1633 წ. 04.04. - წყალობის წიგნი როსტომ მეფისა პაპუნა ციციშვილისადმი

‎‎




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი: - დაკარგულია

პირი: - 1450-51/079 - გადაწერილი დედნიდან რუსული მმართველობის პირების დავთარში



საბუთის ტექსტი

edit

[ქ.] ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა, ჩვენ, მეფემან პატრონმან როსტომ, თქვენ, ციცისშვილს , პატრონს პაპუნასა და ძმასა, ქაიხოსროს . მას ჟამსა, ოდეს მოგვიდეგით კარსა და მამულისა წყალობასა დაგვეაჯენით, ჩვენ ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი, მოკითხული ვქენით, სამკვიდროდ თქვენი ყოფილიყო და ბედნიერის შაჰ-აბას ხელმწიფის ოქმიცა გქონდათ, ასრე, რომე მამისა თქვენისათა ერთი წილი წავკისის წყალობა ექნა.

ჩვენცა შეგიწყალეთ და გიბოძეთ სრულობით წავკისი.

გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩვენსა ერდგულად სამსახურსა შიგან.

აწე, მოგახსენებთ კარისა ჩვენისა ვექილ-ვეზირნო და სხვანო მოსაქმენო, თქვენცა ასრე გაუთავეთ, რარიგათაც ამა ჩვენგან ნაწყალობევს ფარვანაშია ეწეროს და ნურაოდეს ნუ შეუშლით და შეეცილებით თანადგომისა და შეწევნისაგან კიდე.

დაიწერა ბრძანება და ნიშანი ესე ქორონიკონს ტკა, აპრილის დ, ხელითა კარისა ჩვენისა მდივან-მწიგნობრისა - ოქრუაშვილის შერმაზანისათა.

დედანს დასმული ჰქონდა ორი ოთხკუთხა ბეჭედი.


საბუთის დათარიღება

edit

ქორონიკონი ტკა (321) აპრილის დ (4), რაც უდრის 1633 წლის 4 აპრილს.

კომენტარები

edit

პაპუნა ციციშვილი - ქართლის სამეფოს სახლთუხუცესი, ყორჩიბაში და სარდალი. მას დავა ჰქონდა თავის განაყოფებთან: მანუჩართან, ბაადურთან და ყაიასთან. ისინი სამკვდრო-სასიცოცხლოდ იყვნენ ერთმანეთზე გადაკიდებული. კონფლიქტი იმდენად გამწვავებულა, რომ განაყოფები პაპუნასა და მის ძმაზე თავდასხმასა და სახლ-კარის გადაწვასაც არ ერიდებოდნენ. მათ დაუხოცავთ პაპუნას მამა და ბიძები (ხეც, Ad-1030). ამ მტრობის გამო პაპუნას თავი ირანში შეუფარებია. სწორედ ირანიდან წამოყვა იგი როსტომ მეფეს ქართლში (ფარსადან გორგიჯანიძე, 1625: 240; ცხოვრება საქართველოისა 1980: 92). პაპუნა როსტომის ფავორიტი იყო. მისი სახლიკაცი ნოდარ ფარსადანის ძე ციციშვილი თეიმურაზ I-ის მომხრე დარჩა და როსტომის წინააღმდეგ აჯანყებებში იღებდა მონაწილეობას. როსტომს მისი მიმხრობა უცდია. "ფარსადან მამამან მისმანო მრავალი მაძლიაო, რომ საციციანო მისის შვილისშვილის პაპუნა ყორჩიბაშისათვის მთხოვაო და არ მივეცო და მაგას უქრთამოთ მოვეცო და ახლა ამდენის სიკეთის მაგიერათო ჩემთვის უმუხანათებიაო და სხვა ბატონს ჰბირებიაო" - გულისტკივილით აღნიშნავს როსტომი (ფარსადან გორგიჯანიძე, 1925: 248). ამ პასაჟიდან ცხადი ხდება, რომ საციციანოს მამულები მეფეს ნოდარისთვის დაუმტკიცებია. პაპუნა ქვემო საციციანოს წინამძღოლი იყო.

პაპუნა ირანის შაჰის პირად ღულამს წარმოადგენდა და სწორედ ამიტომ, 1641 წელს ირანის შაჰმა სეფი I-მა მას ყოველწლიური ჯამაგირი დაუნიშნა - 11 ათასი თავრიზული თუმანი და 7300 დინარი. შაჰის ფირმანის თანახმად, პაპუნა `საქართველოში იმყოფება. იქ ასრულებს საჭირო სამსახურს და არავითარი დანაშაული არ მიუძღვის~ (ფუთურიძე, სპარსული ისტორიული საბუთები საქართველოს წიგნთსაცავებში, წიგნი I, ნაკვეთი I, 1961: 41). ჯამაგირი შირვანის ოლქის ვოჯუჰათის თანხებიდან უნდა მიეღო, რასაც უზრუნველყოფდა შირვანის ხანი. მას დროებით მფლობელობაში გადაეცა შირვანში მდებარე თიული, რადგან, ქართლისგან განსხვავებით, შირვანში აღმოსავლური მიწისმფლობელობის სისტემა იყო დამკვიდრებული (მიჩიტაშვილი, საციციანოს ისტორია, 2016: 72).

როგორც ჩანს, შაჰის ბრძანება ყოველთვის არ სრულდებოდა, ადრესატს თანხას ან აკლებდნენ, ან ნატურით უხდიდნენ ჯამაგირს, ამიტომ 1649 წელს შაჰმა აბას II-მ ახალი ფირმანი გამოსცა პაპუნასათვის დაკლებული ჯამაგარის ანაზღაურების და ყოველწლიურად ახალი ჯამაგირის ბოძების შესახებ (ფუთურიძე, 1961: 60). 1658 წლის 26 ნოემბრის შაჰ აბას II ფირმანით უმტკიცებს პაპუნას მამამისის, ქაიხოსრო ციციშვილის ყმებს (ფუთურიძე, 1961: 73-74). ფირმანში როსტომ-ხანი უკვე გარდაცვლილად იხსენიება.

პაპუნა ერთგული და სანდო პირი იყო როსტომის ოჯახისთვის. მეფის გარდაცვალების შემდეგ მისმა ქვრივმა, დედოფალმა მარიამმა თავისი მდგომარეობის გასარკვევად, სწორედ პაპუნა გაგზავნა შაჰ აბას II-ის კარზე: "წიგნიც ციციშვილს პაპუნა სარდალს მისცეს, ჩაფრად გაისტუმრეს. პაპუნა სარდალი ადრე მისულიყო, ყაენს სწყენოდა როსტომ მეფის სიკვდილი. დედოფლისა დიაღ, ბევრი დედაკაცობა უამბო" (ცხოვრება საქართველოისა 1980: 109; ფარსადან გორგიჯანიძე, 1925: 269)

დოკუმენტური წყაროები, II, გვ.49-50

პუბლიკაცია

edit