1633 წ. - ახალდაბის მოურავობის წყალობის წიგნი როსტომ მეფისა ფარეშთუხუცესს პაატა ჯავახიშვილისადმი

‎‎




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი:



საბუთის ტექსტი

edit

ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა, ჩუენ, ჴელმწიფემან, მეფემან პატრონმან როსტომ, ესე უკუნისამდი ჟამთა გასათავებელი წყალობისა წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ, გიბოძეთ თქუენ, ჩუენსა ერდგულსა და თავდადებით მრავალფერად ნამსახურთა ყმათა, ფარეშთუხუცეს, ჯავახიშვილს პაატასა, ძმასა შენსა ქაიხოსროს და შვილსა შენსა ზურაბს, მამავალთა ყოველთავე სახლისა თქუენისათა.

მას ჟამსა, ოდეს მოგუიდეგითა კარსა და ახალდაბის მოურაობას დაგუიაჯენით, ჩუენცა ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი, შეგიწყალეთ და გიბოძეთ ახალდაბის მოურაობა ყოვლის მისის სამართლიანის საქმითა. რარიგადაც ამას წინათ სხუათ მოურავს ჰქონებოდეს, თქუენთვის გუიბოძებია, რომელიც მოურავის სარგო ყოფილიყოს, შენ აიღებდი და სხუარიგათ ჩუენ გუამსახურეთ.

გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩუენსა ერდგულად სამსახურსა შიგან. სამკუიდროდ და საბოლოოდ გუიბოძებია ყოვლის კაცისაგან უცილებლად.

აწე, გიბრძანებთ კარისა ჩუენისა ვექილ-ვეზირნო, სხუანო მოსაქმენო, სურამის ციხისთაო, მოურაო, თქუენცა ასრე გაუთავეთ, რარიგათაც ამა ჩუენსა ნაწყალობევსა ფარვანაშია ეწეროს, და ნუ შეეცილებით თანადგომისა და შეწევანისგან კიდე.

დაიწერა წიგნი და ბრძანება ესე ქორონიკონსა ტკა.

ბოლოში უზის როსტომ მეფის გუმბათიანი ბეჭედი ლეგენდით: ქ. ყაენის ფეჴთა მტუერი როსტომ მეფე ვამტკიცებ.



სპარსული ტექსტის ქართული თარგმანი

edit

1634 წ. 1-30 იანვარი


ის (ღმერთი)

გამოვიდა მაღალი ბრძანება მასზედ, რომ სიდიადის თავშესაფარის, ფერაშხანას ტარუღას პაატას დამსახურებისა და ერთგულების გამო, ჩვენ ვუწყალობეთ და ხსენებულს ქათმის წლის სამთვეობის დასაწყისიდან მთელი წლობით დავუბრუნეთ სოფელ ახალდაბისა და სახასო ადგილის ტარუღობა, რათა, რაც [სასამართლოს] საქმეები ხსენებულ სოფელში მოხდება, ჭეშმარიტებისა და წესის შესაბამისად გამოიძიოს, ტარუღობის სარგო (რუსუმი) და სხვა ყოველ წელს აიღოს ხოლმე საქართველოს კანონის მიხედვით და არაფერი კანონით დაწესებულზე ზედმეტი არ მოითხოვოს. ხსენებული სოფლის ქეთხოდებმა, რიშსეფიდებმა და გლეხებმა აღნიშნული სიდიადის თავშესაფარი [პაატა] უნდა ცნონ თავის სრულუფლებიან ტარუღად. [სასამართლოს] საქმეები და შემთხვევები, რომელიც მათ შორის მოხდება, ხსენებული სიდიადის თავშესაფარს უნდა მიანდონ, რათა [საქმე] ჭეშმარიტებისა და წესის საფუძველზე გამოარკვიოს და არასოდეს გადაუხვიონ მის სიტყვას და გონიერ რჩევას. ხსენებული ტარუღას მოვალეობა ის არის, რომ მისი კეთილი ქცევის შედეგი გამოვლინდეს. ამის შესახებ [გამოცემული] ბრძანება იცოდნენ, [მისი შესრულება] თავის ვალდებულებად აღიარონ და ყოველ წელს ახალ ბრძანებას ნუ მოითხოვენ.

დაიწერა 1043 წლის რაჯაბ ალ-მორაჯაბის თვეში.

საბუთის დათარიღება

edit

საბუთს უზის თარიღი ქორონიკონი ტკა (321), რაც 1633 წელს გვაძლევს

კომენტარები

edit

პაატა ჯავახიშვილი - როსტომ მეფის ერთგული ფეოდალი. იგი ფლობდა ფარეშთუხუცესის თანამდებობას. ზემომოყვანილი საბუთით 1633 წელს მიიღო ახალდაბის მოურავობა, ხოლო 1654 წელს – თრიალეთის ოლითისის მოურავობა.17 1642 წელს როსტომის წინააღმდეგ ქართლის თავადების მიერ მოწყობილი შეთქმულების დროს პაატა როსტომის მხარეს იყო და აჯანყების ჩახშობაშიც იღებდა მონაწილეობას. შეთქმულებს სურდათ ქართლის ტახტზე ისევ თეიმურაზ I აეყვანათ. ბერი ეგნატაშვილი შეთქმულებს შორის ასახელებს: ზაალ არაგვის ერისთავს, იოთამ ამილახორს, ნოდარ ციციშვილს. მემატიანე უშუალოდ პაატა ჯავახიშვილის შესახებ არაფერს მოგვითხრობს, მაგრამ აღნიშნავს: `რა სცნა საქმე ესე როსტომ მეფემან, შემოიყარა ჯარი და წარმოემართა იგიცა ნოდარზედა, მოვიდა საჯავახიანოს~ (ბერი ეგნატაშვილი, 1959: 422). ფარსადან გორგიჯანიძე აკონკრეტებს საჯავახიანოში ბრძოლის ადგილს და მიუთითებს, რომ შეტაკება მოხდა ხოვლეში (ფარსადან გორგიჯანიძე, 1925: 247). ამის შესახებ დაწვრილებით მოგვითხრობს 1643 წლის საბუთი Qd-2188 (იხ. ქვემოთ), რომლის თანახმადაც ნოდარ ციციშვილი ჩხეიძეებთან ერთად პაატასთან მისულან სოფ. ხოვლეში და შეთქმულებაში მონაწილეობა შეუთავაზებიათ. ამის შესახებ როსტომს მისწერა იორამ მოურავისშვილმა (ფარსადან გორგიჯანიძე, 1925: 247). მეფეც ლაშქრითურთ გაემართა ხოვლესკენ. პაატამ როსტომ მეფეს დაუჭირა მხარი და მის მხარეზე ჩაერთო ბრძოლაში, დაატყვევა ერთ-ერთ შეთქმული ხუცია ჩხეიძე და როსტომს მიჰგვარა. მეფემ ერთგულება დაუფასა და წყალობად უბოძა იისციხე და ავკეთი. საბუთში პაატასთან ერთად იხსენიება მისი ძმა ქაიხოსრო. ეს უკანასკნელი კვლავ ჩნდება პაატასთან ერთად 1651 წლის საბუთში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი არ გაყრილან და განუყოფელ ოჯახს წარმოადგენენ (ოთხმეზური, 1999: 77). 17. გ. ოთხმეზურის თანახმად, პაატას სიმონ II-ისა და თეიმურაზ I-ის წყალობით სარგებლობდა და სიმონ II-ის საბუთად მითითებული აქვს Hd-14431 (ოთხმეზური, 1999: 76), რომელიც თავის დროზე გამოაქვეყნა ე. თაყაიშვილმა საქართველოს სიძველენის ტ. II, (თაყაიშვილი, 1909: 29, #22), ასევეა აღნიშნული პირთა ანოტირებული ლექსიკონის V ტომში (პირთა ანოტირებული ლექსიკონი, 2015: 454). აღნიშნული საბუთი გამოიცა წიგნში: ~დოკუმენტური წყაროები XVII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და კახეთის მეფეების შესახებ~ (დოკუმენტური წყაროები, 2019: 197-198, #103), მაგრამ მითითებულ საბუთში პაატა ჯავახიშვილი არ იხსენიება. სიმონ II-მ წოდორეთი უწყალობა იესე ჯავახიშვილს. 75 ავკეთი და იისციხე _ შიდა ქართლის სოფლები. 1463 წელს მეფე გიორგი VIII-მ უბოძა ჯავახიშვილებს. ეს სოფლები ჯავახიშვილებსა და ციციშვილებს შორის სადავო იყო. 1615 წელს მეფე ლუარსაბ II-მ შაჰის ბრძანებით აღნიშნული სოფლები ქაიხოსრო ციციშვილს დაუმტკიცა, თუმცა ჯავახიშვილებისთვის მანამადე ფარსადან ციციშვილს წაერთმია ისინი. როსტომ მეფის კეთილგანწყობით ისარგებლა პაატა ჯავახიშვილმა და კუთვნილი სოფლები დაიბრუნა, თუმცა მომდევნო პერიოდში კვლავ გრძელდებოდა ამ სოფლებზე დავა და ჯავახიშვილთა და ციციშვილთა შორის ხელიდან ხელში გადადიოდა. - დოკუმენტური წყაროები, II, გვ.74-75

პუბლიკაცია

edit