1627 წ. 06.26. - მამულის წყალობის წიგნი სვიმონ მეფისა სოიბათიასაულ ზურაბ ყაფარაშვილისადმი

‎‎




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი: დაკარგულია

პირი:



საბუთის ტექსტი

edit

ნებითა ღ{მრ}თისათა, ჩვენ, პატრონმან სვიმონ , ესე წყალობისა წიგნი და ნიშანი გობოძეთ თქვენ, ჩუენსა ერთგულსა ყმასა, ყაფარაშვილს ზურაბს , სოიბათიასაულსა, თქუენსა ძმასა მერაბს და დონმაზს, შვილსა და მომავალსა სახლისა თქვენისათა, ყოელთავე, მას ჟამსა, ოდეს მოგვიდეგით კარსა და მამულისა წყალობასა დაგუეაჯენით.

ჩვენ ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი, შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქვენის ერდგულობის მუქფად სომხითს სოფელი ხანძორკერტი მთითა, ბარითა, წყლითა, წისქვილითა, ველითა, ვენახითა, საჴნავითა და უხნავითა, შენითა და ოხრითა, საძებრითა და უძებრითა. და ყოვლის მისის სამართლიანის საქმითა და სამძღურითა. თქუენთვის სამკვიდროდ და სამამულედ გვიბოძებია.

გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩუენსა ერდგულად სამსახურსა შიგან.

ვი{ს}ცა იმ სოფლის წიგნი ჰქონდეს, ამა ჩუენის ბოძებულის ფარვანით გაგვიცუდებია. ჩვენისა ვაქილ-ვეზირნო და სხვანო მოსაქმენო, თქვენცა ასრე გაუთავეთ, რარიგადცა ამა ჩუენგან ნაწყალობევს ფარვანაშია ეწეროს, და ნურაოდეს ნუ მოუშლით და შეეცილებით თანადგომისა და შეწევნისაგან კიდე.

დაიწერა ბრძანება და ნიშანი ესე ქორონიკონსა ტიე, თიბათვის კვ, ჴელითა კარისა ჩვენისა მდივან-მწიგნობრისა, ოქრუასშვილის შერმაზანისათა.

დედანს ჰქონია სვიმონის ხელრთვა და დამტკიცების ფორმულა: ესე ბძანება ასრე უნდა გათავდეს. ორი ბეჭედი სპარსული ლეგენდებით.



საბუთის დათარიღება

edit

საბუთს უზის თარიღი: ქორონიკონი ტიე (315), თიბათვის კვ (26), რაც უდრის 1627 წლის 26 ივნისს.

კომენტარები

edit

სოიბათიასაული/სოჰბათიასაული - საპოლიციო აპარატის მოხელე. 5 10 15 20 219 დაკავშირებული იყო საიასაულო სამსახურთან. შედიოდა ეშიკაღასბაშის სახელოში. იგი ეშიკაღასბაშსა და ბოქაულთუხუცესთან ერთად მონაწილეობას იღებდა მეჯლისის (დიდი და პატარა წესით მოწვეული) მომსახურებაში – იგი ხელმძღვანელობდა სტუმრებისათვის საჭმელების მიწოდებას. სოიბათიასაული რამდენიმე იყო. ეს სახელო, როგორც წესი, დიდგვარიან ფეოდალებს ეჭირათ (სურგულაძე, 1952: გვ. 270-272). ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავს, რომ მეფე როსტომმა მანდატურს სოჰბათიასაული უწოდა (ვახუშტი ბატონიშვილი, 1973: გვ. 32). ივ. სურგულაძეს ეეჭვება, რომ სოჰბათიასაული მანდატურის ანალოგიური ფუნქციის მოხელე ყოფილიყო (სურგლაძე, 1952: გვ. 270), ამასთან ზემომოყვანილი დოკუმენტის საფუძველზე ცხადი ხდება, რომ სოიბათიასაულის სახელო როსტომამდე უკვე არსებობდა სამეფო კარზე. რასაკვირველია, ტერმინი აღმოსავლურია და სპარსეთის გავლენით შემოსული უკვე სიმონ მეფის მმართველობის დროს. - დოკუმენტური წყაროები, I, გვ.218-219

პუბლიკაცია

edit