1455-1465 წწ. - სასისხლო სიგელი ბაგრატ მეფისა აბესალომ გელუანისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

საბუთის დედანიცა და პირიც დაკარგულია. ტყავზე ნაწერი სიგელი ვინმე გელოვანს გაუგზავნია ექვთიმე თაყაიშვილისათვის, რომელსაც შემდეგ უკანვე დაუბრუნებია. საბუთის პირი დაწერილი ყოფილა ეტრატზე მრგვალი, მხედრული ხელით და ყოფილა ა-მეტი.

საბუთის ტექსტი

edit

საბუთის ტექსტი: 1909 - საქ. სიძველენი - II - № 488


ქ. ჩუენ, ორისავე ტახტისა მპყრობელისა, ღმრთივ-გვირგვინოსნისა მეფეთა მეფისა ბაგრატუნიანთაგან, იესიან-დავითიან-სოლომონიან-ბაგრატუანისა, და თანმეცხედრისა ჩუენისა პატრონისა დედოფალთა დედოფლისა ელენესაგან, და ძისა ჩუენისა პირმშოსა ვახტანგისაგან, ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა მეფისა, შარვაშე, შანაშე და ყოვლისა აღმოსავლეთისა ვიდრე დასავლეთამდის თვით ხელმწიფედ მპყრობელისა.

მოვიდეს წინაშე ჩუენისა ჩვენი დიდად ერთგულნი, პაპათა და ცამომავალთა ჩუენთა ნამსახური და გუეაჯნეს და მოგვახსენეს აჯა და მოხსენება მათი. ვისმინეთ აჯა და მოხსენება მათი. ვისმინეთ აჯა და მოხსენება გელუანისა აბესალომისი, სვანისა ერისთავისა, მიუბოძეთ სასისხლო სიგელი ესე - ორი ათი ათასი კირმანეული თეთრი დაეურვოს და გაუჩინეთ.

ვქენით მოკითხული და ძველათაც აგრე ქონებოდა, და ჩუენცა აგრე გაუჩინეთ: სანახშირე - ორმოცი ათასი, საპირო და საზაო - თორმეტი ათასი, ცოლისა წაღება და მოტ...ნა ნახევარი სისხლი დაუურვოს.

ვინაც დააკოჭლოს, მესამედი სისხლი დაუურვოს; საჩინო ალაგსა დაღი ოცი ათასი დაუურვოს. უჩინოსა ალაგსა დაღი - თორმეტი ათასი დაუურვოს.

ვინაც გრძნეულობა გითხრას და მართალი გამოვიდეს, ნახევარი სისხლი დაუურვოს.

ვინაც კბილი ჩააგდებინოს, მესამედი სისხლი დაუურვოს, წუერი მოგლიჯოს და არგანი კრას, მეოთხედი სისხლი დაუურვოს.

ვინაც უღალატოს, ციხესა და ეკლესიასა და სასახლე გაუტეხოს, ნახევარი სისხლი დაუურვოს.

ვინაც ბეღელი და წისქვილი გაუტეხოს, მეკობრე მისითა ალაფითა მისცეს დაუმდურველად.

ვინაც ჯოგი გაუტეხოს მეკობრობითა უპიროთა, მეკობრე მისითა ალაფითა მისცენ უმდურველად


საბუთს ჰქონია შემდეგდროინდელი დამტკიცება:

დაუმტკიცეთ და უბოძეთ ჩუენ, მეფეთ მეფემან ალექსანდრე და ძემან ჩუენმან ბაგრატ, და თანამეცხედრემან ჩუენმან თამარ, ღმრთისა შეწევნითა და თავსმდებობითა, ესე სასისხლო სიგელი მივეცით და მივუბოძეთ გელოანსა აბესალომსა, სვანისა ერისთავსა სისხლი ორი ათი ათასი.

ვინაც გამოჩნდეს ღმრთისა არისმყოფელი კაცი და მოკლას გელოანი, ესე ჩუენგან გაჩენილი სისხლი და სიგელი უკლებათ გარდაუხადოს.

ვის გულისთვისა გელუანი დაიკოდოს, თუ გამოენახოს, ოცი ათასი გარდაუხადოს.

ვინაც ესე სიგელი და ბრძანება ნახოთ შემდგომად ჩუენთა მეფეთა, დედოფალთა, ერისთავთა, მანდატურთუხუცესთა, დადიან-გურიელმან, სპასალარ-ათაბაგმან და ყოველთა ჩუენისა ხელისა მქონებელთა, თქუენც აგრე დაუმტკიცეთ დარბაზსა ჩუენსა. ნუ ვინ ხელყოფთ შლად ბოძებულსა ამას ჩუენსა.

დაიწერა სიგელი ესე ხელითა ჩუენისა მდივნისა...


პირის გადამწერთა შენიშვნა:

მე, გურგენასა, მამისასა, ბევროზასა, მამუასა, ჩუენ, ძმათა, გარდმოვსწერეთ სვანეთიდამან დიდითა მოჭირვებითა და ქრთამითა... ბატონმან თანა არა გარდმომყუა, მიუბრუნდი და გარდმოვიწერეთ დიდითა ქრთამითა.

საბუთის დათარიღება

edit
ე. თაყაიშვილი საბუთს აკუთვნებს ბაგრატ VI-ს და ათარიღებს მას 1462-1478 წლებით. 
პირთა ანოტირებულ ლექსიკონში საბუთი 1455-1478 წლებითაა დათარიღებული.
კორპუსში ეს თარიღები მცირედით დაზუსტებულია და საბუთი 1466-1478 წლებით თარიღდება.
რადგან საბუთში მხოლოდ ბაგრატის პირმშო შვილი ვახტანგია დასახელებული და არა მისი მომდევნო გიორგი და ალექსანდრე (რომელიც 1467 წლიდან ჩანს) ჩვენ მიგვაჩნია, რომ საბუთი 1455-1465 წლებშია დაწერილი

საბუთის შინაარსი და პერსონალია

edit

1455-1465 წწ. - სასისხლო სიგელი ბაგრატ მეფისა აბესალომ გელუანისადმი

საბუთის გამცემი: ბაგრატ მეფე, მისი თანამეცხედრე დედოფალთ-დედოფალი ელენე და მათი პირმშო ვახტანგი

საბუთის მიმღები: სვანეთის ერისთავი გელუანი აბესალომი

საბუთის რაობა: ბაგრატ მეფემ გაუჩინა სისხლის ფასად სვანეთის ერისთავ აბესალომ გელოვანს ოცი ათასი კირმანაული თეთრი.

პუბლიკაცია

edit