1412-1419 წწ. - დაწერილი თაყა ფანასკერტლისა სვეტიცხოვლისადმი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

edit

დედანი: დაკარგულია.

პირები:

  1. სინოდის კანტორის № 507 პირების კრებული - № 102 (დაკარგულია).

საბუთის შინაარსი

edit

---შენ ---და ქართლის კათალიკოზსა ელიოზს--- მოგახსენეთ სააღაპედ პატრონისა ჩუენისა, დიდისა დედოფლისა სითიხათუნისათვის ატენს - ლუსმალაური მამული. ასე, რომ ფერიცვალება დღე პატრონისა ჩუენისა დისა, დედოფლისა სითიხათუნისათვის გარდაიხდებოდეს კარგაღებული აღაპი და ფერისცვალების მეორე დღე - ჩემთვის--- შემოგწირეთ მეფეთ-მეფის ალექსანდრეს ბრძანებითა და ნება-დართვითა ატენს - ლუსმალური მამული--- მე, ფანასკერტელმა თაყამან, პატრონისა ჩუენისა დისა სითიხათუნის სააღაპედ ასე, რომე მატანელთა არა საქმე დააგდონ მას გუერც, არა ყალანსა, არა კულუხსა თანა---

საბუთის დათარიღება და პერსონალია

edit
ქართულ ისტორიოგრაფიაში მიღებულია, რომ თაყა ფანასკერტელ-ციციშვილის და სითი-ხათუნი არის მეუღლე ალექსანდრე I-ის ვაჟის ვახტანგ IV-ისა. ამის შესახებ ცნობას გვაწვდის "ახალი ქართლის ცხოვრება" (მეორე ტექსტი): "ქორონიკონს რლ (1442 წ.). [ალექსანდრე მეფემ] დასუა მეფე ქართლსა და იმერეთს პირველი შვილი ვახტანგ და შერთო ფანასკერტლის ქალი და დაი თაყას ფანასკერტლისა დედოფალი სითი-ხათუნ". ვახუშტი ამ ამბავს ესე მოგვითხრობს: "1442 წ. შემდგომად მეფის ალექსანდრეს წილ გამეფდა ძე მისი ვახტანგ... მეფესა ამას უთხრეს შუენიერება და სიკეკლუცე ფანასკეტელის ასულის სითი-ხათუნისა. ეტრფიალა მეფე და მოიყვანა ცოლად და ჰყო მისთანა ქორწილი ჯეროვანი და შეიყუარა ფრიად. 1444 წ. მოკუდა დედოფალი სითი-ხათუნ და დაფლა მეფემან ბანას. ამისა შემდგომად იმეფა ვახტანგ წელი ერთი მწუხარებით ცოლისა თჳსისათჳს. გარნა მეფობდა კეთილად განგებითა ქუეყნისათა, მერმე გარდაიცვალა ქრისტესა ჩუმე (1445), ქართულსა რლგ და არა დაუტევა ძე, არცა ასული, და დაფლეს ბანასავე ცოლისა თჳსისა თანა.  
დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ "ახალი ქართლის ცხოვრების" წყარო სწორედ ჩვენი ზემომოყვანილი სიგელია, მაგრამ მოდით დაწვრილებით გავაანალიზოთ თვით ეს სიგელი: სიგელში მოხსენიებულმა ელიოზ კათალიკოსმა 1419 წელს ტახტი მიქელ კათალიკოსს გადაულოცა 1419 წ. სიგელი, ე. ი საბუთი 1412-1419 წლებშია შედგენილი, მაგრამ მეორე მხრივამ დროს ალექსანდრე მეფის ვაჟი ვახტანგი მაქსიმუმ 10-12 წლისა თუ იქნებოდა, თვით ალექსანდრეს ასაკიდან გამომდინარე და დანიშნულიც რომ ყოფილიყო სითი-ხათუნზე, თაყა ფანასკერტელი უფლისწულის მეუღლეს დიდ დედოფალს მაინც ვერ უწოდებდა.  
ამდენად, ან საბუთი უნდა გადათარიღდეს 1445 წლის ახლო ხანებით (რასაც ეწინააღმდეგება ელიოზ კათალიკოსის მოხსენიება), ანდა გამოდის, რომ სითი-ხათუნი არა უფლისწულ ვახტანგის, არამედ რომელიღაც სხვა მეფის მეუღლეა, ასეთი კი მხოლოდ გიორგი VII შეიძლება იყოს.

საბუთის პუბლიკაციები

edit