1763 წ. - წყალობის წიგნი მეფე სოლომონ I-სა გიორგი აბდუშელიშვილისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი: ქიმ-438-4



საბუთის ტექსტი

edit

ქ. ესე უტყუარი, მტკიცე, შეუცვალებელი, საბოლაოდ გასათავებელი წყალობის წიგნი დაგიწერეთ და გიბოძეთ ჩვენ, ღვთივ გვირგვინოსანმა და ღვთივ ამაღლებულმა ბატონმა მეფეთ-მეფემან სოლომონ და მემცხედრემან ჩემან ბატონმან დედოფალმა, დადიანის ასულმან მარიამ და ძემან ჩვენმან ალექსანდრემ, შენ, ჩვენს ერდგულს ყმას აბუდეშელისშვილს გიორგისა და შვილთა შენთა და მომავალთა.

ასე რომე შეგვეხვეწეთ და ვისმინეთ აჯა და შეხვეწება შენი და გიბოძეთ კაციელა დარბაიძე, მახარობელა ვაჭარაძე, მხიარულა არსენიძე მისის ცოლშვილიანათ, სახლკარიანათ, სასაფლაოთი, ტყით, წყალით, ვენახით, საყანით, საბალახით, საბოსტნით, მისის ყველისფრიანათ, უძებარით, საძებარით. ქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან, თუ შენ ჩვენი წმინდის გულით ერთგული იყო, არასოდეს ეს ჩვენი ნაბოძები წყალობა არ მოგეშალოს. ქრთამიც მართებული მოგვართვი, როგორითაც გული შეგვიჯერდებოდა.

აწ, რამანც ძემან კაცისამან ეს ჩვენი ნაბოძები წყალობა შეგიშალოს, ისიმც შეიშლება რჯულისაგან, მას გარისხავს ღმერთი, ყოველი მისი წმინდანი ზეცისანი და ქვეყნისანი.

არის ამისი მოწამე სახუცესი პატა მესხი, წერეთელი ნიკოლოზ, წულიკიძე პატა, კარიაშვილი ხოსია[1], მესხი დავით. მე მდივანს დამიწერია და მოწამეც ვარ ამისი. დაიწერა ქორონიკონს ქრისტეს აქეთ ათას შვიდას სამოცდა სამს.


დამტკიცებულია სოლომონ მეფის დიდი ზომის ზემოთ ამოზნექილი მურის ბეჭდით. წარწერა ბეჭედზე გარშემო - დავითის ნორჩი, ჯვარით მტერს მოვრჩი - მხედრულით. ცენტრში - მეფე სოლომონ - ასომთავრულით.

  1. ჩვენი აზრით გამოცემაში არასწორი წაკითხვაა და უნდა იყოს კლდიაშვილი ხოსია


საბუთის დათარიღება

edit

საბუთის თარიღიანია: "დაიწერა ქორონიკონს ქრისტეს აქეთ ათას შვიდას სამოცდა სამს", ანუ 1763 წელს.

პუბლიკაცია

edit