-რიგათაც ნუსხაში ეწეროს, სამი კუამლი ზემო ბრეძას, ორი აბანოს, ორი ატუაცს; ერთი ს დღის სააღაპო პური და ღვინო ქალეთური, ერთი აღაპი მაღრაძემ უნდა გარდაიხადოს, ერთი კუამლი კაცი თავისთვის შემოწირული, ღოდორა, ლიჩი, გოლისი, ხეფინისხევი, - რაც ნუსხაში ეწეროს მუშაობა და აღაპი. გუჯარა და ჯრუჭულას შუა რაც სააღაპო გაგუეჩინოს, ასანიძე მამია და ჯანიბეგ უნდა მოვიდეს. კათალიკოზის ჯუარი მცხეთის ჯუარს და წარვიდეს ულუმბისა ღვთისმშობლის მამათ-მთავარი. აიღოს სარჯულო და სახუცო და დრამა. ორი წილი მოძღუართ-მოძღუარსა, მესამედი კათალიკოზს მოაბაროს, მიცუალებამდი სხუაი სახელოი არა აქუს. და რომელმანცა მცხეთას დასაფლავება მოინდომოს, ნიშანი კათალიკოზისა არის; და თუ ულუმბას დაესაფლაოს, ერთი ცხენი და ერთი წასახურავი კათალიკოზისა არის და საწირავი და ნიშანი მოძღუართ-მოძღუარსა არის."
საბუთის პერსონალია
edit- მეფეთა მეფე ალექსანდრე
- გიორგი მეფე
- მეფე კოსტანტინე
- რუსუდან მეფე
- დედოფალი ნათია ამირეჯიბი
- ქუცნა ამირეჯიბი (ულუმბოს განმაახლებელი)
- ქურციკი - ქუცნა ამირეჯიბის პაპა
- ცუარი - ქუცნა ამირეჯიბის მამა
- რამინი - ქუცნა ამირეჯიბის ბიძა
- რამინი - ქუცნა ამირეჯიბის ძე
- რუსა - ქუცნა ამირეჯიბის მეუღლე
- ანა - ქუცნა ამირეჯიბის რძალი
- ქუცნა ამირეჯიბი (დიდი ქუცნას შვილიშვილი)
- ალუქბარ - ქუცნა ამირეჯიბის ბიძა
თედო ჟორდანიას შეცდომით მიაჩნია, რომ ალექსანდრე მეფე გიორგი VII-ის ძეა და შესაბამისად დედოფალი ნათია გიორგი მეფის მეუღლედ მიაჩნია. აგრეთვე, ქუცნა ამირეჯიბის აღაპში მოხსენიებული ალექსანდრე და კონსტანტინე მეფეები მას XIV საუკუნის იმერეთის მეფეებად მიაჩნია.
"პირთა ანოტირებული ლექსიკონი" შემდეგ პერსონებს ხედავს:
- ქუცნა გაბელიძე ამირეჯიბი [1412-1431] - რომელმაც განაახლა ულუმბის ღვთისმშობელი და რომელმაც გაუჩინა აღაპები თავის პაპა ქურციკს, მამას - ცუარს, შვილიშვილს - ალექსანდრე მეფეს და სხვ. სწორედ ისაა ელჩი კონსტანტინოპოლში და ნათია დედოფლის მამა - გვ.578
- ქუცნა გაბელიძე ამირეჯიბი [1537-1538] - შვილიშვილია დიდი ქუცნასი. მან ფალავანდიშვილთა საქმეზე დასჯილი თავისი პაპის ძმების სახელზე შესაწირავი შესწირა ულუმბოს - გვ.579
პუბლიკაცია
editთედო ჟორდანია - "ქრონიკები" - ტომი II - ტფილისი 1897 - გვ.207-213
editთედო ჟორდანია სიგელს 1401-1415 წლებით ათარიღებს.
"პირთა ანოტირებული ლექსიკონი" - ტომი I - თბილისი 1991 - გვ.316-317
editპირთა ანოტირებული ლექსიკონი მიუთითებს მხოლოდ თ. ჟორდანიას გამოცემას, მაგრამ საბუთს 1412-1431 წლებით ათარიღებს. ამასთანავე საბუთი დაყოფილია ორ შეწირულებად, პირველი ალექსანდრე მეფის პაპა ქუცნა ამირეჯიბი და მეორე მისი შვილიშვილი ქუცნა, რომელმაც ალინჯაში წამებული თავისი პაპის ძმების სახელზე გააჩინა აღაპი.
ქართულ ისტორიულ საბუთების კორპუსში გაზიარებულია საურმაგ კაკაბაძის დათარიღება 1407-1410 წლები.
შენიშვნები
editთ. ჟორდანიამ სიგელი შემდეგი შესავლით გამოაქვეყნა:
1401-1415 წ. - ამირეჯიბთა გვაროვნობითი სიგელი
"მცხეთის XVII საუკუნის ხუცურად გადაწერილ ნუსხაში №: ტჲ: (507) შეტანილია დიდად საყურადღებო და ჩვენის ისტორიისთვის დიაღ გამოსაყენებელი სიგელი ქუცნა ამირეჯიბისა, რომელშიც მოკლედ აღწერილია ამირეჯიბთა გვაროვნობის სხვა-და-სხვა დროინდელი მოღვაწეობა საზოგადოდ სამეფოსთვის და კერძოდ ულუმბას ტაძრისთვის. ქუცნა ამირეჯიბს აღუშენებია "დემურისაგან" (ე.ი. ლანგ-თემურისაგან) დარღვეული ულუმბა და იგი თანამედროვეა თემურისა. გარდა ამისა ქ-ცხბა გვაცნობებს, რომ ქუცნას ქალი ნათია იყო ცოლი გიორგი მეფისა და დედა ალექსანდრე დიდისა. ცხადია, რომ ის ცხოვრებულა გიორგი მეფის დროს, როდესაც იგი მოხუცებაში იქნებოდა. ამასთან ეს სიგელი ჰმოწმობს, რომ ნათიას ბევრ ხანს შვილი არ ჰყოლია და ულუმბის ხატის სასწაულ-მოქმედობით მას მისცემია შვილი ალექსანდრე. ხოლო რადგან ალექსანდრე 1389 წელს დაიბადა, როგორც ოქმებიდგან მტკიცდება (1413 და 1430 წწ. ქრონიკები), ამის გამო ძნელი მისახვედრი არ არის, რომ სიგელი უნდა იყოს დაწერილი 1389 წლის შემდეგ, მაგრამ არა მეტად დაშორებულ დროს. ისიც ნამდვილად სჩანს, რომ ქუცნა მკვდარი ყოფილა 1431 წ. (1431 წ. ქრონიკა). ქუცნა ცოლითურთ (რუსა ბებია ალექსანდრე მეფისა) დახატულია აწ დარღვეულს ულუმბიის ტაძარში.
რადგან სიგელში მოხსენიებულია სხვა-და-სხვა დროის შეწირულებანი და ამბავნი, ამის გამო ჩვენ ვფიქრობთ, რომ სიგლის შემდგენელს ხელში ჰქონია სხვა დაწერილი ცნობები, რომელნიც ერთად მოუქცევია. მართლაც სიგლის ბოლოში ხმარებულია ფრასა: "მოძღუარი, რომელსაცა დღეს ამ სვინაქსარსა შინა ეწეროს, აღაპს გარდაიხდიდეს"... სჩანს, რომ ეს ცნობები (უფრო ვრცლად) ულუმბიის სვინაქსარის აღაპებში ყოფილა სხვა-და-სხვა დროს შეტანილი; და ჩვენ ვფიქრობთ, რომ თვით ნამდვილი ასლი ამ სიგლისა იმ სვინაქსარშივე იქნებოდა პირველად ჩაწერილი, საიდამაც ის შემდეგ გადმოუწერიათ.
ახალ ცნობებში, რომელნიც მოხსენებულნი არიან ამ სიგელში, საყურადღებოა და უცხო რუსუდან-მეფის დროის (1223-1245 წ.) სულთანზე გამარჯვება, ალექსანდრე (იმერთა) მეფისგან ალის დახუთვა და ამირეჯიბთა სასტიკად დასჯა, და თვით სიგლის მიმცემის ქუცნასი სამჯერ გაგზავნა ელჩად კონსტანტინეპოლეს."
თ. ჟორდანიას შეცდომით მიაჩნია, რომ ალექსანდრე მეფე გიორგი მეფის შვილია და არა კონსტანტინესი.
ასევე თ. ჟორდანიას მიაჩნია, რომ სიგელში მოხსენიებული ალექსანდრე მეფე, რომელმაც "შეხუთა ალი" იყო იმერთა მეფე, რომელმაც ისარგებლა თემურ-ლენგის შემოსევის გამო ბაგრატ და გიორგი მეფეების დაკავებულობით და დაიპყრო ქართლი.