1590-1592 წწ. ოსმალეთის სულთან მურად III-ის წერილი იმერეთის მეფე როსტომს

ვიტალი ჩოჩიევი - იმერეთის სამეფოს და ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან XVI ს-ის ბოლო მეოთხედში (უცნობი თურქული დოკუმენტი იმერეთის შესახებ)

უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ


საქართველოს ისტორიის თურქული წყაროები


თურქული დოკუმენტური წყაროები



სტატია:
კრებული:

1976-4 - მაცნე - ისტორიის სერია

რესურსები ინტერნეტში:

ტექსტი


წინასიტყვაობა

edit

ნაშრომში გამოქვეყნებულია ფერიდუნ ბეგის - "სულთნების მიმოწერის კრებულში" შეტანილი ოსმალეთის სულთან მურად IV-ის წერილი ქურთ ფეოდალებთან, მიწერილი 1625 წლის ქართლის ანტიირანული გამოსვლების შემდეგ.

ტექსტი

edit

აჩუკ ბაშის მმართველის, როსტომ-ხანისადმი გაგზავნილი, გადმოსაბირებელი სამეუფეო წერილის პირი

edit

ჩემი უზესთაესი, სიკეთის დედაბოძ კარიბჭისა და მაღალი ძლევამოსილი ზღურბლისათვის, რომელიც დიდებული სულთნებისა და მაღალი ხაკანების საფარველსა და თავშესაფარს წარმოადგენს, წერილი გამოგიგზავნია. უწინ, როდესაც სამოთხეში განსვენებული, შეწყალებული და შენდობილი ჩემი პაპა, სულთანი სულეიმან-ხანი, თავის [სახელმწიფოს] სატახტოდან ამხედრდა და სიუხვით, სიკეთით, ბედნიერებითა და ბრწყინვალებით მოსილი, საძულველ ურჯულოებზე ლაშქრობდა, თქვენმა მამამ საჩუქარი და ელჩი გაუგზავნა ქვეყნის საფარველის ტახტს და გულწრფელობითა და ერთგულებით მორჩილება გამოხატა. მეორედ კი, როცა [სულთანი სულეიმანი] თავრიზზე მიემართებოდა, სამეუფეო ბედნიერებას თან ახლდა და დიდი სამსახური გაუწია. თქვენც გასულ წელს სიმონ-ხანი და ამირ ულ-უმარა სახელოვანი ფერჰადი - ხანგრძლივი იყოს მისი ბედნიერება - ქუთაისის ციხისაკენ წაიყვანეთ და იქ რომ აბინავებდით, როდესაც ახალციხის ბეგლარბეგის მიერ გაგზავნილი სურსათი ზემოხსენებულმა (ფერჰადმა ან სიმონმა) წაიღო, გადაცემის საშუალება არ მიეცი, გზებზე დაბრკოლებები შეჰქმენი. შემდეგ სთქვი, რუმელთა ლაშქარი გავიყვანოთო, ჩვენი მოკავშირე გახდით, ყიზილბაშიც დამორჩილებული იქნება და ახალციხის აღება შესაძლებელი გახდებაო. სწორ გზას ასცდით. ხოლო, როდესაც თქვენი თანხმობის შესახებ ქაღალდი და კაცი გამოგზავნე, თქვენი ლაშქარი მთლიანად თქვენზე წამოვიდა. მომხდარ ომში დამარცხებული და ძლეული იქენი, შვიდი-რვა კაცით გადარჩი. შემდეგ სთქვი, არეულობის მიზეზი ხსენებული სიმონ-ხანიაო და [ეს ამბავი] შეგვატყობინე და ამასთან ერთად წრფელი განზრახვით და წმინდა რწმენით თავი შემოგვავედრეთ და მორჩილება გამოგვიცხადეთ, ხარაჯის გზავნა იკისრე და ამის თაობაზე ჩემი ბრწყინვალე ფირმანი ითხოვე და თქვენი ლაშქრით ხსენებულ სიმონ-ხანზე გალაშქრების და მისი ქვეყნისა და ვილაიეთის აოხრებისა და იავარყოფის შესახებ სამეუფეო ნებართვის მოსაპოვებლად გვეაჯე. ყველაზე სახელოვანი და მაღალი ღვთის უდიდებულესობის უსაზღვრო მზრუნველობის და დიდსულოვნების წყალობით ჩემი ზეციური პატივისცემის უზესთაესი კარიბჭე და ციური ბრწყინვალების მაღალი ზღურბლი ყოველთვის ღიაა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებიდან მშვიდობისა თუ ომის საქმეებზე ჩამოსულთათვის და არც ერთ მათგანს რაიმე დაბრკოლებას არ უქმნის. განსაკუთრებით ცნობილია ჩემი სამეუფეო მზრუნველობა და სამეუფეო მფარველობის ხელოვნება მათ მიმართ, ვინც გულით გამოხატავს მორჩილებას ჩემი უზენაესი კარიბჭისა და მაღალი ზღურბლისადმი. და რადგანაც მათი მომართვების და სურვილების სისრულეში მოყვანა ჩემი სახელოვანი მამების და დიდი წინაპრების - გაანათლოს მაღალმა ალლაჰმა მათი სული - დროიდან დღემდე ჩვენს საუკეთესო ფადიშაჰურ ჩვეულებას წარმოადგენს, ამიტომ თქვენი თხოვნა ჩემს ზედამხედველობაში აღმოჩნდა და მოწონება დაიმსახურა. რაკი ჩემი მაღალი ზღურბლის მორჩილი იქნები, შენს მიერ ნაკისრ ხარაჯას გამოაგზავნი, ჩემი ბრძანების გამგონი იქნები და ჩემს საწინააღმდეგო საქმეებს განერიდები, თუ მაღალმა ალლაჰმა ინება, ეჭვი არ არის, რომ ჩემი მაღალი კარიბჭის ხალასად მორჩილ დიდ სულთნებთან და სახელოვან ამირებთან შედარებით ორმაგად მომეტებულ ჩემს მზრუნველობას და წყალობას ეღირსები. უწინ სიმონ-ხანი სრულებით არ გვემორჩილებოდა, შემდეგ კი გონს მოვიდა და ადრინდელი შფოთი და ცოდვები მოინანია და ბოდიში მოიხდა. ვინაიდან {სიმონ-ხანი] უკვე კარგა ხანია, რაც მორჩილი და ხარაჯის გადამხდელი გახდა, ხოლო ჩვენი დიდი წინასწარმეტყველის წმინდა მუჰამედის -ალლაჰიმც ილოცებს და გაუმარჯვებს მას - უდიდებულესობის ღვთაებრივი კანონით ასეთი მოხარაჯეების წინააღმდეგ ლაშქრის გაგზავნა არ შეიძლება, ამიტომ თქვენი თხოვნა აღნიშნულ საკითხზე სამეუფეო თანხმობას ვერ ეღირსა. [მაგრამ ისე იცოდე, რომ] ამის შესახებ სიმონ-ხანს დამტკიცებული სამეუფეო წიგნი გავუგზავნეთ, მუქარა შევუთვალეთ და განმეორებით შევახსენეთ, რომ მუდამ გიმეგობროს და კარგად იყვეს შენთან, შენი ქვეყნის და ვილაიეთის არც ერთ ადგილს არ დაესხას და არ დალაშქროს. შენი ქვეყნის და ვილაიეთის დალაშქვრა-შევიწროება არავითარ შემთხვევაში არც ერთხელ არ მოხდება. ჩემი ბრძანება როცა მოაღწევს, სახელმწიფოს სატახტოს და სამართლიანობის სახელით ცნობილი ჩემი საგვარეულოსადმი შენი გულწრფელობის, სიხალისის, თავდადებისა და ერთგულების შესაფერისად მეგობრობა გამოიჩინე და სწორი გზით იარე. ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად ბედნიერების ჩემს სატახტოში ყოველწლიურად შენი ღირსეული და საპატიო კაცების მეშვეობით ხარაჯა გამოგზავნე. ჩემი უმაღლესი ღირსების ზღურბლისადმი მორჩილება იქნება შენი ბედნიერების ჯილდო და გამპატიოსნებელი სამკაული. მაგ მხარის ჩემ მიუდგომელ საზღვრებზე მყოფ ბეგლარბეგებთან და ამირებთან თანხმობა და ერთობა იქონიე. ჩემს სამეუფეო ბედნიერებასთან დაახლოებულთა შორის ჩემთვის სამსახურის გაწევაში თავი გამოიჩინე მომეტებული გარჯილობითა და თავდაუზოგაობით, რათა შენი იმედებისა და ფიქრების უმეტესობა, თუ მაღალმა ალლაჰმა ინება, ჩემს ყურადღებასა და კეთილგანწყობილებას ეღირსოს. ჩემს მფარველობაში, გარდა იმისა, რომ სიმშვიდესა და მოსვენებას მოიპოვებ, უეჭველია [აგრეთვე] ყურადღება არსად არ მოგაკლდება და ყოველთვის პატივცემული იქნები.

შენიშვნები

დოკუმენტი მეტად საინტერესოა და რამოდენიმე სრულიად ახალ ცნობას შეიცავს.

პირველ ყოვლისა, აღსანიშნავია ცნობა იმის შესახებ, რომ როსტომის მამას სულეიმან კანუნისათვის ირანის წინააღმდეგ ომში თანადგომა გამოუცხადებია, ხოლო თავრიზზე ლაშქრობისას თან ხლებია მას. სულეიმან I-მა თავრიზზე სამჯერ ილაშქრა 1534, 1535 და 1548 წლებში. ამ პერიოდში და საერთოდ სულეიმან კანუნის მმართველობის დროს (1520-1566) იმერეთში ბაგრატ III მეფობდა (1510-1565), რომელიც როსტომის მამის, კონსტანტინე ბატონიშვილის მამა იყო. რადგან იმდროინდელი თურქული წყაროები არაფერს ამბობენ ბაგრატ III-ის თავრიზზე ლაშქრობაში მონაწილეობაზე, ვ. ჩოჩიევს ეს ამბავი სინამდვილედ არ მიაჩნია, თუმცა ჩვენ არ ვთვლით, რომ ოსმალეთის სულთანი მურად III არასწორ ფაქტს ჩაწერდა წერილში.

საინტერესოა ფაქტი, რომ ქუთაისის ციხე სიმონ მეფესა და ფერჰად ფაშას ერთად აუღიათ და იქ თურქული გარნიზონი ჩაუყენებიათ. საწუხაროდ გაუგებარია მონათხრობი როსტომ მეფის დამარცხებაზე. დოკუმენტით არ ჩანს თუ ვის და რატომ შეებრძოლა როსტომი და გაურკვეველია, ეს თვით ტექსტის ბუნდოვანობას უნდა მიეწეროს, თუ არაზუსტ თარგმანს. მიუხედავად ამისა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დოკუმენტში აღწერილი ამბავი ასე გამოიყურება: ქუთაისის ციხეში ოსმალური გარნიზონის ჩაყენების შემდეგ, როსტომ მეფეს დაუწყია ოსმალთა შევიწროება, ამავე დროს შეუთავაზებია, ალბათ, სვიმონ მეფისათვის (თუმცა არაა გამორიცხული მანუჩარ ათაბაგიც) ძალების გაერთიანება და როგორც თურქების, ასევე ყიზილბაშების განდევნა და ახალციხის გათავისუფლება. ეს ამბავი სულთნისთვის ცნობილი გამხდარა და ამას მოჰყოლია როსტომის სასტიკად დამარცხება, როცა ის შვიდი თუ რვა კაცით ძლივს გაქცეულა. აქ, ალბათ, იგულისხმება სიმონის მიერ იმერეთის აღება და როსტომის სამეგრელოში გადახვეწა.

რაც შეეხება დოკუმენტის შედგენის თარიღს, ის თითქოს შედგენილი უნდა იყოს 1590 წლის ოფიშკვითის ბრძოლამდე, რადგან როსტომი ჯერ კიდევ დახმარებას თხოულობს სიმონის წინააღმდეგ, თუმცა არაა გამორიცხული, რომ წერილი ოდნავ მომდევნო ხანას ეკუთვნოდეს.