ვრცელი საღვთისმეტყველო შესავალი
თქუენ, საშინელსა და ყოვლად დიდებულსა, სასოებასა და დამამტკიცებელსა და განმაძლიერებელსა მეფობისა ჩუენისასა, დმანისისა ღმრთისმშობელსა.
ვიგულეთ და ვიგულისმოდგინეთ ჩუენ, თქუენ მიერ გუირგუინოსანმან და თქუენ მიერ დამყარებულმან, იესიან-დავითიან-სოლომონიან-პანკრატონიანმან, აფხაზთა, კახთა, რანთა, შანშთა და შარვანშთა, ლიხთ-იმერისა და ლიხთ-ამერისა და ყოვლისა საქართველოსა, აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, ორისავე თვით ჴელმწიფედ მფლობელ-მპყრობელმან მეფემან მეფეთამან, მეფემან სუიმეონ და თანამეცხედრემან ჩუენმან დედოფალმან დედოფალთამან პატრონმან ნესტანდარეჯან და სასურველთა ძეთა ძჩუენთა: პირმშომან პატრონმან გიორგი და პატრონმან ლოარსაბ, და უმრწამესმან პატრონმან არსენ.
ვიგულეთ და ვიგულისმოდგინეთ, შემოგწირეთ და მოგახსენეთ განსამარჯუებლად და სადღეგრძელოდ ჩუენთვის და მეფობისა ჩუენისა წარსამართებლად სოფელი ჩინჩხორი, დმანისის ჴეობის დამღის მესამედი. ამას წინათაც შეწირული ყოფილა, და დიდ დმანისს, რაცა დმანისისა ღმრთისმშობლისა ყოფილა, და სოფელი მუტავისი, ესები.
და ამას გარეთად შემოგუიწირავს სოფელი ვარდისუბანი, და დამღა ნახევრად გაგუიჴდია, და გუდარეჴისაღმრთისმშობლის მონასტერი მისითა შეწირულისა მართლითა სამართლიანის საქმითა და სამძღვრითა. ესები ყოველივე მათითა ველითა, ვენაჴითა, წყლითა, წისქუილითა, ჭალითა, საძოვრითა, საჴნავ-სათიბრითა, მთითა, ბარითა, შესავლითა და გამოსავლითა.
ასრე რომე რაცა ამა სიგლითა მამული შემოგუეწიროს, არა ეთხოებოდეს არა სატარუღო, არა სამელიქო, არა საბალახე და არა სამეკობრისმძებნელო. ამას ყოველსავე დმანელ-მთავარებისკოპოზი აიღებდეს. ვინ გინდა-ვინ იყოს, ანუ ვინგინდა-ვინ იქმნებოდეს, და წმიდასა და ცათა მობაძავსა ტაძარსა თქუენსა მოაჴმარებდეს განსამარჯუებლად ჩუენთვის და მეფობისა ჩუენისა წარსამართებლად.
შეიწირე შენ, წმიდაო ღმრთისმშობელო, მცირე ესე შესაწირავი. აწე, გიბძანებთ კარისა ჩუენისა ვაქილ-ვაზირნო და მოსაქმენო და დმანისის ჴევისა და საბარათიანოს ტარუღანო და მელიქნო, თქუენცა ასრე დაუმტკიცეთ, რარიგადცა ამა ჩუენგან ნაბოძებსა სიგელშიგან ეწეროს.ნურცარას თქუენ შეუშლით და შეეცილებით, თვინიერ ამა შეწირულთა ყმათა ლაშქარს და ნადირობას ნუ დაგუაკლებენ.
დაიწერა ნიშანი და ბძანება ესე ქორონიკონსა სოდ, იანვარსა თ, ჴელითა კარისა ჩუენისა მდივან-მწიგნობარისა, აბაშისძისა ესტატესითა.
recto-ზე უზის ორი მომცრო, ხოლო verso-ზე - ერთი მოზრდილი მრგვალი ბეჭედი სპარსული ლეგენდებით.
ამჟამად მაღალი ყურადღებისა და კეთილგანწყობის გამო - ღვთისმოსაობის, სათნოების, ძლიერებისა და სიმტკიცის ნიშნად ძაღლის წლის დასაწყისიდან, გამგებლობა ქვემოთ მოხსენებული ადგილებისა, რომლებიც დმანისის ეკლესიისთვისაა შეწირული.
სოფლები, რომლებიც წინათ იყო შეწირული:
სოფელი ჩინჩხორი - სრულად, სოფელი დიდი დმანისი - ოთხი კომლი, სოფელი მუტავისი, გუდარეხის ეკლესია, ადგილებით, რომელიც ხსენებული ეკლესიის შეწირულებაა.
სოფლები, რომლებიც ახლაა შეწირული:
სოფელი ვარდისუბანი - სრულად, სოფელი დმანისი - ნახევარი ხსენებულ უწმინდესობას ვუბოძეთ და ვუწყალობეთ - უნდა გამოიჩინოს გულმოდგინეობა მათი დაცვისა, აყვავებისა და დამუშავებისათვის და ერთი წუთიც არ უნდა დაჰკარგოს ამაზე ზრუნვაში. ტვისი მეცადინეობა, საქმის ცოდნა-გამოცდილება ხელმწიფის უბრწყინვალესი აზრისათვის ნათელ უნდა ჰყოს და ამისათვის მუდამჟამ იქნება ჩვენგან შეწყალებული და გამორჩეული სხვათაგან.
ტარუღებმა, მელიქებმა, მოსაქმეებმა, გადასახადების ამკრეფებმა და მობაშირებმა დაიმოკლონ კალამი და ფეხი და გადასახადების აღების მიზეზით არ შევიდნენ ხსენებულ სოფლებში, სატარუღო და სამელიქო რუსუმი, ქოდავი, სარღუ - არავითარ შემთხვევაში არ მოსთხოვონ ზემოხსენებულ ადგილებს და ერთი დინარიც და ერთი ბათმანი პურიც კი არ გამოართვან მათ. მათ უნდა ეშინოდეთ ხალხის ჩივილისა, რომელიც გამოიწვევს დიდ სასჯელს მათსას, ამ ბრძანების მიხედვით უნდა მოიქცნენ და ყოველ წელიწადს ახალ ბრძანებულებას ნუ მოითხოვენ. მაღალი კარის მუსტოფებმა ამ ბოძების რაყამი დავთრებში ჩასწერონ და ის ცვლილებისა და გადასხვაფერების ეჭვისაგან დაცული იცნონ, ამის შესახებ წინააღმდეგობას ნუ გასწევენ და თავის მოვალეობად აღიარონ ამ ბრძანებულების შესრულება.
დაიწერა კურთხეული რამაზანის თვეს, 994 წელს.
სპარსულ ტექსტს ბოლოში უზის სვიმონ მეფის დიდი მრგვალი ბეჭედი წარწერით: "იცის უბადლო ღმერთმა, რომ სულით და გულით მონაა შაჰისა სუიმონ 993.