1611-1617 წწ. - ლევან დადიანის შეწირულების წიგნი ბიჭვინტის ღმრთისმშობლისადმი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

ეს სიგელი წარმოადგენს მეორე მინაწერ საბუთს ბიჭვინტის იადგარზე ანუ 1448-5033 ეტრატზე ნუსხა ხუცური ხელით.

პირები:

საბუთის ტექსტი

edit

საბუთის ტექსტი: 1891 - ხახანაშვილი ალექსანდრე - გუჯრები - I - გვ.124-157

საბუთის ტექსტი: 1925 - სარგის კაკაბაძე - აფხაზეთის საკათალიკოსო დიდი იადგარი


ქ. შენ, წმიდათა უვრცევლესო და ქერობინთა უზეშთაესო, შვიდ ცათა უვრცელესო ბიჭვინტისა ღვთის მშობელო, ჩვენ, დადიანმან ბატონმან ლეონ და ტკბილის მამის სანაცვლომან ბატონმან ბიძამ ჩვენმან ბატონმან გიორგი ლიპარტიანმან გკადრეთ და შემოგწირეთ შენ, საშინელსა თვალებისგანცა ანგელოზისა უხილავსა ბიჭვინტისა ღმრთისმშობელს ჩვენდა სადღენგრძელოდ და განსამარჟვებლად, სახსრად და საოხად სულისა ჩვენისად შემოგწირეთ ჭალა კაკა ჯაიანისეული მამული და მისის შვილის ხუტუსეული მამული , ორი მონასტერი - ერთი ჯვარის პატიოსნისა და მეორე წმიდის გიორგისა, მისის სასახლითა, მამულითა საფლავითა, სათევზითა, საყანითა, სანადიროთა, სახოხბითა, სათივითა, ბეღლითა და მარნითა, ჭურითა, შესავალითა და გამოსავალითა, როგორაცა ხუტუ ჯაიანსა ეხმაროს, ისრე თქვენ იხმარეთ.

აწე არის ამის შემავალი გლეხი ხუტუ ჯაიანი რომ იხმარებდა ერთი კუამლი კაცი გრიგოლ გოგოლდაი, მეორე მოსახლე ლომინია გოგოლდა, მესამე მოსახლე მიხლია ჩანგელია, მეოთხე მოსახლე ქვაქვალია შანტაი, მეხუთე მოსახლე მიკალანდი ფივლია, მეექუსე მოსახლე ვაგიჭორდი კვიკაი, მეშვიდე მოსახლე ობიშხუაი ფელიაი, მერვე მოსახლე მაჭიხოლი ჭანიაი, მეცხრე მოსახლე ფშიას ბიბილიაი ხუტუს ჯაიანის სეული.

აწე ამისი მოწამენი არიან თავად ღმერთი და ბიჭვინტისა ღვთის მშობელი. კაცთაგან ლიპარტიანი ბატონი გიორგი და ვაზირთუხუცესი და მოლარეთ უხუცესი მერაბ ქორთოძე და კაციაი ქორთოძე და მესტუმრეთ უხუცესი კაკაუჩაი ქვითიაი, სახლის უხუცესი ქაიხოსრო აფაქიძე, ბოქაულთ უხუცესი ჯავახ ჭილაძე. აწე ამისი შემწირველი ესენი არიან.

აწე, შეწირული ჩვენგან მამული და საყდარი ვინცა გამოსწიროს, რისხავს მამაი, ძე და სული წმიდაი, ყოვლად წმიდაი ღვთის მშობელი, ყოველი ემიდანი ღვთისანი, ზეცისანი და ქუეყნისანი, უხორცონი და ხორციელნი. ნურამთამცა ეშველების მისს სულსა ნურც წირვითაი, ნურც ლოცვითაი და ნურცაი გლახაკთ მიცემითა და ნურცაი ი~ლემს წასლვითა და შეწირვითა და ლოცვითა. დამამტკიცებელნი ამისნი აკურთხნეს ღმერთმან. ამინ. ამინ.

მეღვინეთ უხუცესი გამიგონი ბუკუჩააი, მზარეული ხუტალეი გვირგინაი.


კათალიკოს ეფთვიმე საყვარელიძის მინაწერი ლევან დადიანის შეწირულებაზე

ქ. ჩვენ ქრისტეს ღვთის მიერ კურთხეულმან აფხაზეთისა კათალიკოზმან ეფთვიმი საყვარელისძემან ჭალა მონასტერი და რაც მამული შესწირან დადიანმან ლეონ და ლიპარტიანმან გიორგი ბიჭვინტისა ღვთის მშობელსა ჩვენ მისდა ქრთამად გამოვიღეთ, მივეცით მანუჩარ დადიანსა თორმეტს ტყუეთ დაფასებული კარავი, ერთი ბედაური ცხენი და ერთი ბედაური ჯორი.

მანუჩარ დადიანი მიიცვალა. მას უკან მის შვილს ლეონ დადიანს მივეც ერთი გაუკუეთელი სარასანი და ერთი ყირმიზი იაზდური ხავედი. ლიპარტიანს გიორგის მივეც ერთი ოქროს მოჭედილი უნაგირი მურასა ვეცხლის ლაგამითა, ვეცხლის სადევითა, ვეცხლის სამკედლითა, ვეცხლის მათრახითა ოქროქსოილის ასლითა, ოქროქსოილის ბოლქაუსუნითა. ერთი სიასამურის ხავედის ტყავი თეთრს ხავედს აკრავს.

მივეცი მერაბ ქორთოძესა ერთი ბედაური ცხენი მისის უნაგრითა და ასლითა და შირაქითა შეკაზმული. სახლის უხუცესსა ქაიხოსრო აფაქიძეს მივეცი ერთი დიდი თავანაგამი ერთის კაცის ასაღები. კაკაუჩას ქვითიას მივეცი ერთი კარგი მესხური საუნაგირე დაფქრისა მისის იარაღითა, ერთი ზემოური ქამფხაი და ერთი ჩილღაოს ქუდი. სხვაი საბანი და სურმები მოხელებსა.

აწ რამანც კაცმან, ან დადიანმან, ან სხვამან კაცმან, ან თავადმან, ან აზნაურის შვილმან ბიჭვინტისა ღვთის მშობელსა გამოსწიროს ჭალა, მონასტრები და რაც მაშინ მამული შესწირეს, რისხავსმცა ღმერთი, მამაი, ზე და სული წმიდაი, ყოვლად წმიდა ღვთის მშობელი, ყოველნი წმიდანი ღვთისანი, ზეცისანი და ქვეყანისანი, ხორციელნი და უხორცონი. დამამტკიცებელნი ამისნი აკურთხნეს ღმერთმან. ამინ.

კათალიკოზის ბეჭედი.

საბუთის დათარიღება

edit
  • სარგის კაკაბაძე ამ მინაწერი საბუთის თარიღს განსაზღვრავს არაუგვიანეს 1611 წლისა, შესაძლებელია XVI საუკუნის დასასრულს, უფრო კი 1600 წლის ახლო ხანებით. ამ თარიღს ვიზიარებთ ჩვენც.

პუბლიკაცია

edit