1613 წ. - შეწირულების წიგნი ლუარსაბ მეფისა იერუსალიმის ქრისტეს საფლავისადმი

‎‎




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

პირი:

საბუთის ტექსტი (2019 წლის გამოცემის მიხედვით)

edit

. . . სოფელი თერგისი, რაც ყუდაინათს ჰქონდა და ან სხუა კიდევე არადე[თ]ს საღოლაშენი ჩუენდად სადღეგრძელო[დ] და მ[ეფობ]ისა ჩუენისა წარსამართებლად, და წი[რვი]სათვის და საკანონოდ დისა ჩუენისა, პატრონისა ხუარაშანისთუის შეგვიწირავს იერუსარემისათვინ და ქრისტეს საფლავისათვის და პატრია{რ}ქის თეოფანესათუ[ი]ს მოგ[ვ]იხსენებია და ნურა კაცი ნუ ეცილებით. ეს ფარდათ მოგვიხსენებია, და სხუა სიგელი პატრონმან მიტროპოლიტმან ზაქარიამ უნდა და სწეროს და ჩუენ ხელი ჩაურთოთ.

ამისად გასათავებლად თავდებად მოგვიცემია ღ(მერ)თი და ყოველნი მისნი წმინდანი და ვინც გაუტეხოს, ისიმც ქრისტეს საფლავი რისხავს.

ქ(ორონი)კ(ონ)ს ტა.

ხელრთვა: ლუარსაბ



მინაწერი პირზე:

ასლთან თანასწორ არის, სოვეტნიკი თ(ავად)ი თარხანოვი.

საბუთის დათარიღება

edit
 თ ა რ ი ღ ი: ქორონიკონი ტა (301), რაც გვაძლევს 1613 წელს.

შენიშვნები

edit
2019 - დოკუმენტური წყაროები XVII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და კახეთის მეფეების შესახებ - ტომი I - გვ.119-121
1. თეოფანე III - იერუსალიმის პატრიარქი 1608-1644 წწ-ში. იგი ბევრს მოგზაურობდა შეწირულებათა შესაგროვებლად ეგვიპტეში, სინას მთაზე, კონსტანტინოპოლში, მოლდავეთსა და რუსეთში. საქართველოში ჩამოსულ იერუსალიმის პატრიარქს ქართველი მეფე-მთავრები სწირავენ ყმა-მამულს. ლუარსაბ II-მ საბუთში ჩამოთვლილი სოფლები: თერგისი, ყუდაინათი, არადეთი, საღოლაშენი თავისი მეფობის წარსამართებლად და თავისი დის – ხორეშანის საკანონოდ შესწირა ქრისტეს საფლავს. “საკანონო” წარმოადგენდა საეკლესიო სასჯელს (გადასახადის სახით), რომელსაც ადებდნენ რჯულის დამრღვევს მონანიების მიზნით. ლუარსაბის და ხვარაშანი გათხოვილი იყო კახეთის მეფე თეიმურაზ I-ზე. ეკლესიამ მათი ქორწინება არამართებულად მიიჩნია, რადგან მათ შორის ახლო ნათესაური კავშირი იყო (ხვარაშანის ბებია ნესტან-დარეჯანი იყო თეიმურაზის პაპის, ალექსანდრე II-ის, და). ბერი ეგნატაშვილის თანახმად, ხვარაშანზე დაქორწინება თეიმურაზს შაჰ აბასმა უბრძანა. მართალია, თეიმურაზისგან თავდაპირველად უარი მიიღო, მაგრამ "არა უსმინა შააბაზ და უწყინა და, რადგან დაუჟინა, ნება დართო თეიმურაზ და მორჩილ ექმნა და ჩამოჰყვა შერთვასა ხორაშანისასა" (ბერი ეგნატაშვილი, 1959: გვ. 384-385). თეიმურაზის გარდა, ამ ქორწინების წინააღმდეგი სასულიერო პირებიც იყვნენ, თუმცა, ჩანს, მათაც ანგარიში გაუწიეს შაჰის მოთხოვნას: "პატრიარქმან და ეფისკოპოზთ კრება და რჩევა ქნეს: საქრისტიანოს გასაძლიერებლად ნება დართვეს ბატონს თეიმურაზს და ხორაშან წაიყვანა" (ალასანია, 1980: გვ. 65). “საკანონო” გადასახადი ეკლესიისათვის თეიმურაზსაც გადაუხდია (იქვე, გვ. 65). მეფე თეიმურაზს კახეთში იერუსალიმის პატრიარქი თეოფანეც მიუღია და უხვად დაუსაჩუქრებია. ასევე, შეუწირავს სოფ. აღდგომა და კისისხევი (ხუციშვილი, 2006: გვ. 46-47).
2. ლუარსაბ მეფის მოცემული საბუთი დაწერილია "ფარდათ", რაც ნიშნავს, რომ იგი მეფის ბრძანების პირველი, “შავი” პირია, ანუ, სასწრაფოდ არის ჩანიშნული. როგორც თავად ლუარსაბი გვამცნობს, საბუთის გადანუსხვა ევალებოდა მიტროპოლიტ ზაქარიას და უკვე დიპლომატიკური სტანდარტით გამართულ დოკუმენტს მეფე ხელმოწერით დაამტკიცებდა. მნიშვნელოვანია თავად ტერმინი "ფარდათ მოხსენება", რაც თანაფარდს, შესაბამისს ნიშნავს. ივ. ჯავახიშვილი აღნიშნავს, რომ "საბუთის შინაარსის გადაცემასა და წერას ქართულ სამდივანმწიგნობრო ენაში თავისი ტერმინი ექნებოდა, მაგრამ ჯერ არსად ჩანს" (ჯავახიშვილი, 1926: გვ.61). მოცემული საბუთის საფუძველზე ირკვევა, რომ ამ პროცესის აღსანიშნავად იყენებდნენ "ფარდათ მოხსენებას".
3. პატრიარქი თეოფანე საქართველოში დასავლეთ საქართველოდან უნდა შემოსულიყო გურიის გზით. იგი შეხვედრია გურიის მთავარ მამია II-ს სოფ. ჩეხედენაში (ჩეხედენაში გურიელებს რეზიდენცია ჰქონდათ). ამ დროს მამიას მცირეწლოვანი შვილი მანუჩარი ახალგარდაცვლილი (1612 წ.) ჰყოლია, ცოტა უფრო ადრე კი, 1609 წელს, მისი მეუღლე დედოფალი თინათინი გარდაცვლილა (ოდიშელი 1968: გვ. 67). პატრიარქ თეოფანეს კურთხევით იმ ადგილას ეკლესია აუგიათ და მშენებლობის დასრულებამდე პატრიარქი იქ გაჩერებულა. მამიამ გურიელმა ჩეხედენას ტაძარი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქად დააფუძნა და მისი ყმა-მამულითა და საეკლესიო ინვენტარით იერუსალიმის საპატრიარქოს შესწირა მანუჩარისა და გარდაცვლილი მეუღლის, თინათინის, სულის საოხად. ასევე, იერუსალიმს შესწირა სოფ. ბაილეთი 20 კომლით (Ad-1913, ბურჯანაძე, 1958: 137-140). ამრიგად, თეოფანე 1612 წელს იმყოფებოდა გურიაში, 1613 წელს კი უკვე ქართლშია.
4. მიტროპოლიტი ზაქარია არის ნეკრესელი ზაქარია ჯორჯაძე, რომელიც 1613 წლიდან უკვე სამეფო კარის ეკლესიის წინამძღვარია, იმავდროულად ქვათახევის წინამძღვარი. 1623 წლიდან ზაქარია ქართლის კათალიკოსია “პირთა ანოტირებულ ლექსიკონში” კარის ეკლესიის წინამძღვარი ზაქარია და კათალიკოსი ზაქარია სხვადასხვა პერსონად არის დაფიქსირებული, რაც არასწორია. (კლდიაშვილი (შემდგ.), 1993: გვ. 212; კაჭარავა 2000: გვ. 106-108).

პუბლიკაცია

edit