1608 წ. 08.04. - წყალობა ლუარსაბ მეფისა ბარძიმ ამილახორისადმი

‎‎




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი:

საბუთის ტექსტი (2019 წლის გამოცემის მიხედვით)

edit

ქ. ნებითა და შეწევნითა ღ(მრ)თისათა, ჩუენ, ღ(მრ)თივ-გუირგუინოსანმან მეფეთ-მეფემან, პატრონმან ლუარსაბ, ესე წყალობისა წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქ{უ}ენ, ჩუენსა ერდგულსა და თავდადებით ნამსახურსა ყმასა, ამილახორსა პატრონსა ბარძი{მ}ს, ძმასა თქუენსა პატრონსა დემეტრეს და მამავალთა სახლისა თქვენისა – ყოველთავე, მა{ს} ჟამსა, ოდეს მოგუიდეგით კარსა და მამულის წყალობას გვიაჯენით.

ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი და შეგიწყალეთ და გიბოძეთ ყოვლის კაცისაგან მოუშლელად თქუენი მკვიდრი მამული: სომხითს სოფელი დიდი მახრაღაჯი, მთას აქეთ ზემო სობისი და ატენს თქვენივ ნაქონი ზვარი თქვენთუის გვიბოძებია, მისის სამართლიანის სამძღვრითა და საქმითა, მთითა, ბარითა, წყალითა, წისქვილითა, ველითა, ვენაჴითა, საჴნავითა, სათიბრითა და ყოვლის მისის სამჭმოთა.

გქონდეს და გიბედნიეროს ღ(მერ)თ(მა)ნ ჩუენსა ერდგულად სამსახურშიგა.

აწე, გიბრძანებთ კარისა ჩუენისა ვექილ-ვეზირნო, მდივანნო, სომხითისა ტარუღავ და მელიქო და სხ{უა}ანო მოსაქმენო, ვინგინდა-ვინ იყვნეთ და ანუ დღეის წაღმა იქნებოდეთ, მერმე, ბრძანება და ნიშანი ესე თქ{უე}ენცა ასრე გაუთავეთ, რარიგადაც ამა ჩუენგან ნაწყალობევს ფარვანაში ეწეროს, თვინიერ თანადგომისა კიდევ.

დაიწერა ნიშანი და ბრძანება ესე ქ(ორონი)კო(ნ)ს სჟვ, მარიამობის თვესა , ჴელითა კარისა ჩუენისა მწიგნობრისა რევიშვილის ქუმსიასითა.

ხელრთვა ხვეულად: ლუარსაბ


საბუთს ბოლოში უზის ორი დიდი და პატარა სპარსული ბეჭედი.


მინაწერები:

სოუტნიკი თავადი აფხაზი . ჩაიწერა კ. 1608 წ.

ფანქრით მიწერილია:

N 31, გვ. 29.

საბუთის დათარიღება

edit
 თ ა რ ი ღ ი: ქორონიკონი სჟვ (296) მარიამობისთვის დ, რაც გვაძლევს 1608 წლის 4 აგვისტოს.

შენიშვნები

edit
2019 - დოკუმენტური წყაროები XVII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და კახეთის მეფეების შესახებ - ტომი I - გვ.81
1. ბარძიმ//ბარზი ამილახვარი (დაახლ.1556-1613) და მისი ძმა დემეტრე, თაყა ამილახვრის ვაჟები, მოღვაწეობდნენ XVI საუკუნის მეორე ნახევარში. ბარძიმის ასული ცოლად ჰყავდა კახთა მეფე ალექსანდრე II-ს, რაც მიანიშნებს, რომ ძმები დაუდ-ხანისა და ალექსანდრე IIის პოლიტიკურ ბანაკს ემხრობოდნენ (დაუდ-ხანის შვილს, ბაგრატს ალექსანდრე II-ის ასული ჰყავდა ცოლად). ორივენი მტრობდნენ ქართლის მეფე სიმონ I-ს. დაახლ. 1589/90 წელს, ქართლის მიწებზე ირან-ოსმალეთის მწვავე დაპირისპირების პირობებში სვიმონ I შემოირიგებს ბარზი ამილახორს (გვრიტიშვილი, 1956: გვ. 390; სურგულაძე, 2010: გვ. 178; კორპუსი, 2016: გვ.389).
2. მახრაღაჯი - სომხითის სოფელი, რომელსაც, მოგვიანებით, სვიმონ II აძლევს ქაიხოსრო ბარათაშვილს (სეა 1448-598). როგორც ჩანს, ამ სოფელზე ამილახვრები დავობდნენ 1692 წელსაც, როდესაც ნაზარალი-ხანის ბრძანებით სოფელი ამილახვართა ოჯახის რძალს, ანა-ხანუმს, დაუმტკიცეს სიცოცხლის ვადით. ამილახვრებს მხოლოდ საქორწინო გადასახადის აკრეფის უფლება დაუტოვეს (მუსხელიშვილი (რედ.), 2010: გვ. 508).

პუბლიკაცია

edit