1633 წ. 04.10. - წყალობის წიგნი როსტომ მეფისა ჰასანბეგ ბარათაშვილისა და მისი ძმებისადმი

‎‎




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი:

პირი:



საბუთის ტექსტი

edit

ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა ჩუენ, მეფემან პატრონმან როსტომ, ესე ამიერით უკუნისამდე ჟამთა და ხანთა გასათავებელი წყალობის წიგნი და სიგელი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ, ჩუენთა ერდგულსა და მრავალფერად ნამსახურთა ყმათა, ჰასანბეგს და ძმათა თქუნთა: ფარსადანს, გიორგის და ასლამაზს, შვილთა და მამავალთა სახლისა თქუენისათა, ყოველთავე.

მას ჟამსა, ოდეს მოგუიდეგით კარსა და თქუენის სამკუიდროს მამულის წყალობას გუიაჯენით, და ჩუენცა მოკითხული ვქენით და შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ, ბარათასშვილს ჰასანბეგს, ფარსადანს, გიორგის და ასლამაზს სოფელი ზემო ოძისი, კუელთა, დვალთას თქუენი საკერძო გლეხები და მამული თაკუს თქუენი საკერძო მამული, აბრამეთს აბრამიძეები , ვაკესთქუენი საკერძო მამული, ტბისს, რისაც მქონებელი ყოფილიყოთ, ენაგეთს, რისაც მქონებელი ყოფილიყოთ, ერტისს მაკარიშვილები, ახალდაბას, რისაც მქონებელი ყოფილიყოთ, ვარხონას თქუენი საკერძო არეშიშვილები... ნასოფლარი ავაზანი, ნაოჴარი გომარეთი, დმანისის კერძი, გორინჯუკს და უკანგორს, რისაც მქონებელი ყოფილიყოთ და ვანქს, რაც თქუენი სამკუიდრო ყოფილიყოს ესეები მართლის სამართლიანის საქმითა და სამძღურითა, მთითა, ბარითა, წყლითა, წისქუილითა, ველითა და ვენაჴითა, შენითა და ოჴერითა, სასახლითა, ჭურ-მარნითა, საწყლისპირითა, სათიბითა, შესავალ-გასავლითა, სულობრივ უკლებრად ეს თქუენი სამკუიდრო მამული, რაც ამ სიგელში გიწერია სამკუიდროდ და საბოლოოდ თქუენთუინ და თქუენთა შვილთათვინ გუიბოძებია ყოვლის კაცისაგან უცილებრად.

გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩუენსა ერდგულად სამსახურსა შინა და არაოდეს არ მოგეშალოს არა ჩუენგან და არა შემდგომად სხუათა მეპატრონეთაგან.

აწე, გიბრძანებთ კარისა ჩუენისა ვექილ-ვეზირნო და სხუანო მოსაქმენო, ვინცავინ იყუნეთ და ანუ დღეის წაღმა იქნებოდეთ, თქუენცა ასრე გაუთავეთ და ნურას მოუშლით, თუინიერ თანადგომისა და შეწევნისაგან კიდე.

დაიწერა ბრძანება ესე ქორონიკონსა ტკა, ჴელითა კარისა ჩუენისა მდივან-მწიგნობრის - თუმანიშვილის ბირთუელისათა.

ქ. ბრძანება ასრე უნდა გათავდეს.

როსტომ მეფის ბეჭედი ქართული ლეგენდით: ქ. ყაენის ფერჴთა მტუერი როსტომ მეფე ვამტკიცებ.



სპარსული ტექსტის ქართული თარგმანი

edit

1633 წ. 11 აპრილი – 9 მაისი.

ის (ღმერთი)

გამოვიდა მაღალი ბრძანება მასზე, რომ ქვემოთ მოხსენიებული საბარათიანოს ადგილები: სოფელი ოძისი, სოფელი კველთა, სოფელი დვალთა, ძველითგანვე მათი (საბუთის მიმღებთა) კუთვნილი წილით, სოფელი თაკვი – მთელი წილი, სოფელი აბრამეთი – მთელი წილი, სოფელი ვაკე – მთელი წილი, სოფელი ტბისი – მთელი წილი, სოფელი ენაგეთი – მთელი წილი, სოფელი ახალდაბა – მთელი წილი, სოფელი აკურისი – მთელი წილი, სოფელი ლისი – მთელი წილი ... მამულებით, სოფელი ავაზანი... რაც ძველი დროიდანვე მათ წილად ჰქონდათ; სოფელი გორინჯუკი, სოფელი უკანგორი, რაც ძველი დროიდანვე მათი წილი იყო, სოფელი ვანქი – მთელი წილი, რომელიც წინათ ... და თოროზას თიულად იყო დამტკიცებული, (ყველა ეს სოფელი) ჩვენ ქათმის წლის დასაწყისიდან სიდიადის საფარველს, დიდებულ ჰასანბეგს, გიორგისა და ასლამაზს ჩვენ თიულად დავუმტკიცეთ. ზემოთხსენებული ადგილების გლეხებმა აღნიშნული პირები უნდა ცნონ თავის თიულდარად. თავიანთი მალუჯათი და სახელმწიფო გადასახადი მათ საქართველოს დასტურლამალის თანახმად უნდა გადაუხადონ და არაფერი შეუჩერონ, არ დააბრკოლონ და როცა ბრძანებაზე მაღალი ბეჭდი დაისმევა, დაემორჩილონ მას. გლეხებმა ამის შესახებ გამოცემული ბრძანება იცოდნენ და მისი შესრულება თავის მოვალეობად აღიარონ.

დაიწერა 1042 წლის შავვალის თვეს.

სპარსული ტექსტს უზის სარეგისტრაციო ბეჭდები: 1. ოვალური, წარწერით: ო, უძლურთა შემწევ; 2. კუთხოვანი, გაურკვეველი წარწერით, რომლის ქვემოთაც არის სარეგისტრაციო მინაწერი: დაიწერა. გვერდით დასმული აქვს ორი მცირე ზომის სპარსული ბეჭედი.

საბუთის დათარიღება

edit

საბუთის აქვს თარიღი ქორონიკონი ტკა (321), რაც უდრის 1633 წელს. საბუთის სპარსულ ტექსტი დათარიღებულია 1042 წლის შავვალის თვით, რაც შეესაბამება 1633 წლის 11 აპრილი - 9 მაისი პერიოდს. რადგან ჩვეულებრივ, სიგელის ქართული ვარიანტი წინ უსწრებს სპარსულს, შეგვიძლია უფრო დავავიწროვოთ სიგელის გაცემის თარიღი არაუგვიანეს 1633 წლის 10 აპრილისა.

პუბლიკაცია

edit