1662 წ. 05.24. - შეწირულების წიგნი შაჰნავაზისა სვეტიცხოველისადმი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი 1448-1033

საბუთის ტექსტი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 78


ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა, ჩუენ, მეფეთ-მეფემან, პატრონმან შაჰნავაზ, თანამეცხედრემან ჩუენმან დედოფალთ დედოფალმა პატრონმან მარიამ, პირმშომა და სასურველმა ძემა ჩუენმა პატრონმან არჩილ, პატრონმან გიორგიმ და პატრონმან ლევან სუეტის ცხოველის ბატონის კათალიკოზის საქმე ამ რიგად გაურიგეთ:

ძუელითგან ხელმწიფეთაგან ამ რიგად შესწიროდა: რაც ქალაქიდამე, გინა სომხით-საბარათიანოდამე, ანუ თრიალეთიდამე და ან კახეთიდამე, ქართლით გაღმა-გამოღმა მგზავრმან შეიაროს და ანუ მზოვრეთსა და მას ქუეშეთ თრიალეთიდამე ჩამოიაროს, რაც გორის მებაჟემ ბაჟი აიღოს, მესამედს ბატონის კათალიკოზის მებაჟეს ნუ დააკლებს; მებაჟენი გორისა და ბატონის კათალიკოზისა ერთად უნდა იარონ.

ვინც ან სამცხიდამე და იმერეთიდამე მგზავრი ჩამოვიდეს და გორს მოვიდეს და გორს ივაჭროს, იქიდამე გაბრუნდეს, იმასთან კათალიკოზის მებაჟეს ხელი არა აქუს; და რომელმან გორიდამე ჩაიაროს, იმისიც აიღონ.

რომელმან მგზავრმა თრიალეთიდამე მზოვრეთსა ზედა და ან ქუეშეთ ჩამოიაროს, იმისიც ბაჟის მესამედი კათალიკოზისა არის.

ესე ამ გუარად სუეტის-ცხოვლისათვის შეგვიწირავს ჩუენად სადღეგრძელოდ და მეფობისა ჩუენისა წარსამართებლად.

გიბრძანებთ გორის მუშრიბო და მებაჟენო, რა რიგადაც ამ წიგნით შეგუეწიროს, თქუენც მესამედს ნუ დააკლებთ.

ქორონიკონსა ტნ, მაისის კდ.

დაიწერა ესე მტკიცე და უცვალებელი ინდიკდიონსა მეფობისა ჩუენისა მეოთხესა, ხელითა კარისა ჩუენისა მდივანმწიგნობრისა გორელის ფირალისითა.

პუბლიკაცია და ლიტერატურა

edit