1606-1615 წწ. - შეწირულების წიგნი ლუარსაბ მეფისა გუდარეხის მონასტრისადმი

‎‎




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი:

პირი:

საბუთის ტექსტი (2019 წლის გამოცემის მიხედვით)

edit

ქ. ჩვენ, მეფეთ-მეფემან პატრონმა ლუარსაბ, მივედით მონასტერსა შინა გუდარეჴ{ი}სასა, და ვიხილეთ მათ შინა მყოფნი, და მრავალი გან[ა]კეთები და გარჯილობა ვიხილეთ და ვიგულისჴმევით. კ(ურთხეულ)თა ძველთა მეპატრონეთაგან მრავალი განაკეთები საქმე ვიხილეთ მათ შინა, ვითაც რომე, პატრონის დედოფალთ დედოფლის რუსუდანის აღშენებული იყო, თავისდა სასაფლაოდ ნდომოდა. ჩვენცა ვიხილეთ საქმე მათი.

რადგან მათი საფლავი ვიხილეთ, ჩვენც შეს{ა}წირავათ მრავალი საქმე ვინდოდა, მაგრამ ვერ ძალგვედვა მათდა საკადრისად. ვიგულისჴმეთ და ვყავით წყალობა ესე. და შემოგწირეთ წმიდასა მღ(რ)თისმშობელსა გუდარეჴ[ი]სას{ა} და მათ შინა მყოფთ წინამძღვარს, ვინც{ა}-ვინ მათი მსახურნი ბძანდებით, და გიყავით წყალობა ესე სულის ჩვენისა საჴსრად და საოხად.

შემოგწირეთ წმიდას და დედასა მღ(რ)თისმშობლის[ა]სა გუდარეჴ[ი]სასა: ხუთი თუმანი თეთრი, ყოვ[ე]ლს მარიამობას ჩვენი სალაროდამ მოგეცემ{ო}დეს სანთლისა და საკმლის და ზეთის ფასად. მასდა გარდა, სოფელი ბედნის პირსა, ვერხუნალა, სამართლიანის სამძღ{უ}რითა, ყოვლის შემკობილობით; დ[ა] მათდა გარეთა, ალგეთის პირს ზედა სამი კომლი კაცი ხოფის{ს}, თავისის მამულითა, შესავალგასავლითა, წყალის პირითა და სამძღ{უ}რითა. წყარო რომ დის, რასაც ის ჩაიტანს ჴევამდისინ, რასაც ჴევი ჩაიტანს ალგეთამდისინ, ცოვრეთის ჴევამდისინ, მას გარდასწუარ წყარო რომ გარდიტანს, მანამდისინ.

მოგვიცემია სითარხნე, არაფერი სათხოვარი ჩვენგან არა გეთხ[ო] ებოდეს-რა, არა კოდის პური, არა ბზე და ნახშირი, არა საბალახე, არა სამეკომლო, არა მუშა, არა ქეშიკი, არაფერი გამოსაღები საჴელმწიფო არა გეთხოებოდესთ-რა ლაშქარ-ნადირობის მეტი. ვინცა-ვინ წინამძღვარი მონასტერს მსახურებდეს და მუშ[ა]ობდეს მონასტერს, მათი მოჴმარებისა და მუშ[ა]ობის მეტი თქვენთან კაცს ჴელი არა ქონდეს.

ამოვარდნილის უნდილაძის არსენისა და აბელის წი[ლი] იყო, სხვას კაცს ჴელი არა ქონდა.

აწე, წინამძღვარმ[ა] ჩვენად მოსაჴსენებლად სამი აღაპი გარდიჴადოს: ერთი მღ(რ)თისმშობლობასა, ერთი გიორგობასა, ერთი ნათლისღებასა. ერთი ძროხა, ერთი საპალნე ღვინო, ოთხი კოდის ნამცხვარი პური, ორი ცხვარი, რაც სხვა რიგი და საქმე მოუნდეს, ცხრას ხუცითა და მთავარდიაკონითა წადგეს სამჯელვე. თითოს დღეს ამთონ ამთონს დახ[ა]რჯვიდეს და მოგვიჴსენებდეს, ლოცვას ყოფდეს ჩვენთვინა.

ნურაოდეს ნუ მოგიშალოს ღმერთმა არც ჩვენგან, არც სხვათა მეპატრონეთაგან. ვინც და რამანც ჩვენმან შეწირული ეს გუჯარი და სითარხნე მოუშალოს, ღმერთმან და წმინდამა მღ(რ)თისმშობელმა იგიც შეშალოს, და ჩვენის ცოდვისათვინ იგიმც განიკითხვის. მას ზედამცა იქნების და ედების კეთრი გეზისა, შიშთვილი იუდასი, მეხდატეხილობა დიოსკორესი, დანთქმა აბირონისა, ნუმც იხარებს სული მის გე[ე]ნისაგან. ვინც ჩვენგანმან მეპატრონემა, ანუ დიდმან, ანუ მცირემა გამ{ო}ამჴ[ო]ს მონასტერსა ამას და მ[ა]თ მყოფსა შ[ი]ნ[ა] რუსუდან დედოფლის საფლავისა, თ[ა]ვთათვის განისაჯოს.

ქ(ორონი)კ(ონ)სა სპჱ. ხელრთვა ხვეულად: ლუარსაბ მრგვალი ბეჭედი, ლეგენდა არ განირჩევა.

ხელრთვა ხვეულად: ლუარსაბ

მრგვალი ბეჭედი, ლეგენდა არ განირჩევა.

საბუთის დათარიღება

edit
თ ა რ ი ღ ი: ქორონიკონი სპჱ (288), რაც გვაძლევს 1600 წელს. ამ თარიღითაა გატანილი საბუთი ე. თაყაიშვილის პუბლიკაციაში, თუმცა იქვე მითითებულია, რომ ქორონიკონი მცდარია – იგი არ ემთხვევა ლუარსაბ II-ის მეფობის ქრონოლოგიას. წინამდებარე გამოცემაში საბუთი დათარიღებულია ლურასაბ მეფის ზეობის (1605-1615) წლებით.

შენიშვნები

edit
2019 - დოკუმენტური წყაროები XVII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და კახეთის მეფეების შესახებ - ტომი I - გვ.72
1. საბუთის შინაარსობრივი სტრუქტურა და ფრაზეოლოგია აჩვენებს, რომ მისი ანონიმი დამწერი არ არის განსწავლული მწიგნობარი. სავარაუდოდ, იგი მონასტრის ადგილობრივი ბერია.
2. გუდარეხის მონასტერი – მდებარეობს ქვემო ქართლში (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი), სოფ. გუდარეხის მახლობლად. სამონასტრო კომპლექსში შედის: წმ. გიორგის სახელობის ტაძარი, სამრეკლო, სასახლე, საჯინიბო, სენაკები, შალვას ეკლესია, სატრაპეზო, მარანი, თონე და სხვადასხვა სამეურნეო და კულტურული დანიშნულების ნაგებობები. აგებულია XII-XIII სს. მეფეების - თამარისა და ლაშა-გიორგის ეპოქაში. ხვარაზმელთა და მონღოლთა შემოსევების შედეგად დაინგრა მთავარი ტაძარი და სამრეკლო, რომელიც ხელახლა ააშენეს XIII საუკუნის ბოლო მეოთხედში. 1278 წელს სამრეკლო ააგო მეფე დემეტრე II-ის ჯვრისმტვირთელმა აბრაჰამმა, ხოლო წმ. გიორგის ტაძარი - დემეტრე თავდადებულის ასულმა რუსუდანმა. საბუთის გაცემის დროისთვის გუდარეხი შედიოდა ბარათაშვილთა სათავადოში. 1643 წელს მეფე როსტომმა მონასტერი ბარათაშვილთა განშტოებას - გერმანოზიშვილებს დაუმტკიცა საგვარეულო საძვალედ (მჭედლიძე, 2009: გვ. 36).
3. რუსუდან დედოფალი - მეფე დემეტრე II თავდადებულისა (1270-1289) და ტრაპიზონის კეისრის ასულის, ირინეს შვილი. იგი იყო მონღოლთა დიდი ემირის - ბუღას ერთ-ერთი ვაჟის მეუღლე. არღუნ ყაენის წინააღმდეგ ბუღას შეთქმულების გამომჟღავნების შემდეგ (1288 წ.), ბუღა და მისი ოჯახის წევრები სიკვდილით დასაჯეს, ასევე - დემეტრე თავდადებული (1289 წ.). სიკვდილს გადაურჩა რუსუდანი. საქართველოში დაბრუნებული ცოლად გაჰყვა თაყა ფანასკერტელს. მათ სახელზე იერუსალიმის ჯვრის მონასტრის სვინაქსარში სამი აღაპია ჩაწერილი. ცოლ-ქმარი დიდ შეწირულებას აძლევს ჯვრის მონასტერს. 1306 წელს ვაჩეძორის ტაძარში ეგვტერი ააშენეს. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ რუსუდანი ქართლში დაბრუნდა და აღადგინა გუდარეხის მონასტერი, რასაც ადასტურებს სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძრის სამშენებლო წარწერა და ზემომოყვანილი საბუთი, რომლის მიხედვითაც დედოფალი გუდარეხის მონასტერში დაუკრძალავთ (მჭედლიძე, 2009: გვ.34).
4. უნდილაძეები - ქვემო ქართლის, კერძოდ, ბარათაშვილთა აზნაურები იყვნენ. უნდილაძეთა საგვარეულო შინაფეოდალურ დაპირისპირებას შეეწირა და სპარსეთში გადაიხიზნა (გაბაშვილი, 1972: გვ. 71-72; მაედა, 2008: გვ. 35-41). ლუარსაბისა და თეიმურაზის მეფობის პერიოდში ეს საგვარეულო დაკნინებულია და "ამოვარდნილად" იხსენიება, სამაგიეროდ დიდ წარმატებას მიაღწიეს ირანში. აქ გადახვეწილმა ალავერდი-ხან უნდილაძე და მისი შვილები იმამყული-ხანი და დაუდ-ხანი თავიანთი ძალაუფლებითა და გავლენით შაჰის კარზე უაღრესად ანგარიშგასაწევ ძალად მიიჩნეოდნენ.

პუბლიკაცია

edit