1442-1444 წწ. 09.21. - დიმიტრი მეფის მიერ კაპანაძეთათვის მიცემული სასისხლო სიგელი

საბუთი Sd-796




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

პირი:

საბუთის ტექსტი

edit

საბუთის ტექსტი: 1924 - კაკაბაძე სარგის - სასისხლო სიგელების შესახებ


მეფ... მეფეთა, მეფისა დიმიტრისა, მეავჟანდეთა მისთა დადიან-გურიელისა და მათათა ნიადაგთა და კამყოლთა დაგუიმტკიცებია სიგელი ესე გაჩენით გარდანახადაი და გარდაგხდილი. გიბედნიეროს ღმერთმან სიგელი ესე თქვენ კაპანაძესა და შენთა ნათესავთა და მომავალთა ყოველთავე და სახლიშვილთა შენთა.

აწ ახლად დაუმტკიცეთ მეფეთა ბრძანებითა სასისხლო სიგელი ესე, სანახშიროდ, საზაოდ და შესამყრელოდ ორი ათასი, სადაღოდ სამი ათასი, საგერშოდ ორი ათასი თეთრი დაგეურვებოდეს.

თუ ვინმე ცოლი მოგი..ნას, ანუ წაუღოს, ნახევარი სისხლი ამისგნ გარდაიხადოს.

თუ ვინმე სახლი დაგიწვას, ანუ დაგირბიოს, მაშინც ნახევარი სისხლი დაგიუროს.

თუ ვინმე მუქარა გთხოვოს, ანუ გიღალატოს, მაშინც ნახევარი სისხლი დაგიუროს.

თუ ვინმე სასაძოვრე გაგიტეხოს, ანუ ცხენ-ხვასტაგი წაგისხას, ორი ათასი გარდაგიხადოს.

თუ ვინმე გირძნეულობა შემოგყივლოს, ნახევარი სისხლი დაგიუროს

თუ ვინმე ცოლი მოგი..ნას, ანუ წაგიღოს, ნახევარი სისხლი დაგიუროს.

თუ ვინმე ექვსთა ხელ-ფერხთა და თვალთაგნ დაგიშავოს, მეექუსედი სისხლი დაგიუროს

თუ ვინმე მწყემსი გაგიუპატიოს, როგორაც ამისგნ ხვდებოდეს, აგრე გარდაგიხადოს.

ვინც ეკლესია, ანუ სასაფლაო ანუ წისქვილი გაგიტეხოს, ნახევარი სისხლი დაგიუროს.

თუ ვინმე მეწისქვილე გაგიუპატიოს, როგორაც ამისგნ ხვდებოდეს, გარდაგიხადოს.

აწ ვინც ნახოთ ბრძანება და სიგელი ესე, ჩვენთა შემდგომად მეფეთა, უჯუარობით დაუმტკიცეთ ჩვენ მეფეთა ბრძანებითა და ნუვინ უშლით ამა ჩვენგან განჩენილსა სიგელსა. ქონდეს თქვენ კაპანაძესა დავითს, შენთა შვილთა და სახლიშვილთა და მომავალთა ყოველთავე, როგორაც ჩვენგან ბოძებასა მართებდეს ამა სიგელსა აგრე ქონდეს და წმიდანო მეუფენო ქრისტეს მიერნო, დაუმტკიცეთ და ნუვინ უშლით, ნუც ებისკობოზნი, ნუც ქათალიკოზნი, ნუც მღდელთ მოძღვარნი, ნუც ციხისთავნი, ვუც აზნაურნი, ნუც დიდებულნი, ნუც უზედაესნი, ნუც უქვედაესნი. დედოფალთა, აზნაურთა, ავიანთა, ოთხმიზურთა და ყოველთა ჩვენისა კარისაგან გამოსრულთა მოსამსახურეთა ცვენთა უჯუარობით დაუმტკიცეთ, როგორაც ზემოთ სწერია.

ბრძანება და სიგელი ესე ინდიკტიონსა მეფობასა ჩვენისასა, თუესა სეკნდებერსა ოცდაერთსა, ხელითა ოდიკიტრისა გურგენისათა, ამინ, უფალო.

პუბლიკაცია

edit

საბუთის დათარიღება და პერსონალია

edit

სარგის კაკაბაძე სიგელის გამცემად თვლის ალექსანდრე დიდის შვილ დემეტრე მეფეს, მაგრამ იმის გამო, რომ დემეტრეს ძმა ვახტანგი 1429 წელს მეფედ იხსენიება, სავარაუდოდ ამ წლიდან დიმიტრიც შეიძლება გამეფებულიყო და ამდენად საბუთს 1429-1452 წლებით ათარიღებს.


პირთა ანოტირებულ ლექსიკონში გაზიარებულია ს.კაკაბაძის მოსაზრება და საბუთის გამცემად დიმიტრი მეფე, ხოლო თარიღად 1429-1452 წლებია დასახელებული, თუმცა გაცემის რიცხვი 29 სექტემბერია.


გონელი არახამიას მიაჩნია, რომ საბუთის გამცემი დიმიტრი მეფე შეიძლება ყოფილიყო, როგორც დიმიტრი ალექსანდრე დიდის ძე, ასევე დავით ნარინის შთამომავალი დიმიტრი მეფე. რაც შეეხება საბუთის დათარიღებას, გ. არახამიას აზრით 1442 წლამდე იმერეთში მეფობდა ვახტანგ გორგასალი, ხოლო 1444 წლიდან კი ბაგრატ მეფე. ამდენად დიმიტრის მეფობისათვის რჩება 1442-1444 წლების შუალედი, როდესაც გაცემული უნდა იყოს ეს საბუთიც.




ჩვენი აზრით გონელი არახამიას მსჯელობა ნაკლებად არგუმენტირებულია, თუმცა სარგის კაკაბაძის მოსაზრება უფრო არასწორად გვეჩვენება და ჯერჯერობით ვტოვებთ გ. არახამიასეულ დათარიღებას.