1462 წ. - მიწის გაცვლილობის წიგნი გულშარ დედოფლისა ბოძებული ივანე სააკაძისათვის





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა edit

დედანი: Hd-1355.

პირი: 1450-27/216.

საბუთის შინაარსი edit

სახელითა ღმრთისაითა, მამისა, ძისა და სულისა წმიდისათა, მეოხებითა ყოვლად წმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისა მშობლისა, მარადის ქალწულისა მარიამისათა; თავდებობითა, მინდობითა, შუამდგომელობითა, ყოველთა წმიდათამოწმობითა, ესე სიგელი და ნიშანი გიბოძე ჩუენ, დედოფალმან გულშარ თქუენა, სააკაძეთა: კავთის ხევისა მოურავსა ივანესა, თქუენსა ძმასა გიორგისა, შვილთა და მამავალთა ყოველთავე: სიაოშსა, როსტევანსა, შალვასა, ავთანდილსა.

გაგიცვალეთ ნოსტესა რომალასშვილისა გულიასეული სასახლე მისითა მიდამოთა, რასაცა ბერთა კალო გაიტანს ბენდიანურის სახლებამდისა კედელსა და კალოს აქათი, ზემო ზღურამდის. სამზღვარი ზის დიდი ლოდი, რასაც მზღურები და ხევი ჩამოიტანს ქუემო შარამდისა. არა გზა დაგეჭიროს ბენდიაურისა კარშიგან საურმო, არა მანანასა კალოზედა, არა ბარამისა კალოზედა.

ესე ასრე გაგიცვალე ჩემსა მეზურესა კავთისხევსა საცლო სახლ-კარი მოგეც. მისი სანაცლო მიწაც დაგაგდებინე ჭანჭახ შიგანა, ერთისა დღისა ბეცელაური ნაშენებისთუის. ქრთმი მამცა, ანდერძიც იყო იმა ვაჟისაგანა. შენ დამესახლე, ამასთანა არვისა არა საქმე ედვას, არა მონასტერსა.

დაიწერა ქრონიკონს რ[ნ].

[ხელრთვა]:

მე პატრონმა დედოფალმა გულშან დაგიმტკიცე.

საბუთის დათარიღება edit

საბუთს უზის თარიღი ქორონიკონი , რის მიხედვითაც ს. კაკაბაძემ სიგელი დაათარიღა 1412 წლით. ეს თარიღია "პირთა ანოტირებულ ლექსიკონშიც". კორპუსში საბუთის ტექსტიდან აღდგენილია ამჟამად გადაშლილი ასო და მიღებულია ქორონიკონი რნ, ანუ 1462 წ.

პუბლიკაცია edit

1912 - ს. კაკაბაძე - ვახტანგ, უცნობი მე-XV საუკუნის აფხაზ-იმერეთის მეფეთაგანი - გვ.69-70 edit

2014 - ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 48 edit