1567 წ. 06.12. - შეწირულების სიგელი სვიმონ მეფისა ქვათახევისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი:

პირები:

საბუთის შინაარსი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


...ყოვლად წმიდაო დედოფალო ქვათახევისა ღმრთისმშობელო, ვლაჰერნად წოდებულო, ჩუენ, მსასოებელმან და მოქენემან და მოწლედ მოსურნემან ცვა-ფარვათა და უზეშთაესად ყოვლისავე მონდობილმა წყალობათა შენთამან, თქუენ ძლით მპყრობელმან მეფობისა შარავანდედისამან და მფლობელობისა პატივსა ღირსქმნულმან, იესიან-დავითიან-სოლომონიან-პანკრატონიანმან, ნებითა ღმრთისათა აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შარვანშა და შანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთისა სამანთა და კედართა თვითფლობით ხელმწიფედ მპყრობელ-მქონებელმან მეფემან მეფეთამან სვიმეონ და თანამეცხედრემან ჩუენმან დედოფალთა-დედოფალმან ნესტანდარეჯან და პირმშომან ძემან ჩუენმან გიორგი და ლუარსაბ, და ძმათა ჩუენთა, ვახტანგ და ალექსანდრე, ვიგულეთ და ვიგულსმოდგინეთ, რათმცა მცირითა ამით ნაღვაწითა გვემსახურა წმიდისა ტაძრისა და ხატისა თქუენისათვის.

და მოკითხული ვქენით და ძუელითგანცა თქუენსა გუჯართა შიგან ეწერა და ბედნიერის მამა-პაპათა ჩუენთგანცა თქუენი შეწირული ყოფილიყო სრულობით სოფელი სველნეთი. და ჟამთა ვითარებითა და აშლილობისაგან შეშლილ იყვნეს. და აწ, კვალად ჩუენ ახლად შემოგწირეთ და მოგახსენეთ სოფელი სველნეთი სრულობით ეკლესიითა, გლეხითა, ველითა, ვენახითა, წყლითა, წისქვილითა, ჭალითა, სათიბითა, მთითა, ბარითა, სანადიროთა, შესავლითა და გამოსავლითა, საძებრითა და უძებრითა, სახმრითა და უხმრითა - ყოვლითა მისითა სამართლიანითა მზღვრითა, თარხნად და ხელშეუალად, ვითარცა ძუელთა თქუენთა გუჯართა შიგან სწერია, ჩუენთა ნათესავთაგან შემოწირულნი სოფელნი ანუ სხვანი არიან, და ანუ ესე ეგრეთვე ხელშეუალად და თარხნად ჩუენ შემოგვიწირავს მითვე რიგითა და წესითა. და რაც ბურნაშის კერძი, მირიანას კერძი, ვახტანგის კერძი იყოს, და რაც სხუათა შატბერანთ კერძი იყოს, ყველა უკლებლად ხელშეუალად და ჩუენგან თარხნად თქუენთვის სახასოდ შემოგვიწირავს...

და თქუენ შეგიკვეთეთ ორი კარგაღებული აღაპი ჩუენის სულისათვის. ერთი აგვისტოსა ათხუთმეტსა მიცვალებასა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობლისასა და ერთი ყველიერსა შაბათსა, ხსენებასა წმიდათა მამათასა. ასრე რომე, წინამძღუარი, და რაოდენნიცა მღრდელნი და ანუ მთავარდიაკონნი იყვნენ ჩუენთვის და ბატონის დედოფლისათვის, ჟამსა სწირევდნენ. და სხვანი მწირნი და დედაბერნი ლოცვითა შეგვეწეოდენ და ჩუენთვის საუკუნო აღაპი გარდაიხდებოდეს.

და ესე ასრე გაგითავდეს თქუენ, ქვათახევისა მონასტერსა და არა ოდეს მოგესალოს არა ჩუენგან და არა შემდგომად ჩუენსა სხვათა მეფეთა და დედოფალთაგან...

დაიწერა მტკიცე და უცვალებელი ბრძანება და სიგელი ესე ქორონიკონსა სნე, თვესა ივნისსა ათორმეტსა, ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისასა მეცხრესა, ხელითა სამეუფოსა ქალაქისა მთავარებისკოპოზისა ტფილელის ბარნაბასითა.

ჭეშმარიტად, ღმრთისა სახის მეფისა სვიმონისა და დედოფალთ-დედოფლისა ნესტანდარეჯანის ბრძანებითა დაიწერა და მტკიცე იქმნა სიგელი ესე. ღმერთმან მტკიცედ ყოს მეფობა და დედოფლობა მათი, რომელმან ესრეთ განიგულა და ესრეთ სათნო იჩინა, ჭეშმარიტად ესრეთ იყო და იყოს ვიდრე გებამდე სოფლისა ამის, ამინ.


საბუთის დათარიღება

edit
საბუთს ახლავს ორი თარიღი: 1. ქორონიკონი სნე (255), ანუ 1567 წლის 12 ივნისი; 2. სვიმონის მეფობის მეცხრე ინდიქტიონი (1556+9=1565). თარიღები აცდენილია ერთმანეთთან ორი წლით. "კორპუსში" მითითებულია ქორონიკონის თარიღი - 1567 წ.

პუბლიკაცია

edit