1633 წ. 04.21. - მამულის წყალობის წიგნი როსტომ მეფისა ზაალ ჯომარდიძისადმი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი:



საბუთის ტექსტი

edit

ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა, ჩუენ, მეფემან პატრონმან როსტომ, ესე წყალობისა წიგნი გიბოძეთ თქუენ, ჯომარდიძეს ზაალს , შვილსა შენსა: პაპუნასა, ბერუკასა, ქაიხოსროს , ჯიმშერს და გიორგის.

მას ჟამსა, ოდეს მოგუიდეგით კარსა და მამულის წყალობასა დაგვეაჯენით, ჩუენ ვისმინეთ აჯა თქუენი, მოკითხული ვქენით და თქვენივე სამკუიდრო ყოფილიყო. ახლა ჩუენცა შეგიწყალეთ და გიბოძეთ სოფელი გორისა.

გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩუენსა ერდგულად სამსახურსა შიგან.

აწე, უზეშთესთა მოგახსენებთ და უქუედესთა გიბრძანებთ, კარისა ჩუენისა ვექილ-ვეზირნო და სხვანო მოსაქმენო, თქუენცა ასრე გაუთავეთ, რარიგადაცა ამა ჩუენგან ნაწყალობევს ფარვანაშია ეწეროს და ნურაოდეს ნუ შეუშლით და შეეცილებით თანადგომისა და შეწევნისაგან კიდე.

დაიწერა ბრძანება და ნიშანი ესე ქორონიკონსა ტკა, აპრილს კა, ჴელითა კარისა ჩუენისა მდივან-მწიგნობრისა, ოქრუასშვილის შერმაზანისათა.

საბუთს ბოლოში უზის როსტომ მეფის გუმბათიანი ბეჭედი ლეგენდით: ქ. ყაენის ფერჴთა მტვერი როსტომ მეფე ვამტკიცებ.



სპარსული ტექსტის ქართული თარგმანი

edit

ალლაჰი, წინასწარმეტყველი მოჰამადი და ალი

გამოვიდა მაღალი ბრძანება მასზედ, რომ სოფელი გორი, რომელიც წინათ ზაალ შირაჯის და მის შვილებს ჰქონდათ დამტკიცებული, ქათმის წლის დასაწყისიდან იმავე წესით მათთვის დაგვიმტკიცებია. ხსენებული სოფლის გლეხებმა აღნიშნული პირები თავის თიულდარად უნდა ცნონ, საქართველოს დასტურლამალის მიხედვით მალუჯათი მათ გადასცენ, და ამის შესახებ გამოცემული ბრძანება იცოდნენ. თავის ვალდებულებად აღიარონ მისი შესრულება და როცა ბრძანება მაღალი ბეჭდით აღიჭურვება, დაემორჩილონ მას. დაიწერა 10.. წლის ...თვეს.

სპარსულ ტექსტს უზის ორი სპარსული სარეგისტრაციო ბეჭედი. 1. ოვალური, სპარსული წარწერით: ო, უძლურთა შემწევ; 2. ოთხკუთხა, გაურკვეველი წარწერით, რომელის ქვემოთაც არის სარეგისტრაციო მინაწერი: – დაიწერა.

საბუთის დათარიღება

edit

საბუთის თ ა რ ი ღ ი : ქორონიკონი ტკა (321), აპრილის კა (21)-ს, რაც გვაძლევს 1633 წლის 21 აპრილს.

პუბლიკაცია

edit