1633 წ. - წყალობის განახლების წიგნი როსტომ მეფისა ქაიხოსრო მაჩაბლისადმი

‎‎




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი: - Qd-8924



საბუთის ტექსტი

edit

ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა, ჩუენ, მეფემან პატრონმან როსტომ, ესე უკუნისამდე ჟამთა გასათავებელი წყალობისა წიგნი და სიგელი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ, ჩუენთა ერდგულთ და მრავალფერად თავდადებით ნამსახურსა ყმასა, მაჩაბელს ქაიხოსროს და შენთა შვილთა: თამაზს , ლომკაცსა და ბაადურს, შვილთა და მომავალთა სახლისა თქუენისათა, ყოველთავე.

მას ჟამსა, ოდეს მოგუიდეგით კარსა და ამოვარდნილის თქუენის ნათესავის, სულარყაზანის კერძს მამულს გუიაჯენით, და ჩუენცა ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი და შეგიწყალეთ და გიბოძეთ გარეჯუარს სულარყაზანის ნაქონი მამული, თამარაშენს აზნაურიშვილი ღუღუნასშვილი, ქებაძე გულიტა, ბაბუციძე, კობახიძე ხუცესი და გამსახურდა, – ესენი მართლის სამართლიანის საქმითა და სამძღურითა, მთითა, ბარითა, წყლითა, წისქუილითა, ველითა და ვენაჴითა, საჴნავითა და უჴნავითა, საჴმრითა და უჴმრითა, საძებრითა და უძებრითა, ყოვლითურ სამკუიდროდ და საბოლოოდ თქუენთუინ და თქუენთა შვილთათუის გუიბოძებია.

ასრე რომე, სულკურთხეულის ბატონის ბიძის ჩუენის მეფის სუიმონის წიგნიცა გქონდა და ჩუენცა დაგიმტკიცეთ და მოგიბოძეთ ყოვლის კაცისაგან უცილებრად.

გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩუენსა ერდგულად სამსახურსა შინა და არაოდეს არ მოგეშალოს არა ჩუენგან და არა შემდგომად სხუათა მეპატრონეთაგან. აწე, გიბრძანებთ კარისა ჩუენისა ვექილ-ვეზირნო, მდივანნო და სხუანო მოსაქმენო, ვინცა-ვინ იყუნეთ და ანუ დღეის წაღმა იქნებოდეთ, თქუენცა ასრე გაუთავეთ და ნურას მოუშლით და შეეცილებით თანადგომისა და შეწევნისაგან კიდე.

დაიწერა ბრძანება და ნიშანი ესე ქორონიკონსა ტკა, ჴელითა კარისა ჩუენისა მწიგნობრისა – თუმანიშვილის ბირთუელისათა].

უზის როსტომის მცირე ზომის, ოთხკუთხედი სპარსული ბეჭედი ლეგენდით: ქვეყნისა და დროის ხელმწიფემ, დიდსულოვანმა შაჰ სეფიმ წყალობა მოიღო მის მონაზე და ხოსროს როსტომი მიწოდა.


საბუთის დათარიღება

edit

საბუთს აქვს თარიღი ქორონიკონი ტკა, ანუ 1633 წელი.

კომენტარები

edit

მაჩაბლები - შიდა ქართლის ერთ-ერთი სათავადოს _ სამაჩაბლოს თავადები. მათი წინაპარი საგვარეულო იყო თავხელიძე. გვარის წარმომავლობა სოფ. აჩაბეთის მფლობელობას უკავშირდება. მათი აღზევება XV საუკუნიდან იწყება, რასაც სამეფო ხელისუფლების ერთგულების ხარჯზე აღწევენ. ისინი ფლობდნენ სახლთუხუცესის სახელოს. მაჩაბლები მამულებს ფლობდნენ მდ. ლიახვის ხეობაში. მათ ეკუთვნოდათ: აჩაბეთი, თამარაშენი, თირი, ლელი, საბაწმინდა, სვერი, ფრისი, ქემერტი, ქურთა, ძარი, ძარწემი, ხეითი, მუგუთი, ჯავა, გარეჯვარი, დიცი, ვარიანი, ზემო თხვისი, ქვემო ნიქოზი, ყმები ქ. ცხინვალში. მაჩაბელთა გვარის განაყოფები არიან: ზაალიშვილები, რევაზიშვილები, გიორგიშვილები, ბორტიშვილები. მაჩაბელთა საგვარეულო სამარხი XVII საუკუნის მეორე ნახევრამდე იყო თირის მონასტერი. შემდეგ თირი თაქთაქიძეებს გადაეცათ, ხოლო მაჩაბლების საძვალე საბაწმინდა გახდა. ქაიხოსრო მაჩაბელი _ შიდა ქართლის თავადი. მაჩაბლებმა როსტომს ქართლში გამეფებისთანავე დაუჭირეს მხარი (თამაზ მაჩაბელი მას ირანიდან ჩამოჰყვა). ცხადია, ამ ერთგულებით აიხსნება, რომ უკვე 1633 წელს (როსტომის ქართლში გამეფება) მეფემ ქაიხოსროს უწყალობა მისი ამოვარდნილი ნათესავის მამულები. მეფისადმი მაჩაბლების ერთგულებაზე უნდა მეტყველებდეს ის ფაქტიც, რომ იორამ სააკაძესა და მაჩაბლებს შორის არსებული სამამულე დავის დროს როსტომმა უპირატესობა იორამს არ მიანიჭა, მიუხედავად იმისა, რომ იორამი მისი აღზევებული იყო და დავა სამართლიანად გადაწყვიტა ( ოთხმეზური, 1999: 99). მაჩაბლებს ყმა-მამული როსტომის მეუღლე მარიამ დედოფალმაც უწყალობა ცხინვალში. ვინაიდან ცხინვალი სამეფო ქალაქს წარმოადგენდა, აქ ყმა-მამულის მიღება მაჩაბლების განსაკუთრებულ დამსახურებას უსვამს ხაზს. ქაიხოსრო მაჩაბელს მხოლოდ უმემკვიდრეოდ დარჩენილი სულარყაზანის მამულები არ მიუღია, იგი სხვა სახლიკაცების მამულების დაუფლებასაც ცდილობდა. მან ისარგებლა თავისი განაყოფის, ქვაბულის, მცირეწლოვანებით და თამარაშენსა და ღელში მისი მამულებიც მიითვისა. 1644 წელს როსტომმა ეს ყმა-მამული ქვაბულს დაუბრუნა. - დოკუმენტური წყაროები, II, გვ.66-67

პუბლიკაცია

edit