1609 წ. 03.20. - წყალობის წიგნი ლუარსაბ მეფისა გიორგი სააკაძისადმი

‎‎




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი:

პირები:

საბუთის ტექსტი (2019 წლის გამოცემის მიხედვით)

edit

ქ. ნებითა და შეწევნითა ღ(მრ)თისათა, ჩუენ, ღ(მრ)თივ-გუირგუინოსანმა მეფეთ მეფემან პატრონმა ლუარსაბ, ესე წყალობისა წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ, ჩუენსა ერდგულსა და თავდადებით ნამსახურსა ყმასა ქალაქის ამირათ-ამირასა, სა{ა}კაძეს პატრონსა გიორგის, თქვენსა ძმასა ქეიხოსროს და თქვენსა შვილსა ავთანდილს, და მომავალთა სახლისა თქვენისათა, ყოველთავე, მას ჟამსა, ოდეს მოგვიდეგით კარსა და მამულის წყალობას დაგჳაჯენით.

ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი და შეგიწყალეთ და გიბოძეთ მკვიდრად და სამამულედ სოფელი ნაბახტევი რისაც ბატონიშვილი ვახტანგ მქონებელი ყოფილიყოს. სრულად თქვენთჳს გჳბოძებია მისის სამართლიანის საქმითა და სამძღვრითა, მთითა, ბარითა, წყლითა, წისქვილითა, ველითა, ვენაჴითა, საჴნავითა, შესავლითა და გამოსავლითა თქვენთვის გვიბოძებია.

გქონდეს და გიბედნიეროს ღ(მერ)თ(მა)ნ ჩუენსა ერდგულად სამსახურშია. აწე, გიბრძანებთ კარისა ჩუენისა ვექილ-ვეზირნო, მდივანნო და სხვანო მოსაქმენო, ვინგინდა-ვინ იყვნეთ და ანუ ვინგინდა-ვინ იქნებოდეთ, მერმე თქვენც ასრე გაუთავეთ, რარიგადაც ამა ჩუენგან ნაწყალობევს ფარვანაში ეწეროს, ნურც რას თქვენ შეუ[შ]ლით და შე[ე]ცილებით, თჳნიერ თანადგომისა და შეწევნისაგან კიდე.

დაიწერა ნიშანი და ბრძანება ესე ქ(ორონი)კ(ონ)ს სჟზ, მარტისა , ჴელითა კარია ჩუენისა მწიგნობრისა რევიშვილის ქუმსისათა.

ხელრთვა ხვეულად: ლუარსაბ


უზის სპარსული ბეჭედი: სპარსული ლეგენდით, ოვალური ფორმით და ფიგურული კიდეებით.


გვიანდელი მინაწერები verso-ზე:

1. მეფის წყალობა (ლურჯი ფანქრით).

2. 20. III. 1609 (წითელი ფანქრით).

3. ჩაიწერა.

4. ნ ა ბ ა ხ ტ ე ვ ი ს არის.

5. ნ ა ბ ა ხ ტ ე ვ ს წყალობის წიგნი (პირშექცევით).

6. ნ ა ბ ა ხ ტ ე ვ ს.

7. N 61 (შინდისფერი ფანქრით).

საბუთის დათარიღება

edit
თ ა რ ი ღ ი: ქორონიკონი სჟზ (297), მარტის კ (20), რაც გვაძლევს 1609 წლის 20 მარტს.

შენიშვნები

edit
2019 - დოკუმენტური წყაროები XVII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და კახეთის მეფეების შესახებ - ტომი I - გვ.87
ნაბახტევი - სოფ. ხაშურის მუნიციპალიტეტში. XVII საუკუნში დიდი დაპირისპირება იყო სოფ. ნაბახტევის გარშემო სააკაძეებს, ამირეჯიბებსა და მარტიროზიშვილებს შორის. მეფე ცდილობდა ეს კონფლიქტი თავისი ინტერესების შესაბამისად მოეგვარებინა. (ოთხმეზური, 2009: გვ.5). XVI საუკუნის 80-იან წლებში ნაბახტევს ფლობენ გაბელიძე-ამირეჯიბები, 80-90-იანი წლების მიჯნაზე ეს სოფელი მიიღო მეფე ლუარსაბ I-ის ძემ, ვახტანგ ბატონიშვილმა, რომელიც 1595 წელს გარდაიცვალა და, ცხადია, მანამდე ჰქონდა ნაბახტევი მფლობელობაში გადაცემული. ზემომოყვანილ საბუთში ამირეჯიბების მოუხსენებლობა და ნაბახტევის მხოლოდ ვახტანგ ბატონიშვილის ნაქონად გამოცხადება ცენტრალურ ხელისუფლებას საშუალებას აძლევდა შეექმნა მტკიცებულებები ახალ მესაკუთრეთათვის, რათა ამირეჯიბთა შთამომავლებს პრეტენზიები არ გასჩენოდათ წინაპართა მამულზე (ოთხმეზური, 2009: გვ.36).

პუბლიკაცია

edit