პირი საბუთისა 1589-1600 წწ. - შეწირულების წიგნი დორეთეოზ კათალიკოსისა ნიტრიის ღმრთისმშობლისადმი

საბუთის აღწერილობა edit

დ ე დ ა ნ ი: სეა, 1448-5008-ა; მაღალი ხარისხის ეტრატის გრაგნილი, დახვეული სპეციალურ ჯოხზე; ოთხი, ერთმანეთზე წითელი და შავი აბრეშუმის ძაფებით გადაკერებული კეფი; საერთო ზომა: 208,1X23 სმ; მხედრული; მუქი ყავისფერი მელანი, განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი და სამწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ; ტექსტი იწყება გამშვენებული ქანწილით. დაზიანება: საბუთი სიძველისგან გაყვითლებულია, მარჯვენა გვერდითი კიდეები შედარებით უფრო გაცრეცილია, I, II და IV კეფების მარჯვენა კიდეები კი ალაგ-ალაგ ამოგლეჯილია და შევსებულია სარესტავრაციო ქაღალდით. მე-5 და მე-9 სტრიქონები ძნელად განირჩევა; საბუთს თავში მიკერებული აქვს მოჩარჩოებული ქაღალდის ფურცელი, ზომით: 20X15,5 სმ., რომელზედაც გამოსახულია ტახტზე მჯდომი ღვთისმშობელი ყრმით. ღვთისმშობლის შარავანდედის გასწვრივ, მარჯვენა მხარეს, სინგურით მიწერილია: "დ(ედ)ა ღ(მრთ)ისა". მარცხნივ, ღვთისმშობლის დაბლა დგას შემწირველი, შარავანდედით მოსილი კათალიკოსი, რომელიც გრაგნილს მიართმევს ღვთისმშობელს. კათალიკოსის მარჯვენა მკლავსა და ჩარჩოს ზოლს შორის დარჩენილ ვიწრო არეზე ნუსხურად წერია: "მხატვრისა აკაკისათუის შენდობ(ა)ჲ ბრძანე, მ(ეუ) ფ(ე)ო". მინიატურის ზურგი გამაგრებულია თხელი, გამჭვირვალე სარესტავრაციო ქაღალდით, მხოლოდ ორგან მკრთალად მოჩანს მინიატურული სახარების ტექსტის ორი ფრაგმენტი.