1764 წ. - წყალობის წიგნი მეფე სოლომონ I-სა მღვდელ დავით წერეთლისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი: ქიმ-128



საბუთის ტექსტი

edit

ქ. სახელითა სახიერისა, არსება დაუსაბამოსა თანა დაუსაბამოსა, ხილვისა მიუწდომელისა, გარე შემოუწერელსა მღვთებით და დაუფარავსა მღვთებით. რომელი ცნობს გულსა ყოველთა კაცთასა, ხოლო წმინდისა ღვთის მშობვლისაგან შობილსა ერთ გვამებითა და ორითა ბუნებითა, ცნობილსა ღვთებრ შობილსა მამისაგან უჟამოდ და უკანასკნელსა ჟამსა შინა ქალწულისა მარიამისაგან განხორციელებულსა, რომელი იშვა ხორცითა ივნო უკვე, ვინადგან იყო იგი ორითა ბუნებითა დავანებულითა. მით ბუნებითა ჯვარს ეცვა და რა მღვთებით ამისის თავდებობითა მინდობითა და შუა მდგომლობითა, ესე ამიერიდგან და უკუნისამდე ჟამთა ხანთა და გრძელთა უმიზეზო, უხერხო, უტყუარი, საბოლოთ გასათავებელი ქრისტეს წინ მისატანი, არას კაცისაგან არ მოსაშალი, საუკუნოდ შესარჩენი

წყალობის წიგნი და საფიცარი დაგიწერეთ და გიბოძეთ ჩვენ, რტოთაგან შთამომავალმან და მღვთივ ცხებით გვირგვინოსანმან, ლიხთ იმერთ მპყრობმან, პატრონმან მეფეთ მეფემან სოლომონ და თანა მეცხედრემან ჩემმან, დადიანის ასულმან, დედოფალთ დედოფალმან მარიამ და სასურველმან ძემან ჩვენმან, ბატონიშვილმან ალექსანდრემ, შენ, ჩვენს ყმას და კარის მწირველს, მღვდელს წერეთელს გოდერძისშვილს დავითს და შვილს შენსას ნიკოლოზს და სხვათა შვილთა და მომავალთა სახლისა შენისათა ასე და ამა პირსა ზედან რომე

შემოგვეხვეწეთ და ვისმინე აჯა და მოხსენება შენი, ამოგიწერეთ შენის კაცის საური საუდიერო და ყოველი სათხოვარი. თუ შენ ჩვენი ერდგული იქნე, არც ჩვენგან, არც შვილთა და მომავალთა ჩვენთაგან და არც ჩვენის გვარის კაცისაგან და არას მეპატრონისაგან, არც შენ, არც შვილთა და მომავალთა შენთა, არაფერი არა გეთხოვოს რა: არც საური, არც საუდიერო, არაფერი შენის კაცის კარზედ არა მიდგეს რა, ასე დაგვიმტკიცებია.

ვინც და რამან ძემან კაცისამან, მეფემან, გინა დედოფალმან, უფლის წულმან ანუ მთვავრმან, გინა თავადმან, ანუ რომელმანმე მეპატრონემან, დიდმან, გინა მცირემან, წიგნისა ამის შლად ხელ ყოს, ისიმც შეიშლება რჯულის ქრისტიანობისაგან, მასამც რისხავს თავად დაუსაბამო ღმერთი და ყოველნი მისნი წმინდან ზეცისანი და ქვეყანისანი, ხორციელნი და უხორცონი. დაუბნელდნენ თვალნი მათნი, რათა არა ხედვიდნენ მითინე მას ზედა რისხვა შენი და გულის წყრომა რისხვისა შენისა ეწიენ მათ. იყავნ სამკვიდრებელი მათი ოხერ და საყოფელთა მათთა ნუ იყოფებინ მკვიდრი. იყვნენ შვილნი მისნი ობოლ და ცოლნი მათნი ქვრივ. ნუ ეპოვებინ მას შემწე. ნუმცა იყოფებინ შემწყნარებელ ობოლთა მისთა. იყვნედ ნაშობნი მისნი მოსასვრელად ნათესავთა შინა ერთსა. აღიხოცნედ სახელი მისნი. აიხსენედ ურჯულოება მამათა მისთანებისა და ცოდვა დედისა მისისა. ნუ აიხოცებინ კრულ და წყეულმც იქნების წმინდის სამებისაგან, შვიდის კრებისაგან, ოთხის პატრიარქისაგან და თორმეტთ მოციქულთაგან. მასამც ედების კეთრი გეზისი, შიშვთილი იუდასი, დანთქმა და თან დაბირონის, მეხის ტეხა დიოსკორესი, მათ მეორეთ მოსვლას ჩვენის ცოდვის ნუქბათამც ის გეიკითხვის. კეთილი მისი ცუდ და მოდმ იქნების მამტკიცებელი ამისი. მტკიცედ ეგის უკუნისამდე და მშლელი ამისი წყეულ არის. ამისი თავდები თვით დაუსაბამო ღმერთ და ყოველნი მისნი წმინდანი.

კაცთაგან გამრიგე და მოწამე: წერეთელი ნიკოლოზ, წულუკიძე ბერი, მოურავი აბდუშელიშვილი გიორგი, მესხი თამაზა, იოსელიანი ქაიხოსრო, ალფეზის შვილი სვიმონ, ხელოსანი ცუცქირიძე გიგია. მე მეფის კარის მწირველსა და მოძღვარს მღვდელს წერეთელს სვიმონს დამიწერია და მოწმეც ვარ ამისი. დეიწერა ქორონიკონს ქრისტეს აქეთ ჩ ღ ჲ დ.


დამტკიცებულია სამი ბეჭდით:

1. სოლომონ მეფის დიდი ზომის, ზემოთ ამოზნექილი, მურის ბეჭედი. წარწერა ბეჭედზე გარშემო - "დავითის ნორჩი ჯვარით მტერს მოვრჩი" - მხედრულით. ცენტრში - მეფე სოლომონ - ასომთავრულით.
2. სოლომონ მეფის მცირე ზომის მურის ბეჭედი - "მეფე იმერეთისა სოლომონ" - ასომთავრულით.
3. მაქსიმე კათალიკოსი რვაკუთხა მურის ბეჭდით. წარწერა ბეჭედზე გარშემო: "აფხაზ იმერთა კათოლიკოსი" - მხედრულით, ცენტრში ჩაწერილია - მაქსიმე - ასომთავრული.

ხელრთვა ხვეულად: "მეფის ძე ალექსანდრე ვამტკიცებ"

მინაწერი:

1. "ქ. ჩუენ აფხაზ იმერთა კათოლიკოსი მაქსიმე ვამტკიცებთ ესრეთ, ვითარმედ: მომშლელი წყეულ, კრულ და შეჩვენებულიმცა არს სულით და ჴორცით საუკუნოდ, ამინ!".


საბუთის დათარიღება

edit