1556 წ. - შეწირულების წიგნი ლუარსაბ და სვიმონ მეფეებისა მთაწმინდის წმ. დავითის მონასტრისადმი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

პირი:

საბუთის შინაარსი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა, შემოუწირავს მთაწმიდას წმიდას დავითისთვის კურთხეულსა ზურაბს კურთხეულის მამის მისის გიორგის სულისათვის, კაკა-ზურაბასეული ვენახი და დაუდებია თორმეტი ლიტრა ზეთი ქალაქურის ლიტრითა. ასრე რომე, ყოვლთ ქრისტიშობის თვესა უნდა უკლებლად შენსა ტაძარსა შემოვიდოდეს, და აგრევე ურიული ვენახი და დაუდებია ოთხი ლიტრა სანთელი და ერთი ლიტრა საკმელი. უკლებლად უნდა შენს ტაძარს მოებარებოდეს. და აგრევე კურთხეულისა დედის მისის მირაინგულის სულისათვის შემოუწირავს დიღვამს შინდიკაშვილის ყარა-დოვლათიერისეული ვენახი, და ჩუენ, მეფეთ-მეფემან პატრონმან ლუარსაბ, ნება დავრთეთ ამა შეწირულისა და არაოდეს მოეშალოს.

და სოფლისა ვითარებისაგან კურთხეული ზურაბ ამიერ სოფლით მიიცვალა. და ჩუენ შევსწირეთ მისის სულისათვის მთაწმიდას წმიდის დავითის მონასტერსა ქალაქს გლეხნი, მისეულისავე მამულისაგან ედემაშვილი დავითაი. ასრე რომე, რვას ლიტრას ზეთსა და ორს ლიტრას სანთელსა თქუენს საყდარს მოიღებდეს და ასსა თანგასა წინამძღვარსა მიართმევდეს. და ამას გარეთ, რაც ძალედვას, წინამძღვარსა მსახურებდეს.

აგრევე ქარფრითა შემოგვიწირავს ურიულის ვენახს გარეთ. მიართმევდეს მთაწმიდას წმიდის დავითის მონასტერსა რვას ლიტრას ზეთსა, და ერთს ლიტრას საკმელსა და სამას თანგას წინამძღვარს მიართმევდეს. ამას გარეთ, სადამდის ურიული ვენახი ჰქონდეს, რაც იმას სანთელ-საკმელი ედვას, იმას ნუ დააკლებს. და რა იმას აღარა ჰქონდეს, ვისაცა ჰქონდეს, ისი ნუ დააკლებს;

აგრევე ზემოთი ქულბაქი მამასახლისის ქულბაქს ქუეშეთ. და მიხუდებოდეს ქულბაქისაგან რვა ლიტრა ზეთი, ერთი ლიტრა სანთელი საყდარსა და ორასი თანგა წინამძღვარსა ერგებოდეს; და ვენახი ყადისეული. ასრე რომე, წინამძღვარი ქრისტეშობის თვესა ნიკოლოზობას დღესა აღაპსა გარდაიხდიდეს თევზითა და სამარხოთა. მეტეხის წინამძღვარსა და, რაცა ქალაქში ხუცესი იყოს, ყველას აწირვებდეს, და ხორციელსა შაბათსა და დიდმარხვაში რაცა შაბათი მოვიდეს, ბატონი წინამძღვარი მისის სულისათვის ჟამსა სწირევდეს და მკათათვესა ორსა სწირევდეს.

ესე არაოდეს მოესალოს და არცა შეეცვალოს. აგრევე თელეთურის ღალისაგან სამი კაბიწი პური მისის სულისათვის მოუშლელად შეგვიწირავს.


სვიმონ

საბუთის დათარიღება

edit
მზია სურგულაძე

საბუთი უთარიღოა. ტექსტის მიხედვით, მისი გამცემია ლუარსაბ მეფე, ხოლო ხელს ურთავს სვიმონი. კითხვებს აღძრავს საბუთის შინაარსიც: მეფე (ლუარსაბი) მთაწმინდის წმ. დავითს უმტკიცებს იმ შეწირულებას, რომელიც მანამდე გაუღია აწ უკვე გარდაცვლილ ზურაბს, მისივე გარდაცვლილი მშობლების, გიორგისა და მირაინგულის სახელზე. ზურაბის შემდგომ ლუარსაბ მეფე ამ ძველ შეწირულებას უმატებს ახალს, ამჯერად ზურაბის სულის სააღაპედ. ეჭვი არ არის, რომ საქმე გვაქვს სამეფო ოჯახთან დანათესავებულ პირებთან, სხვაგვარად მეფე მათთვის სააღაპე შეწირულებას არ გაიღებდა. ვინ არიან საბუთში მოხსენიებული პირები, ძნელი სათქმელია, მით უმეტეს, რომ სახელი "ზურაბი" ბაგრატიონთა საგვარეულოში არ გვხვდება. გაუგებარია, რატომ არ აქვს საბუთს ლუარსაბ მეფის ხელრთვა, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ ლუარსაბის დროინდელ პოლიტიკურ მოვლენებს, შესაძლებელია, ამასაც მოეძებნოს ახსნა.

სირთულე იქმნება საბუთის დათარიღების დროსაც, რადგან საბუთის ავტორი და მისი ხელმომწერი სხვადასხვა სამეფო პერსონები არიან. "კორპუსში" საბუთი დათარიღებულია მისი ძალაში შესვლის დროიდან, ე.ი. სვიმონ მეფის მეფობის დასაწყისი წლით. მხედველობაშია მიღებული ის სავარაუდო გარემოება, რომ საბუთის დამტკიცება ლუარსაბ მეფის სიცოცხლეში ვერ მოესწრო, ამიტომ იგი დაუმტკიცებია სვიმონ მეფეს მამის გარდაცვალებიდან მოკლე ხანში.

"კორპუსში" საბუთი დათარიღებულია პირობითად ლუარსაბ მეფის გარდაცვალებისა და სვიმონის გამეფების წლით - 1556.

პუბლიკაცია

edit